განჩინება

სისხლის სამართლის 21.01.2019
საქმის ნომერი
010141318700063789
თარიღი
21.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010141318700063789

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №466აპ-18 ქ. თბილისი

გ--–-–---–- რ-------, 466აპ-18 18 იანვარი, 2019 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),გიორგი შავლიაშვილი, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 24 მაისის განაჩენზე მსჯავრდებულ რ------- გ--–-–---–-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ------ ლ------ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 18 იანვრის განაჩენით რ------- გ--–-–---–-, - დაბადებული 19-- წელს, ნასამართლევი, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით - 12 (თორმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და რ------- გ--–-–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 12 (თორმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის თანახმად, გაუქმდა რ------- გ--–-–---–-ს მიმართ ხაშურის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 6 მარტის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, შეფარდებულმა სასჯელმა შთანთქა 2015 წლის 6 მარტის განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 11 (თერთმეტი) თვითა და 26 (ოცდაექვსი) დღით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ რ------- გ--–-–---–ს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 12 (თორმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

რ------- გ--–-–---–ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2015 წლის 15 მაისიდან.

 

რ------- გ--–-–---–-ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა.

2. აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ რ------- გ--–-–---–მა ჩაიდინა განზრახ მკვლელობა; მანვე ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის.

 

რ------- გ--–-–---–-ს მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

 

2015 წლის 14 მაისს, დაახლოებით 23:00 საათზე, ხ-–-----ს რაიონის სოფელ ც---------ში რ------- გ--–-–---–მა შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, ხელთ არსებული დანის გამოყენებით ჩაიდინა დ-------- გ-----–---ს განზრახ მკვლელობა. მანვე ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ხელთ არსებული დანის გამოყენებით ხ---- გ-----–---ს მუცლის არეში მიაყენა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის

.

3. აპელანტის მოთხოვნა:

 

გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 18 იანვრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის პროკურორმა ზურაბ წერეთელმა, აგრეთვე მსჯავრდებულმა რ------- გ--–-–---–მა და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ვ. ს---------მ.

 

სახელმწიფო ბრალმდებლმა საჩივრით ითხოვა რ------- გ--–-–---–-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 108–ე მუხლითა და 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით შეფარდებული სასჯელების გამკაცრება და აგრეთვე დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელის განსაზღვრისას სასჯელთა შეკრების პრინციპის გამოყენება.

 

დაცვის მხარემ საჩივრით ითხოვა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და გამამართლებელი განაჩენის გამოტანა იმ საფუძვლებით, რომ განაჩენი არის დაუსაბუთებელი და უკანონო; საქმეში არ არსებობს ერთმანეთთან შეჯერებულ, უტყუარ მტკიცბულებათა ერთობლიობა, რომელიც დაადასტურებდა რ------- გ--–-–---–-ს მიერ დანაშაულების ჩადენას.

 

4. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 24 მაისის განაჩენით გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 18 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

 

5. გასაჩივრებული განაჩენის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

თბილისის სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის პროკურორ ზურაბ წერეთლისა და მსჯავრდებულ რ------- გ--–-–---–-სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი რ------- გ--–-–---–-ს მიმართ უცვლელად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა დაცვის მხარის მოსაზრება, რომ რ------- გ--–-–---–ს არ ჩაუდენია არც დ-------- გ-----–---ს განზრახ მკვლელობა და არც ხ---- გ-----–---ს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება.

 

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქმეზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებებით, აგრეთვე პრეიუდიციულად მიჩნეული იმ მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, კერძოდ: დაზარალებულის, დაზარალებულის უფლებამონაცვლის, მოწმეებისა და ექსპერტების - ხ---- გ-----–---ს, გ---- გ-----–---ს, პ----- ჯ---–---ს, დ----- ტ--------ს, გ--- ღ--------ს, ლ-–- ფ------ს, ლ---- ბ--–---ს, ა-–---- ც---–----ს, გ---–------ ჩ------ს, ა-–---------- ჩ------ს, ნ-----–---- ჩ--------–-ს, ზ---- ტ--------ს, გ--- გ--–-–---–-ს, ე----- გ--–-–---–-ს, მ------ ლ------ს ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით (თანდართული ფოტოცხრილით), რ------- გ--–-–---–-ს მონაწილეობით საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით (თანდართული ფოტოცხრილით), ამოღების ოქმით (თანდართული ფოტოცხრილით), ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებებით, ნიმუშის აღების ოქმებით, ტანსაცმლის დათვალიერების ოქმით, ხ---- გ-----–---ს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათით, ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის დასკვნით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით, ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის დასკვნით - გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უტყუარად დასტურდება რ------- გ--–-–---–-ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.

