განჩინება

სისხლის სამართლის 26.12.2018
საქმის ნომერი
330100118002258622
თარიღი
26.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100118002258622

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№473აპ-18 ქ. თბილისი

ჯ--------- ნ--------, 473აპ-18 26 დეკემბერი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 13 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულ ნ-------- ჯ---------ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს------ ბ--------ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 16 მარტის განაჩენით ნ-------- ჯ---------, - დაბადებული 1--- წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 6 თვით, ხოლო საქართველოს სსკ-ის 111,120-ე მუხლით - თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ნ-------- ჯ--------ს საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით.

 

გაუქმდა ნ-------- ჯ---------ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 ნოემბრის განჩინებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა.

 

ნ-------- ჯ--------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2017 წლის 24 ნოემბრიდან - 2018 წლის 16 მარტის ჩათვლით.

 

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 13 ივნისის განაჩენით ცვლილება შევიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 16 მარტის განაჩენში, კერძოდ:

 

ნ-------- ჯ--------- ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

- საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 6 თვით;

- საქართველოს სსკ-ის 111,120-ე მუხლით - თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ ნ-------- ჯ--------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით.

 

მსჯავრდებულ ნ-------- ჯ--------ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო - 2018 წლის 13 ივნისიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2017 წლის 24 ნოემბრიდან - 2018 წლის 16 მარტის ჩათვლით.

 

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ნ-------- ჯ--------მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც ტანჯვა გამოიწვია; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

4. 2017 წლის ოქტომბერსა და ნოემბერში ნ-------- ჯ--------- სისტემატურ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ხ------- ბ--------ს, რომელიც განიცდიდა ტანჯვას. 2017 წლის 23 ნოემბერს, საღამოს საათებში, თ---–--–ი, ნავთლუღის დასახლების, მ------–--------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ნ-------- ჯ--------მა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ხ------- ბ--------ს მუშტითა და ფეხით არაერთი დარტყმა მიაყენა სახისა და თავის არეში. ნ-------- ჯ---------ს ქმედების შედეგად ხ------- ბ--------ს მიადგა სხეულის მსუბუქი დაზიანება, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.

 

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ნ-------- ჯ---------ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ს------ ბ--------მა, რომელიც ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 13 ივნისის განაჩენში - სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას და უფრო მსუბუქი სასჯელის განსაზღვრას, შემდეგ გარემოებებზე მითითებით: ნ-------- ჯ--------მა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული; სადავოდ არ გაუხდია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები; არ არის ნასამართლევი; ჰყავს ორი მცირეწლოვანი შვილი; შეურიგდა დაზარალებულს, რომელიც თანახმაა მსჯავრდებულის მიმართ გავრცელდეს კანონით გათვალისწინებული შეღავათები; აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები.

 

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

 

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

 

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

 

8. რაც შეეხება სასჯელს, საკასაციო პალატის აზრით, გასაჩივრებული განაჩენით იგი განსაზღვრულია საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად და სამართლიანია. სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულისთვის სასჯელის შეფარდებისას, სხვა გარემოებენთან ერთად, გაითვალისწინა ქმედების განხორციელების სახე და ხერხი (ნასვამი ნ-------- ჯ--------- დაზარალებულს დაზიანებებს აყენებდა ხელებითა და ფეხებით, ხოლო ცემა გაგრძელდა დაახლოებით ათ-თხუთმეტ წუთს, რა დროსაც მსჯავრდებული ხ------- ბ--------ს ფეხზე წამოდგომის საშუალებას არ აძლევდა), ნ-------- ჯ---------ს ქცევა დანაშაულის ჩადენის შემდგომ (მოწმე ნ---- ა-----–---ის განმარტებით, კითხვაზე, თუ რა სჭირდა ხ------- ბ--------ს, მსჯავრდებულმა უპასუხა: ხ------- ჩემი ცოლია და როცა მინდა, მაშინ ვცემო), რის საფუძველზეც მას განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რასაც პალატაც ეთანხმება.

 

9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. მსჯავრდებულ ნ-------- ჯ---------ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს------ ბ--------ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

 

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

 

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

 

პ. ქათამაძე