განჩინება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 190100115000793588
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ
საქმე N719აპ-18. ქ. თბილისი
მ------- ი------719აპ-18. 22 თებერვალი, 2019 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, პაატა ქათამაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ხატია ხაჩიძის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 3 ოქტომბრის განაჩენზე.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 4 იანვრის განაჩენით ი----- მ-------, – დაბადებული 1--- წელს, ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში. მასვე განემარტა საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.
აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 3 ოქტომბრის განაჩენით დარჩა უცვლელად. საქართველოს სსსკ-ის 219-ე მუხლის თანახმად, გამართლებულ ი----- მ------ს განემარტა მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლების შესახებ.
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ი----- მ------ს ბრალად დაედო წინააღმდეგობა, ძალადობა საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის წარმომადგენლების მიმართ, ე.ი. პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით, ჩადენილი ძალადობით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რაც გამოიხატა შემდეგში:
· 2005 წლის 16 სექტემბერს ი----- მ------მა ტ--–--- კ-------- ო---–- გ-------თან ერთად, ჯგუფურად წინააღმდეგობა გაუწია გარდაბნის პოლიციის თანამშრომლებს, არ დაემორჩილა მათ კანონიერ მითითებას გ--------------------ის საავტომობილო გზის გათავისუფლების შესახებ, იმ დროს, როცა ტ--–--- გ-------ი პოლიციის თანამშრომელ ნ-----–---- ქ------–---–ს ხელს უჭერდა, ი----- მ------მა მას შუბლში ქვა ჩაარტყა. ნ-----–---- ქ------–---–ისათვის მიყენებული დაზიანება შეესაბამება ჯანმრთელობის დაზიანების მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნით.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ხატია ხაჩიძემ მოითხოვა გამამართლებელი განაჩენის გაუქმება, ი----- მ-------ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით და მისთვის 5 წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა იმ მოტივით, რომ საქმეზე შეკრებილია მტკიცებულებათა ერთობლიობა ი----- მ-------ს ბრალეულობის დასადასტურებლად.
3. გამართლებულ ი----- მ-------ს ადვოკატი მ------ კ---------- შესაგებლით ითხოვს პროკურორის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობას და ი----- მ-------ს მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 3 ოქტომბრის განაჩენის უცვლელად დატოვებას.
4. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს:
ა) საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
ბ) გადაწყვეტილება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
გ) თბილისის სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს ისეთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა განხილვის შედეგზე.
5. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
6. საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას და მიაჩნია, რომ გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე ი----- მ-------ს მიმართ წარდგენილი ბრალდება გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით არ არის დადასტურებული.
7. საკასაციო პალატის აზრით, სააპელაციო სასამართლომ ამომწურავად იმსჯელა ყველა იმ საკითხზე, რაზეც საკასაციო საჩივარში ბრალმდებელი უთითებს, ხოლო რაიმე სხვა გარემოებაზე, რაც საკასაციო პალატის შეფასების საგანი გახდებოდა, პროკურორს საჩივარში არ მიუთითებია.
8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ პროკურორ ხატია ხაჩიძის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
9. საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ხატია ხაჩიძის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 3 ოქტომბრის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: პ. სილაგაძე
პ. ქათამაძე