 

დაცვის მხარის პოზიციასთან დაკავშირებით, რომ დაზარალებული დ-------- გ-----–--- მოკლეს სხვა ადგილას და გვამი შემდგომ გადაიტანეს მის საცხოვრებელ სახლში, ვინაიდან გვამს აღენიშნებოდა 13 ჭრილობა გულის, არტერიული სისტემისა და სხეულის სხვა ნაწილების დაზიანებითა და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, მისი სიკვდილის უშუალო მიზეზია მწვავე ზოგადი სისხლნაკლებობა, ხოლო შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს არც საცხოვრებელი სახლის ჭერზე, არც კედლებსა და ოთახის სხვა ადგილას არ აღმოჩნდა სისხლის არანაირი კვალი, რაც ადასტურებს რ------- გ--–-–---–-ს უდანაშაულობას, სააპელაციო პალატამ განმარტა შემდეგი: პალატამ პირველ რიგში ყურადღება გაამახვილა დაზარალებულ ხ---- გ-----–---ს სასამართლოში მიცემულ ჩვენებაზე, რომ 2015 წლის 14 მაისის საღამოს იქეიფა და ღვინო დალია უბანში, მეზობლებთან ერთად, რომელთა შორის იყო რ------- გ--–-–---–-ც. ქეიფის დროს მას უმიზეზოდ აუხირდა რ------- გ--–-–---–- და მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. სიტუაცია რომ არ დაძაბულიყო, ხ---- გ-----–--- წავიდა სახლში. დაახლოებით ნახევარ საათში მასთან სახლში მივიდა რ------- გ--–-–---–-, რომელთანაც კვლავ მოუვიდა შელაპარაკება. ამ დროს რ------- გ--–-–---–მა მოუქნია დანა, რომელიც მოხვდა მუცელში. ხ---- გ-----–--- შემოტრიალდა და ამ დროს რ------- გ--–-–---–მა კვლავ მოუქნია დანა და გაკაწრა ჭრილობის ზემოთ. იგი შევარდა ოთახში, მიხურა კარი და ფანჯრიდან დაიწყო ყვირილი, მიშველეთო. ყვირილის ხმა გაიგო დედამისმა - დ-------- გ-----–---მ. რ------- გ--–-–---–- შევიდა იმ ოთახში, სადაც იწვა დ-------- გ-----–---. ხ---- გ-----–---მ გაიგო დედამისის ხმა - „რას მიშვრებიო’’, გააღო კარი და გაიქცა მეზობელთან. მას დაედევნა რ------- გ--–-–---–-, რომელიც უყვიროდა, ვინმესთან მომხდარის თაობაზე რაიმეს თუ იტყოდა, „დაჩეხავდა’’. ხ---- გ-----–--- მივიდა მეზობელ ა-–---------- ჩ------სთან. ამ დროს გამოიხედა მისმა მამამ - გ---–------ ჩ------მ, რომელმაც გამოიძახა სასწრაფო დახმარება და გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც შეიტყო დედის, დ-------- გ-----–---ს გარდაცვალების შესახებ.

 

