განაჩენი

სისხლის სამართლის 09.01.2019
საქმის ნომერი
010141318700063324
თარიღი
09.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010141318700063324

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

საქმე №435აპ-18 ქ. თბილისი

ა---------- გ-------, 435აპ-18 15 იანვარი, 2019 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),გიორგი შავლიაშვილი, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ირაკლი ქარდავას საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 31 მაისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, გ------- ა---------ს ბრალი დაედო ხულიგნობაში, ე.ი. ქმედებაში, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2015 წლის 6 დეკემბერს, დაახლოებით 19:00 საათზე, ქ-------–--–-------–---–---------–- მდებარე საბილიარდო „პ---–-----ში“, ნასვამმა გ------- ა---------მა წინასწარი შეთანხმებით ს------ ხ-------–---–თან, შ--–-- ჯ-------სთან, ზ---– ბ------–---–სა და ი----- პ-----------თან ერთად, უხეშად დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი, რომლის დროსაც მათ გამოხატეს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობა, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს საბილიარდოში მყოფ პირებს და ფიზიკურად გაუსწორდნენ კ---- ა---------–---–ს. ამის გამო საბილიარდომ შეწყვიტა ფუნქციონირება და დაირღვა საზოგადოებრივი წესრიგი. გ------- ა----------სა და მისი თანამონაწილე პირების ქმედებით კ---- ა---------–---–ს მიადგა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლის ნიშნით.

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ს------ ხ-------–---–ს ბრალი დაედო ხულიგნობაში, ე.ი. ქმედებაში, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, იარაღად სხვა საგნის გამოყენებით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2015 წლის 6 დეკემბერს, დაახლოებით 19:00 საათზე, ქ-------–--–-------–---–---------–- მდებარე საბილიარდო „პ---–-----ში“, ნასვამმა ს------ ხ-------–---–მა ბილიარდის ჯოხის - კიის გამოყენებით, წინასწარი შეთანხმებით გ------- ა---------თან, შ--–-- ჯ-------სთან, ზ---– ბ------–---–სა და ი----- პ-----------თან ერთად, უხეშად დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი, რომლის დროსაც მათ გამოხატეს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობა, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს საბილიარდოში მყოფ პირებს და ფიზიკურად გაუსწორდნენ კ---- ა---------–---–ს. ამის გამო საბილიარდომ შეწყვიტა ფუნქციონირება და დაირღვა საზოგადოებრივი წესრიგი. ს------ ხ-------–---–ისა და მისი თანამონაწილე პირების ქმედებით კ---- ა---------–---–ს მიადგა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლის ნიშნით.

 

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 ოქტომბრის განაჩენით გ------- ა----------ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე.

 

გ------- ა----------, - დაბადებული 19-- წელს, ნასამართლობის არმქონე, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 4000 (ოთხი ათასი) ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გ------- ა---------ს შეფარდებული სასჯელი დაკავების ვადის გათვალისწინებით 2015 წლის 7 დეკემბრიდან - 2015 წლის 10 დეკემბრის ჩათვლით, შეუმცირდა 200 (ორასი) ლარით და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 3800 (სამი ათას რვაასი) ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

ს------ ხ-------–---–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე.

 

ს------ ხ-------–---–ი, - დაბადებული 19-- წელს, ნასამართლობის არმქონე, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 6000 (ექვსი ათასი) ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ს------ ხ-------–---–ს შეფარდებული სასჯელი დაკავების ვადის გათვალისწინებით, 2015 წლის 7 დეკემბრიდან - 2015 წლის 11 დეკემბრის ჩათვლით, შეუმცირდა 250 (ორას ორმოცდაათი) ლარით და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 5750 (ხუთი ათას შვიდას ორმოცდაათი) ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ირაკლი ქარდავამ და მსჯავრდებულ ს------ ხ-------–---–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ--- წ---–---მ.

 

ბრალდების მხარემ საჩივრით ითხოვა გ------- ა----------ს ქმედების საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ხოლო ს------ ხ-------–---–ის - საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილით დაკვალიფიცირება და კანონით გათვალისწინებული უფრო მკაცრი სასჯელების განსაზღვრა შემდეგი საფუძვლებით: გ------- ა----------სა და ს------ ხ-------–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობით; გამოკვლეული მტკიცებულებებით აშკარაა, რომ გ------- ა---------- და ს------ ხ-------–---–ი მოქმედებდნენ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად; მათ დანაშაული ჩაიდინეს იარაღად სხვა საგნის, კერძოდ, ბილიარდის ჯოხის - კიის გამოყენებით და დაზარალებულ კ---- ა---------–---–ს მიაყენეს დაზიანებები; დაუსაბუთებელია სასამართლოს მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ ბილიარდის ჯოხის ფრაგმენტის გამოყენებით დაზარალებული ვერ მიიღებდა იმაზე მეტ ზიანს, ვიდრე მიიღო მუშტით ან/და წიხლით; ქმედების საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მესამე ნაწილით კვალიფიკაციისთვის არ არის აუცილებელი თუ ჯანმრთელობის რომელი ხარისხის დაზიანება არის გამოკვეთილი, მთავარია, რომ პირი იარაღად სხვა საგნის გამოყენებით ახორციელებდეს ქმედების შემადგენლობას. საკმარისია იარაღად სხვა საგნის გამოყენებით განხორციელებული ძალადობის მუქარაც, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, რათა ქმედება დაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით.

