განჩინება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100117001835602
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №459აპ-18 ქ. თბილისი
გ---------–---–- გ-------, 459აპ-18 17 იანვარი, 2019 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),გიორგი შავლიაშვილი, პაატა ქათამაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 19 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულ გ------- გ---------–---–-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების - გ------- მ--------სა და შ----- კ-----ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 23 იანვრის განაჩენით გ------- გ---------–---–-, - დაბადებული 19-- წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტით და მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2018 წლის 23 იანვრიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2017 წლის 25 იანვრიდან იმავე წლის 14 ივლისის ჩათვლით - 5 თვე და 20 დღე.
გაუქმდა გ------- გ---------–---–-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და ყადაღა უნდა მოეხსნას თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 21 ივლისის განჩინებით გირაოს სახით განსაზღვრული 20000 ლარის ნაცვლად შეტანილ, ნ-----–- ჩ-----–---–-ს, ვ------- გ---------–---–-სა და გ------- გ---------–---–-ს თანასაკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას - თ---–--–-----–-–-------–-----------------–---------------------, საკადასტრო კოდით 01.10.10.021.004.01.0--, ეკვივალენტურ ნაწილს
მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლებები, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 წლით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
განაჩენით გ------- გ---------–---–-ს მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში: გ------- გ---------–---–მა დაუდგენელ ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა და შეინახა განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 0,3726 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინის‘‘ შემცველი 45 აბი და აბის 4 ნატეხი, რაც 2017 წლის 25 იანვარს საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ამოიღეს გ------- გ---------–---–-ს პირადი ჩხრეკისას, თ---–------------–----–---ს საავტომობილო გზის მ---- კილომეტრზე.
2. აპელანტის მოთხოვნა:
აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ, რომელიც ითხოვდა განაჩენის გაუქმებასა და გ------- გ---------–---–-ს გამართლებას.
3. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 19 ივნისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 23 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. გასაჩივრებული განაჩენის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა დაცვის მხარის მითითება მოწმე გ------- ნ-------–---–-ს ჩვენებისა და პატაკის არაავთენტიკურობაზე და არ დაეთანხმა აპელანტს, რომ მისი ჩვენება ეწინააღმდეგება მოწმე მ-----– ბ------ს ჩვენებას. გ------- ნ-------–---–მა თავის პატაკში აღნიშნა და ასევე სასამართლოსაც მოახსენა გადამოწმების შედეგად მიღებული ოპერატიული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, გ------- გ---------–---–მა თ---------დან გადმოკვეთა საზღვარი საბაჟო პუნქტ „ს------ს“ გავლით და მოემართებოდა თ---–---ს მიმართულებით კონკრეტული ავტომობილით. მოწმეს არ განუმარტავს, რომ გ------- გ---------–---–მა სწორედ ამ ავტომობილით გადმოკვეთა სახელმწიფო საზღვარი ან/და აღნიშნული ავტომანქანით წამოვიდა საბაჟო პუნქტ ,,ს------დან“, როგორც ამას დაცვის მხარე წარმოაჩენს. მან დაასახელა გ------- გ---------–---–-ს გადაადგილების მარშრუტი და აღნიშნა, რომ იგი კონკრეტული ავტომობილით მოემართებოდა თ---–---სკენ. გ------- ნ-------–---–-ს აღნიშნული განმარტება არ ეწინააღმდეგება მოწმე მ-----– ბ------ს ჩვენებას, რომელმაც განმარტა, რომ ქ---------–------------- ქუჩაზე, შეუთანხმდა გ------- გ---------–---–ს და წამოიყვანა თ---–---ს მიმართულებით. გარდა ამისა, გ------- ნ-------–---–ს არ განუმარტავს, რომ ოპერატიული ინფორმაციის მომწოდებელი პირი იმყოფებოდა სწორედ „ს------ს“ საბაჟო პუნქტთან და ამ ადგილიდან მიაწოდა მას ინფორმაცია გ------- გ---------–---–-ს გადაადგილების შესახებ. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ მოწმე გ------- ნ-------–---–-ს ჩვენებაში არ იკვეთება ურთიერთგამომრიცხავი და არადამაჯერებელი გარემოებები, ასევე მისი ჩვენება სრულადაა თანხვდენილი და შეესაბამება სხვა მოწმეთა ჩვენებებს და საქმეზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს. შესაბამისად, მხოლოდ ის გარემოება, რომ მოწმეს არ აქვს უფლება, დაასახელოს ოპერატიული ინფორმაციის მომწოდებელი პირი, ვერ გახდება მისი ჩვენების საეჭვოდ მიჩნევისა და გაუზიარებლობის საფუძველი.
სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია დაცვის მხარის მითითება, რომ გამოკვეთილი იყო საქართველოს სსსკ-ის 59-ე მუხლით გათვალისწინებული გამომძიებლის აცილების საფუძვლები და საქმის გამოძიების პროცესში ჩართული იყო არაუფლებამოსილი პირი - მოწმე გ------- ნ-------–---–- და განმარტა, რომ საქმის მასალების მიხედვით, გ------- ნ-------–---–მა მიიღო ოპერატიული ინფორმაცია როგორც ჯ--- ხ---–---------ს, ასევე გ------- გ---------–---–-ს მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის შესახებ, რაც შესაბამისი პატაკით მოახსენა ხელმძღვანელობას. სწორედ ამ გარემოებასთან დაკავშირებით გამოიკითხა მოწმის სახით, თუმცა იგი არ ყოფილა გ------- გ---------–---–-ს სისხლის სამართლის საქმის გამომძიებელი და მას სხვა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები არ შეუსრულებია.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა დაცვის მხარის მიერ მოყვანილი არგუმენტაცია სისხლის სამართლის საქმეში არსებულ, 2017 წლის 24 იანვრით დათარიღებულ გამომძიებელ ლ-–- გ-----------–---–-ს პატაკთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ 1-ლი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამომძიებელმა ლ-–- გ-----------–---–მა სასამართლოს მოახსენა, რომ იგი არ მონაწილეობდა ჯ--- ხ---–---------ს პირად ჩხრეკაში, თუმცა ჩხრეკის მიმდინარეობის პროცესში მისთვის ცნობილი გახდა ჯ. ხ---–---------ს განცხადების თაობაზე, რომლის თანახმადაც, მისი პირადი ჩხრეკისას ამოღებული აბების მსგავს აბებს ინახავდა ავტომობილშიც. ეს აბები ეკუთვნოდათ გ------- გ---------–---–სა და ი-----–- ქ-------ს. ლ-–- გ-----------–---–-ს განმარტებით, აღნიშნულ ინფორმაციაზე რეაგირების მიზნით დაუყოვნებლივ მიმართა ხელმძღვანელობას პატაკით. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც ჯ--- ხ---–---------ს ჩხრეკა დაიწყო 24 იანვარს, 23:15 საათზე, სრულიად დამაჯერებელი და საფუძვლიანია, რომ გამომძიებელს პატაკი შეედგინა ჯერ კიდევ 24 იანვარს, ჯ--- ხ---–---------ს ჩხრეკის დასრულებამდე.
რაც შეეხება შესაბამისი ელექტრონული ბაზიდან გ------- გ---------–---–-ს მაიდენტიფიცირებელი მონაცემების ამობეჭდვასა და საქმეზე დართვას მისი დაკავების შემდგომ, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვის ფაქტზე დააკავეს გ------- გ---------–---–-, გამომძიებელმა სისხლის სამართლის საქმეზე დართვის მიზნით, შესაბამისი ელექტრონული ბაზიდან მატერიალურად მოიპოვა მისი პერსონალური მონაცემები. აღნიშნული ფაქტი ავტომატურად არ გამორიცხავს მანამდეც ოპერატიულ და საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილე პირების მიერ შესაბამის ბაზაში გ------- გ---------–---–-ს მონაცემების გადამოწმებას და მათ გამოყენებას. ბუნებრივია, ოპერატიული ინფორმაციის მიმღებ პირს ჰქონდა სრული უფლება, ელექტრონულად გადაემოწმებინა და გამოეყენებინა სავარაუდო დანაშაულის ჩამდენი პირის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები მაშინ, როდესაც ოპერატიული ჯგუფი გადიოდა დანაშაულის გამოსავლენად. შესაბამისად, ამ კუთხით მოწმის სახით დაკითხული გამომძიებლების ჩვენებებისა და საგამოძიებო ჯგუფის მიერ ჩატარებული საპროცესო მოქმედებების რეალობის საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი არ არსებობს.