განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 080100116002459981
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №456აპ-18 ქ. თბილისი
ქ------- ბ--------, 456აპ-18 15 იანვარი, 2019 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),გიორგი შავლიაშვილი, პაატა ქათამაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ბ-------- ქ-------ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 11 ივნისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ბ-------- ქ-------ს ბრალი დაედო ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენასა და შენახვაში, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2015 წლის 8 ივლისის რედაქცია), რაც გამოიხატა შემდეგში:
ბ-------- ქ-------მ დაუდგენელ დროსა და გარემოებაში უკანონოდ შეიძინა და შეინახა - 6,441 გრამი ნარკოტიკული საშუალება „გამომშრალი მარიხუანა“, რომელიც ამოიღეს 2016 წლის 21 მარტს ქ----------–-----------–---–---------–- მდებარე მ---–---–------–------------- პარკში ჩატარებული ბ-------- ქ-------ს პირადი ჩხრეკის შედეგად.
პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის სტადიაზე ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გურჯან ტაბეშაძემ წარადგინა ბრალის ახალი ფორმულირება, რომლის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 2017 წლის 26 ივლისის კანონის საფუძველზე შეტანილი ცვლილების გამო, ბ-------- ქ-------ს ბრალდება შეიცვალა უფრო მსუბუქი ბრალდებით და მისი ქმედება დაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით.
2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 17 აპრილის განაჩენით ბ-------- ქ-------, - დაბადებული 19-- წელს, ნასამართლევი, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 500 (ხუთასი) ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ბ-------- ქ-------ს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე 5 (ხუთი) წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 10 (ათი) წლით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.
ბ-------- ქ-------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა.
საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი - 6,58 გრამი ნარკოტიკული საშუალება „გამომშრალი მარიხუანა“, რომელიც ინახება ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მ------- განყოფილებაში, უნდა განადგურდეს.
3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 17 აპრილის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქუთაისის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორმა რუსუდან ლაბაძემ და მსჯავრდებულმა ბ-------- ქ-------მ.
· სახელმწიფო ბრალმდებელმა საჩივრით ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულ ბ-------- ქ-------სთვის კანონის შესაბამისი სასჯელის განსაზღვრა, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის შენიშვნის მეორე პუნქტით განსაზღვრულია, რომ ამავე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის სასჯელის სახით შეფარდებული ჯარიმა არ უნდა იყოს შესაბამისი ქმედებისათვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლით განსაზღვრული ჯარიმის ოთხმაგ ოდენობაზე ნაკლები. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის პირველი ნაწილით კი „მარიხუანის“ მცირე ოდენობით უკანონო შეძენა-შენახვისათვის გათვალისწინებულია ჯარიმა - 500 ლარი. ამდენად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის სასჯელის სახით ჯარიმის შერჩევისას სასამართლოს, მითითებული დანაწესის გათვალისწინებით, მსჯავრდებულისთვის უნდა შეეფარდებინა ჯარიმა, სულ მცირე - 2000 ლარის ოდენობით.
· მსჯავრდებულმა ბ-------- ქ-------მ საჩივრით ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა შემდეგი საფუძვლებით:
იგი დაავადებულია ქრონიკული ეპილეფსიით, ასევე რეგისტრირებული იყო სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში; ამასთან, ფსიქიკური დაავადების გამო, სრულყოფილად ვერ აღიქვამს მის მიმართ განხორციელებულ სამართლებრივ პროცედურებს, რის შესახებაც ცნობილი იყო გამოძიების ეტაპზე, თუმცა, მიუხედავად ამისა, მას არ დაენიშნა კომპლექსური სასამართლო-სამედიცინო და ფსიქოლოგიურ-ფსიქიატრიული ექსპერტიზა, რომელიც ნათელს მოჰფენდა ბრალდებულის შერაცხადობის საკითხს - დანაშაულის ჩადენის დროს იმყოფებოდა თუ არა შერაცხად მდგომარეობაში და ხომ არ იყო გამოკვეთილი ბრალის გამომრიცხველი გარემოებები, რის გამოც განაჩენი ვერ ჩაითვლება კანონიერად და დასაბუთებულად; ამასთანავე, ბრალის დაზუსტებით დაუმძიმდა სამართლებრივი მდგომარეობა, ვინაიდან მის მიერ დანაშაულის ჩადენის მომენტისათვის მოქმედი საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის რედაქცია სასჯელის სახით ითვალისწინებდა მხოლოდ თავისუფლების აღკვეთას, ხოლო მას სასჯელის სახით შეფარდებული აქვს ჯარიმა, რაც უკანონოა.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 11 ივნისის განაჩენით რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორ რუსუდან ლაბაძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; მსჯავრდებულ ბ-------- ქ-------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 17 აპრილის განაჩენის სასჯელის ნაწილში შევიდა შემდეგი ცვლილება:
ბ-------- ქ------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 2000 (ორი ათასი) ლარი საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 17 აპრილის განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 11 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ბ-------- ქ-------მ. კასატორი საჩივრით ითხოვს უკანონო განაჩენის გაუქმებასა და სამართლიანი და კანონიერი გადაწყვეტილების გამოტანას სააპელაციო საჩივარში მითითებული საფუძლებით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა მსჯავრდებულ ბ-------- ქ-------ს საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის კანონის შესაბამისად, კოდექსის 260-ე მუხლის (გარდა შენიშვნის პირველი და მე-2 ნაწილებისა) მოქმედება არ ვრცელდება „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის №2 დანართის ცხრილით გათვალისწინებული ჩამონათვალის - „ნარკოტიკული საშუალებების“ 73-ე და 92-ე გრაფებით განსაზღვრულ ნარკოტიკულ საშუალებებზე - მცენარე კანაფსა და მარიხუანაზე, რასაც, ნორმატიული თვალსაზრისით, აწესრიგებს ამავე ცვლილებით, ამავე კოდექსში დამატებული 2731-ე მუხლი.
