განჩინება

სისხლის სამართლის 21.02.2019
საქმის ნომერი
010141318700066396
თარიღი
21.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010141318700066396

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №506აპ-18 ქ. თბილისი

ბ-–---–---–ი დ-----, 506აპ-18 27 თებერვალი, 2019 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),გიორგი შავლიაშვილი, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 20 ივლისის განაჩენზე მსჯავრდებულ დ----- ბ-–---–---–ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

რ--------ს საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 26 ოქტომბრის განაჩენით დ----- ბ-–---–---–ი, - დაბადებული 1--- წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 2000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

დ----- ბ-–---–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა და განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში გირაოს სახით შეტანილი თანხა უნდა დაუბრუნდეს მის შემტანს.

 

განაჩენით მსჯავრდებულ დ----- ბ-–---–---–ის მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში: ქ.რ-------–ი, მ-----------ს გამზირის N------ში მცხოვრები ჯ------ ბ-–---–---–ი, რომელიც 1992 წლის 18 დეკემბრიდან ფლობდა მითითებულ მისამართზე მდებარე 42 000 ლარად ღირებულ საცხოვრებელი ბინას, გარდაიცვალა 2002 წლის 26 იანვარს. მას დარჩა მემკვიდრეები: შვილები - ვ-------, გ--–- და დ----- ბ-–---–---–ები, მეორე ჯგუფის ინვალიდი - ლ--–- ბ-–---–---–ი და მეუღლე - ე----- ბ-–---–---–ი, რომელთანაც რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა 1959 წლის 14 თებერვლიდან. არცერთ მათგანს სამკვიდროს გახსნიდან კანონით დადგენილ 6-თვიან ვადაში სამკვიდრო ქონების მიღების მოთხოვნით არ მიუმართავს ნოტარიუსისთვის, ხოლო სამკვიდრო ქონებას ფაქტობრივად ფლობდნენ ე----- ბ-–---–---–ი და ლ--–- ბ-–---–---–ი. 2009 წლის 19 ოქტომბერს აწ გარდაცვლილი ჯ------ ბ-–---–---–ის კანონიერმა მემკვიდრეებმა: მეუღლემ ე----- ბ-–---–---–მა და შვილმა დ----- ბ-–---–---–მა მიმართეს ქ. რ-------–ი, მ-----------ს გამზირის N------ში მდებარე ნოტარიუსს, მ---- რ-----–---–-ს სანოტარო ბიუროს და მოითხოვეს ჯ------ ბ-–---–---–ის დანაშთი ქონების მემკვიდრეობით მიღება - სამკვიდრო მოწმობის გაცემა. მიუხედავად იმისა, რომ მათ ნოტარიუსმა განუმარტა, თუ ვინ შეიძლება ყოფილიყვნენ პირველი რიგის მემკვიდრეები, ნოტარიუსს მაინც დაუმალეს, რომ მათ გარდა პირველი რიგის მემკვიდრეები მამკვიდრებელს არ ჰყავდა, რის შესახებაც ნოტარიუსს 2009 წლის 19 ოქტომბერს მიმართეს ერთობლივი წერილობითი განცხადებით, რომ პირველი რიგის მემკვიდრეები მხოლოდ თვითონ იყვნენ. განცხადებაში მითითებული სხვა, პირველი რიგის მემკვიდრეების შესახებ განზრახ არასწორი ინფორმაციის მიწოდებით, კერძოდ, სხვა პირველი რიგის მემკვიდრის - ლ--–- ბ-–---–---–ის დამალვით და ნოტარიუსის ამგვარი მოტყუებით, გაიცა სამკვიდრო მოწმობა №--------- მხოლოდ ე----- და დ----- ბ-–---–---–ებზე, რის საფუძველზეც მან, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მიიღო ჯ------ ბ-–---–---–ის სხვა, პირველი რიგის მემკვიდრის - ლ--–- ბ-–---–---–ის კუთვნილ სამკვიდრო ქონებაზე - 10500 ლარად ღირებულ წილზე ქონებრივი უფლება, ხოლო 2015 წლის 3 თებერვალს, ე----- ბ-–---–---–ის გარდაცვალების შემდეგ ზემოაღნიშნული ქონება დაირეგისტრირა მხოლოდ თავის სახელზე, რითაც ლ--–- ბ-–---–---–ს მიაყენა 10500 ლარის დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.

