განჩინება

სისხლის სამართლის 21.02.2019
საქმის ნომერი
050100117001943096
თარიღი
21.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 050100117001943096

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№519აპ-18 ქ. თბილისი

პ--------- ლ----, 519აპ-18 21 თებერვალი, 2019 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 19 აპრილის განაჩენზე მსჯავრდებულ ლ---- პ---------ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ-- გ---------ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

1. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 10 ნოემბრის განაჩენით:

 

კ---- ფ--–--–---–-, – დაბადებული 1----–-–------------–ს, ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

ლ---- პ---------, – დაბადებული 1----–-–----------ს, ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – 8 წლით, სსკ-ის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით – 5 წლით, 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით – 2 წლით, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილით – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით ლ---- პ---------ს მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

მსჯავრდებულებს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყოთ დაკავების მომენტიდან – 2017 წლის 15 თებერვლიდან.

 

2. აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 19 აპრილის განაჩენით დარჩა უცვლელად.

 

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ კ---- ფ--–--–---–მა და ლ---- პ---------მ ჩაიდინეს ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით; ლ---- პ---------მ ასევე ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ე.ი. სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის, ჩადენილი დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით; ასევე – ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

· 2017 წლის 11 თებერვალს, დაახლოებით 00:20 საათზე, ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულმა ლ---- პ---------მ და კ---- ფ--–--–---–მა ლ--------ის რაიონის სოფელ ჯ---------ში ჯგუფურად, უკანონოდ, ნიღბებით შეაღწიეს გ--–- გ---------ის საცხოვრებელ სახლში და ყაჩაღურად თავს დაესხნენ გ--–- გ----------სა და მის მეუღლეს – ე-- ჭ----–---–ს. ლ---- პ---------მ და კ---- ფ--–--–---–მა გამოიყენეს სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობა და ძალადობის მუქარა, საძინებელ ოთახში შესვლისას დაზარალებულებს დაუწყეს ცემა, იარაღების დამიზნებითა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით მოსთხოვეს ფული და ძვირფასეულობა. ლ---- პ---------მ და კ---- ფ--–--–---–მა ყაჩაღური თავდასხმის გზით გაიტაცეს 220 ლარი და 80 ლარად ღირებული მობილური ტელეფონი, რითიც დაზარალებულებს მიაყენეს 300 ლარის ქონებრივი ზიანი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

 

· 2017 წლის 11 თებერვალს, დაახლოებით 00:20 საათზე, ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულმა ლ---- პ---------მ და კ---- ფ--–--–---–მა ლ--------ის რაიონის სოფელ ჯ---------ში ჯგუფურად, უკანონოდ, ნიღბებით შეაღწიეს გ--–- გ---------ის საცხოვრებელ სახლში და ყაჩაღურად თავს დაესხნენ გ--–- გ----------სა და მის მეუღლეს – ე-- ჭ----–---–ს. ლ---- პ---------მ საძინებელ ოთახში შესვლისას, ყაჩაღობის ჩადენის გაადვილების მიზნით, ე-- ჭ----–---–ს მძიმე დაზიანების მიყენების განზრახვით, თავში რამდენჯერმე ჩაარტყა იარაღი, რითიც დაზარალებულს განუვითარდა თავის ტვინის შერყევა, მრავლობითი ღია ჭრილობები – თავის არეში, მარცხნივ – თხემის ძვლის იმპრესიული მოტეხილობა, ფრაგმენტული პნევმოცეფალია, რაც მიეკუთვნება სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებას.

 

· ლ---- პ---------მ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა ცეცხლსასროლი იარაღი – EKOL P.29 Rev. II მოდელის პისტოლეტი და საბრძოლო მასალა – 7 ვაზნა, რომლებსაც ასევე მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა პირადად, 2017 წლის 11 თებერვალს ასევე მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა და აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღითა და საბძოლო მასალით შეიარაღებული, კ---- ფ--–--–---–თან ერთად, ლ--------ის რაიონის სოფელ ჯ---------ში დაახლოებით 00:20 საათზე ყაჩაღურად თავს დაესხა გ--–- გ----------სა და მის მეუღლეს – ე-- ჭ----–---–ს.

 

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ.

 

5. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მსჯავრდებულ ლ---- პ---------ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი გ-- გ---------ე ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 19 აპრილის განაჩენში ცვლილების შეტენასა და ლ---- პ---------ს გამართლებას საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ბ“ და 236-ე მუხლის მე-2, მე-3 ნაწილებით წარდგენილ ბრალდებებში იმ მოტივით, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა იმის დასადასტურებლად, რომ ლ---- პ---------მ ნამდვილად ჩაიდინა ზემოაღნიშნული დანაშაულები.

6. ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორი მამუკა ნადირაძე შესაგებლით ითხოვს დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობას და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 19 აპრილის განაჩენის უცვლელად დატოვებას.

 

7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

 

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

 

8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

 

9. დაცვის მხარის საკასაციო საჩივარს საკასაციო პალატა არ ეთანხმება და მიაჩნია, რომ იმ მტკიცებულებათა ერთობლიობა (დაზარალებულების – ე-- ჭ----–---–ისა და გ--–- გ---------ის ჩვენებები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, 2017 წლის 15 თებერვლის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმები თანდართული ფოტოსურათებით, პირის ამოცნობის ოქმები, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის 2017 წლის 17 თებერვლის №--------- და 2017 წლის 6 მარტის №--------- დასკვნები, ბალისტიკური ექსპერტიზის 2017 წლის 19 აპრილის №--------- დასკვნა, ბიოლოგიური ექსპერტიზის 2017 წლის 20 აპრილის №--------- დასკვნა, მოწმეების – ზ------ გ--------ის, ნ---- გ--------ის, ზ------ ლ-----ის, დ-----– ნ--------–---–ის, ნ------- ს--------–--ის, რ----- გ--------–--ის, თ------ ს--------–--ის, მ--–---- შ-–---–---–ის, ნ-----–---- გ--------ის, ვ------- ი--------ის, შ----- თ------ის, გ-- გ----------ის, ა-–---------- ა-----------ის, შ------- კ--–------სა და ია ე---------ის ჩვენებები და სხვა მტკიცებულებები), რომელიც წარმოდგენილია სისხლის სამართლის საქმეში, გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით ადასტურებს ლ---- პ---------ს მიერ მისთვის მსჯავრად შერაცხული ქმედებების ჩადენას. საკასაციო პალატა დაცვის მხარის მიერ მითითებულ პრეტენზიებზე სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს არგუმენტებს.

 

10. წარმოდგენილი საქმის მასალების თანახმად, არ არსებობს მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევები, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

 

11. სააპელაციო პალატამ სრულად და ობიექტურად შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები და ისე მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება.

 

12. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

 

13. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. მსჯავრდებულ ლ---- პ---------ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ-- გ---------ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

 

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

 

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

 

პ. ქათამაძე