განაჩენი

სისხლის სამართლის 14.01.2019
საქმის ნომერი
080100117001941480
თარიღი
14.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 080100117001941480

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

საქმე №448აპ-18 ქ. თბილისი

ვ-------- მ------, 448აპ-18 16 იანვარი, 2019 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),გიორგი შავლიაშვილი, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მ------ ვ---------ა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების - ზ----- გ-----–---სა და ი--- გ---------ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 17 მაისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 31 იანვრის განაჩენით მ------ ვ--------, - დაბადებული 19-- წელს, ნასამართლობის არმქონე, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 301-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 1000 (ათასი) ლარი. მასვე 2 (ორი) წლით ჩამოერთვა საქმიანობის - ნადირობის უფლება.

 

აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ მ------ ვ--------მ ჩაიდინა უკანონო ნადირობა საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილ ნადირზე, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2017 წლის 26 მარტს ბ---------ს რაიონის სოფელ ზ------ს მიმდებარე ტერიტორიაზე მ------ ვ--------მ სანადირო გლუვლულიანი თოფით უკანონოდ მოკლა საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი გარეული ცხოველი - არჩვი, რითაც გარემოს მიადგა - 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარის მატერიალური ზიანი.

 

2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 31 იანვრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა მ------ ვ--------მ და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა - ზ----- გ-----–---მ და ი--- გ---------მ. აპელანტებმა საჩივრით ითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მ------ ვ--------- მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა შემდეგი საფუძვლებით: საქმეში არ არსებობს მტკიცებულება - ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც უტყუარად დადასტურდებოდა, რომ მოკლული ცხოველი ნამდვილად არჩვია; არ არის დათვალიერებული შემთხვევის ადგილი და ასევე არ არის დადგენილი ის ფაქტი, რომ ცხოველი ნამდვილად მ. ვ--------- თოფიდან გასროლილი ტყვიით არის მოკლული; მოკლული ცხოველი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის თანამშრომლებმა აღმოაჩინეს ავტომანქანაში, რომელიც არ არის მ. ვ--------- საკუთრება და არც თავად მართავდა მას.

 

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 17 მაისის განაჩენით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 31 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

 

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 17 მაისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა მ------ ვ--------მ და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა - ზ----- გ-----–---მ და ი--- გ---------მ. კასატორები საჩივრით ითხოვენ მსჯავრდებულის გამართლებას შერაცხულ ბრალდებაში სააპელაციო საჩივარში მითითებული საფუძვლებით.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა მსჯავრდებულ მ------ ვ---------ა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების - ზ----- გ-----–---სა და ი--- გ---------ს საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

2. მოწმე ა------- გ--–-----ს ჩვენებით დადგენილია, რომ ახლოს იცნობს მ------ ვ--------ს, რომელიც ცხოვრობს მისი „დედულეთის“ მეზობლად. 2017 წლის 25 მარტს მ. ვ--------- თხოვნით გაჰყვა ბ---------ს რაიონის სოფელ ზ------ს ზემოთ არსებულ ტერიტორიაზე, საქონლისთვის საძოვარი ტერიტორიის შერჩევის მიზნით, თან წაყვანილი ჰყავდათ ძაღლები. მოწმის განმარტებით, ის ღამე გაათენეს მწყემსების ბინაში. მეორე დღეს მწყემსების ბინიდან რამდენიმე კილომეტრში მ------ ვ--------მ შეარჩია საქონლის დასაბინავებლად საჭირო ტერიტორია, რის შემდეგაც ერთად წამოვიდნენ. მ------ ვ-------- მის წინ მიდიოდა დაახლოებით 15-20 მეტრით. ამ დროს მ------ ვ--------მ თოფიდან ორჯერ გაისროლა, რის შემდეგაც მივიდნენ იქვე არსებულ „შქერის“ ბუჩქებთან, სადაც ნახა, რომ ძირს ეგდო მკვდარი არჩვი. მან თქვა, რომ არჩვი იყო მოკლული, მაგრამ მ------ ვ--------მ უპასუხა, რომ ეს იყო შინაური თხა. მას უშუალოდ არ დაუნახავს, მ------ ვ--------მ რა მიმართულებით ისროლა, მაგრამ დაინახა, რომ გასროლის შემდეგ მ------ ვ--------მ თოფი ჩამოიღო ბეჭიდან და ფაქტია, რომ რაღაცას ესროლა. მას რაიმე ,,სტვენის“ ხმა არ გაუგია, ესმოდა მხოლოდ ძაღლების ყეფის ხმა ერთი მიმართულებიდან. იმ ადგილიდან, საიდანაც მ------ ვ--------მ ისროლა მოკლული ცხოველი ნახეს დაახლოებით 40-50 მეტრში, იქვე არსებულ ,,შქერის“ ბუჩქებთან. გაისროლა თუ არა მ------ ვ--------მ უშუალოდ მოკლული ცხოველის მიმართულებით არ დაუნახავს, რადგანაც იგი უკან მიჰყვებოდა მას და მხოლოდ გასროლის შემდეგ დაინახა, თუ როგორ ჩამოიღო მან თოფი ბეჭიდან. არჩვი მას უნახავს ინტერნეტში და სურათებით, რის გამოც ცხოველის დანახვისთანავე გამოთქვა ვარაუდი, რომ იყო არჩვი. ის ადგილი, სადაც იმყოფებოდნენ, ნაკრძალს არ ეკუთვნის და როგორც მისთვის ცნობილია, ამ ტერიტორიაზე არჩვი არავის უნახავს.