3. საკასაციო პალატა, პირველ რიგში, ყურადღებას ამახვილებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის (2014 წლის 1 მაისიდან 2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) სიტყვების - „ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თოთხმეტ წლამდე“ - ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული, მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი ოდენობით (70 გრამამდე) ნარკოტიკული საშუალება - „გამომშრალი მარიხუანის“ პირადი მოხმარების მიზნებისთვის შეძენისა და შენახვის გამო.
4. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილების შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით - 70 გრამამდე ნარკოტიკული საშუალება - „გამომშრალი მარიხუანის“ უკანონო შეძენისა და შენახვისათვის მსჯავრდებისას პირის მიმართ არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს თავისუფლების აღკვეთა.
5. ამავე დროს საკასაციო პალატის მიერ განმარტებულია (იხ. გადაწყვეტილება 102აგ.-17), რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სასჯელს უნიშნავს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში, ხოლო მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულის მიმართ გამოყენებული ვერ იქნება სასჯელის სხვა რომელიმე სახე, რაც გათვალისწინებულია ამავე კოდექსის მე-40 მუხლით, რადგან დანაშაულის ჩადენის დროს (2016 წლის 21 მარტი) მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილის სანქცია სასჯელის სახედ და ზომად ადგენდა მხოლოდ თავისუფლების აღკვეთას და არ გააჩნდა არცერთი სხვა ალტერნატიული სასჯელი.
6. ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-2 მუხლის შესაბამისად, ქმედების დანაშაულებრიობა და დასჯადობა განისაზღვრება სისხლის სამართლის კანონით, რომელიც მოქმედებდა მისი ჩადენის დროს. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც აუქმებს ქმედების დანაშაულებრიობას ან ამსუბუქებს სასჯელს, აქვს უკუძალა, ხოლო სისხლის სამართლის კანონს, რომელიც აწესებს ქმედების დანაშაულებრიობას ან ამკაცრებს სასჯელს, უკუძალა არა აქვს.
7. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის კანონმა სისხლის სამართლის კოდექსში 2731-ე მუხლის დამატებით შეამსუბუქა ამავე კოდექსის 260-ე მუხლით - მცენარე კანაფსა და მარიხუანასთან მიმართებით დადგენილი პასუხისმგებლობა, რაც ბ-------- ქ-------ს ქმედების კვალიფიკაციის ნაწილში სწორად გავრცელდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 11 ივნისის განაჩენით, მაგრამ აღნიშნული გარემოების მიუხედავად, საკასაციო პალატა მიუთითებს: ამ ცვლილების მიღებამდე ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებისათვის მსჯავრდებულ ბ-------- ქ-------ს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას უფრო ამსუბუქებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება, რომელიც კრძალავს 70 გრამამდე ნარკოტიკული საშუალება - „გამომშრალი მარიხუანის“ უკანონო შეძენისა და შენახვისათვის მსჯავრდებისას პირის მიმართ თავისუფლების აღკვეთის გამოყენებას.
8. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ბ-------- ქ-------ს დანაშაული ჩადენილი აქვს „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის კანონის მიღებამდე, როდესაც მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქცია სასჯელის სახედ და ზომად ადგენდა მხოლოდ თავისუფლების აღკვეთას და არ გააჩნდა არცერთი სხვა ალტერნატიული სასჯელი. მითითებული ცვლილების შემდეგ მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილის სანქცია კი ითვალისწინებს ჯარიმას ან 160-დან 200 საათამდე საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას. შესაბამისად, ვინაიდან შეიცვალა დანაშაულის კატეგორია, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილი განეკუთვნებოდა მძიმე კატეგორიის დანაშაულს, ხოლო ბ-------- ქ-------ს ქმედების ამჟამინდელი კვალიფიკაცია მიეკუთვნება მსუბუქ კატეგორიას, მსჯავრდებულ ბ-------- ქ-------ს ქმედება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილიდან ამავე კოდექსის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილზე სწორად გადაკვალიფიცირდა, მაგრამ სააპელაციო პალატა არ იყო უფლებამოსილი, მისთვის განესაზღვრა სასჯელი (საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებიდან და უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკიდან გამომდინარე), რადგან, როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, ბ-------- ქ-------ს მიერ დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის რედაქციის სანქცია სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებდა მხოლოდ თავისუფლების აღკვეთას. ამდენად, ბ-------- ქ------- ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით - სასჯელის დაუნიშნავად.
9. რაც შეეხება მსჯავრდებულ ბ-------- ქ-------ს მოსაზრებას მის შერაცხადობასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ წარმოდგენილ საქმის მასალებში არ მოიპოვება არანაირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მისი შეურაცხაობის ფაქტს, როგორც დანაშაულის ჩადენის მომენტში, ისე - მოცემულ ეტაპზე.
10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ბ-------- ქ-------ს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა შეიცვალოს სასჯელის ნაწილში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ბ-------- ქ-------ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 11 ივნისის განაჩენში შევიდეს ცვლილება:
3. მსჯავრდებული ბ-------- ქ------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში სასჯელის დაუნიშნავად.
4. ბ-------- ქ-------ს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე 5 (ხუთი) წლით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 10 (ათი) წლით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.
5. ცნობად იქნეს მიღებული, რომ ბ-------- ქ-------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.
6. საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი - 6,58 გრამი ნარკოტიკული საშუალება „გამომშრალი მარიხუანა“, რომელიც ინახება ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მ------- განყოფილებაში, განადგურდეს.
7. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი
პ. ქათამაძე