განჩინება

სისხლის სამართლის 21.02.2019
საქმის ნომერი
010100218700050680
თარიღი
21.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100218700050680

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №488აპ-18 ქ. თბილისი

ი------–---–ი ა-–----------, 488აპ-18 11 მარტი, 2019 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),გიორგი შავლიაშვილი, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 21 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულ ა-–---------- ი------–---–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ----- მ------–---–-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 21 ივნისის განაჩენით ა-–---------- ი------–---–ი, - დაბადებული 1--- წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით - 17 წლით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით მას მიესაჯა 17 წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა გორის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 10 ივნისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 8000 ლარი და საბოლოოდ ა-–---------- ი------–---–ს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის ზომად განესაზღვრა 17 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2016 წლის 4 ოქტომბრიდან.

განაჩენით მსჯავრდებულ ა-–---------- ი------–---–ის მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში: ა-–---------- ი------–---–მა მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და ინახავდა ცეცხლსასროლ იარაღს - ,,მაკაროვის’’ სისტემის პისტოლეტს და მისთვის განკუთვნილ საბრძოლო მასალას - ვაზნებს. 2016 წლის 2 ოქტომბერს აღნიშნულ ცეცხლსასროლ იარაღსა და საბრძოლო მასალას იგი მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა ქ. გ----–ი. იმავე დღეს, დაახლოებით 17:00 საათზე, ა-–---------- ი------–---–ი მივიდა ქ. გ----–ი, კ-–------–-ს ქუჩაზე, სადაც იქ მცხოვრებ მოსახლეობას ხვდებოდა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ი-----–- ო------–---–ი, რომელსაც თან ახლდნენ კ---- კ--–--ე და ბ----- თ----–---–ი. ა-–---------- ი------–---–მა ი-----–- ო------–---–ისა და იქ მყოფი საზოგადოების ზოგიერთი წევრის მიმართ გამოხატა უპატივცემულობა, რასაც მოჰყვა, ერთი მხრივ, ა-–---------- ი------–---–სა და, მეორე მხრივ, ი-----–- ო------–---–ს, კ---- კ--–--ესა და ბ----- თ----–---–ს შორის ურთიერთშელაპარაკება. ა-–---------- ი------–---–მა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე განიზრახა ი-----–- ო------–---–ის, კ---- კ--–--ისა და ბ----- თ----–---–ის მოკვლა და ამ მიზნით მან რამდენჯერმე ესროლა კ---- კ--–--ესა და ბ----- თ----–---–ს, ხოლო შემდეგ ორჯერ ესროლა ი-----–- ო------–---–ს. სროლებით ა-–---------- ი------–---–მა იმ დროს ზემოხსენებული პირების გვერდით მყოფ მოქალაქეებს განზრახ შეუქმნა ჯანმრთელობის დაზიანებისა და სიცოცხლის მოსპობის საფრთხე. მიუხედავად მცდელობისა, ა-–---------- ი------–---–მა ვერ შეძლო თავისი განზრახვის სისრულეში მოყვანა და მიიმალა შემთხვევის ადგილიდან. ა-–---------- ი------–---–ის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლის შედეგად კ---- კ--–--ემ მიიღო ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება, ხოლო ბ----- თ----–---–მა - ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება.

 

2. აპელანტის მოთხოვნა:

აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვდა განაჩენის გაუქმებასა და ა-–---------- ი------–---–ის გამართლებას.

 

3. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 21 ივნისის განაჩენით გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 21 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

 

4. გასაჩივრებული განაჩენის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა დაცვის მხარის მოსაზრება, რომ ა-–---------- ი------–---–ს დაზარალებულთა მოკვლის განზრახვა არ ჰქონია და რომ კონკრეტულ შემთხვევაში იგი იყო აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, ანუ მისი მოქმედება (იარაღის სროლა) გამოწვეული იყო თავდაცვის სურვილით და მან აუცილებელი მოგერიებით სცადა სამართლით დაცული სიკეთის - საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გადარჩენა, რომელსაც დაზარალებულები თავიანთი აქტიური ქმედებით ხელყოფდნენ. პალატამ აღნიშნა, რომ საქმეზე ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი, 1-ლი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებებით, დაზარალებულებისა და მოწმეების - ი-----–- ო------–---–ის, კ---- კ--–--ის, ბ----- თ----–---–ის, მ-----– ჩ--------ს, ლ---- ლ------ს, რ----- შ--------ს, გ------- დ----------ა და ნ------- ა----–---ს ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებებით, ამოღების ოქმებით, ავტომანქანის დათვალიერების ოქმებით, ფოტოსურათით ამოცნობის ოქმებით, პირის ამოცნობის ოქმებით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის #1----------, #1---------- და #1---------- დასკვნებით, ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის №0-------- და #0-------- დასკვნებით, ბალისტიკური ექსპერტიზის #0-------- დასკვნით, ბიოლოგიურ (გენეტიკური) ექსპერტიზის #0-------- დასკვნით, ბალისტიკური ექსპერტიზის #4--- დასკვნითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უტყუარად დასტურდება ა-–---------- ი------–---–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტითა და სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.

