განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 190100118002288537
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №529აპ-18 ქ. თ---–---
ქ------–---–- დ-----, 529აპ-18 12 მარტი, 2019 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),გიორგი შავლიაშვილი, პაატა ქათამაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ დ----- ქ------–---–-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ-----–---- წ---–--------ს საკასაციო საჩივარი თ---–---ს სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 27 ივნისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, დ----- ქ------–---–ს ბრალი დაედო ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენებაში, რაც გამოიხატა შემდეგში:
დ----- ქ------–---–მა 1978 წლის 25 თებერვალს შესაბამისი გამოცდის ჩაბარების შედეგად მიიღო მართვის მოწმობა А----------- „C“ კატეგორიით გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლებით, რომელშიც დაუდგენელმა პირმა ყალბად მიუთითა „B“ კატეგორიით გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლება. მან აღნიშნული ყალბი მართვის მოწმობა 2017 წლის 29 დეკემბერს წარადგინა (გამოიყენა) სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში და მოითხოვა მასში აღნიშნული, მათ შორის - ყალბი „B“ კატეგორიით ახალი მართვის მოწმობის გაცემა.
2. რ--------ს საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 მარტის განაჩენით დ----- ქ------–---–-, _ დაბადებული 19-- წელს, ნასამართლობის არმქონე, _ ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
გამართლებულ დ----- ქ------–---–ს განემარტა მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლება.
საქმეზე დართული ნივთმტკიცება - მართვის მოწმობა (პაკეტის ნომერი - F---------) უნდა განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა რ--------ს რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნ-------- მახათაძემ. აპელანტმა საჩივრით ითხოვა გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა.
4. თ---–---ს სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 27 ივნისის განაჩენით რ--------ს რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ-------- მახათაძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა: გაუქმდა რ--------ს საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 მარტის გამამართლებელი განაჩენი დ----- ქ------–---–-ს მიმართ.
დ----- ქ------–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 500 (ხუთასი) ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
საქმეზე დართული ნივთმტკიცება - მართვის მოწმობა (პაკეტის ნომერი - F---------) უნდა განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
5. კასატორი – მსჯავრდებულ დ----- ქ------–---–-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ნ-----–---- წ---–-------- საკასაციო საჩივრით ითხოვს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამართლებელი განაჩენის ძალაში დატოვებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა მსჯავრდებულ დ----- ქ------–---–-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ-----–---- წ---–--------ს საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა დ----- ქ------–---–მა განმარტა, რომ საკუთრებაში არასოდეს ჰყოლია ავტოსატრანსპორტო საშუალება. სამხედრო - სავალდებულო სამსახურის მოხდის შემდეგ შეხებაც არ ჰქონია მასთან, მაგრამ ვინაიდან 29 დეკემბერს აქვს დაბადების დღე, გადაწყვიტა მცირედი საჩუქარი გაეკეთებინა საკუთარი თავისთვის. შესაბამისად, 2017 წლის 29 დეკემბერს მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს და მოითხოვა ძველი მართვის მოწმობის ახლით შეცვლა. მართვის მოწმობისა და საჭირო დოკუმენტების წარდგენის