 

2. აპელანტის მოთხოვნა:

აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ, რომელიც ითხოვდა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას.

 

3. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 20 ივლისის განაჩენით რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 26 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

 

4. გასაჩივრებული განაჩენის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა დაცვის მხარის პოზიცია და მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში გამოკვეთილი იყო არა სამოქალაქოვალდებულებითი ურთიერთობა, არამედ - მოტყუების საფუძველზე სხვისი ნივთის დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.

 

სააპელაციო პალატა დაეთანხმა 1-ლი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას მოწმე მ---- რ-----–---–-ს ჩვენების იმ ნაწილში, სადაც მან განმარტა, რომ ინსტრუქციის მიხედვით, მემკვიდრეები არ იყვნენ ვალდებულნი, მიეწოდებინათ ნოტარიუსისთვის ინფორმაცია სხვა მემკვიდრეების არსებობის თაობაზე. თუ სამკვიდრო მოწმობის გაცემის შემდეგ გამოვლინდებიან სხვა მემკვიდრეები და სამკვიდრო მოწმობაში მითითებული მემკვიდრეები უარს განაცხადებენ სამკვიდრო მოწმობაში ცვლილების შეტანაზე, სამკვიდრო მოწმობაში ცვლილებას ნოტარიუსი ვერ შეიტანს და იღებს გადაწყვეტილებას, რომ მიმართონ სასამართლოს. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი. ამავე კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას. ამავე კოდექსის 1478-ე მუხლის თანახმად, თუ მემკვიდრეთა შორის არიან პირები, რომელთა ადგილსამყოფელიც ცნობილი არ არის, დანარჩენი მემკვიდრეები მოვალენი არიან, მიიღონ გონივრული ზომები მათი ადგილსამყოფლის დასადგენად და სამკვიდროს მისაღებად მემკვიდრეთა მოსაწვევად. შესაბამისად, ნოტარიუსის ამგვარი განმარტებები სცილდება როგორც საქართველოს კონსტიტუციის, ასევე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მოთხოვნებს და მოწმის განმარტება, რომ დ----- და ე----- ბ-–---–---–ებს არ ჰქონდათ ვალდებულება, განეცხადებინათ სხვა მემკვიდრეებისა და მით უმეტეს - ლ--–- ბ-–---–---–ის შესახებ, რომელიც მოკლებული იყო შესაძლებლობას, დამოუკიდებლად დაეცვა თავისი უფლებები, მოკლებულია ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს.

 

დადგენილია ის გარემოება, რომ ჯ------ ბ-–---–---–სა და ე----- ბ-–---–---–ს ჰყავდათ ოთხი შვილი: გ--–- ბ-–---–---–ი, დ----- ბ-–---–---–ი, ვ------- ბ-–---–---–ი და ლ--–- ბ-–---–---–ი. ქ.რ-------–ი, მ-----------ს გამზირზე მდებარე 4--- კორპუსის 47-ე ბინაში მამკვიდრებლის - ჯ------ ბ-–---–---–ის გარდაცვალების დროისთვის ცხოვრობდნენ მხოლოდ ე----- ბ-–---–---–ი (მეუღლე) და ბავშვობიდან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ლ--–- ბ-–---–---–ი (შვილი). ასევე დადგენილია ის გარემოება, რომ ლ--–- ბ-–---–---–ი წარმოადგენს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს. მას აქვს გამოხატული გონებრივი ჩამორჩენილობა ქცევის მნიშვნელოვანი აშლით. შპს „რ--------ს ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში“ აღრიცხვაზეა 1975 წლის 20 ნოემბრიდან. აქვს მყარი (გონებრივი/ინტელექტუალური) დარღვევები, რომელთა სხვადასხვა დაბრკოლებასთან ურთიერთქმედებამ შესაძლოა, ხელი შეუშალოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში მის სრულ და ეფექტიან მონაწილეობას სხვებთან თანაბარ პირობებში. ლ--–- ბ-–---–---–ის ფსიქიკური (გონებრივი/ინტელექტუალური) დარღვევების ხარისხი, წვრილმანი გარიგების დადების, საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის, მკურნალობაზე თანხმობის გამოთქმის, საპენსიო საქმის წარმოებისა და პენსიის/დახმარების მიღების სფეროში მნიშვნელოვნად არის გამოხატული. ლ--–- ბ-–---–---–ის მოქმედებები და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობა, გარემოსთან ურთიერთქმედება შეზღუდულია მნიშვნელოვნად, ხოლო სოციალური ადაპტაციის ხარისხი ასევე მნიშვნელოვნად არის დაქვეითებული.

