განჩინება

სისხლის სამართლის 30.11.2018
საქმის ნომერი
010100218700050650
თარიღი
30.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100218700050650

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№325აპ-18 ქ. თბილისი

ზ------ მ--------, 325აპ-18 30 ნოემბერი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 19 აპრილის განაჩენზე მსჯავრდებულ მ-------- ზ-----ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ია თ------ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

1. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 11 ოქტომბრის განაჩენით მ-------- ზ------, - დ----------–-------–--–ს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

 

საქართველოს სსკ-ის 111, 108–ე მუხლითა და 19,109–ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 17 წლით.

 

საქართველოს სსკ-ის 126–ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 წლით.

 

საქართველოს სსკ-ის 59–ე მუხლის მე–3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ მ-------- ზ------ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 17 წლით.

 

საქართველოს სსკ-ის 67–ე მუხლის თანახმად, გაუქმდა ასპინძის მაგისტრატი სასამართლოს 2017 წლის 14 მარტის განაჩენით მ-------- ზ-----ის მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი და ახლად დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა ერთი წლით. საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, მ-------- ზ------ს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 17 წლით, რომლის მოხდა აეთვალა 2017 წლის 9 აპრილიდან.

 

2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 19 აპრილის განაჩენით დარჩა უცვლელად.

 

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მ-------- ზ------მ ჩაიდინა ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა, ასევე - განზრახ მკვლელობა ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ; მანვე ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120–ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

 

2017 წლის 9 აპრილს მ-------- ზ------მ განიზრახა მეუღლის - თ----- ბ------სა და ლ---- ზ--------ის ოჯახის წევრების განზრახ მკვლელობა ეჭვიანობის ნიადაგზე.

 

დაახლოებით 01.00 საათზე, მ-------- ზ------მ დაბა ა------ში, ჭ-------ის ქუჩის №--–ში მდებარე თავისი საცხოვრებელი სახლის სამზარეულო ოთახში, სამზარეულოს დანით სხეულის სხვადასხვა ადგილას თ----- ბ-----ეს მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანებები, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა. ამის შემდეგ მ-------- ზ------ მივიდა დაბა ა------ში, ს-----ის ქუჩის №--–ში მცხოვრებ ლ---- ზ--------ის საცხოვრებელ სახლში. ფანჯრიდან შეაღწია საძინებელ ოთახში და მოკვლის განზრახვით თავს დაესხა სახლში მყოფ ნ-------- ზ--------ეს, რომელსაც რამდენჯერმე ჩაარტყა ნაჯახი სიცოცხლისათვის სახიფათო ადგილებში, კერძოდ: შუბლის, თავისა და მარჯვენა ლავიწის არეში. ნ-------- ზ--------ემ საშველად მოუხმო შვილს – ლ---- ზ--------ეს. სახლში მყოფმა ლ---- ზ--------ემ სცადა მ-------- ზ-----ის შეჩერება და მას დაარტყა სკამი. მ-------- ზ------მ განზრახვა ვერ მოიყვანა სისრულეში, ვინაიდან წინააღმდეგობის გამო დანაშაულის ჩადენის იარაღი - ცული გაუვარდა ხელიდან და ისევ ფანჯრიდან დატოვა შემთხვევის ადგილი. ნ-------- ზ--------ემ მიყენებული დაზიანებების შედეგად მიიღო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით.

2017 წლის 9 აპრილს მ-------- ზ------მ დაბა ა------ში, ჭ-------ის ქუჩის №--–ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, სცემა თ-- ბ-----ეს, კერძოდ, სახეში რამდენჯერმე დაარტყა მუშტი, რის შედეგადაც მან განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

4. კასატორი - მსჯავრდებულ მ-------- ზ-----ის ადვოკატი ია თ------ა ითხოვს მ-------- ზ-----ის მიმართ დადგენილი გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებას საქართველოს სსკ–ის 19,109–ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ეპიზოდში, ვინაიდან წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად არ დადასტურდა მ-------- ზ-----ის მხრიდან ორი ან მეტი პირის მკვლელობის განზრახვა.

 

5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

 

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

 

6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

 

7. საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა.

 

8. მოწმეების - თ-- ბ------ს, ნ-------- ზ--------ისა და ლ---- ზ--------ის ჩვენებები, სამედიცინო და ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნები და საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები, ასევე - მიყენებული დაზიანებების ლოკაცია, ქმედების ჩადენის ხერხი და საშუალება, უტყუარად ადასტურებენ მ-------- ზ-----ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენას.

 

9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. მსჯავრდებულ მ-------- ზ-----ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ია თ------ას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

 

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

 

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

 

პ. ქათამაძე