განჩინება

სისხლის სამართლის 03.01.2019
საქმის ნომერი
020141318700062947
თარიღი
03.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 020141318700062947

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №85აგ-18 3 იანვარი, 2019 წელი

გ-------- მ-----, 85აგ-18 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მ----- გ-------ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 12 ივლისის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 30 აპრილის განაჩენით მ----- გ-------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 2000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 16 ივნისის განაჩენით მსჯავრდებულ მ----- გ-------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 30 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.

 

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 30 ნოემბრის განჩინებით მსჯავრდებულ მ----- გ-------ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ---- მ-----–--ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 16 ივნისის განაჩენზე არ იქნა დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

 

4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 17 ნოემბრის განაჩენით მ----- გ-------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა და შენახვა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 წლით. მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 41-42-ე მუხლების შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 5000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

5. ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მეორე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტისა და მესამე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, მ----- გ--------ს, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, საექიმო საქმიანობის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო დაწესებულებაში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.

 

6. მ----- გ--------ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2009 წლის 5 ივლისიდან.

 

7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 21 იანვრის განაჩენით მსჯავრდებულ მ----- გ-------ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ---- მ-----–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 17 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

 

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 17 მარტის განჩინებით მ----- გ-------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ---- მ-----–--ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლო სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 21 იანვრის განაჩენზე არ იქნა დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

 

9. 2018 წლის 3 ივლისს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა მ----- გ--------მ, რომელმაც, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, ითხოვა ზემოაღნიშნული განაჩენებისა და განჩინებების გადასინჯვა და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა იმ საფუძვლით, რომ იგი საქართველოს პარლამენტმა აღიარა პოლიტპატიმრად.

 

10. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 12 ივლისის განჩინებით მსჯავრდებულ მ----- გ-------ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ დაუშვებლად იქნა ცნობილი.

 

11. კასატორი – მსჯავრდებული მ----- გ-------- საკასაციო საჩივრით ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 12 ივლისის განჩინების გაუქმებას და ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო მის მიმართ გამამართლებელი განაჩენების დადგენას.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

1. საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ მსჯავრდებულ მ----- გ-------ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

 

2. საქართველოს სსკ-ის 3321-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლში ჩამოთვლილ საფუძვლებთან ერთად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენი გადაისინჯება „პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირთა შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 5 დეკემბრის №76-Iს დადგენილებით პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ პირად ან პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირად მიჩნეული მსჯავრდებულის მიმართ, თუ ეს განაჩენი გამოტანილია აღნიშნული დადგენილების მიღებამდე და შესაბამისი შუამდგომლობა სასამართლოს 2018 წლის 1 ივლისამდე წარედგინება.

 

3. მოცემულ შემთხვევაში ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე შუამდგომლობა მსჯავრდებულმა მ----- გ--------მ სააპელაციო სასამართლოში წარადგინა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 3321-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნათა დარღვევით, კერძოდ: მართალია, მსჯავრდებულ მ----- გ-------ის მიმართ განაჩენები გამოტანილია „პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირთა შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 5 დეკემბრის №76-Iს დადგენილების მიღებამდე, მაგრამ შესაბამისი შუამდგომლობა ფოსტას ჩაჰბარდა 2018 წლის 2 ივლისს, ხოლო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს - 2018 წლის 3 ივლისს - ე.ი. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 3321-ე მუხლის მე-2 ნაწილში მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.

4. ამდენად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება მსჯავრდებულ მ----- გ-------ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ კანონიერია და მისი გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. მსჯავრდებულ მ----- გ-------ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 12 ივლისის განჩინება მსჯავრდებულ მ----- გ-------ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად.

 

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

 

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

 

პ. ქათამაძე