საქმეზე მოწმის სახით დაკითხულმა გ---–------ ჩ------მ და ა-–---------- ჩ------მ დაადასტურეს, რომ 2015 წლის 14 მაისს, დაახლოებით 23:00 საათზე, მათთან სახლში მივიდა ხ---- გ-----–---, რომელიც იყო დაჭრილი და ითხოვდა შველას. მისი თქმით, სახლში მიუვარდა მთვრალი რ------- გ--–-–---–-, რომელმაც დაუწყო ჩხუბი და დანა დაარტყა მუცელში. შემდეგ რ------- გ--–-–---–- შევიდა სახლში და დანა დაარტყა ხ---- გ-----–---ს დედას, დ-------- გ-----–---ს. გამოძახებულმა სასწრაფო დახმარების ერთმა ეკიპაჟმა საავადმყოფოში წაიყვანა ხ---- გ-----–---. ასევე გამოიძახეს პოლიციაც. ა-–---------- ჩ------მ დაადასტურა, რომ ამ დღეს, საღამოს, დაახლოებით 18 საათზე, მეზობლებთან ქეიფის დროს, სუფრაზე რ------- გ--–-–---–მა დაუწყო კამათი ხ---- გ-----–---ს, შეაგინა და ხელი დაარტყა თავში, რის შემდეგაც სუფრაზე მყოფმა პირებმა არ მისცეს მას ჩხუბის გაგრძელებისა და ხ---- გ-----–---ს ცემის საშუალება. ხ---- გ-----–--- გამოარიდეს, იგი წავიდა სახლში. დაჭრილი ხ---- გ-----–---ს საავადმყოფოში წაყვანის შემდეგ ა-–---------- ჩ------მ სასწრაფო დახმარების მეორე ბრიგადა მიაცილა ხ---- გ-----–---ს სახლში, სადაც ნახა საწოლზე გულაღმა მწოლიარე, სისხლში ამოსვრილი, გარდაცვლილი დ-------- გ-----–---. სუფრაზე ქეიფის დროს ხ---- გ-----–---სა და რ------- გ--–-–---–ს შორის ჩხუბისა და ხ---- გ-----–---ს ცემის ფაქტი ასევე დაადასტურეს მოწმებმა - ზ---- ტ--------- და ნ-----–---- ჩ--------–მა.

 

დაცვის მხარის მოსაზრებასთან დაკავშირებით - რომ, ვინაიდან შემთხვევის ადგილზე დათვალიერების დროს არ აღმოჩნდა სისხლის არანაირი კვალი, ამდენად, დ-------- გ-----–--- მოკლეს სხვაგან და გვამი შემდეგ გადაიტანეს მის საცხოვრებელ სახლში - სააპელაციო პალატამ მიუთითა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №8--------- დასკვნაზე, რომლის თანახმად, დ-------- გ-----–---ს გვამის შინაგანი გამოკვლევით მარჯვენა და მარცხენა პლევრალურ ღრუებში აღინიშნება სისხლი, თხიერი და შედედებული კოლტების სახით, მარჯვნივ - 1550 და მარცხნივ - 1700 მლ. გულის პერანგის წინა ზედაპირზე აღინიშნება სწორკიდეებიანი, 1,2-0,2 სმ ზომის ჭრილობა, მის ღრუში - თხიერი სისხლი - 225 მლ-მდე ... მუცლის ღრუში აღინიშნება - 500 მლ-მდე სისხლი თხიერი და მცირეოდენი კოლტების სახით ... გულის პერანგის ღრუში - თხიერი სისხლი - 225 მლ-მდე. ამრიგად, ექსპერტიზით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და ზემოხსენებული მოწმეების ჩვენებების მხედველობაში მიღებით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია: არ არსებობს გონივრული ეჭვი, რომ დ-------- გ-----–--- მოკლეს სხვაგან და გვამი შემდეგ მიიტანეს საცხოვრებელ სახლში, რისი დამადასტურებელი მტკიცებულებაც საქმეში არ არსებობს.

 

ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის №0-------- დასკვნით დადგენილია, რომ პაკეტში წარწერით: ,,1 0----------- 15.05.15 დანა სისხლის მაგვარი ლაქებით საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ამოღებული....’’ მოთავსებულ დანის პირზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო დანაშრევები (ობ №1), წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომლის გენეტიკური პროფილი შერეულია, ეკუთვნის ორ პირს და ერთ-ერთი წილით, ხ---- გ-----–---ს (ობ. №13, პაკეტი წარწერით: ,,..ხ---- გ-----–---საგან აღებული სისხლის ნიმუში), მეორე წილით დ-------- გ-----–---ს (ობ. №14, პაკეტი წარწერით: ,,..სისხლის ნიმუში 1 (ერთი) შპრიცი აღებული დ-------- გ-----–---ს გვამიდან 0-----------...’’) გენიტიკური პროფილის იდენტურია. პაკეტში წარწერით: ,,რ------- გ--–-–---–-ს ტანსაცმელი’’ 0-----------...‘’ მოთავსებულ შარვლის მარჯვენა ტოტზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქა (ობ. №5) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომლის გენეტიკური პროფილი იდენტურია ხ---- გ-----–---ს (ობ. №13) გენეტიკური პროფილისა; მარცხენა ტოტზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ. №6) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომლის გენეტიკური პროფილი იდენტურია დ-------- გ-----–---ს (ობ. №14) გენეტიკური პროფილისა.