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ დაცვის მხარის მსჯელობა გ------- გ---------–---–-ს დაკავებასა და პირად ჩხრეკაში მონაწილე სამართალდამცავების ჩვენებებთან მიმართებით მოკლებულია მტკიცებულებებიდან გამომდინარე არგუმენტაციასა და ლოგიკურ დასაბუთებას. პოლიციის თანამშრომლებმა თანმიმდევრულად და დეტალურად აღწერეს გ------- გ---------–---–-ს პირადი ჩხრეკისა და ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი აბების ამოღების მიმდინარეობა; ჩვენებებში არ იკვეთება არსებითი ხასიათის წინააღმდეგობები, რაც მათი გაუზიარებლობის საფუძველს შექმნიდა; მნიშვნელოვან და საქმესთან კავშირში მყოფ ფაქტობრივ გარემოებებს ისინი წარმოაჩენენ იდენტურად. ამასთან, საქმის მასალებით არ ვლინდება და დაცვის მხარემაც ვერ დაასაბუთა სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მხრიდან მსჯავრდებულის მიმართ რაიმე დაინტერესების არსებობა. მოწმეებმა - გ------- ლ-------–---–-ა, გ------- ვ--–-------მა და გ------ ც--–---მ აღნიშნეს, რომ სამივე მათგანი მონაწილეობდა გ------- გ---------–---–-ს ჩხრეკაში; მათივე განმარტებით, პირადი ჩრეკის ოქმს ადგენდა გ------- ლ-------–---–-, ხოლო გ------- ვ--–-------ი და გ------ ც--–--- ატარებდნენ ჩხრეკას. ის გარემოება, რომ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობს რამდენიმე პირი, თავისთავად, არ ნიშნავს ყველა მათგანის მიერ ერთი და იმავე მოქმედების შესრულებას. სავსებით ლოგიკურია, რომ პირად ჩხრეკაში მონაწილე ორი თანამშრომელი ერთდროულად ვერ ჩაყოფდა ხელს გ------- გ---------–---–-ს ქურთუკის ჯიბეში და ერთად ვერ ამოიღებდნენ ნარკოტიკული ნივთიერების შემცველ აბებს. შესაბამისად, გ------- ვ--–-------ის განმარტება, რომ ნარკოტიკული საშუალება უშუალოდ მან ამოიღო ბრალდებულის ქურთუკის ჯიბიდან, ხოლო გ------ ც--–---ს გაკავებული ჰყავდა გ------- გ---------–---–-, არ ეწინააღმდეგება გ------ ც--–---ს ჩვენებას, რომ პირად ჩხრეკაში ისიც მონაწილეობდა. ამასთან, გასათვალისწინებელია ისიც, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ მოწმემ შესაძლოა, მომხდარი ფაქტის დეტალები სრულად ვერ გაიხსენოს ან ზოგიერთი რამ აღიდგინოს და წარმოაჩინოს განსხვავებულად, ვიდრე რეალურად მოხდა, თუმცა მისი ჩვენება უნდა შეფასდეს სხვა მტკიცებულებებთან ერთობლივად და სათანადო დასაბუთების საფუძველზე გამოტანილი იყოს შესაბამისი დასკვნები. მოცემულ შემთხვევაში მოწმეებმა - გ------- ვ--–-------მა, გ------ ც--–---მ და გ------- ლ-------–---–-ა სასამართლოს მისცეს გულწრფელი, სანდო და ურთიერთშესაბამისი ჩვენებები და მხოლოდ იმის გამო, რომ გარკვეული უმნიშვნელო დეტალები ვერ გაიხსენეს, მაგრამ სხვა გარემოებები ერთნაირად ახსოვდათ, მათი ჩვენებების საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი ვერ გახდება.
