განჩინება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 160100117001952649
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№502აპ-18 ქ. თბილისი
ხ------ ი----, 502აპ-18 5 თებერვალი, 2019 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, პაატა ქათამაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 19 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულ ი---- ხ------ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა-- ჟ------ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 4 დეკემბრის განაჩენით ი---- ხ------, – დაბადებული 1986 წლის 14 აპრილს, ნასამართლევი, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 1 დეკემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი სასჯელი – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით განსაზღვრულმა სასჯელმა მთლიანად შთანთქა წინა განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და ი---- ხ------ს განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2017 წლის 25 აპრილიდან.
2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 19 ივნისის განაჩენით დარჩა უცვლელად.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ი---- ხ------მ ჩაიდინა ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, არაერთგზის, რაც გამოიხატა შემდეგში:
· 2017 წლის 23 აპრილს, დაახლოებით 17:30 საათზე, ბოლნისის რაიონის სოფელ რატევანში მდებარე პ----- ა-------–---–ის კუთვნილ მარკეტში თაღლითობისათვის ნასამართლევმა ი---- ხ------მ, დანის დემონსტრირებით, მარკეტის მოლარეს – ნ----- ლ-------–---–ს მოსთხოვა ფული. ამ დროს მარკეტის წინ გაჩერდა ავტომობილი, საიდანაც გადმოვიდა რამდენიმე პირი, რომელთა დანახვაზეც ი---- ხ------მ დატოვა შემთხვევის ადგილი.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ. მსჯავრდებულ ი---- ხ------ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ა-- ჟ------ი საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ საქმის განხილვის დროს დაირღვა ადამიანის უფლებები; სააპელაციო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა საეჭვო მტკიცებულებებზე დაყრდნობით; ამოცნობა ჩატარდა კანონდარღვევით; სასამართლოს არ უნდა გაეზიარებინა მოწმეების – ნ----- ლ-------–---–ის, ე------ ტ-----–--ის, ა----- ვ-----------სა და თ----- ა--------ის ჩვენებები. აღნიშნულიდან გამომდინარე, ადვოკატი ითხოვს ი---- ხ------ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის გამართლებას.
5. ბოლნისის რაიონული პროკურორის მოადგილე სერგო ყურაშვილი შესაგებლით ითხოვს, არ დაკმაყოფილდეს ადვოკატ ა-- ჟ------ის საკასაციო საჩივარი და გასაჩივრებული განაჩენი ი---- ხ------ს მიმართ დარჩეს უცვლელად.
6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ ის არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემომითითებული საფუძველი.
8. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმეზე შეკრებილი უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ: მოწმეების – ნ----- ლ-------–---–ის, ა----- ვ-----------ს, თ----- ა--------ის სასამართლოში მიცემული ჩვენებებით, კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოქვეყნებული, ე------ ტ-----–--ის მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენებით, 2017 წლის 25 აპრილის ამოცნობის (რომელიც ჩატარებულია საპროცესო მოთხოვნათა დაცვით) ოქმებით დადასტურებულია, რომ ი---- ხ------მ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედება.
9. ამდენად, როდესაც არსებობს კანონის დაცვით ჩატარებული ამოცნობები და სათანადო წესით შედგენილი ამოცნობის ოქმები, ზემოჩამოთვლილი მოწმეების თანმიმდევრული ჩვენებები, რომელთა ობიექტურობის საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი პალატას არ გააჩნია, ასეთ შემთხვევაში თითისა და სუნის კვლებისა და დნმ-ის არარსებობა არ წარმოადგენს უპირობოდ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის საფუძველს (მაგალითისათვის იხ. სუს-ს გადაწყვეტილება №96აპ-17).
10. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატამ სრულად და ობიექტურად შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები და ისე მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება, რომლის შეცვლის საფუძველი არ არსებობს.
11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი გარემოება, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ი---- ხ------ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა-- ჟ------ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: პ. სილაგაძე
პ. ქათამაძე