განჩინება

სისხლის სამართლის 21.01.2019
საქმის ნომერი
190100118002355427
თარიღი
21.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 190100118002355427

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №483აპ-18 ქ. თბილისი

ჯ--------- ჯ-------, 483აპ-18 18 იანვარი, 2019 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),გიორგი შავლიაშვილი, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 20 ივნისის განაჩენზე რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ხატია გოგრიჭიანის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 აპრილის განაჩენით ჯ------- ჯ---------, - დაბადებული 19-- წელს, ნასამართლობის არმქონე, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის იანვრის ეპიზოდი) - 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით; სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის თებერვლის ეპიზოდი) - 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით; სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით -

1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით შეფარდებულმა სასჯელმა შთანთქა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა (2018 წლის იანვრის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის თებერვლის ეპიზოდი) შეფარდებული სასჯელები და საბოლოოდ ჯ------- ჯ---------ს დანაშაულთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 1 წლის გამოსაცდელი ვადით.

 

ჯ------- ჯ---------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა და გირაოს თანხა უნდა დუბრუნდეს მის შემტან პირებს კანონით დადგენილი წესით.

 

მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალა პრობაციის ეროვნული სამსახურის ტერიტორიულ ორგანოს - პრობაციის ბიუროს.

 

მსჯავრდებულს განემარტა, რომ გამოსაცდელი ვადის განმავლობაში პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი და დაევალა პრობაციის ბიუროში ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლა.

 

2. აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ჯ------- ჯ---------მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა და სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა და სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი; ასევე - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

ჯ------- ჯ---------ს ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

 

· ჯ------- ჯ--------- უკანასკნელი სამი-ოთხი წლის განმავლობაში, ნასვამი, გენდერული ნიშნით დისკრიმინაციული მოტივით, სისტემატურად შეურაცხყოფდა მეუღლეს - ი---- ჯ---------ს. ჯ------- ჯ--------- ი---- ჯ---------ს მიიჩნევდა საკუთრებად და მისი ნებართვის გარეშე არ აძლევდა გაღიმების უფლებასაც კი, ასევე, რადგან მისი მეუღლე იყო, ავალდებულებდა, რომ მისი სურვილები და მოთხოვნები უსიტყვოდ შეესრულებინა. შეწინააღმდეგებისას აყენებდა შეურაცხყოფას და აგინებდა. ყოველივე აღნიშნულით ი---- ჯ--------- განიცდიდა ტანჯვას.

 

· 2018 წლის იანვრის ბოლოს ქალაქ რ-------–-------------------------------–- მდებარე საცხოვრებელ ბინაში, ჯ------- ჯ---------მ მეუღლეს - ი---- ჯ---------ს ურთიერთშელაპარაკებისას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ხელი გაარტყა სახეში და ხელი მოაყოლა აბაზანის კარში. ი---- ჯ---------მ ჯ------- ჯ---------ს ქმედებებით განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

· 2018 წლის 16 თებერვალს, დაახლოებით 23:00 საათზე, ქალაქ რ-------–---------------------------------------- ეზოში, ჯ------- ჯ---------მ მეუღლეს - ი---- ჯ---------ს ურთიერთშელაპარაკების დროს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ხელი რამდენჯერმე დაარტყა მხარსა და თავში. ი---- ჯ---------მ ჯ------- ჯ---------ს ქმედებებით განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

· 2018 წლის 16 თებერვალს, დაახლოებით 23:00 საათზე, ქალაქ რ-------–-------------------------------–- მდებარე საცხოვრებელ ბინაში, ჯ------- ჯ--------- მეუღლეს - ი---- ჯ---------ს დაემუქრა მოკვლითა და მუცლის გამოფატვრით, რა დროსაც ი---- ჯ---------ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რადგან ჯ------- ჯ---------ს მუქარის დროს ხელში ეჭირა დანა.

 

3. აპელანტის მოთხოვნა:

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 აპრილის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ხატია გოგრიჭიანმა. აპელანტმა მოითხოვა განაჩენში გამოსაცდელი ვადის განსაზღვრის ნაწილში ცვლილების შეტანა, კერძოდ: მსჯავრდებულ ჯ------- ჯ---------ს გამოსაცდელ ვადად 1 წლის ნაცვლად, საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე უნდა განსაზღვროდა არანაკლებ 2 (ორი) და არაუმეტეს 6 (ექვსი) წელი.

 

4. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 20 ივნისის განაჩენით რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.

 

5. კასატორის მოთხოვნა:

 

აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ხატია გოგრიჭიანმა, რომელმაც მოითხოვა მსჯავრდებულ ჯ------- ჯ---------სათვის გამოსაცდელ ვადად 1 წლის ნაცვლად, საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე არანაკლებ 2 (ორი) და არაუმეტეს 6 (ექვსი) წლის განსაზღვრა.

 

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

 

7. საკასაციო საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს ექნებოდა არსებითი მნიშვნელობა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

 

8. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ჯ------- ჯ---------ს უნდა გაუხანგრძლივდეს გამოსაცდელი ვადა საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის დანაწესის თანახმად, ვინაიდან დანაშაულთა ერთობლიობის დროს სასჯელთა შეკრების შედეგად საბოლოო სასჯელის განსაზღვრისას გამოსაცდელი ვადა არ უნდა იყოს 2 წელზე ნაკლები და 6 წელზე მეტი.

 

9. მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი საქმის მასალებით ირკვევა, რომ მსჯავრდებულ ჯ------- ჯ---------ს საბოლოო სასჯელი შეფარდებული აქვს დანაშაულთა ერთობლიობით, მაგრამ სასჯელთა შთანთქმის და არა - შეკრების პრინციპის გამოყენებით, რა დროსაც უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი. შესაბამისად, საკასაციო პალატა არ არის უფლებამოსილი, საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის მითითებული დანაწესი განმარტოს მსჯავრდებულის საზიანოდ და მას დაუმძიმოს სასჯელი (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტლება N384აპ.-17).

 

10. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

 

11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ხატია გოგრიჭიანის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

 

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

 

მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი

 

პ. ქათამაძე