 

სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა 1-ლი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმებზე, რომლებითაც დაცული უნდა ყოფილიყო საქმეში დაზარალებულად ცნობილი, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ლ--–- ბ-–---–---–ის უფლებები. დანაშაულის ჩადენის დროს დაზარალებულ ლ--–- ბ-–---–---–ის, როგორც მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის, ქონებრივი უფლებების დაცვისადმი განსაკუთრებულ მიდგომაზე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მთელი რიგი ნორმები.

 

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ბრალის გამომრიცხავ გარემოებას არ წარმოადგენს მსჯავრდებულის არგუმენტი, რომ ე----- ბ-–---–---–ს მოქმედების შესაძლებლობა შეეზღუდა ქვემო ქართლის სოციალური სამსახურის სამხარეო ცენტრის მიერ გამოვლენილი გულგრილობით - მათ არ შეასრულეს მათზე დაკისრებული ვალდებულება და ლ--–- ბ-–---–---–ის მეურვე ან მზრუნველი არ დაუნიშნეს კანონით განსაზღვრულ ვადაში. სადავო გარემოებას არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ლ--–- ბ-–---–---–ი ცხოვრობდა მშობლებთან, შესაბამისად, სწორედ ისინი ზრუნავდნენ მასზე. თუმცა, თუნდაც ე----- ბ-–---–---–ის მზრუნველად დანიშვნა, არ აძლევდა მას უფლებას, განეკარგა ლ--–- ბ-–---–---–ის წილი.

 

სააპელაციო პალატა დაეთანხმა მსჯავრდებულის არგუმენტს, რომ ქონება შეძენილი იყო ე----- და ჯ------ ბ-–---–---–ების კანონიერად რეგისტრირებული ქორწინების პერიოდში, თუმცა დაუსაბუთებელია ის არგუმენტი, რომ თითქოს, ლ--–- ბ-–---–---–ი არ ახორციელებდა ფაქტობრივ ბატონობას, არამედ მას ქონებაზე უფლება მიღებული ჰქონდა მშობლებისგან და მხოლოდ ე----- ბ-–---–---–ი იყო ჯ------ ბ-–---–---–ის დანაშთი ქონების კანონიერი და კეთილსინდისიერი მფლობელი. გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ ლ--–- ბ-–---–---–ი არის გარდაცვლილ ჯ------ ბ-–---–---–ის პირველი რიგის მემკვიდრე და სამკვიდრო ქონება - საცხოვრებელი ბინა, 2009 წლის 19 ოქტომბრის მდგომარეობით, მიღებული ჰქონდა ფაქტობრივი ფლობით. ასევე დადასტურებულია, რომ ლ--–- ბ-–---–---–ს უარი არ განუცხადებია სამკვიდროს მიღებაზე და იგი 2009 წლის 19 ოქტომბერს გაცემულ სამკვიდრო მოწმობაში სავალდებულოდ უნდა ყოფილიყო შეტანილი, როგორც ერთ-ერთი მემკვიდრე. ის გარემოება, რომ ლ--–- ბ-–---–---–ს არ შეეძლო, დამოუკიდებლად განეცხადებინა პრეტენზია კუთვნილ წილზე, არ აძლევდა უფლებას ე----- ბ-–---–---–სა და დ----- ბ-–---–---–ს, რომ სამკიდრო მიეღოთ მისი არსებობის გამორიცხვით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1501-ე მუხლის მიხედვით, მემკვიდრეები, რომლებსაც სამკვიდრო არ მიუღიათ კანონით დადგენილ ვადაში, შეიძლება შეიყვანონ სამკვიდრო მოწმობაში ყველა იმ მემკვიდრის თანხმობით, რომლებმაც მიიღეს სამკვიდრო. თანხმობა უნდა გაცხადდეს წერილობით სამკვიდრო მოწმობის გაცემამდე. შესაბამისად, იმისათვის, რომ ნოტარიუსს ჯ------ ბ-–---–---–ის სამკვიდრო ქონებაზე გაცემულ სამკვიდრო მოწმობაში შეეტანა დ----- ბ-–---–---–ი, საჭირო იყო არა მარტო პირველი რიგის მემკვიდრისა და სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი მფლობელის - ე----- ბ-–---–---–ის, არამედ იმავე უფლებების მქონე მემკვიდრის - ლ--–- ბ-–---–---–ის თანხმობა. თუმცა, დ----- და ე----- ბ-–---–---–ებმა ნოტარიუსის მოტყუებითა და სხვა, პირველი რიგის მემკვიდრის, მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი მფლობელის - ლ--–- ბ-–---–---–ის არსებობის დამალვით, მარტო ე----- ბ-–---–---–ის თანხმობით, სამკვიდრო ქონება მიიღეს თანაბარ წილად. აღნიშნულით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მათ მიიღეს ლ--–- ბ-–---–---–ის ქონებრივი უფლება მამის სამკვიდრო ქონების წილზე.