 

3. მოწმე დ-------- ხ--------ს ჩვენებით დადგენილია, რომ იგი არის გარემოს დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლი. 2017 წლის მარტში გარემოს დაცვის თანამშრომელ გ------- გ------–---–თან ერთად იმყოფებოდა სოფელ ზ------ს ტერიტორიაზე შემოვლაზე. ამ დროს გააჩერეს ავტომანქანა, რომელშიც იჯდა ორი პირი. შემოწმებისას ავტომანქანის საბარგულში ნახეს ზურგჩანთა, რომელშიც იდო გარეული ცხოველის - არჩვის ხორცი და თავი. ასევე, მანქანაში იყო თოფებიც. იქვე მყოფმა მ------ ვ--------მ მათ შეკითხვაზე აღიარა, რომ იყვნენ სანადიროდ და მან მოკლა არჩვი. იქვე დაილუქა ამოღებული ნივთები და იარაღები. ხორცი და თავი შესანახად გადაიგზავნა პოლიციის განყოფილებაში. მეორე პირი, რომელიც მ------ ვ--------ს ახლდა, იყო ა------- გ--–-----. ორივე მათგანმა განმარტა, რომ ნადირი მოკლეს ზედა მხარეს. მოწმის განმარტებით, ადგილი, სადაც ნადირი მოკლეს, არ დაუთვალიერებიათ, ვინაიდან ღამე იყო.

 

