განაჩენი

სისხლის სამართლის 28.12.2018
საქმის ნომერი
010141318700058804
თარიღი
28.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010141318700058804

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

საქმე №80აგ-18 ქ. თბილისი

ნ-------–---–- კ-------------, 80აგ-18 28 დეკემბერი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ კ------------- ნ-------–---–-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 15 მაისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 6 დეკემბრის განაჩენით კ------------- ნ-------–---–-, - დ----------–-------–-–---------------ს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260–ე მუხლის პირველი ნაწილით (2015 წლის 8 ივლისის რედაქცია, სასჯელის დაუნიშნავად), სსკ-ის 265–ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 273–ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

 

საქართველოს სსკ–ის 265–ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 5 წლით, რაც საქართველოს სსკ–ის 63–ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით. მასვე საქართველოს სსკ–ის 42–ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა – 5000 ლარი.

 

საქართველოს სსკ–ის 273–ე მუხლით, ძირითადი სასჯელის სახით – ჯარიმა 2000 ლარი;

საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად (დანიშნული ძირითადი სასჯელებიდან), უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, კ------------- ნ-------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლით, რაც საქართველოს სსკ–ის 63–64–ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 5 წელი. მასვე საქართველოს სსკ–ის 42–ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა – 5000 ლარი.

 

კ------------- ნ-------–---–ს, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–3 მუხლის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 10 წლით - საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები, რომელთა მოხდის ათვლა დაიწყო ამ განაჩენით დადგენილი გამოსაცდელი ვადის დაწყების მომენტიდან.

 

კ------------- ნ-------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო – 2015 წლის 8 ივლისიდან იმავე წლის 6 ნოემბრის ჩათვლით.

 

2. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 22 სექტემბრის განაჩენით კ------------- ნ-------–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

 

საქართველოს სსკ–ის 273–ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 130 საათით;

 

საქართველოს სსკ–ის 236–ე მუხლის მე–2 ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

საქართველოს სსკ–ის 236–ე მუხლის მე–3 ნაწილით, სსკ–ის 55–ე მუხლის გამოყენებით - თავისუფლების აღკვეთა 3 წლით;

 

დანაშაულთა ერთობილობით და სასჯელთა შთანთქმის პრინციპიდან გამომდინარე, კ------------- ნ-------–---–ს მოსახდელად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

გაუქმდა გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 6 დეკემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და სასჯელის – 5 წლით თავისუფლების აღკვეთის (რაშიც ჩათვლილია 2015 წლის 8 ივლისიდან იმავე წლის 6 ნოემბრის ჩათვლით დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის ვადა) მოუხდელი ნაწილიდან - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა დაემატა ახლად დანიშნულ სასჯელს (სამი წლით თავისუფლების აღკვეთას) და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით კ------------- ნ-------–---–ს მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2017 წლის 18 აპრილიდან;

 

მასვე „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე 3 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში -საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, აგრეთვე იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.

 

3. 2018 წლის 1 მაისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა კ------------- ნ-------–---–მა, რომელმაც ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, კერძოდ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე, მოითხოვა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 22 სექტემბრის განაჩენის გადასინჯვა.

 

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 15 მაისის განაჩენით მსჯავრდებულ კ------------- ნ-------–---–-ს შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და კ------------- ნ-------–---–- გათავისუფლდა:

 

გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 6 დეკემბრის განაჩენით - საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დადგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან.

 

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 22 სექტემბრის განაჩენით -საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დადგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან და აღუდგა ამავე განაჩენით „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები.

 

კ------------- ნ-------–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ (ხაშურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 22 სექტემბრის განაჩენი) საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით და მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა; ასევე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით და სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა; დანაშაულთა ერთობლიობითა და სასჯელთა შთანთქმის პრინციპიდან გამომდინარე კ------------- ნ-------–---–ს მიესაჯა - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

გაუქმდა გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 6 დეკემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და სასჯელის - 5 წლით თავისუფლების აღკვეთის (რაშიც ჩათვლილია 2015 წლის 8 ივლისიდან იმავე წლის 6 ნოემბრის ჩათვლით დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის ვადა) მოუხდელი ნაწილიდან - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა დაემატა ახლად დანიშნულ სასჯელს (სამი წლით თავისუფლების აღკვეთას) და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, კ------------- ნ-------–---–ს მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2017 წლის 18 აპრილიდან.

 

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 22 სექტემბრის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

 

5. კასატორი - მსჯავრდებული კ------------- ნ-------–---–- საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 15 მაისის განაჩენის გაუქმებას სასჯელის ნაწილში, მასში დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის ვადის (2015 წლის 8 ივლისიდან იმავე წლის 6 ნოემბრამდე) ჩათვლასა და რეალური ვადის განსაზღვრას.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ მსჯავრდებულ კ------------- ნ-------–---–-ს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

 

2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდქსის 310-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენი გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.

 

3. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ კ------------- ნ-------–---–-ს საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დადგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება, კანონიერია.

 

5. რაც შეეხება კასატორის მითითებას სასჯელის შეცვლის თაობაზე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატამ სარეზოლუციო ნაწილში (განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის დანიშვნის დროს) მართებულად მიუთითა, რომ გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 6 დეკემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი გაუქმდა და სასჯელის 5 წლით თავისუფლების აღკვეთის (რაშიც ჩათვალა კასატორის მიერ მითითებული პატიმრობასა და დაკავებაში ყოფნის პერიოდი - 2015 წლის 8 ივლისიდან იმავე წლის 6 ნოემბრის ჩათვლით) მოუხდელი ნაწილიდან მხოლოდ ერთი წელი დაემატა ახლად დანიშნულ სასჯელს - 3 წლით თავისუფლების აღკვეთას და საბოლოოდ კ------------- ნ-------–---–ს მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

6. ამდენად, კასატორს არ მიუთითებია ისეთი სახის გარემოებაზე, რომელიც, საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის შესაბამისად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის საფუძველი გახდებოდა.

 

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განაჩენი კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, 314-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. მსჯავრდებულ კ------------- ნ-------–---–-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 15 მაისის განაჩენი დარჩეს უცვლელად;

 

3. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

 

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

 

პ. ქათამაძე