დაცვის მხარის განმარტებით, გ------- გ---------–---–-ს ჩხრეკის მიმდინარეობისას შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა პოლიციის ბევრად მეტი თანამშრომელი, თუმცა აღნიშნული პირები არ არიან დაფიქსირებული საგამოძიებო მოქმედების ოქმებში. ასევე, გ------- გ---------–---–ს ტაქსიში ჰქონდა ბარგი, რომლის არსებობაც რატომღაც პოლიციის არცერთ თანამშრომელს არ ახსოვს და არც კი გაუჩხრეკავთ იგი. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოწმეებს - გ------- ვ--–-------ს, გ------ ც--–---სა და გ------- ლ-------–---–ს შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავი ორგანოს სხვა თანამშრომლების ყოფნის ფაქტი არ უარუყვიათ; მათივე განმარტებით, შემთხვევის ადგილზე გავიდნენ სამი ავტომანქანით, ასევე დაადასტურეს, რომ მსგავს ოპერაციებზე შესაძლოა იმყოფებოდნენ ხელმძღვანელი პირებიც. საქართველოს სსსკ-ის 134-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგამოძიებო მოქმედების ოქმში აღნიშნული უნდა იყოს იმ პირის თანამდებობა და გვარი, რომელმაც ჩაატარა საგამოძიებო მოქმედება, ასევე - საგამოძიებო მოქმედების მონაწილეთა სახელები და გვარები. შემთხვევის ადგილზე პირის ყოფნა არ ნიშნავს მის საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობას. შესაბამისად, ის თანამშრომლები, რომლებიც არ მონაწილეობდნენ საგამოძიებო მოქმედებებში, ვერ იქნებოდნენ დაფიქსირებული შესაბამის ოქმებში. რაც შეეხება გ------- გ---------–---–-ს ბარგს, რომლის არსებობაც მოწმე მ-----– ბ-------აც დაადასტურა (განმარტა, რომ მსჯავრდებულს ჰქონდა ერთი ჩანთა), აღნიშნული არ ეწინააღმდეგება მოწმეების - გ------- ვ--–-------ის, გ------- ლ-------–---–-სა და გ------ ც--–---ს ჩვენებებს, ვინაიდან მათი განმარტებით, მათ ჩაატარეს გ. გ---------–---–-ს პირადი ჩხრეკა, რა დროსაც თან ბარგი არ ჰქონია, ხოლო ავტომობილის ჩხრეკა, რომლის საბარგულშიც შესაძლოა, მოთავსებული ყოფილიყო ბრალდებულის ჩანთა, მათ არ ჩაუტარებიათ და, შესაბამისად, არ ფლობენ ინფორმაციას, რა ნივთები ნახეს ავტომობილის ჩხრეკისას. მათთვის მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ ავტომანქანიდან კანონსაწინააღმდეგო არაფერი ამოუღიათ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ პოლიციის თანამშრომელთა ჩვენებები სრულად შეესაბამება ერთმანეთს და საქმეში არესებულ წერილობით მტკიცებულებებს, ექსპერტიზის დასკვნასა და ასევე, საგამოძიებო მოქმედების ოქმებს, რომლებიც შედგენილია სრულყოფილად და ხელმოწერილია მასში მონაწილე პირების მიერ. ამოღებული ნივთიერებები დაილუქა სათანადო წესით, რაც დადასტურებულია საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირთა ხელმოწერებით. მათ შორის - პირადი ჩხრეკის ოქმი, დაკავების ოქმი და ამოღებული ნივთიერი მტკიცებულების ლუქები ხელმოწერილია გ------- გ---------–---–-ს მიერ, რომელსაც მათ შესახებ არანაირი შენიშვნა არ გამოუთქვამს, ხოლო ექსპერტიზის დასკვნებში მითითებულია და ექსპერტებმა სასამართლო სხდომაზეც დაადასტურეს, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი საკვლევი ობიექტები იყო დალუქული და ლუქის მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა.