 

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 31 მაისის განაჩენით ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ირაკლი ქარდავას სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა; მსჯავრდებულ ს------ ხ-------–---–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ--- წ---–---ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა ასევე არ დაკმაყოფილდა, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 ოქტომბრის განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილება:

 

გ------- ა----------ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე.

 

გ------- ა---------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 4000 (ოთხი ათასი) ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გ------- ა---------ს შეფარდებული სასჯელი დაკავების ვადის გათვალისწინებით, 2015 წლის 7 დეკემბრიდან - 2015 წლის 10 დეკემბრის ჩათვლით, შეუმცირდა 200 (ორასი) ლარით და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 3800 (სამი ათას რვაასი) ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

გ------- ა----------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია და გირაოს სახით შეტანილი თანხა სრულად უნდა დაუბრუნდეს მის შემტან პირს კანონით დადგენილი წესით და ვადებში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

 

ს------ ხ-------–---–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე.

 

ს------ ხ-------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის 1-ლი ნაწილით სასჯელის დაუნიშნავად.

 

ს------ ხ-------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია და გირაოს სახით შეტანილი თანხა სრულად უნდა დაუბრუნდეს მის შემტან პირს კანონით დადგენილი წესით და ვადებში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

 

საქმეზე დართული საგნები და ნივთები: დაქტილობარათები 1 პაკეტად, რომლებიც ინახება ქ-------–----------------------------------–-------------------–---–-- უნდა განადგურდეს კანონით დადგენილი წესით; ბილიარდის სათამაშო ჯოხის ფრაგმენტები, რომლებიც ინახება ქ------–----------------------------------–-------------------–---–-- უნდა განადგურდეს კანონით დადგენილი წესით; ს------ ხ-------–---–ისა და გ------- ა----------ს ტანსაცმელი, რომელიც ინახება ქ------–----------------------------------–-------------------–---–-- უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელებს ან სათანადო ნდობით აღჭურვილ პირებს; ე------ ფ---–---–---სგან ამოღებული ვიდეოჩანაწერი, 1 დივიდი დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმესთან ერთად მისი შენახვის ვადით.

 

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 31 მაისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ირაკლი ქარდავამ. კასატორი საჩივრით ითხოვს გ------- ა----------ს ქმედების საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ხოლო ს------ ხ-------–---–ის - საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილით დაკვალიფიცირებას და კანონით გათვალისწინებული უფრო მკაცრი სასჯელების განსაზღვრას სააპელაციო საჩივარში მითითებული საფუძვლებით.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ირაკლი ქარდავას საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

2. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის არგუმენტაციას, რომ მოცემულ შემთხვევაში, მართალია, გ------- ა---------- და ს------ ხ-------–---–ი ერთობლივად ახორციელებდნენ ხულიგნურ ქმედებას, მაგრამ წინასწარი შეთანხმება მათ შორის დანაშაულის ჩადენის დაწყებამდე არ არსებობდა.

 

3. საქართველოს სსკ-ის 27-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაული წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად.

 

4. საკასაციო პალატის მიერ განმარტებულია (იხ. გადაწყვეტილება N 618აპ.-15 საქმეზე), რომ წინასწარ შეკავშირებაში არ იგულისხმება დანაშაულებრივ ქმედებამდე დროის ხანგრძლივი მონაკვეთის არსებობა; მთავარია, რომ შეთანხმება მოხდეს დანაშაულის ობიექტური შემადგენლობის განხორციელების დაწყების მომენტამდე. ამასთან, აუცილებელია საქმეში არსებობდეს შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებს ასეთი შეთანხმების არსებობაზე, რაც შესაძლებელია, ჯგუფის წევრებს შორის როგორც სიტყვიერ-წერილობით, ისე არავერბალურ კომუნიკაციაშიც - ჟესტებსა და მიმიკებში - გამოიხატოს.

 

5. მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს დაცვის მხარემ სადავოდ არ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულება, რის გამოც სასამართლომ ისინი საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის საფუძველზე, გამოკვლევის გარეშე მიიღო მტკიცებულებად და მათ მიენიჭა პრეიუდიციული ძალა, მაგრამ აღსანიშნავია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით, არცერთი მოწმის, მათ შორის - დაზარალებულ კ---- ა---------–---–ის ჩვენებით, საბილიარდოს სათვალთვალო ჩანაწერებითა და ამ ჩანაწერების დათვალიერების ოქმებით არ დგინდება, რომ გ------- ა---------- და ს------ ხ-------–---–ი, აგრეთვე მათი თანმხლები პირები მოქმედებდნენ წინასწარი შეთანხმებით.