 

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლით ქმედების კვალიფიკაციისათვის აუცილებელია მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით სხვისი ნივთის დაუფლება ან ქონებაზე უფლების მიღება, ესე იგი იმისთვის, რომ დანაშაული დამთავრებულად ჩაითვალოს, საკმარისია ნივთზე უფლების მიღება მოტყუებით. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მამკვიდრებლის პირველი რიგის მემკვიდრეებმა - დ----- და ე----- ბ-–---–---–ებმა, რომელთაგან დ----- ბ-–---–---–ს სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობით მიმღები ყველა მემკვიდრის თანხმობის გარეშე არ ჰქონდა კანონისმიერი საფუძველი, შეტანილიყო სამკვიდრო მოწმობაში და მიეღო სამკვიდრო ქონების წილი, მოატყუეს ნოტარიუსი, თითქოსდა მათ გარდა მამკვიდრებელს სხვა პირველი რიგის მემკვიდრე არ ჰყავდა. ნოტარიუსის მოტყუებით და ლ--–- ბ-–---–---–ის არსებობის დამალვით ნოტარიუსმა სამკვიდრო მოწმობა გასცა მხოლოდ დ----- და ე----- ბ-–---–---–ებზე, რითაც დ----- ბ-–---–---–მა სრულად მიიღო ლ--–- ბ-–---–---–ის უფლება სამკვიდრო ქონების წილზე. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ლ--–- ბ-–---–---–ის შეზღუდული შერაცხადობა არ გამორიცხავს ქონების ფაქტობრივ ფლობას. მას შეუძლია ისევე მიიღოს სამკვიდრო, როგორც სხვა კანონიერმა მემკვიდრეებმა. დ----- ბ-–---–---–ისთვის კარგად იყო ცნობილი, რომ ლ--–- ბ-–---–---–ი იყო ის პირი, რომელმაც სამკვიდრო მიიღო ფაქტობრივი ფლობით. მიუხედავად აღნიშნულისა, მან დედასთან ერთად დაუდასტურა ნოტარიუსს, რომ გარდაცვლილ ჯ------ ბ-–---–---–ს დ----- და ე----- ბ-–---–---–ების გარდა სხვა პირველი რიგის მემკვიდრეები არ ჰყავდა.

