განჩინება

სისხლის სამართლის 25.12.2018
საქმის ნომერი
330100117001962792
თარიღი
25.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100117001962792

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№463აპ-18 ქ. თბილისი

ჩ---–------- ო------, 463აპ-18 25 დეკემბერი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 12 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულ ო------ ჩ---–-------ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ფ-------- ს-----–---–ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 30 იანვრის განაჩენით ო------ ჩ---–-------, - დ----------–-------–--–ს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით - ჯარიმა 2000 ლარი; საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი და მე-4 ნაწილებით (2017 წლის 7 აპრილის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 8 წლით; საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი და მე-4 ნაწილებით (2017 წლის 13 აპრილის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 8 წლით, ხოლო საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 5 წლით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ ო------ ჩ---–------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლით.

 

მსჯავრდებულ ო------ ჩ---–------ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო - 2017 წლის 10 მაისიდან.

 

,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის შესაბამისად, ო------ ჩ---–------ს 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15 წლით - საადვოკატო, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლებები; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 20 წლით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.

 

2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 12 ივნისის განაჩენით დარჩა უცვლელად.

 

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ო------ ჩ---–------მა ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება, ჩადენილი ასეთი ქმედებისთვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ; ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღება (2 ეპიზოდი); დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

ო------ ჩ---–------მა უკანონოდ შეიძინა და ასევე უკანონოდ შეინახა 0.02952 გრამი ნარკოტიკული საშუალება - ,,ჰეროინი“, რომელიც 2017 წლის 7 აპრილს თ---–--–ი, რ------------------–--–-------ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, 460 ლარად უკანონოდ გაასაღა მ------ ს----–---–ზე. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება იმავე დღეს შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ფ-------–-------–-------------ის გზატკეცილზე მდებარე რესტორან ,,მ-------ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, მ------ ს----–---–ისგან ამოიღეს, მისივე ნებაყოფლობითი თანხმობით.

 

ო------ ჩ---–------მა უკანონოდ შეიძინა და ასევე უკანონოდ შეინახა 0.02397 გრამი ნარკოტიკული საშუალება - ,,ჰეროინი“, რომელიც 2017 წლის 13 აპრილს თ---–--–ი, რ------------------–--–-------ს მიმდებარე ტერიტორიაზე, 310 ლარად კვლავ უკანონოდ გაასაღა მ------ ს----–---–ზე. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება იმავე დღეს შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ფ-------–-------–-------------ის გზატკეცილზე მდებარე რესტორან ,,მ-------ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მ------ ს----–---–ისგან ამოიღეს, მისივე ნებაყოფლობითი თანხმობით.

 

ო------ ჩ---–------მა უკანონოდ შეიძინა 0.676086 გრამი - დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება - ,,ჰეროინი“, საიდანაც ნაწილს - 0,2628 გრამს უკანონოდ ინახავდა პირადად, ხოლო მეორე ნაწილს - 0.413286 გრამს, ასევე უკანონოდ ინახავდა თ---–--–ი, რ------------------–--–------ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ამოიღეს 2017 წლის 10 მაისს ო------ ჩ---–-------ს პირადი და ზემოაღნიშნული სახლის ჩხრეკის შედეგად.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლის 2016 წლის 26 ივლისის დადგენილებით ო------ ჩ---–------- ცნობილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისთვის და დაეკისრა ჯარიმა - 500 ლარი. 2017 წლის 10 მაისს შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა იგი გადაიყვანეს ნარკოლოგიურ შემოწმებაზე, რის შედეგადაც მას დაუდგინდა ,,ოპიუმის” ჯგუფის ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი.

 

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ო------ ჩ---–-------ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ფ-------- ს-----–---–მა, რომელმაც ითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 12 ივნისის განაჩენის გაუქმება და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი და მე-4 ნაწილებითა (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით შერაცხულ ბრალდებაში, შემდეგ მოტივებზე მითითებით: ბრალდების მხარეს ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ო------ ჩ---–-------ს მიერ დანაშაულის ჩადენას, სასამართლოში არ წარუდგენია. უფრო მეტიც, ბრალდების მხარის ძირითადი მოწმე - მ------ ს----–---–ი არის პოლიციის აგენტი, პოლიციელების ჩვენება ეწინააღმდეგება მოწმე მ------ ს----–---–ის ჩვენებას, ხოლო ნარკოტიკული საშუალება ო------ ჩ---–------ს პოლიციის თანამშრომლებმა ჩაუდეს.

 

5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

 

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

 

6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

 

7. საკასაციო პალატის აზრით, სააპელაციო პალატამ ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და ო------ ჩ---–-------ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისას გაითვალისწინა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული ის მოთხოვნები, რომლებიც უზრუნველყოფენ ყოველ საქმეზე ობიექტური და სამართლიანი განაჩენის დადგენას. ო------ ჩ---–-------ს ბრალეულობა დადასტურებულია საქმეზე შეკრებილ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით: მოწმეების - ა-----– ნ-–--–-–---–ის, შ--–-- წ--–-----ას, ი-–-- ს----–---–-სა და მ------ ს----–---–ის ჩვენებებით, 2017 წლის 7 აპრილისა და იმავე წლის 13 აპრილის ფულადი თანხის გადაცემის შესახებ ოქმით, ამოღების ოქმებით, 2017 წლის 7 აპრილსა და იმავე წლის 13 აპრილს ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მასალით, ფონოსკოპიური ექსპერტიზის N----- დასკვნით, ჰაბიტოსკოპიური და ვიდეო ტექნიკური ექსპერტიზის N---------- დასკვნით, ქიმიური ექსპერტიზის N-------------- და N-------------------------------- დასკვნებით, პირადი ჩხრეკის ოქმით, საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმით, ნარკოლოგიური გამოკვლევის N------- დასკვნით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 21 ივლისის დადგენილებითა და ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებით.

 

8. თბილისის სააპელაციო სასამართლომ დაცვის მხარის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებულ საკითხებზე (მათ შორის მოწმეთა ჩვენებებს შორის წინააღმდეგობასა და პოლიციის თანამშრომლების დაინტერესებაზე) არგუმენტირებული პასუხი გასცა. რაც შეეხება დაცვის მხარის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ნარკოტიკული საშუალებები მას პოლიციელებმა ჩაუდეს, აღნიშნული არ დასტურდება საქმის მასალებით და არც დაცვის მხარეს წარმოუდგენია ამის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება.

 

9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. მსჯავრდებულ ო------ ჩ---–-------ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ფ-------- ს-----–---–ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

 

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

 

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

 

პ. ქათამაძე