მიუხედავად, დ----- ქ------–---–ს იმავე დღეს არ შეუცვალეს მართვის მოწმობა, ვინაიდან აუხსნეს, რომ რაღაც შეუსაბამობა იყო და საკითხი საჭიროებდა დაზუსტებას. გარკვეული დროის შემდეგ მართვის მოწმობის საკითხში გარკვევის მიზნით, მას დაურეკა გამომძიებელმა, ვინმე „ი-–---“ და სთხოვა რ--------ს პოლიციაში გამოცხადება. თხოვნის შესაბამისად, ის და მისი ცოლისძმა - ნ-------- მ----- გამოცხადდნენ რ--------ს პოლიციაში. გამომძიებელთან საუბარისას დ----- ქ------–---–-სთვის ცნობილი გახდა, რომ მისი მართვის მოწმობა იყო გაყალბებული, ვინაიდან სააგენტოში დაცული დოკუმენტაციის თანახმად, მასზე გაცემული იყო მხოლოდ „C“ კატეგორიის ავტომანქანების მართვის მოწმობა, ხოლო მის მიერ წარდგენილი მართვის მოწმობა „C“ კატეგორიას მიკუთვნებული ავტომანქანების მართვის უფლების გარდა, ითვალისწინებდა ნებართვას „B“ კატეგორიის ავტომანქანების მართვაზეც, რაც მიანიშნებდა დოკუმენტის სიყალბეზე. დ----- ქ------–---–მა გამომძიებელს აუხსნა, რომ მასთან ერთად მართვის მოწმობის მისაღებად გათვალისწინებული სასწავლო კურსი გაიარა დაახლოებით 300-მა მსმენელმა და გამოდიოდა, რომ ყველას მართვის მოწმობა იყო გაყალბებული. მისი არგუმენტები გამომძიებელმა არ გაიზირა და პოლიციის სხვა თანამშრომელიც არწმუნებდა, რომ ყალბი დოკუმენტი გამოიყენა. აღნიშნულის შემდეგ დ----- ქ------–---–მა გამომძიებლის მიერ მიწოდებულ ფურცელზე, მისივე მითითებით, დაწერა ტექსტი და მოაწერა ხელი, თუმცა რა ეწერა ფურცელზე და რას ადასტურებდა ხელმოწერით, არ გასცნობია, ვინაიდან პოლიციის თანამშრომლისგან მიიღო დაპირება, რომ „ყველაფერი კარგად იქნებოდა“.
3. დ----- ქ------–---–მა ასევე განმარტა, რომ 1977 წელს, სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაწვევამდე, გამოიძახეს თ---–--–ი, ოცდაექვსი კომისრის რაიონის სამხედრო კომისარიატში, საიდანაც სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის მისაღებად გაგზავნეს „დოსააფის“ ავტოსკოლაში, რომელიც მდებაროებდა ქალაქ თ---–--–ი, კერძოდ: ბ-----ს დასახლებაში. „დოსააფის“ 6 - თვიანი სასწავლო კურსის გავლის შემდეგ, სახელმწიფო ავტოინსპექციის საგამოცდო კომისიას სხვა მსმენელებთან ერთად, ჩააბარა გამოცდა ავტომანქანის მართვის თეორიულ და პრაქტიკულ საკითხებში. მანვე დააზუსტა, რომ ვინაიდან მსმენელთა სიმრავლის გამო, პრაქტიკული გამოცდა მიმდინარეობდა ორი ავტომანქანით და უშუალოდ მან პრაქტიკული გამოცდა ჩააბარა - „უაზის“ მარკის (ექვს ადამიანზე გათვალისწინებული, მსუბუქი ტიპის) ავტომანქანაზე. მოწმის განმარტებით, სწავლების პროცესში მასწავლებლისგან იცოდა, რომ მსმენელები მიიღებდნენ ,,B“ და ,,C“ კატეგორიების მართვის მოწმობას. რაც შეეხება საგამოცდო ფურცელს, რომლის მიხედვითაც, დ----- ქ------–---–ს გამოცდა ჩაბარებული აქვს „C“ კატეგორიის ავტომანქანების მართვაში და გამოცდის ჩაბარებიდან ამ საქმეზე გამოძიების დაწყებამდე ინახებოდა მასთან, მოწმემ განმარტა, რომ ამ დოკუმენტისთვის არსებითი ყურადღება არ მიუქცევია, ვინაიდან პროფესიონალი მძღოლი არ არის და ის მოიძია მხოლოდ გამომძიებელთან დაბარების შემდეგ. მოწმის განმარტებით, მას არანაირი მონაწილეობა არ მიუღია მასზე გაცემული მართვის მოწმობის შევსება-მომზადებაში, ვინაიდან, მართალია, მართვის მოწმობისა და გაფრთხილების ტალონის მიღებაზე წინასწარ მოაწერინეს ხელი სახელმწიფო ავტოინსპექციის რეესტრში (რომელიც გამოიკვლიეს სასამართლო სხდომაზე), მაგრამ მართვის მოწმობა და გაფრთხილების ტალონი, რომლითაც მინიჭებული აქვს „B“ და „C“ კატეგორიებს მიკუთვნებული ავტომანქანების მართვის უფლება, ხელზე მიიღო მხოლოდ 1978 წლის მაისში, სამხედრო-სავალდებულო სამსახურის გავლის მიზნით მოლდავეთში ჩასვლის შემდეგ, სადაც ფიზიკურად გადაეცა მართვის მოწმობა და ჩააბარეს ,,ურალის” მარკის სატვირთო ავტომანქანა. მისივე განმარტებით, მისთვის უცნობია, 1978 წელს რომელი კანონი აწესრიგებდა მართვის მოწმობების გაცემას.