 

ამდენად, საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების გაანალიზებისა და შეფასების შემდეგ სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ რ------- გ--–-–---–-ს მიმართ წარდგენილი ბრალდებები დ-------- გ-----–---ს განზრახ მკვლელობასა და ხ---- გ-----–---ს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დადასტურებულია და მისი ქმედებების სამართლებრივი კვალიფიკაცია სწორია.

 

სააპელაციო პალატამ ასევე არ გაიზიარა სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა სასჯელთა ზომის გამკაცრების შესახებ, რის საფუძვლადაც ბრალდების მხარე აპელირებდა იმ გარემოებებზე, რომ მსჯავრდებულმა დაზარალებულს არ აუნაზღაურა ზიანი, არ მოინანია ჩადენილი დანაშაულები და ცდილობს გამართლებას. პალატამ ამ საკითხთან მიმართებით აღნიშნა: დაუშვებელია, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად მიეთითოს ისეთ გარემოებაზე, რომლის შესრულებას ან დაკმაყოფილებას სისხლის სამართლის კანონი მას არ ავალდებულებს. დაზარალებულს უფლება აქვს, მსჯავრდებულისგან ზიანის ანაზღაურება გონივრულ ფარგლებში მოითხოვოს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით შესაბამის სასამართლოში სათანადო მტკიცებულებების წარდგენით (საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დელიქტური ვალდებულებები). მსჯავრდებულის მხრიდან ზიანის აუნაზღაურებლობა არ შეიძლება მოიაზრებოდეს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად.

 

შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მსჯავრდებულ რ------- გ--–-–---–-სთვის შეფარდებული სასჯელი მის მიერ ჩადენილი ქმედებების პროპორციულია, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს თავისი ქმედებები, გამოიტანოს სათანადო დასკვნები და მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია. პალატამ ასევე ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მსჯავრდებულ რ------- გ--–-–---–-ს მიერ ჩადენილი დანაშაულები ეხება ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს, მის შემდგომ არსებობას.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განაჩენი რ------- გ--–-–---–-ს მიმართ დარჩა უცვლელად.

 

6. კასატორის მოთხოვნა:

 

აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ რ------- გ--–-–---–-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა თ------ ლ------მ. კასატორი ითხოვს მსჯავრდებულის გამართლებას შერაცხულ ბრალდებებში.

 

7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

 

8. საკასაციო საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს ექნებოდა არსებითი მნიშვნელობა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

 

9. კასატორი ვერ უთითებს ისეთ სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო პალატის განმარტებას. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და არც საკასაციო პალატის მიერაა მოსალოდნელი ამ საქმეზე პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება, ვინაიდან მსჯავრდებულისათვის შერაცხული ქმედებები წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლითა და სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულებს და მსგავს საქმეებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა (მაგალითისთვის იხ. №424აპ.-16, 227აპ.-16), რომელსაც შეესაბამება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, ხოლო რაიმე ისეთი გარემოება, რაც შესაძლოა, საკასაციო პალატის პრაქტიკის შეცვლის საფუძველი გამხდარიყო, საქმიდან და საკასაციო საჩივრებიდან არ იკვეთება. ამდენად, უსაფუძვლოა კასატორის პოზიცია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონო და უსამართლოა, ვინაიდან სააპელაციო პალატამ დეტალურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და ნათლად დაასაბუთა ის მოტივები, რომელთა საფუძველზეც სააპელაციო სასამართლომ გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 18 იანვრის განაჩენი უცვლელად დატოვა.

 

10. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

 

11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. მსჯავრდებულ რ------- გ--–-–---–-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ------ ლ------ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

 

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

 

მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი

 

პ. ქათამაძე