4. მოწმე გ------- გ------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს გარემოს დაცვის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს უფროს სპეციალისტად. 2017 წლის 26 მარტს გარემოს დაცვის თანამშრომელ დ-------- ხ--------სთან ერთად იყო შემოვლაზე ბ---------ს რაიონის სოფელ ზ------ს მიმდებარე ტერიტორიაზე. ამ დროს მათ შეაჩერეს ,,მიცუბიშის“ მარკის ავტომანქანა, რომელშიც იჯდა ორი პირი. ისინი აღმოჩნდნენ - მ------ ვ-------- და ა------- გ--–-----. მათ ჰქონდათ გლუვლულიანი სანადირო თოფები და თან ჰყავდათ ორი მონადირე ძაღლი, რომლებიც გამოიყენება ცხოველზე სანადიროდ. ავტომანქანის დათვალიერების დროს ნახეს, რომ ავტომანქანაში იყო „ვეშმეშოკი“, რომელშიც იყო გარეული ცხოველის - არჩვის ხორცი და მისი გაუტყავებელი თავი. ამ პირებმა იქვე დაადასტურეს, რომ აღმოჩენილი ცხოველი იყო არჩვი, ხოლო იარაღები მათ ეკუთვნოდათ. მ------ ვ--------მ განმარტა, რომ იყო სანადიროდ და მოკლა არჩვი. მოწმის ჩვენებით, საქართველოში გარეულ ცხოველზე არ ტარდება არცერთი სახის სასამართლო ექსპერტიზა. მათ, როგორც გარემოს დაცვის თანამშრომლებს, სამსახურში წელიწადში 2-ჯერ ან 3-ჯერ უტარდებათ ტრენინგები, რომელსაც უძღვება სამსახურის უფროსი და ასევე ჩამოდიან თბილისიდან სპეციალისტები, იმ მიზნით, რომ ერთმანეთისაგან განასხვაონ შინაური და გარეული ცხოველები. მათი სამუშაო პრინციპია, იცოდნენ ცხოველის, თევზისა და ფრინველის სახეობები. ამდენად, მან იცის. რომ არჩვს გააჩნია მისთვის დამახასიათებელი შეფერილობა, ასევე, აქვს მრგვალი, წვრილი რქა, წვერში ,,წაწვეტებული”. მოწმემ ასევე განმარტა, რომ ამ ფაქტის გარდა სხვა დროს იმ ტერიტორიაზე არჩვის მოკვლა არ დაფიქსირებულა. დათვალიერების დროს ნახეს, რომ ავტომანქანაში იყო თოფის ჩასადები ბუდე და ტყვიების ჩასადები ე.წ. „პალასკა“. საჭიროდ არ მიიჩნიეს მათი ამოღება. შემთხვევის ადგილი არ დაუთვალიერებიათ. იმ ტერიტორიაზე, სადაც დაათვალიერეს ავტომანქანა, მოსახლეობა ახლოს არ ცხოვრობს და იმ ადგილზე არც თხები უნახავს. როდესაც ალპურ ზონაში არის თოვლი, ცხოველი არ ჩერდება და ჩამოდის ტყეში, სადაც აფარებს თავს. იგი დარწმუნებულია, რომ ავტომანქანის დათვალიერების შედეგად ამოღებული ცხოველის თავი და ხორცი არის არჩვის. მისი აზრით, მ------ ვ-------- და მისი თანმხლები პირი იმყოფებოდნენ სანადიროდ, რადგან მათ ჰქონდათ თოფები და თან ჰყავდათ ძაღლები, რომლებიც გამოიყენება ნადირზე ნადირობის დროს.

 

5. შს სამინისტროს ბ---------ს რაიონული სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელმა მ------ ჯ------–მა მოწმის სახით დაკითხვის დროს განმარტა, რომ 2017 წლის მარტში წარმოებაში მიიღო გარემოს დაცვის სამსახურიდან გადმოგზავნილი მასალები, რის საფუძველზეც აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. მასალებში მითითებული იყო ტერიტორია, სადაც მოკლეს ნადირი. მან გამოკითხა მ------ ვ-------- და მისი თანმხლები პირი. ასევე, გამოკითხა გარემოს დაცვის თანამშრომლები, რომელთაც განმარტეს, თუ რა ვითარებაში აღმოაჩინეს არჩვის ხორცი და თავი. მათი განმარტებით, ხორცი გატყავებული იყო, ხოლო თავი - არა. გამოკითხვის დროს მ------ ვ--------მ განმარტა, რომ ა------- გ--–-----სთან ერთად იმყოფებოდა საქონლის სადგომის შესარჩევად ზ------ს ტერიტორიაზე, წაყვანილი ჰყავდა ძაღლები. იქ დაინახა და თავისი თოფიდან გასროლით მოკლა არჩვი. იქვე იმყოფებოდა ა------- გ--–-----ც. მ. ვ--------მ ცხოველი გაატყავა და მოათავსა ზურგჩანთაში. მ. ჯ------–მა განმარტა, რომ თოფების ვარგისიანობაზე მან დანიშნა ექსპერტიზა, არჩვის ხორცი და თავი შეინახეს პოლიციის განყოფილებაში, მაცივარში. მოწმის განმარტებით, მას შემთხვევის ადგილი არ დაუთვალიერებია, რადგან იქ რაიმე სახის მტკიცებულება არ იქნებოდა, ვინაიდან, მოწმეთა განმარტებით, არჩვის შიგნეული იქვე შეუჭამიათ ძაღლებს. ზ------ს ტერიტორია ნაკრძალი არ არის.

