განჩინება

სისხლის სამართლის 08.02.2019
საქმის ნომერი
330100117002160809
თარიღი
08.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100117002160809

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№547აპ-18 ქ. თბილისი

ა---–--ა რ--------, 547აპ-18 8 თებერვალი, 2019 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გ------- შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 4 ივლისის განაჩენზე მსჯავრდებულ რ-------- ა---–--ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 16 აპრილის განაჩენით რ-------- ა---–--ა, –-------------–-------–-–--------------- ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის მე-19,137-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 7 წლით, ხოლო 109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით – 18 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, რ. ა---–--ას საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 18 წლით, რომლის მოხდა დაეწყო 2017 წლის 18 ივლისიდან.

 

2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 4 ივლისის განაჩენით დარჩა უცვლელად.

 

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ რ-------- ა---–--ამ ჩაიდინა გაუპატიურების მცდელობა, ე.ი. პირის სხეულში ნებისმიერი ფორმით სექსუალური ხასიათის შეღწევის მცდელობა სხეულის ნებისმიერი ნაწილის გამოყენებით, ჩადენილი ძალადობითა და ძალადობის მუქარით; ასევე – განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში, სხვა დანაშაულის დაფარვის ან მისი ჩადენის გაადვილების მიზნით, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

· 2017 წლის 16 ივლისს, დაახლოებით 17:00 საათზე, თ---–--–ი, დ-------- უ-----ის №1------ში არსებულ ბინაში, ამავე მისამართზე დროებით მცხოვრები რ-------- ა---–--ა ფიზიკური ძალის გამოყენებით შეეცადა თავის მამიდაშვილ ანა ხ--–--ესთან სქესობრივი კავშირის დამყარებას, რაც ვერ შეძლო ა. ხ--–--ის მხრიდან გაწეული წინააღმდეგობის გამო. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების – გაუპატიურების მცდელობის – დაფარვის მიზნით, რ-------- ა---–--ამ განსაკუთრებული სისასტიკით, დანის მრავალჯერადი დარტყმით ანა ხ--–--ეს სხეულის სხვადასხვა მიდამოში მიაყენა მრავლობითი ჭრილობები. კისრის არეში მიყენებული მრავლობითი დაზიანებების, საძილე არტერიისა და ვენის სრული გადაკვეთის შედეგად გამოწვეული მწვავე სისხლნაკლებობის გამო ანა ხ--–--ე ადგილზე გარდაიცვალა.

 

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა.

 

5. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მსჯავრდებული რ-------- ა---–--ა ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 4 ივლისის განაჩენის შეცვლას, საქართველოს სსკ-ის მე-19,137-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, სსკ-ის 109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში გამართლებას და მისი ქმედების საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით დაკვალიფიცირებას იმავე მოტივებით, რაც სააპელაციო საჩივარში ჰქონდა მითითებული, კერძოდ: ანა ხ--–--ის მკვლელობას იგი აღიარებს, ამასთან, აღნიშნავს, რომ თავისი მამიდაშვილის გაუპატიურება არ უცდია და მრავლობითი დაზიანებები მისთვის იმიტომ არ მიუყენებია, რომ აწ გარდაცვლილს ძლიერი ტანჯვა განეცადა; პირიქით, მსხვერპლმა პირველივე დარტყმისას დაკარგა გონება და მისი მკვლელობა ძალიან მცირე დროში მოხდა. შესაბამისად, იგი უნდა დაისაჯოს მხოლოდ ანა ხ--–--ის განზრახ მკვლელობისათვის.

 

6. თბილისის პროკურატურის პროკურორი გრიგოლ ბიბილაშვილი შესაგებლით ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვებას.

7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

 

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

 

8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

 

9. უსაფუძვლოა კასატორის მითითება, რომ მას ანა ხ--–--ის გაუპატიურება არ უცდია, ვინაიდან საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ: 2017 წლის 17 ივლისის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, 2017 წლის 26 ოქტომბრის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- და 2017 წლის 25 ოქტომბრის ბიოლოგიური ექსპერტიზის №0-------- დასკვნებით, მოწმეების – ნ-----–---- ი-–-------–ის, გ------- მ-------ისა და ია ე---------ის ჩვენებებით უტყუარად არის დადასტურებული რ-------- ა---–--ას მიერ ანა ხ--–--ის გაუპატიურების მცდელობის ჩადენის ფაქტი.