 

6. შესაბამისად, ამ ნაწილში უსაფუძვლოა ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა, ხოლო რაც შეეხება პროკურორის არგუმენტებს, რომ ს------ ხ-------–---–მა ხულიგნობა ჩაიდინა, მაკვალიფიცირებელ გარემოებაში, კერძოდ, იარაღად სხვა საგნის - ბილიარდის ჯოხის - კიის ფრაგმენტის გამოყენებით, მითითებულ ნაწილში საკასაციო პალატა სრულად იზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას და არ ეთანხმება სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს განმარტებას, რომ შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ბილიარდის ჯოხის - კიის ფრაგმენტი, რომლითაც ს------ ხ-------–---–ი გაუსწორდა კ---- ა---------–---–ს, ვერ იქნება მიჩნეული ხულიგნური ქმედების ჩასადენად სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ იარაღად გამოყენებულ სხვა საგნად, ვინაიდან დაზარალებული ბილიარდის ჯოხის ფრაგმენტით ვერ მიიღებდა იმაზე მეტ ზიანს, ვიდრე მიიღო მუშტით ან/და წიხლით, მითუფრო იმის გათვალისწინებით, რომ ექსპერტიზის დასკვნითაც არ დასტურდება, რომ რომელიმე (უფრო მძიმე) დაზიანება დაზარალებულმა მიიღო ბილიარდის ჯოხის ფრაგმენტის გამოყენებით.

 

7. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილის მაკვალიფიცირებელი გარემოებაა ამავე მუხლის 1-ლი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი ცეცხლსასროლი იარაღის ან იარაღად სხვა საგნის გამოყენებით. ამ შემთხვევაში ხულიგნობის ჩამდენი ძალადობას ან ძალადობის მუქარას სჩადის ცეცხლსასროლი იარაღის ან სხვა საგნის გამოყენებით. იარაღად შეიძლება გამოყენებულ იქნეს ნებისმიერ საგანი, რითაც შეიძლება ადამიანი ან ქონება დაზიანდეს, მაგალითად: ცივი იარაღი, რკინის ჯოხი, დიდი ქვა და სხვა, ბუნებრივია, მათ შორის - ბილიარდის ჯოხიც. წარმოდგენილი საქმის მასალებით დადგენილია და უდავოა, რომ მსჯავრდებულმა ს------ ხ-------–---–მა დაზარალებულს რამდენჯერმე დაარტა ბილიარდის ჯოხის ფრაგმენტი. საკასაციო პალატა განმარტავს: ამ დანაშაულის მითითებული მაკვალიფიცირებელი გარემოების შემადგენლობისათვის აუცილებელია, რომ პირი ძალადობის ჩადენისას (ან ძალადობის მუქარისას) იყენებდეს ცეცხლსასროლ იარაღს ან იარაღად სხვა საგანს და მნიშვნელობა არ აქვს იმ ფაქტს, თუ რა სახის დაზიანება მიიღო, ან საერთოდ მიიღო თუ არა პირმა დაზიანება ამ ქმედების შედეგად. შესაბამისად, დანაშაული დამთავრებულია იმ მომენტიდან, როდესაც დამნაშავე ძალადობას ან ძალადობის მუქარას სჩადის ცეცხლსასროლი იარაღისა თუ სხვა საგნის გამოყენებით.

 

8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 31 მაისის განაჩენი მსჯავრდებულ გ------- ა----------ს მსჯავრდების ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო მსჯავრდებულ ს------ ხ-------–---–ის მიმართ უნდა შეიცვალოს, კერძოდ: იგი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით სასჯელის დაუნიშნავად, ვინაიდან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269–ე მუხლის მე–3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტისა და იმავე მუხლის მე–6 ნაწილის მიხედვით, სასამართლო გამამტყუნებელ განაჩენს სასჯელის დაუნიშნავად ადგენს იმ შემთხვევაში, თუ განაჩენის გამოტანის მომენტისათვის ბრალდებული გარდაიცვალა. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მსჯავრდებული ს------ ხ-------–---–ი სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გამოტანამდე გარდაიცავალა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, მე-2, მე-3 ნაწილებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ირაკლი ქარდავას საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

 

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 31 მაისის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

 

3. მსჯავრდებულ ს------ ხ-------–---–ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის 1-ლი ნაწილიდან გადაკვალიფიცირდეს იმავე მუხლის მე-3 ნაწილზე;

 

4. მსჯავრდებული ს------ ხ-------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში სასჯელის დაუნიშნავად;

 

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 31 მაისის განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად;

 

6. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

 

მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი

 

პ. ქათამაძე