განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 01.03.2019
საქმის ნომერი
140210117001838148
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
01.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №140210117001838148

საქმე №ას-109-2019 1 მარტი, 2019 წელი

№ას-109-2019 პ---–--–---–ი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ქ------- პ---–--–---–ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ-----–- ც-----–-–---–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 8 ნოემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

სასარჩელო მოთხოვნა:

 

1. ნ-----–- ც-----–-–---–მა (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ქ------- პ---–--–---–ის (შემდგომ – მოპასუხე) მიმართ და, მოითხოვა 2014 წლის 10 ოქტომბრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დავალიანების – 7395 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 5 100 აშშ დოლარი, ხოლო შემცირებული სარგებელი – 2 295 აშშ დოლარი, ასევე, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს, 2015 წლის 1 მარტის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დავალიანების – 3600 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 3 000 აშშ დოლარი, ხოლო შემცირებული სარგებელი – 600 აშშ დოლარი.

 

სარჩელის საფუძვლები:

 

2. მოსარჩელის განმარტებით, 2014 წლის 10 ოქტომბერს მოპასუხეს ასესხა 5100 აშშ დოლარი. სესხის დაფარვის ვადად განისაზღვრა 2018 წლის 10 თებერვალი. ხელშეკრულების მიხედვით, საპროცენტო განაკვეთი იყო თვეში 5% (255 აშშ დოლარი). 2015 წლის 1 მარტს მხარეთა შორის ისევ დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც მოპასუხემ მოსარჩელისაგან ისესხა 2018 წლის 1 მარტამდე 3000 აშშ დოლარი. საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა თვეში 5% (150 აშშ დოლარი).

3. მოპასუხემ ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა. მოსარჩელე ენდობოდა მოპასუხეს და წერილობითი სესხის ხელშეკრულება არ გაუფორმებია. როდესაც პოლიციის განყოფილებას საჩივრით მიმართა, მოპასუხემ ე.წ. აღიარებითი ხასიათის დოკუმენტი შეადგინა, სადაც ვალდებულების არსებობა დაადასტურა.

 

მოპასუხის პოზიცია:

 

4. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ ინდივიდუალურ მეწარმედაა რეგისტრირებული და ეწევა სასესხო და სალომბარდო საქმიანობას. მოსარჩელე 8 წელია თანამშრომლობს მასთან და თანხების გასესხებაში ეხმარება.

5. 2014 წლის 10 ოქტომბერს მოსარჩელემ მასთან ოფისში 5100 აშშ დოლარი შეიტანა, რომელსაც ერთი წლის განმავლობაში ყოველთვიურად სარგებლის სახით 225 აშშ დოლარს უხდიდა, რამაც მთლიანობაში 3000 აშშ დოლარი შეადგინა. თანხის გასესხებაზე და სარგებლის გადახდაზე არცერთი მხრიდან წერილობითი დოკუმენტი არ შედგა, ვინაიდან ერთმანეთის ნდობით სარგებლობდნენ. სარჩელზე დართული ხელწერილი მოსარჩელის თხოვნით 2017 წლის 24 თებერვალს შეადგინა, თუმცა თანხის მიღების თაობაზე ხელწერილი არ გამოურთმევია. 2015 წლის 1 მარტს მოსარჩელემ 3000 დოლარი კვლავ შეიტანა ოფისში გასასესხებლად, რაზეც 10 თვის მანძილზე სარგებლის სახით 1500 აშშ დოლარი მიიღო. მხარეთა შორის ნდობა რომ არ არსებულიყო, ხელწერილები, როგორც თანხის გასესხების, ისე მისი მიღების თაობაზე მაშინვე და არა მოგვიანებით შედგებოდა.

6. მოპასუხემ მიუთითა, რომ მართალია, სარგებლის მიღების თაობაზე მოსარჩელეს ხელწერილი არ ჩამოართვა, მაგრამ აღნიშნულ ფაქტი მოწმეთა ჩვენებებით დადასტურდება.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

7. გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაესკირა, 2014 წლის 10 ოქტომბრისა და 2015 წლის 1 მარტის სესხის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, დავალიანების – 10 995 აშშ დოლარის გადახდა, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

 

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

 

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 8 ნოემბრის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

9. სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 26 ივლისის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად და, სააპელაციო საჩივრის განხილვის მიზნით, დაინიშნა სასამართლო სხდომა 2018 წლის 8 ნოემბერს, 11:00 საათზე.