 

6. გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს უფროსი სპეციალისტის მიერ 2017 წლის 26 მარტს შედგენილი აქტის თანახმად, „2017 წლის 26 მარტს, დაახლოებით 22:00 საათზე, ბ---------ს რაიონის სოფელ ზ-----ში, გადამოწმების მიზნით, გააჩერეს „მიცუბიშის“ მარკის ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით „A--------“, რომელსაც მართავდა ა------- გ--–----- და მასთან ერთად იმყოფებოდა მ------ ვ--------. ავტომანქანის მეპატრონის თანხმობით, დაათვალიერეს ავტომანქანა, რის შედეგადაც ავტომანქანაში აღმოჩნდა ა------- გ--–-----ს სახელზე რეგისტრირებული ი–-------------- სანადირო თოფი და მ------ ვ--------- სახელზე რეგისტრირებული ი–------------- სანადირო თოფი, ასევე - არჩვის თავი და ხორცი ჩადებული ზურგჩანთაში. აქტის თანახმად, მ. ვ--------მ განმარტა, რომ არჩვი მან მოკლა მის სახელზე რეგისტრირებული ი–--- გლუვლულიანი სანადირო თოფით.

 

7. საქართველოს შსს საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის იმერეთის საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახურის №----- ექსპერტიზის დასკვნის თანახმად: ობიექტი №------ არის ქარხნული წესით დამზადებული 12 - კალიბრიანი, ორლულიანი სანადირო თოფის მოდელი ,,И----’’. მიეკუთვნება გლუვლულიან სანადირო ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის.

 

8. ობიექტი №--------- არის ქარხნული წესით დამზადებული 12 - კალიბრიანი, ორლულიანი სანადირო თოფის მოდელი ,,И------’’. მიეკუთვნება გლუვლულიან სანადირო ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის.

 

9. მსჯავრდებულმა მ------ ვ--------მ თავი დამნაშავედ არ ცნო და მიუთითა, რომ ზ------ს ტერიტორიაზე ა------- გ--–-----სთან ერთად იმყოფებოდა საქონლის სადგომის შესარჩევად და ამ ტერიტორიაზე ყოფნის დროს არჩვი არ მოუკლავს. ძაღლების ყეფის გამო, რომელიც ერთი მიმართულებიდან ისმოდა, თავისი თოფიდან გაისროლა, მაგრამ არა - მიზანმიმართულად, გაისროლა მაღლა და არა - ნადირის მიმართულებით, რომელიც არ დაუნახავს.

 

10. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება პირდაპირი მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა იმ ფაქტს, რომ არჩვი სწორედ მ------ ვ--------მ მოკლა. წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მართალია, დადასტურებულია, რომ მოკლული ცხოველი გარემოს დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ამოიღეს იმ ავტომანქანიდან, რომელშიც ისხდნენ მ------ ვ-------- და ა------- გ--–-----, ასევე დადასტურებულია მ. ვ--------- კუთვნილი სანადირო თოფიდან გასროლისა და მისი ვარგისიანობის ფაქტიც, თუმცა ის, რომ არჩვი უშუალოდ მ. ვ--------მ მოკლა, არ არის დადგენილი პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: თოფიდან გასროლის ფაქტს არც თავად მ. ვ-------- უარყოფს, თუმცა განმარტავს, რომ მას ცხოველი არ მოუკლავს და მისი მიმართულებით არ უსვრია. თავის მხრივ, მოწმე ა------- გ--–-----ს ჩვენებით დადგენილია, რომ მას არ დაუნახავს, გაისროლა თუ არა მ------ ვ--------მ უშუალოდ მოკლული ცხოველის მიმართულებით, რადგან, იგი უკან მიჰყვებოდა მას და მხოლოდ გასროლის შემდეგ დაინახა, თუ როგორ ჩამოიღო მან თოფი ბეჭიდან. ერთადერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც ბრალდების მხარეს წარმოდგენილი აქვს, არის გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონალური სამმართველოს უფროსი სპეციალისტის 2017 წლის 26 მარტს შედგენილი აქტი, რომელშიც დაფიქსირებულია მ------ ვ--------- განმარტება, რომ არჩვი ბ---------ს რაიონის სოფელ ზ-----ში მან მოკლა კუთვნილი თოფიდან გასროლით. იგი ხელს აწერს აღნიშნულ ოქმს, მაგრამ მხოლოდ ეს მტკიცებულება არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობის სტანდარტს, მითუფრო შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით: გამოძიებას არ დაუთვალიერებია შემთხვევის ადგილი, შესაბამისად, დადგენილი არ არის, კონკრეტულად საიდან წამოიღეს მკვდარი ცხოველი. ამდენად, უტყუარად არ დგინდება, შესაძლებელი იყო თუ არა ამ ტერიტორიაზე (მ------ ვ--------- განმარტებით, მკვდარი ცხოველი მან იპოვა ბ---------ს რაიონის სოფელ ზ-----ში) არჩვის ყოფნა; გარდა ამისა, ბრალდების მხარეს არ აქვს წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ არჩვი მოკლულია არათუ მ------ ვ--------- კუთვნილი სანადირო თოფიდან გასროლით, არამედ საერთოდ დაუდგენელია რამ გამოიწვია მისი სიკვდილი. ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ მ------ ვ--------- თოფი ვარგისია სროლისთვის, მაგრამ არც არჩვის დათვალიერების ოქმიდან და საქმის სხვა მასალებიდან არ ირკვევა, რომ ცხოველი მოკლულია სწორედ ამ თოფიდან გასროლილი საბრძოლო მასალით. უფრო მეტიც, ოქმში სანადირო თოფიდან გასროლის შედეგად ცხოველისათვის მიყენებული რაიმე დაზიანებისა ან საბრძოლო მასალის აღმოჩენის შესახებ არაფერია მითითებული. რაც შეეხება სხვა მოწმეთა, მათ შორის - გარემოს დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლების ჩვენებებს, ისინი ირიბი ხასიათისაა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების თანახმად, მოწმის ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის კონსტიტუციურსამართლებრივ სტანდარტს, რის გამოც (კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევების გარდა) არ შეიძლება პირის მსჯავრდების საფუძველი გახდეს (მსგავს საქმეებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაც - საქმე N646აპ-17).

