განჩინება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100117002060277
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№524აპ-18 ქ. თბილისი
მ---------ე გ-------, 524აპ-18 8 თებერვალი, 2019 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, პაატა ქათამაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 3 ივლისის განაჩენზე მსჯავრდებულ გ------- მ---------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ-- გ---------ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 16 აპრილის განაჩენით გ------- მ---------ე, –-------------–-------–-–--------------- ნასამართლევი, –
ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რამაც შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 27 ივნისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – ჯარიმა 985.05 ლარი და განაჩენთა ერთობლიობით საბოლოოდ განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2017 წლის 19 ივლისიდან.
2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 3 ივლისის განაჩენით დარჩა უცვლელად.
3. განაჩენით დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ გ------- მ---------ემ ჩაიდინა პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით პოლიციელის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმა, რაც გამოიხატა შემდეგში:
· 2017 წლის 19 ივლისს, ღამის საათებში, საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის პატრულ-ინსპექტორები – კ--- გ-----–--- და გ--–- მ-------–---–ი სამსახურებრივი სატრანსპორტო საშუალებით – SKODA OQTAVIA-ს ფირმის ავტომანქანით (სახ. №D--------) მიდიოდნენ რადიოსადგურ „ცენტრის“ მიერ გადაცემულ შეტყობინებაში მითითებულ მისამართზე – თ---–--–ი, გ-–----ის „-- მიკრორაიონის 6--ე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე. მიახლოებისას უეცრად იქ მყოფი გ------- მ---------ე თავს დაესხა პოლიციის ავტომანქანას, დაახტა მას და ტანის, ხელებისა და იდაყვების გამოყენებით განზრახ დააზიანა ავტომანქანის საქარე მინა და ძრავის სახურავი. ზემოაღნიშნული ქმედებებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს მიადგა 865 ლარის ქონებრივი ზიანი.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ.
5. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით ადვოკატი გ-- გ---------ა ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 3 ივლისის განაჩენში ცვლილების შეტანასა და გ------- მ---------ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 188-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რადგან მას პოლიციის ავტომანქანის დაზიანების განზრახვა არ ჰქონია და ყველაფერი მოხდა გაუფრთხილებლობით.
6. თბილისის პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორი ანა ბ------–---–ი შესაგებლით ითხოვს ადვოკატ გ-- გ---------ას საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობას და გ------- მ---------ის მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 3 ივლისის განაჩენის უცვლელად დატოვებას.
7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დასაბუთებულია, თუ რატომ არ გაიზიარა მსჯავრდებულ გ------- მ---------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ-- გ---------ას სააპელაციო საჩივრის მოტივები. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად და ობიექტურად შეაფასა საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებანი, რის საფუძველზეც დაადგინა, რომ გ------- მ---------ემ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედება.
9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ გ------- მ---------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ-- გ---------ას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: პ. სილაგაძე
პ. ქათამაძე