 

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა ა-–---------- ი------–---–ისა და ე--------- ნ--–------ს ჩვენებები და მიიჩნია, რომ აღნიშნული ჩვენებების გარდა, დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია სხვა მტკიცებულება, რომელიც ზემოაღნიშნულ ჩვენებებთან ერთობლივად დაადასტურებდა საქმის იმ ფაქტობრივ გარემოებებს, მოვლენათა ისეთ განვითარებას, როგორც ეს მსჯავრდებულმა თავის ჩვენებაში გადმოსცა. აღნიშნულის საპირისპიროდ, ბრალდების მხარემ წარმოადგინა მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ამტკიცებს ა. ი------–---–ის მიერ ბრალად შერაცხული კვალიფიკაციით დანაშაულების ჩადენას.

 

სააპელაციო პალატამ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით მიიჩნია, რომ ა-–---------- ი------–---–ს განზრახული ჰქონდა ი-----–- ო------–---–ის, კ---- კ--–--ისა და ბ----- თ----–---–ის მკვლელობა და კონფლიქტის დროს მისი ქმედება უშუალოდ მიმართული იყო ხსენებული დანაშაულის ჩასადენად. ა-–---------- ი------–---–ის მიერ ჩადენილი ქმედებების ხასიათი (მის მიერ იარაღის არაერთხელ დამიზნებით გასროლა) და დაზარალებულებისთვის მიყენებული სხეულის დაზიანებები ადასტურებს იმას, რომ მისი ქმედებიდან გამომდინარე, ინტელექტუალური თვალსაზრისით შესაძლო შედეგს (დაზარალებულების სიკვდილს) იგი უცილობლად ითვალისწინებდა, ამასთან, სურდა ამ შედეგის დადგომა. სააპელაციო პალატამ ამ თვალსაზრისით მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულის ქმედებაში გამოკვეთილია რამდენიმე პირის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობა, ესე იგი ორი ან მეტი პირის (კონკრეტულ შემთხვევაში - სამი პირის) განზრახ მკვლელობის მცდელობა ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, რა დროსაც მსჯავრდებულს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მისი მოქმედების შესაძლო შედეგს - დაზარალებულების სიკვდილს და სურდა ეს შედეგი. გარდა აღნიშნულისა, სააპელაციო პალატამ უდავოდ დადასტურებულად მიიჩნია, რომ ა. ი------–---–ის ქმედებებს (მის მიერ იარაღის არაერთხელ გასროლას) მიზეზობრივი კავშირი აქვს დამდგარ შედეგთან (კ---- კ--–--ის ჯანმრთელობის მძიმე ხარისხისა და ბ----- თ----–---–ის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანებასთან). ამასთანავე, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა ადვოკატის აპელირება იმასთან დაკავშირებით, რომ მკვლელობის განზრახვის არსებობის შემთხევაში დაზარალებულებს დაზიანება მიყენებული ექნებოდათ გულმკერდის არეში ან სხვა სიცოცხლისათვის სახიფათო ადგილას. პალატამ განმარტა: იმისათვის, რომ პირის ქმედება საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით დაკვალიფიცირდეს, სავალდებულო არ არის დაზარალებულებს დაზიანება მიყენებული ჰქონდეს სიცოცხლისათვის სახიფათო ადგილას. მოცემული ქმედების სავალდებულო ნიშანს წარმოადგენს ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა, რომელიც ჩადენილი უნდა იყოს ერთდროულად და დამნაშავე პირი უნდა მოქმედებდეს ერთიანი განზრახვით. რაც შეეხება მკვლელობას (კონკრეტულ შემთხვევაში - მცდელობას), რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას, - ასეთ დროს უნდა დადგინდეს მკვლელობის (კონკრეტულ შემთხევაში - მცდელობის) ჩადენის საყოველთაო საშიშროება. პალატა მიიჩნევს, რომ ადამიანთა თავშეყრის ადგილას ცეცხლსასროლი იარაღიდან არაერთხელ გასროლა ცალსახად წარმოადგენს სხვა, იქ მყოფი ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შექმნას. მოცემული კვალიფიკაციით სავალდებულო არ არის სხვა პირსაც ჰქონდეს მიყენებული ფიზიკური ზიანი, ვინაიდან მკვლელობის (კონკრეტულ შემთხვევაში - მცდელობის) მაკვალიფიცირებელ ნიშანს წარმოადგენს მისი შესრულების ხერხი და საშუალება.