 

დანაშაულის წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ ჩადენას ადასტურებს საქმეში წარმოდგენილი განცხადება 2009 წლის 19 ოქტომბრის სამკვიდრო მოწმობის მიღების შესახებ, დამოწმებული განმცხადებლების ხელმოწერითა და №--------- სანოტარო აქტით; ასევე დ----- ბ-–---–---–ის მიერ სასამართლოს წინაშე მიცემული ჩვენება, რომ ნოტარიუსთან მისვლას წინ უძღოდა დედის - ე----- ბ-–---–---–ის შეთავაზება, რომ სადავო ბინა გაფორმებულიყო მასზე, ვინაიდან ,,ლ--–- ბ-–---–---–ს იმხელა ბინა არ სჭირდებოდა“. 2009 წლის 19 ოქტომბრის №--------- სანოტარო აქტი კი ადასტურებს, რომ დ----- და ე----- ბ-–---–---–ებმა ერთობლივ განცხადებაში მითითებული ცრუ ინფორმაციით სხვა მემკვიდრის არარსებობის შესახებ, მოატყუეს ნოტარიუსი და სამკვიდრო მოწმობა მიიღეს დანაშთი ქონების 100%-ზე, თითოეულზე - 50%-50% წილით. სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე და 1339-ე მუხლების საფუძველზე ჯ------ი ბ-–---–---–ის სამკვიდრო ქონებაში შედიოდა ქ.რ-------–ი, მ-----------ს გამზირის N------ში მდებარე ბინის მხოლოდ 50%, შესაბამისად, ლ--–- ბ-–---–---–სა და ე----- ბ-–---–---–ს შორის უნდა გაყოფილიყო მხოლოდ ჯ------ ბ-–---–---–ის კუთვნილი ქონების წილი, რომლის ღირებულება, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით, შეადგენდა 21000 ლარს. შესაბამისად, სასამართლომ სწორად დაადგინა, რომ ლ--–- ბ-–---–---–ს მიადგა არა 14000 ლარის, არამედ - 10500 ლარის ზიანი, რაც ასევე წარმოადგენს დიდ ოდენობას.

 

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა დ----- ბ-–---–---–ის მოსაზრება ჯ------ ბ-–---–---–ის სამკვიდრო ქონების 4000 ლარად შეფასების ნაწილში. ექსპერტებმა ზ------ შ-----მ და შ--–-- კ--–-----–---–-ა განმარტეს, რომ საცხოვრებელი ბინისა და მიწის ნაკვეთის შეფასებისას გამოიყენეს საბაზრო ღირებულების განსაზღვრის ერთ-ერთი მეთოდი, კერძოდ, გაყიდვების შედარება, ანუ ფასის დადგენა გამოძიებისთვის საინტერესო პერიოდში მსგავსი უძრავი ქონების გასაყიდი ფასების საშუალო მაჩვენებლებით. ექსპერტებმა ასევე აღნიშნეს, რომ მათთვის უცნობი იყო, როდის გარემონტდა შესაფასებელი ბინა და თუნდაც სიტყვიერი განმარტება, თუ როგორ მდგომარეობაში იყო ბინა ადრე, არ წარმოადგენდა არსებით საფუძველს ბინის ფასის განსასაზღვრად. საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ 2009 წლის მდგომარეობით სადავო ბინას არ ჰქონდა კარი, ფანჯარა, გადახურვა, არ მიეწოდებოდა წყალი, გაზი და არ იყო განვითარებული ინფრასტრუქტურა. ასეთ გარემოებებზე არც დ----- ბ-–---–---–ს მიუთითებია ჩვენების მიცემისას. რაც შეეხება ქონების შეფასებას 4000 ლარად, აღნიშნული თავად მიუთითეს ე----- და დ----- ბ-–---–---–ებმა ნოტარიუსთან, რაც ჩაიწერა კიდეც სანოტარო აქტში. სხდომაზე არ წარმოდგენილა მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ექსპერტთა არაკომპეტენტურობას და არაობიექტურობას, შესაბამისად, ვერ იქნება გაზიარებული დაცვის მხარის პოზიცია სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის გაუზიარებლობის შესახებ.