10. 2018 წლის 8 ნოემბერს, 11:00 საათზე გამართულ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა აპელანტი.

11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ – სსსკ) 216-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, 2018 წლის 8 ნოემბრის სხდომის თაობაზე აპელანტის ოჯახის წევრს – მეუღლეს უწყება ჩაბარდა 2018 წლის 14 აგვისტოს სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა დაცვით.

12. 2018 წლის 8 ნოემბერს, 11:00 საათზე დანიშნულ სასამართლო სხდომაზე აპელანტი არ გამოცხადდა. მოწინააღმდეგე მხარემ მოითხოვა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება. შუამდგომლობის განხილვის მომენტში საქმის გამხილველი შემადგენლობისათვის აპელანტის გამოუცხადებლობის რაიმე საპატიო მიზეზი უცნობია.

13. სსსკ-ის 387-ე მუხლის შესაბამისად, აპელანტის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს შეუძლია, ამავე კოდექსის 229-ე მუხლის პირობების დაცვით განუხილველად დატოვოს სააპელაციო საჩივარი, რასაც უკავშირდება სსსკ-ის 276-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

14. სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივარი შეიძლება დატოვოს განუხილველად, თუ: 1. არ გამოცხადდება აპელანტი (მისი წარმომადგენელი); 2. აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე შუამდგომლობს სასამართლოს წინაშე სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ; 3. არ არსებობს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების დამაბრკოლებელი გარემოებები.

15. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ რადგან სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა აპელანტი, რომელსაც სასამართლო სხდომის თაობაზე ეცნობა კანონით დადგენილი წესით და მისი გამოუცხადებლობის რაიმე საპატიო მიზეზი სასამართლოსათვის უცნობია, უნდა დაკმაყოფილდეს აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

 

კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:

 

16. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

17. კერძო საჩივრის ავტორმა მიიჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით – ავადმყოფობით.

18. კერძო საჩივარზე დართული 2018 წლის 8 ნოემბრის №741 ცნობით დასტურდება, რომ აპელანტს ერთი კვირის განმავლობაში დანიშნული ჰქონდა წოლითი რეჟიმი, რის შესახებაც ვერ აცნობა სასამართლოს.

19. მხარის განმარტებით, დავის მიმართ მის ინტერესს ადასტურებს სააპელაციო საჩივრის შეტანისა და აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ფაქტი.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

20. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

21. სსსკ-ის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

22. მითითებული ნორმა შესაძლებლობას აძლევს სააპელაციო სასამართლოს, იხელმძღვანელოს საქმის პირველი ინსტანციის წესით განხილვისათვის განსაზღვრული წესებით, თუ სადავო ურთიერთობა სცდება კანონმდებლის მიერ სააპელაციო სასამართლოსათვის სპეციალურად დადგენილ ნორმათა რეგულირების სფეროს.

23. მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა არეგულირებს საქმის განხილვაზე მხარეთა გამოუცხადებლობის სამართლებრივ შედეგებს, კერძოდ, 229-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოსარჩელე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ, რასაც უკავშირდება 276-278-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგები.

24. ამავე კოდექსის 275-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით კი, სასამართლო, მხარის განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე (განმცხადებელი) არ გამოცხადებულა, ხოლო მოპასუხე თანახმაა, სარჩელი (განცხადება) განუხილველად იქნეს დატოვებული.

25. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, განუხილველად დატოვოს სააპელაციო საჩივარი, თუ აპელანტი, რომელსაც საქმის განხილვის შესახებ სასამართლო უწყება სსსკ-ის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით ჩაბარდა, სასამართლო სხდომაზე არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა, ხოლო მოწინააღმდეგე მხარე იშუამდგომლებს ან თანხმობას გამოთქვამს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებასთან დაკავშირებით.

26. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ დაადგინა და კერძო საჩივრის ავტორს სადავოდ არ გაუხდია ის ფაქტი, რომ საქმის განხილვის შესახებ ინფორმაცია აპელანტს კანონის მოთხოვნათა დაცვით ეცნობა, თუმცა განსაზღვრულ დროს იგი პროცესზე არ გამოცხადდა და არც თავისი გამოუცხადებლობის შესახებ სასამართლოს არ აცნობა.

27. საქმის განხილვაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად მხარემ დაასახელა ავადმყოფობის ფაქტი.