 

10. საკასაციო პალატის აზრით, ასევე უსაფუძვლოა კასატორის მოთხოვნა საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გამართლებისა და მისი ქმედების სსკ-ის 108-ე მუხლით დაკვალიფიცირების ნაწილშიც, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

10.1. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის 2017 წლის 26 ოქტომბრის №0-------- დასკვნის თანახმად, ანა ხ--–--ის სიკვდილის უშუალო მიზეზია ზოგადი მწვავე სისხლნაკლებობა, განვითარებული კისრის მიდამოს მრავლობითი ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობების შედეგად ორივე საერთო საძილე არტერიის, შიგნითა და გარეთა საუღლე ვენის სრული გადაკვეთის გამო გამოწვეული სისხლდენით. ანა ხ--–--ისათვის თავის, კისრის, გულმკერდის, ორივე ზედა და ქვედა კიდურის მიდამოებში მრავლობითი (35) ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა სიცოცხლისდროინდელია; ყველა დაზიანება, ცალ-ცალკე და ერთობლიობაში აღებული, განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის მოქმედებით, განეკუთვნება სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანებათა მძიმე ხარისხს, რასაც შედეგად მოჰყვა სიკვდილი; დაზიანებები მიყენებულია სიკვდილამდე უახლოეს პერიოდში. ანა ხ--–--ეს ასევე აღენიშნებოდა ნახეთქი ჭრილობა ზედა ტუჩის ლორწოვანზე, მრავლობითი სისხლნაჟღენთები და ნაჭდევები სხეულის სხვადასხვა მიდამოში, მათ შორის – საშოსა და უკანა ტანის შესავალთან, რომლებიც განვითარებულია რაიმე მკვრივ-ბლაგვი საგნის (შესაძლებელია – მამაკაცის ერეგირებული სასქესო ასოს) მოქმედების შედეგად.

 

10.2. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის 2017 წლის 7 აგვისტოს №0-------- დასკვნის შესაბამისად, რ-------- ა---–--ას აღენიშნებოდა ჭრილობები, მცირე ზომის ნაჭდევები და სისხლნაჟღენთები მარცხენა მტევნის წინა ზედაპირზე, მარცხენა ლოყისა და ყვირიმალის მიდამოებში, მარჯვენა მტევნის მეორე თითის შუა ფალანგის უკანა ზედაპირსა და მარცხენა მტევნის მეორე თითის შიგნითა ზედაპირზე. ეს დაზიანებები განვითარებულია როგორც მჭრელი თვისების საგნის, ისე – რაიმე მკვრივ-ბლაგვი საგნის მოქმედებით.

 

10.3. დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის 2017 წლის 7 სექტემბრის №0-------- დასკვნის თანახმად, დანის ქარქაშის ზედაპირიდან ამოღებული თითის კვალი რ-------- ა---–--ას სახელზე შევსებულ დაქტილობარათზე გამოსახული მარცხენა ხელის შუათითის ანაბეჭდის იდენტურია.

 

10.4. სტაციონარული სასამართლო ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის №0-------- დასკვნის მიხედვით, რ-------- ა---–--ას აღენიშნება დისოციალური (ანტისოციალური) პერსონოლოგიური აშლილობა (კოდი – F60.2). მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს რ. ა---–--ას აღენიშნებოდა დისოციალური (ანტისოციალური) პერსონოლოგიური აშლილობა, ზომიერად გამოხატული ცვლილებების ფსიქიკის მხრივ; მას შეეძლო, გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შერაცხადობა). თავისი ფსიქიკური მდგომარეობით რ-------- ა---–--ას შეუძლია, ანგარიში გაუწიოს თავს და უხელმძღვანელოს მას, მისცეს ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებებში. რ-------- ა---–--ა იმგვარი ფსიქიკური აშლილობით, რომელიც ხელს უშლის სასჯელის მოხდას, დაავადებული არ არის. იგი იძულებით ან არანებაყოფლობით სტაციონარულ ფსიქიატრიულ დახმარებას არ საჭიროებს. მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს რ-------- ა---–--ა არ იმყოფებოდა ფიზიოლოგიურ ან სხვა არაპათოლოგიურ მდგომარეობაში, რომელსაც შეეძლო, არსებითი გავლენა მოეხდინა ბრალდებულის ცნობიერებასა და ქცევაზე.

 

11. გარდა ზემოაღნიშნულისა, რ-------- ა---–--ას ბრალეულობა საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში დადასტურებულია ასევე ბიოლოგიური ექსპერტიზის 2017 წლის 25 ოქტომბრის №0-------- დასკვნით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ადგილმდებარეობის დათვალიერების ოქმით, მოწმეების – გ------- მ-------ის, ქ------- შ----------ის, მ------ მ-----–---–ის, ია ე---------ის ჩვენებებითა და სხვა მტკიცებულებებით.

 

12. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარადაა დადასტურებული რ-------- ა---–--ას მიერ საქართველოს სსკ-ის მე-19,137-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენა. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის მნიშვნელოვანი სამართლებრივი და საპროცესო დარღვევებით განხილვის ფაქტი წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან არ გამომდინარეობს და, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული სხვა გარემოებებიც, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

 

13. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. მსჯავრდებულ რ-------- ა---–--ას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

 

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

 

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

 

პ. ქათამაძე