სააპელაციო პალატა სრულად დაეთანხმა 1-ლი ინსტანციის სასამართლოს მოწმე მ-----– ბ------ს ჩვენების შეფასებაში და მიიჩნია, რომ სრულიად უსაფუძვლოა დაცვის მხარის პოზიცია მოწმის ჩვენების სანდოობასთან დაკავშირებით. ცალკეულ შემთხვევებში ადვოკატი აცხადებს, რომ მ-----– ბერიძე არის ნეიტრალური მოწმე, რომელსაც არ აქვს საქმისადმი არანაირი ინტერესი, ხოლო შემდეგ მას მოიხსენიებს, როგორც ბრალდების მხარის მიერ ,,დარიგებულ“ მოწმედ; დაცვის მხარე განმარტავს, რომ ურთიერთსაწინააღმდეგოა მ-----– ბ------ს სასამართლოსა და გამოძიებაში მიცემული ჩვენებები და ასევე, საქმის არსებითი განხილვისას მას პროკურორი ჟესტიკულაციით კარნახობდა ბრალდების მხარისათვის სასურველ პასუხებს. პალატამ მიუთითა, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 24-ე პუნქტის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. შესაბამისად, პალატამ გაიზიარა მოწმე მ-----– ბ------ს მიერ 1-ლი ინსტანციის სასამართლოსათვის მიცემული ჩვენება და აღნიშნა, რომ მისი გულწრფელობის საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი არ არსებობს, ვინაიდან მან სასამართლოს მიაწოდა საკმაოდ დამაჯერებელი და სარწმუნო ინფორმაცია. მოწმემ თანმიმდევრულად და ლოგიკურად აღწერა გ------- გ---------–---–-ს მიერ ბ-------დან თ---–---ს მიმართულებით წამოყვანის, პოლიციის თანამშრომლების მიერ მათი გაჩერებისა და საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიმდინარეობა. მან დაადასტურა, რომ მისი და გ------- გ---------–---–-ს პირადი ჩხრეკა ჩატარდა პარალელურად, ერთმანეთის გვერდით, მანქანის უკანა, მარჯვენა და მარცხენა მხარეზე; გ------- გ---------–---–- იქიდან არსად წაუყვანიათ, სხვა ავტომობილში არ ჩაუსვამთ, მისი თვალთახედვის არიდან იგი არ გასულა. თუმცა, სავსებით ლოგიკურია, რომ ვინაიდან მასთანაც ტარდებოდა საგამოძიებო მოქმედება, მისი მზერა სრულად გ---------–---–-საკენ ვერ იქნებოდა მიმართული; მან განმარტა, რომ ქურთუკის ჯიბიდან ნარკოტიკული საშუალების ამოღების ფაქტი უშუალოდ არ დაუნახავს; პოლიციის თანამშრომლის ხმის გაგონებაზე, რომ იპოვა რაღაც, მიიხედა და დაინახა გამჭვირვალე პარკში მოთავსებული აბები. სასამართლომ განმარტა, რომ მხოლოდ მოწმე მ-----– ბ------ს ჩვენების საფუძველზე არ ყოფილა დადასტურებულად მიჩნეული გ------- გ---------–---–-ს ქურთუკის ჯიბიდან ნარკოტიკული საშუალების ამოღების ფაქტი, თუმცა არაერთ ფაქტობრივ გარემოებასთან დაკავშირებით მისი განმარტება სრულად შეესაბამება პოლიციის თანამშრომელთა ჩვენებებს; შესაბამისად, მეტ დამაჯერებლობას სძენს და ამყარებს მათ ჩვენებებს, რომლებიც ერთობლივად სრულიად თანმიმდევრული და ლოგიკურია და არ იძლევა რომელიმე მათგანის მიერ მოწოდებული ინფორმაციის სანდოობის საეჭვოდ მიჩნევის საფუძველს.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა დაცვის მხარის არგუმენტაცია, რომლის მიხედვითაც, ჯ--- ხ---–---------ს პირდაპირი დაინტერესება გააჩნია გ------- გ---------–---–-ს წინააღმდეგ ცრუ ჩვენების მისაცემად, ვინაიდან მასთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება და აღნიშნა, რომ გ------- გ---------–---–- მოცემულ საქმეზე მსჯავრდებულია უშუალოდ მისი პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვის ფაქტზე და არა - ჯ--- ხ---–---------ს მიერ მითითებული ნარკოტიკული საშულებების შეძენა-შენახვისათვის. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში ჯ--- ხ---–---------ს ჩვენება ფასეულია და სასამართლომ გაიზიარა პოლიციის თანამშრომლებისათვის გ------- გ---------–---–-ს შესახებ ინფორმაციის მიწოდების კუთხით; გარდა ამისა, მისი ჩვენება მნიშვნელოვანია პოლიციის თანამშრომელთა ჩვენებების შეფასებისა და საერთო ანალიზისათვის, როდესაც პოლიციელები აცხადებენ, რომ გამოძიება დაიწყო ჯ--- ხ---–---------ს მიერ გ------- გ---------–---–-ს, როგორც ნარკოტიკული საშუალების ერთ-ერთი მესაკუთრის, დასახელების საფუძველზე. ამ მიმართებით მოწმე ჯ--- ხ---–---------ს ჩვენება სრულად შეესაბამება სამართალდამცავი ორაგანოს თანაშრომელთა ჩვენებებს და საქმეში არსებულ არაერთ წერილობით მტკიცებულებას. სწორედ ჯ--- ხ---–---------ს განმარტება გახდა საფუძველი, დადგენილიყო გ------- გ---------–---–-ს შესახებ ინფორმაცია და მომხდარიყო შესაბამისი რეაგირება მის მიერ სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ფაქტზე.
სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მასალებით არ დასტურდება და არც დაცვის მხარე მიუთითებს, რომ სამართლდამცავი ორგანოს თანამშრომლები ვალდებული არიან, თითოეული საგამოძიებო მოქმედება ვიდეოზე აღბეჭდონ. ფაქტია, რომ ამოღებულ ნივთმტკიცებაზე გ------- გ---------–---–-ს ბიოლოგიური მასალის არსებობის დასადასტურებლად ექსპერტიზა არ ჩატარებულა, თუმცა ვერც აღნიშნული და ვერც ის გარემოება, რომ არ ჩატარდა გ------- გ---------–---–-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა, მსჯავრდებულის უდანაშაულობისა და მისი პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალების „ჩადების“ დამადასტურებელი ვერ იქნება. საქართველოს სსსკ-ის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე, გამომძიებელი ვალდებულია, გამოძიება აწარმოოს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად, ანუ გამოძიებამ უნდა მოიპოვოს საქმესთან კავშირში მყოფი ყველა შესაძლო მტკიცებულება და წარადგინოს სასამართლოში. ბუნებრივია, თუკი გამოძიება საჭიროდ მიიჩნევდა სხვა საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას (მათ შორის - საცხოვრებელი ბინის ჩხრეკას) და მათ შედეგებს მტკიცებულების სახით წარადგენდა, ისინი სათანადოდ შეფასდებოდა სხვა მტკიცებულებებთან ერთობლივად, თუმცა აღნიშნული მოქმედებების ჩაუტარებლობა სულაც არ აკნინებს იმ მტკიცებულებების სანდოობასა და რელევანტურობას, რაც წარმოდგენილი და გამოკვლეულია სასამართლოში და რის საფუძველზეც უტყუარად დადასტურდა მსჯავრდებულის მიერ ბრალად წარდგენილი ინკრიმინირებული ქმედების ჩადენა. პალატამ მიიჩნია, რომ ბრალდების მხარემ სისხლის სამართლის საქმეზე წარმოადგინა ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც ადასტურებს გ------- გ---------–---–-ს მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენის ფაქტს, რომელსაც იგი პირადად ინახავდა.
5. კასატორის მოთხოვნა:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 19 ივნისის განაჩენი გაასაჩივრეს მსჯავრდებულ გ------- გ---------–---–-ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა - გ------- მ--------მ და შ----- კ-----მ, რომლებიც საკასაციო საჩივრით ითხოვენ განაჩენის გაუქმებასა და გ------- გ---------–---–-ს გამართლებას იმ საფუძვლით, რომ საქმეში არ არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებულ, უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც საფუძვლად დაედებოდა გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას.
6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. უსაფუძვლოა კასატორების მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ მსჯავრდებულ გ------- გ---------–---–ს ნარკოტიკული საშუალება არ ჰქონდა და მას ნარკოტიკი ,,ჩაუდეს“. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს არგუმენტებს გ------- გ---------–---–-ს მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის თაობაზე და მიაჩნია, რომ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობით დასტურდება გ------- გ---------–---–-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების ჩადენა. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის მოტივებს (რომლებიც სააპელაციო საჩივარშიც იყო მითითებული, მათ შორის - მოწმეთა ჩვენებებზე, როგორც ურთიერთსაწინააღმდეგო და საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან შეუსაბამო ინფორმაციაზე, ასევე - გადაწყვეტილების ევროპული სასამართლოს პრაქტიკასთან შეუსაბამობაზე) სააპელაციო სასამართლომ არგუმენტირებულად და ამომწურავად უპასუხა, რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შეესაბამება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას (მაგალითისთვის იხ. საქმეები №515აპ-14, №283აპ.-16, № 96აპ-17).
9. პალატა აღნიშნავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას; აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე ,,ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland), განაცხადი N49684/99; §30; ECHR; 25.12.2001). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ - ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება, არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე ,,გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ“ (No. 2), (Gorou v. Greece (No. 2)), განაცხადი N 12686/03; §37, §41; ECHR; 20.03.2009).
10. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი გარემოება, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ გ------- გ---------–---–-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების - გ------- მ--------სა და შ----- კ-----ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი
პ. ქათამაძე