 

აპელანტი ასევე უთითებს, რომ განაჩენში არ არის მსჯელობა ყალბი ნასამართლობის ცნობის წარმომავლობის შესახებ, რომლის საფუძველზეც მოითხოვა პროკურორმა აღკვეთის ღონისძიების გამოყენება. საქმის მასალების შესწავლის შედეგად სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოცემულ საქმეში არ არის წარმოდგენილი ისეთი ნასამართლობის ცნობა, რომელშიც მითითებულია დ----- ბ-–---–---–ის ნასამართლობის შესახებ. ნასამართლობის შესახებ ცნობაში მითითებულია სიტყვა ,,ნასამართლევია“, თუმცა ამ სიტყვის მითითება არ გულისხმობს ნასამართლობას, შემდეგ გარემოებათა გამო: შემოწმების შედეგში მითითებული უნდა იყოს განაჩენის შესახებ, რომლითაც პირი დამნაშავედაა ცნობილი გარკვეულ ბრალდებაში. მოცემულ ცნობაში კი დ----- ბ-–---–---–ის ნასამართლობასთან დაკავშირებით მითითებულია, რომ მიცემულია პასუხისგებაში 04.06.2016 წელს, N------------ საქმეზე, სადაც გადაწყვეტილება არ არის. N------------ კი სწორედ ის საქმეა, რაზეც რუსთავის საქალაქო სასამართლომ 2017 წლის 26 ოქტომბერს გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი დ----- ბ-–---–---–ის მიმართ. მსჯავრდებულის აპელირება იმ გარემოებაზე, რომ აღკვეთის ღონისძიების შუამდგომლობაში მითითებული იყო მის ნასამართლობაზე განზრახ მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენისთვის, რომლითაც ასაბუთებდა პროკურორი ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეს, გავლენას ვერ მოახდენს რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 ოქტომბრის განაჩენის კანონიერებასა და დასაბუთებულობაზე. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 5 ივლისის განჩინებაში, რომლითაც დ----- ბ-–---–---–ს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო, მითითებულია, რომ დ----- ბ-–---–---–ი არის ნასამართლობის არმქონე. შესაბამისად, პროკურორის შუამდგომლობაში დასახელებული არგუმენტი არ დასდებია საფუძვლად დ----- ბ-–---–---–ის მიმართ არც აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საკითხს და არც - გამამტყუნებელ განაჩენს.

 

რაც შეეხება ბრალდებისა და დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილებებს, ბრალდების მხარე გამოძიების პროცესში ხელმძღვანელობს დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით, შესაბამისად, ის გარემოება, რომ შეიცვალა ზიანი, დადგენილება მეორედ იქნა გამოტანილი და ასე შემდეგ, ვერ ჩაითვლება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის არსებით დარღვევად, რაც გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებას განაპირობებდა. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ე----- ბ-–---–---–ის გარდაცვალება არ წარმოადგენდა დ----- ბ-–---–---–ისთვის ბრალის წარუდგენლობის საფუძველს. ამასთან, რუსთავის საქალაქო სასამართლომ მიუთითა დანაშაულის შემადგენლობის ყველა იმ ნიშანზე, რაც ადასტურებდა დ----- ბ-–---–---–ის ბრალეულობას. საბოლოო სიტყვაში ჩამოყალიბებულ პოზიციაზე, რომ, ვინაიდან მართლმსაჯულების განხორციელებაზე უარის თქმა დაუშვებელია, სააპელაციო სასამართლოს უნდა დაეკავებინა პროკურორი ნოდარ მახათაძე სხდომის დარბაზში, მის მიერ ჩადენილი უკანონო ქმედებების გამო, პალატამ კიდევ ერთხელ მიუთითა სასამართლოს უფლებამოსილებაზე. სასამართლო არ წარმოადგენს სისხლისსამართლებრივი დევნის განმახორციელებელ ორგანოს (თუნდაც დანაშაულის ნიშნების არსებობის შემთხვევაში) და მსჯავრდებულს ნორმის განმარტება მცდარად აქვს გაგებული. სასამართლო უფლებამოსილია, განახორციელოს მართლმსაჯულება, განიხილოს სისხლის სამართლის საქმე, გამოიტანოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი განაჩენი.