 

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა დაცვის მხარის მოსაზრება, რომ შემთხვევის მომენტში ა. ი------–---–ი მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი გარემოების - აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში იმყოფებოდა და მოქმედებდა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში, კერძოდ, იცავდა თავს თავდასხმისგან. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ქმედების სწორი სამართლებრივი შეფასებისათვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმ კრიტერიუმის დადგენას, რომლის არსებობაც იწვევს აუცილებელი მოგერიების ფაქტს. ობიექტურად უნდა არსებობდეს აუცილებელი მოგერიების მდგომარეობა, რომელიც მოიცავს სამ ნიშანს: უკიდურეს მდგომარეობას, უკიდურესობით გამოწვეულ მოქმედებას და თავდაცვის სურვილს. თავის მხრივ, უკიდურესი მდგომარეობის არსებობის დასადგენად საჭიროა შემდეგი სამი კრიტერიუმის არსებობა: სამართლებრივი სიკეთის ხელყოფა, ხელყოფის იმწუთიერობა და ხელყოფის მართლწინააღმდეგობა, რაც, შესაბამისად, გულისხმობს ხელყოფის რეალურ (ობიექტურ) ხასიათს. სააპელაციო პალატამ საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასების შედეგად დაასკვნა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში აღნიშნული კრიტერიუმები გამოვლენილი არ ყოფილა. მოწმეთა ჩვენებების ერთობლივი ანალიზით დგინდება, რომ ა-–---------- ი------–---–ი ი-----–- ო------–---–ის მიმართ იყო აგრესიული და გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით გამოთქვამდა უკმაყოფილებას მის მიმართ. საგულისხმოა ის გარემოება, რომ ა. ი------–---–ს თავდაპირველად სთხოვეს, დაეტოვებინა ხალხის შეკრების ადგილი და დაეცვა სიმშვიდე, მაგრამ იგი კვლავ გამომწვევად იქცეოდა, რის გამოც იქ მყოფი მოსახლეობისგან შენიშვნაც კი მიიღო. ა. ი------–---–ი ი-----–- ო------–---–მა ხელითაც გასწია და ხალხთან საუბარი გააგრძელა, თუმცა ა. ი------–---–ი არ დამშვიდდა, რის გამოც ი. ო------–---–ის დაცვის თანამშრომლებმა და აქტივისტებმა ა. ი------–---–ი შეკრების ადგილიდან გაიყვანეს, მანქანასთან მიიყვანეს და სთხოვეს იმ ადგილიდან წასულიყო, მაგრამ ა. ი------–---–ი კვლავ არ მშვიდდებოდა. აღნიშნული გადაიზარდა შეხლა-შემოხლაში. ამ დროს განაწყენებულმა ა. ი------–---–მა განიზრახა ი. ო------–---–ის, კ. კ--–--ისა და ბ. თ----–---–ის მოკვლა და ამ მიზნით მან პირდაპირი განზრახვით, ხელთ არსებული იარაღიდან ჯერ რამდენჯერმე ესროლა კ. კ--–--ეს და ბ. თ----–---–ს, ხოლო შემდეგ ორჯერ ესროლა ი. ო------–---–ს.

 

