განჩინება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100117001951598
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№480აპ-18 ქ. თბილისი
კ--–------- თ------, 480აპ-18 18 იანვარი, 2019 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, პაატა ქათამაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 11 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულ თ------ კ--–------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ----- კ----------–---–ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, თ------ კ--–-------ს, - დაბადებულს 1--- წელს, - ბრალად დაედო განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და საქართველოში უკანონოდ შემოტანა, რაც გამოიხატა შემდეგში:
თ------ კ--–-------მ ს-----------ის რ-------–--ის ქალაქ პ------ში ყოფნისას, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა და შეინახა გრამი განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 0,2513 ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინი“, რაც პ------ი-ს--------–ი-თ---–--ის რეისით თ---–--ის აეროპორტის გავლით, 2017 წლის 3 მაისს უკანონოდ შემოიტანა საქართველოში.
2017 წლის 3 მაისს საქართველოს შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თ---–--ის საერთაშორისო აეროპორტის მოფრენის დარბაზის მიმდებარედ არსებულ ოთახში თ------ კ--–------ის პირადი ჩხრეკისას ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 0,2513 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინის“ შემცველი, ქარხნული დამზადების ნიშნების მქონე, თეთრი, ოვალური ფორმის 32 აბი.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 22 იანვრის განაჩენით თ------ კ--–------- ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მეოთხე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 11 ივნისის განაჩენით პროკურორ ზაზა ქორიძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა: გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 22 იანვრის გამამართლებელი განაჩენი თ------ კ--–------ის მიმართ. თ------ კ--–------- ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 8 წლით; საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მეოთხე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 15 წლით; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და დანაშაულთა ერთობლიობით თ------ კ--–-------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 15 წლით. თ------ კ--–-------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2017 წლის 3 მაისიდან 2018 წლის 22 იანვრამდე და სასჯელის მოხდა აეთვალა 2018 წლის 11 ივნისიდან.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულის ადვოკატმა და ითხოვა თ------ კ--–------ის უდანაშაულოდ ცნობა შემდეგი მოტივებით: განაჩენი არ ეფუძნება ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას; მოწმე პოლიციელთა ჩვენებებს შორის არსებობს მრავალი შეუსაბამობა; პირადი ჩხრეკის ოქმი შედგენილია კანონის არსებითი დარღვევით; ექსპერტიზის დასკვნის შეფასების შედეგად აშკარაა, რომ ნივთმტკიცება შეცვლილია; მტკიცებულებები გამოკვლეულია ზერელედ; გაუგებარია, რის საფუძველზე ასკვნის სააპელაციო პალატა, რომ ნარკოტიკული საშუალება კ--–-------მ პ------ში შეიძინა და იგი პ------ი-ს--------–ი-თ---–--ის რეისით შემოვიდა საქართველოში.
5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
7. საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებითაც უტყუარად დასტურდება თ------ კ--–------ის მიერ ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა.
8. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას მოწმე პოლიციელების მიერ წინააღმდეგობრივი ინფორმაციების მიწოდების შესახებ და მიუთითებს: შემთხვევიდან ჩვენების მიცემამდე გასული დროისა (6 თვე) და ამ დროის განმავლობაში არაერთი მსგავსი საგამოძიებო მოქმედების ჩატარების გათვალისწინებით, ის გარემოება, რომ პოლიციელებს ერთნაირი სიზუსტით არ ახსოვთ ყველა არაარსებითი დეტალი, არ წარმოადგენს მათი ჩვენებების სანდოობის საეჭვოდ მიჩნევის საფუძველს.
9. საკასაციო პალატა არ იზიარებს ასევე დაცვის მხარის მითითებას, რომ საპროცესო მოქმედებები კანონის არსებითი დარღვევით ჩატარდა, რადგან ასეთი დარღვევები არ გამოვლენილა საქმის მასალების შესწავლის შედეგად. პირადი ჩხრეკის ოქმის სისწორე ხელის მოწერით დაადასტურა თავად ბრალდებულმა, ხოლო განჩინება, რომლითაც კანონიერად იქნა ცნობილი ჩატარებული საგამოძიებო მოქმედება, დაცვის მხარეს არ გაუსაჩივრებია.
10. პალატა ვერ გაიზიარებს ასევე კასატორის მოსაზრებას ნივთმტკიცების გამოცვლასთან დაკავშირებით, ვინაიდან ექსპერტიზის დასკვნითა და ექსპერტების ჩვენებებით უდავოდ დასტურდება, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი პაკეტის (რომელიც შეიფუთა და დაილუქა ბრალდებულის თანდასწრებითა და მონაწილეობით, რაც დადასტურებულია მისი ხელმოწერით, მათ შორის - ლუქზე) შეფუთვისა და დალუქვის მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა. ამასთან, დაცვის მხარის აღნიშნული ვერსია არალოგიკურია, რადგან თუ გავითვალისწინებთ ბრალდებულის ჩვენებას, რომ ,,მას ნარკოტიკული საშუალება მოუტანეს პოლიციელებმა“, ასეთ შემთხვევაში სრულიად გაუგებარია, პოლიციელებს რაში დასჭირდათ თავიანთივე მოტანილი ნარკოტიკული საშუალების გამოცვლა. აქვე მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ თ. კ--–-------ს სწორედ იმ ნარკოტიკული საშუალების მოხმარება დაუდგინდა, რომელიც მისი პირადი ჩხრეკისას ამოიღეს სამართალდამცავებმა.
11. რაც შეეხება იმ გარემოებას, თუ რის საფუძველზე დაასკვნა სააპელაციო პალატამ, რომ ნარკოტიკული საშუალება თ. კ--–-------მ პ------ი-ს--------–ი-თ---–--ის რეისით შემოიტანა, პალატა მიუთითებს, რომ საქმეში მოთავსებულია საზღვრის კვეთის ცნობა, რომლითაც უტყუარად დასტურდება, რომ 2017 წლის 3 მაისს თ------ კ--–------- ჩამოფრინდა ს--------–ის რეისით, ხოლო ნარკოტიკული საშუალება პ------იდან მოჰქონდა თუ ს--------–იდან, მოცემულ შემთხვევაში სამართლებრივად გავლენას არ ახდენს იმაზე, რომ მან ნარკოტიკული საშუალება უკანონოდ შეიძინა-შეინახა და შემოიტანა საქართველოში, რის გამოც ამ მოტივით საჩივრის დასაშვებად ცნობა პალატას მიზანშეწონილად არ მიაჩნია.
12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ თ------ კ--–------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ----- კ----------–---–ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: პ. სილაგაძე
პ. ქათამაძე