 

5. კასატორის მოთხოვნა:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 20 ივლისის განაჩენი გაასაჩივრა მსჯავრდებულმა დ----- ბ-–---–---–მა, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და გამართლებას.

 

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

 

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

 

8. უსაფუძვლოა კასატორის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ გასაჩივრებული განაჩენი უკანონო, დაუსაბუთებელია და მას დანაშაული არ ჩაუდენია. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენის მოტივაციას და დადგენილად მიაჩნია, რომ 2009 წლის 19 ოქტომბერს ჯ------ ბ-–---–---–ის პირველი რიგის მემკვიდრეებმა: მეუღლემ - ე----- ბ-–---–---–მა და შვილმა - დ----- ბ-–---–---–მა მიმართეს ქ.რ-------–ი, მ-----------ს გამზირის N------ში მდებარე ნოტარიუსს, მ---- რ-----–---–-ს სანოტარო ბიუროს და მოითხოვეს ჯ------ ბ-–---–---–ის დანაშთ ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის გაცემა. მიუხედავად იმისა, რომ მათ განემარტათ, თუ ვინ შეიძლება ყოფილიყვნენ პირველი რიგის მემკვიდრეები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8, 115-ე და 1478-ე მუხლები ავალდებულებდათ ნოტარიუსისთვის კეთილსინდისიერად დაესახელებინათ მემკვიდრე ლ--–- ბ-–---–---–ი, რომელიც, ფაქტობრივად, ფლობდა სამკვიდრო ქონებას და შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსიდან გამომდინარე, მოკლებული იყო შესაძლებლობას, დამოუკიდებლად დაეცვა თავისი სამემკვიდრეო და სხვა უფლებები, ამ უკანასკნელის სამკვიდრო ქონების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, 2009 წლის 19 ოქტომბერს, ნოტარიუსის თანდასწრებით, მოამზადეს ერთობლივი წერილობითი განცხადება, რომ თითქოსდა, ჯ------ ბ-–---–---–ის პირველი რიგის მემკვიდრეები მხოლოდ თვითონ იყვნენ. ამასთან, ვინაიდან დ----- ბ-–---–---–ს არ უდასტურდებოდა სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობა და არ ჰქონდა დაცული კანონით დადგენილი ვადები, მისთვის სამკვიდრო ქონების მიღების სამართლებრივი საფუძვლის შესაქმნელად ე----- ბ-–---–---–მა, როგორც დ----- ბ-–---–---–ის გარდა თითქოსდა, ერთადერთმა მემკვიდრემ, თანხმობა განაცხადა სამკვიდრო მოწმობაში შეტანილიყო დ----- ბ-–---–---–ი. განცხადებაში პირველი რიგის მემკვიდრეების შესახებ განზრახ არასწორი ინფორმაციის მიწოდებით და პირველი რიგის მემკვიდრის, სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი მფლობელის - ლ--–- ბ-–---–---–ის არსებობის დამალვით გაიცა №--------- სამკვიდრო მოწმობა მხოლოდ ე----- და დ----- ბ-–---–---–ებზე, რითაც მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მიიღეს უფლება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ლ--–- ბ-–---–---–ის კუთვნილ სამკვიდრო ქონებაზე.

 

9. პალატა აღნიშნავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას; აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ, (Hirvisaari v. Finland), განაცხადი N49684/99; §30; ECHR; 25.12.2001). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ - ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება, არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ., გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ (No. 2), (Gorou v. Greece (No. 2)), განაცხადი N 12686/03; §37, §41; ECHR; 20.03.2009).

 

10. ამდენად, საკასაციო პალატის მოსაზრებით, არ არის მიზანშეწონილი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა დაცვის მხარის იმ არგუმენტების ხელახლა შესაფასებლად, რომლებზეც სააპელაციო პალატამ უკვე იმსჯელა და რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება.

 

11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არც ერთი გარემოება, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

 

12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. მსჯავრდებულ დ----- ბ-–---–---–ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

 

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

 

მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი

 

პ. ქათამაძე