სააპელაციო პალატამ ყურადღება მიაპყრო აუცილებელი მოგერიების მეორე ნიშანს - უკიდურესობით გამოწვეულ მოქმედებას, რომელიც გულისხმობს, რომ იგი უნდა იყოს აუცილებელი თავდაცვითი ქმედება და წარმოადგენდეს ადეკვატურ თავდაცვით საშუალებას და დაასკვნა, რომ მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულის ქმედება არ იყო უკიდურესობით გამოწვეული და არ განხორციელებულა თავდაცვის სურვილით. უფრო მეტიც, საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დადგინდა ი. ო------–---–ის, კ. კ--–--ისა და ბ. თ----–---–ის მხრიდან ა. ი------–---–ის მიმართ მართლსაწინააღმდეგო ხელყოფის ფაქტი, რომლის შემთხვევაშიც ამ უკანასკნელს მოუწევდა ხელმყოფთა დაზიანება თავისი სამართლებრივი სიკეთის დასაცავად. პირიქით, პალატამ გაითვალისწინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა. ი------–---–ი შემთხვევის დღეს იყო შეიარაღებული, მოქმედებდა მართლსაწინააღმდეგოდ, მისი მოქმედება ეწინააღმდეგებოდა სამართლისა და კულტურის ნორმებით დადგენილ მართლწესრიგს და მიიჩნია, რომ მსჯავრდებული ა. ი------–---–ი, შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში არ იმყოფებოდა. აღნიშნულს ადასტურებს სასამართლო-სამედიცინო №1---------- დასკვნაც, რომლის თანახმად, ა. ი------–---–ს ექსპერტის მიერ პირადად გასინჯვით მუცელზე, გულმკერდზე, წელზე, ბეჭებზე, სასქესო ასოს ზედა ზედაპირსა და დუნდულოების ზედა ნახევარში რაიმე ფიზიკური დაზიანების ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდა. შარვლის, ქვედა საცვლისა და მაისურის სრულად გახდაზე მან უარი განაცხადა. როგორც სამედიცინო საბუთებიდან ირკვევა, მარჯვენა მუხლის უკანა ზედაპირზე აღენიშნება ნაჭდევი ფუფხით. ნაჭდევი მიყენებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ნაჭდევის ხანდაზმულობაზე მსჯელობა ვერ მოხერხდა, რადგან არ არის მითითებული სამედიცინო ჩანაწერებში ექსპერტიზისათვის მნიშვნელოვან საკითხებზე. არ იყო სრული მორფოლოგიური სურათი.

 

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა დაცვის მხარის მოსაზრება, რომ ა. ი------–---–ს იარაღი არ ჰქონია და მან იარაღი შემთხევის ადგილზე იპოვა. პალატა სრულად დაეთანხმა 1-ლი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის არგუმენტირებულ მსჯელობას და აღნიშნა, რომ ბალისტიკური ექსპერტიზის №4--- დასკვნით დასტურდება, რომ სისხლის სამართლის №------------ საქმეზე ექსპერტიზაზე წარდგენილი სამი 9 მმ კალიბრიანი ტყვია (2 დეფორმირებული) და სისხლის სამართლის №------------ საქმეზე (რომელზეც გორის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 10 ივნისის განაჩენით ალ. ი------–---–ს დაედო მსჯავრი ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებისათვის) წარმოდგენილი, ტყვია-მასროთეკაში მოთავსებული ერთი 9 მმ კალიბრიანი ტყვია გასროლილია ერთი და იმავე იარაღიდან. აღნიშნული კი ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ა. ი------–---–ი შეიარაღებული მივიდა იმ ადგილას, სადაც ი. ო------–---–ი ატარებდა მოსახლეობასთან შეხვედრას და მასთან მომხდარი შელაპარაკებით განაწყენებულმა განიზრახა ი. ო------–---–ისა და მისი თანმხლები პირების - კ. კ--–--ისა და ბ. თ----–---–ის მოკვლა.

 

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ 1-ლი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულ ა. ი------–---–ისათვის დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელი მის მიერ ჩადენილი ქმედებების პროპორციულია, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედებები, გამოიტანოს სათანადო დასკვნები და მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია. მსჯავრდებულ ა. ი------–---–ის მიერ ჩადენილი დანაშაული ეხება ადამიან (ებ)ის სიცოცხლეს, მის შემდგომ არსებობას. ზოგადად, სიცოცხლის უფლება საქართველოს კონსტიტუციითა და მრავალი საერთაშორისო აქტით გარანტირებული უფლებაა და მისი შელახვის ყოველი მცდელობა მკაცრად უნდა იქნეს პასუხგაცემული როგორც სახელმწიფოს, ასევე - საზოგადოების მხრიდან.

 

5. კასატორის მოთხოვნა:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 21 ივნისის განაჩენი გაასაჩივრა მსჯავრდებულ ა-–---------- ი------–---–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ზ----- მ------–---–-ა, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და ა. ი------–---–ის გამართლებას.

 

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

 

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

 

8. პალატა აღნიშნავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას; აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ, (Hirvisaari v. Finland), განაცხადი N49684/99; §30; ECHR; 25.12.2001). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ - ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება, არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ., გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ (No. 2), (Gorou v. Greece (No. 2)), განაცხადი N 12686/03; §37, §41; ECHR; 20.03.2009).

 

9. ამდენად, საკასაციო პალატის მოსაზრებით, არ არის მიზანშეწონილი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა დაცვის მხარის იმ არგუმენტების ხელახლა შესაფასებლად, რომლებზეც სააპელაციო პალატამ უკვე იმსჯელა და რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება.

 

10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი გარემოება, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

 

11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. მსჯავრდებულ ა-–---------- ი------–---–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ----- მ------–---–-ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

 

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

 

მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი

 

პ. ქათამაძე