28. კერძო საჩივარს ერთვის 2018 წლის 8-9 ნოემბრით დათარიღებული (დასაწყისში მითითებულია 8, ხოლო დოკუმენტის ბოლოს – 9 ნოემბერი) გაცემული შპს „ნოვა მედის“ სამედიცინო ცნობა – ფორმა №IV-100/ა, რომლის მიხედვით აპელანტმა მკურნალ ექიმ გურამ მაჩაიძეს მიმართა 2018 წლის 6 ნოემბერს. მას მიეცა რეკომენდაცია 5-7 დღის განმავლობაში წოლითი რეჟიმის სახით (ტომი 2, ს.ფ 64).

29. მოწინააღმდეგე მხარის მიერ საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილ იქნა აპელანტის მკურნალი ექიმისა და შპს „ნოვა მედის“ მიერ გაცემული ცნობები, რომელთა თანახმად აპელანტმა 2018 წლის 6 ნოემბერს მიმართა ექიმ გ.მაჩაიძეს, თუმცა მას წოლითი რეჟიმი არ დანიშვნია, ხოლო ზემოაღნიშნულმა სამედიცინო დაწესებულებამ მიუთითა, რომ აპელანტის მიმართვა დასახელებულ კლინიკაში რეგისტრირებული არ არის (ტომი 2, ს.ფ 82-83).

30. ამდენად, დაუსაბუთებელია კერძო საჩივრის არგუმენტი, რომ აპელანტი სასამართლო პროცესზე ვერ გამოცხადდა ავადმყოფობის გამო.

31. სსსკ-ის 215-ე მუხლის მესამე ნაწილი განსაზღვრავს ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის საპატიოდ მიჩნევის წანამძღვრებს და ასეთად მიიჩნევს ავადმყოფობას, ახლო ნათესავის გარდაცვალებას ან სხვა განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებას, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის საპროცესო მოქმედების შესრულებას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.

32. მითითებული ნორმის დანაწესი ადგენს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, მხარის მიერ კონკრეტული საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობა ჩათვალოს საპატიოდ, თუკი აღნიშნული მოქმედება მან ვერ შეასრულა ავადმყოფობის გამო. ამ შემთხვევაში ისევე, როგორც ზოგადად სამოქალაქო სამართალწარმოებისას, მხარეს ეკისრება სადავო გარემოების მტკიცების ტვირთი. მეტიც, კანონის ზემოაღნიშნული დანაწესი პირდაპირ განსაზღვრავს, თუ რა მტკიცებულებით უნდა დადასტურდეს მხარის ავადმყოფობის ფაქტი და ასეთად მიიჩნევს სამედიცინო დოკუმენტს, რომელიც: ა) ხელმოწერილია სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ; ბ) პირდაპირ მიუთითებს მხარის შეუძლოდ ყოფნაზე კონკრეტული დროის მონაკვეთში (რომლის განმავლობაშიც უნდა შესრულებულიყო სადავო საპროცესო მოქმედება); გ) ასახავს პაციენტის ჯანმრთელობის იმგვარ გაუარესებას, რაც გამორიცხავს საპროცესო მოქმედების შესრულების შესაძლებლობას.

33. განსახილველ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორს არ წარმოუდგენია აპელანტის ავადმყოფობის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომელიც კანონის ზემოაღნიშნული დანაწესის თანახმად, დაადასტურებდა, რომ არსებობდა მითითებული ნორმით გათვალისწინებული ობიექტური გარემოება, რომელმაც ხელი შეუშალა საქმის განხილვაზე გამოცხადებაში ან საკუთარი ინტერესების წარმომადგენლის მეშვეობით დაცვაში. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილი იყო, რომ მოწინააღმდეგე მხარის მოთხოვნით განუხილველად დაეტოვებინა სააპელაციო საჩივარი.

34. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარზე თანდართული სამედიცინო ცნობის შინაარსი (მკურნალი ექიმის მხრიდან აპელანტისათვის სხდომის დღეს წოლითი რეჟიმის დანიშვნის ფაქტი) სრულადაა უარყოფილი მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებით, შესაბამისად, აპელანტის მხრიდან მასზე აპელირება უსაფუძვლოა და გაზიარებული ვერ იქნება.

35. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

36. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ქ------- პ---–--–---–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 8 ნოემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

 

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

 

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

 

ბ. ალავიძე