განჩინება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 340100118002371450
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შესახებ
საქმე №505აპ-18 თბილისი
მ-----–-–---–ი ს-----, 505აპ-18 29 იანვარი, 2019 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),გიორგი შავლიაშვილი, პაატა ქათამაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 23 ივლისის განაჩენზე მსჯავრდებულ ს----- მ-----–-–---–ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
1. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 7 მაისის განაჩენით ს----- მ-----–-–---–ი, - დაბადებული 1--- წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და „გ“ ქვეპუნქტებით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების საფუძველზე მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ს----- მ-----–-–---–ს დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 13 სექტემბრის განაჩენით მისთვის დადგენილი პირობითი მსჯავრი, ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით შეფარდებულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ ს----- მ-----–-–---–ს განაჩენთა ერთობლიობით განესაზღვრა 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2018 წლის პირველი მარტიდან.
2. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 7 მაისის განაჩენის მიხედვით, ს----- მ-----–-–---–ს მსჯავრი დაედო შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობაში, ჩადენილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1752-ე მუხლის პირველი ან მეორე ნაწილის შესაბამისად, ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგში: გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 თებერვლის დადგენილებით საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1752-ე მუხლის პირველი ნაწილით ადმინისტრაციულსახდელშეფარდებულმა ს----- მ-----–-–---–მა, რომელსაც შემაკავებელი ორდერით აკრძალული ჰქონდა ძმასთან - ზ------ მ-----–-–---–თან მიახლოება და მისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება, არ შეასრულა ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები, კერძოდ: 2018 წლის პირველ მარტს, დაახლოებით 19 საათზე, მთვრალი ს----- მ-----–-–---–ი მივიდა გ----------ს მუნიციპალიტეტის სოფელ კ---------–ი მდებარე ზ------ მ-----–-–---–ის საცხოვრებელ სახლში და მას მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.
განაჩენის მიხედვით, ს----- მ-----–-–---–ს მსჯავრი დაედო ასევე ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატურ შეურაცხყოფასა და დამცირებაში, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგში: წარსულში ძალადობისათვის ნასამართლევი ს----- მ-----–-–---–ი გ----------ს მუნიციპალიტეტის სოფელ კ---------–ი, სისტემატურად შეურაცხყოფდა, ამცირებდა და ფსიქიკურად ძალადობდა მშობლებზე - ს---------- და ც---–- მ-----–-–---–ებზე, ძმებზე - ზ------ და თ----- მ-----–-–---–ებსა და რძალზე - ხ----- ხ--–--–---–--ე, რაც მათ ტანჯვას იწვევდა.
3. აპელანტის მოთხოვნა:
გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 7 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ს----- მ-----–-–---–მა, რომელმაც მოითხოვა სასჯელის შემსუბუქება.
ბრალდების მხარემ სააპელაციო საჩივრის შესაგებლით მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.
4. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 23 ივლისის განაჩენით დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 7 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. კასატორის მოთხოვნა:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 23 ივლისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ს----- მ-----–-–---–მა, რომელიც ნაწილობრივ ცნობს თავს დამნაშავედ (სიტყვიერი შეურაცხყოფის ნაწილში) და ითხოვს სასჯელის შემსუბუქებას.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი, ვინაიდან წარმოდგენილი საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად არ არსებობს გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. ამასთან, მიღებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკისაგან.
8. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას და ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებას, რომ ს----- მ-----–-–---–ის მიმართ მსჯავრად შერაცხული დანაშაულებრივი ქმედებები დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეთა შეთანხმების საფუძველზე გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა.
9. საკასაციო სასამართლო სასჯელის სამართლიანობასთან მიმართებით აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის ზომა შეესაბამება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები და პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, ასევე - სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და მსჯავრდებულ ს----- მ-----–-–---–ს, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, განაჩენთა ერთობლიობით განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რომლის შემსუბუქების საფუძველი არ არსებობს.
10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
11. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ს----- მ-----–-–---–ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი
პ. ქათამაძე