 

11. ამდენად, მხოლოდ ის ფაქტი, რომ აღნიშნული ცხოველი ამოიღეს იმ ავტომანქანიდან, რომლითაც გადაადგილდებოდნენ მ------ ვ-------- და ა------- გ--–----- და რომ მ. ვ--------- კუთვნილი სანადირო თოფი ვარგისია სროლისათვის, უტყუარად არ ადასტურებს, რომ ნამდვილად მან მოკლა არჩვი. პალატა აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით შეუძლებელია იმის დადგენა, კონკრეტულად სად და რა ვითარებაში, ამასთან რამ გამოიწვია ცხოველის სიკვდილი. შესაბამისად, საქმეში არსებული მტკიცებულებები არ არის საკმარისი მ------ ვ--------- დამნაშავედ ცნობისათვის შერაცხულ ბრალდებაში, ვინაიდან არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს.

 

12. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ელ მასრი მაკედონიის წინააღმდეგ“ (El-Masri v the Former Yugoslav Republic of Macedonia, (GC), 13.12.2012) და „ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Hassan v the UK, ECtHR, (GC), 16.09.2014). საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ,,...გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას“. ანალოგიური შინაარსის შემცველია ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმადაც: ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით: ,,სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში“.

 

13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მ------ ვ--------, მტკიცებულებათა არასაკმარისობის გამო, უნდა გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 301-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. მსჯავრდებულ მ------ ვ---------ა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების - ზ----- გ-----–---სა და ი--- გ---------ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

 

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 17 მაისის განაჩენი მ------ ვ--------- მიმართ;

 

3. მ------ ვ-------- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 301-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში;

 

4. გამართლებულ მ------ ვ--------ს განემარტოს, რომ უფლება აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება;

 

5. მ------ ვ--------- მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და ყადაღა მოეხსნას ა------- გ--–-----ს (პ/ნ 1----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას (მდებარეს ზ------------------------------–-–----–------–----------------------------------------- 32.13.4--0-------------------–-------------------------------------–----------–------) 3000 (სამი ათასი) ლარის ფარგლებში;

 

6. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ:

 

- სისხლის სამართლის საქმეზე ამოღებული სანადირო თოფი И---- #Г----- (ინახება შს ბ---------ს რაიონულ სამმართველოში) – დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს; სანადირო თოფი И------ #--------- (ინახება შს ბ---------ს რაიონულ სამმართველოში) - დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს; გარეული ცხოველის - არჩვის თავი და ხორცი - განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;

 

7. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

 

მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი

 

პ. ქათამაძე