განჩინება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 110100118002260934
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
№394აპ-18 ქ. თბილისი
ა-------–--- ლ-–-, 394აპ-18 31 დეკემბერი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, პაატა ქათამაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 12 აპრილის განაჩენზე მსჯავრდებულ ლ-–- ა-------–--ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 5 თებერვლის განაჩენით ლ-–- ა-------–---, - დ----------–-------–--–ს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
- საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2017 წლის 25 ნოემბრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით;
- საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2017 წლის 4 დეკემბრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით. მასვე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა - 120 საათით.
2. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2017 წლის 4 დეკემბრის ეპიზოდი) შეფარდებულმა სასჯელმა შთანთქა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2017 წლის 25 ნოემბრის ეპიზოდი) განსაზღვრული სასჯელი და საბოლოოდ ლ-–- ა-------–---ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 წელი, ხოლო დამატებით სასჯელად - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა - 120 საათით.
3. ლ-–- ა-------–--ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა და გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში უნდა დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი თანხა.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 12 აპრილის განაჩენით ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 5 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ლ-–- ა-------–---მ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაული, რაც გამოიხატა შემდეგში:
6. 2017 წლის 7 მარტიდან არასრულწლოვანი ა-- ნ-----–---–- არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება ლ-–- ა-------–---სთან. თანაცხოვრების პერიოდში, 2017 წლის მაისიდან რამდენიმე თვის განმავლობაში, ლ-–- ა-------–--- და ა-- ნ-----–---–- სამუშაოდ იმყოფებოდნენ თურქეთის რესპუბლიკაში, სადაც ა-- ნ-----–---–- ორსულობის გამო ვერ მუშაობდა და იმყოფებოდა სახლში. აღნიშნულზე გაბრაზებული ლ-–- ა-------–--- მეუღლეს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. ერთ-ერთი კონფლიქტისას ლ-–- ა-------–---მ ა-- ნ-----–---–ს ხელი დაარტყა სახეში, რის შედეგადაც მან განიცადა ფიზიკური ტკივილი. საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ ა-- ნ-----–---–- და ლ-–- ა-------–--- ცხოვრობდნენ თ--------–ის რაიონის სოფელ ბ----------ში, ლ-–- ა-------–--ის ბებიის - ნ--- ბ---------–--ის სახლში. 2017 წლის 25 ნოემბერს ლ-–- ა-------–---მ წინასწარი შეცნობით, ორსულ, არასრულწლოვან მეუღლეს – ა-- ნ-----–---–ს ხელი დაარტყა სახეში, რის შედეგადაც მან განიცადა ფიზიკური ტკივილი. 2017 წლის 4 დეკემბერს ა-- ნ-----–---–მა რამდენჯერმე დაურეკა მეუღლეს და ჰკითხა სად იმყოფებოდა, რის გამოც გაბრაზებულმა ლ-–- ა-------–---მ სახლში დაბრუნების შემდეგ, დაახლოებით 21:00 საათზე, წინასწარი შეცნობით, ორსულ, არასრულწლოვან მეუღლეს - ა-- ნ-----–---–ს ხელი დაარტყა სახეში, რის შედეგადაც მან განიცადა ფიზიკური ტკივილი.
7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ლ-–- ა-------–---მ, რომელიც ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 12 აპრილის განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას და ძირითადი სასჯელის სახით - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის განსაზღვრას, შემდეგ გარემოებებზე მითითებით: იგი არ არის ნასამართლევი, აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, შეურიგდა დაზარალებულს, ხასიათდება დადებითად, არის სამღებრო საქმის ხელოსანი და პირობითი სასჯელი სამუშაოს შესრულების ხელშემშლელ გარემოებას წარმოადგენს.
8. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
9. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
10. განსახილველ შემთხვევაში დაცვის მხარე განაჩენს ასაჩივრებს მხოლოდ სასჯელის ნაწილში, რის შესახებაც პალატა აღნიშნავს, რომ ორივე ინსტანციის სასამართლომ სრულად შეაფასა როგორც სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები, ასევე - პირის ინდივიდუალური მახასიათებლები და საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, მსჯავრდებულ ლ-–- ა-------–---ს განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი.
11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ლ-–- ა-------–--ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: პ. სილაგაძე
პ. ქათამაძე