4. ბრალდებულმა დ----- ქ------–---–მა კატეგორიულად უარყო მის მიერ წინასწარი შეცნობით ყალბი დოკუმენტის გამოყენების ფაქტი და დაკითხვისას არაერთხელ დააზუსტა, რომ ვინაიდან სწავლობდა პროფესიონალურ კლასზე მას უნდა აეღო მართვის მოწმობა ,,B“ და ,,C“ კატეგორიებში და ამდენად მოწმობაში შეტანილ მონაცემებში ეჭვი არ შეპარვია.
5. გამომძიებელთან დ----- ქ------–---–-ს აღნიშნული შეხვედრის ფაქტსა და შეხვედრის მიზეზებს ადასტურებს მოწმის სახით დაკითხული ნ-------- მ-----, რომელმაც განმარტა, რომ მასთან სტუმრად მყოფი დ----- ქ------–---–- ჩაიყვანა რ-------–ი, სადაც მიიყვანა პოლიციის განყოფილებაში. პოლიციის თანამშრომელმა, რომლის ვინაობაც მისთვის უცნობია, დ----- ქ------–---–- შეიყვანა სამუშაო ოთახში, ხოლო იგი გარეთ ელოდებოდა. გარკვეული დროის შემდეგ პოლიციელის სამუშაო ოთახიდან გამოსულმა დ----- ქ------–---–მა, რომელსაც ეტყობოდა აღელვება, სთხოვა ნ-------- მ-----ს პოლიციელის ოთახში შესვლა, ვინაიდან თვითონ ვერ გაიგო, რას ედავებოდნენ. მათ პოლიციელმა აუხსნა, რომ დ----- ქ------–---–ს გაყალბებული ჰქონდა მართვის მოწმობა, რაც ითვალისწინებს ერთიდან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას, ფულად ჯარიმას ან განრიდებას. პოლიციის თანამშრომელს დ----- ქ------–---–მა უპასუხა, რომ მართვის მოწმობის აღებიდან 40 წელი იყო გასული და რა გაყალბებაზე იყო საუბარი არ ესმოდა, მაგრამ პოლიციის თანამშრომელმა ისევ გაუმეორა, რომ კანონის თანახმად, აღნიშნული წარმოადგენდა სამართალდარღვევას და დ----- ქ------–---–ს დაეკისრებოდა პასუხისმგებლობა. გარკვეული დროის შემდეგ დ----- ქ------–---–-სგან გაიგო, რომ მან რაღაც დოკუმენტს მოაწერა ხელი, რომლის შინაარსს, მართალია, არ გასცნობია, თუმცა პოლიციელისგან მიიღო დაპირება, რომ „ყველაფერი კარგად იქნებოდა“. მოწმის განმარტებით, მოგვიანებით შეიტყო, რომ დ----- ქ------–---–ს ხელი მოუწერია ჩვენებაზე, რომლითაც თითქოსდა, აღიარებდა დანაშაულის ჩადენას.
6. სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარის შუამდგომლობით გამოქვეყნდა დ----- ქ------–---–-ს გამოკითხვის ოქმი რომლის თანახმად, დ----- ქ------–---–მა 1978 წელს თ---–--–ი, ,,დოსააფის“ ავტოსკოლაში, გაიარა მართვის მოწმობის მიღების კურსი, რის შემდეგაც მან ჩააბარა გამოცდები შესაბამის სამსახურში და აიღო მართვის მოწმობა „C“ კატეგორიით, თუმცა მართვის მოწმობის აღების დროს მას ჩაუწერეს „B“ კატეგორიაც ისე, რომ არ ჩაუბარებია შესაბამისი გამოცდები აღნიშნული კატეგორიისათვის. 2017 წლის 29 დეკემბერს მივიდა მომსახურების სააგენტოში, წარადგინა კუთვნილი მართვის მოწმობა სერიით А----------- ,,B”, ,,C” კატეგორიებით და მოითხოვა მისი შეცვლა იმავე ,,B”, ,,C” კატეგორიებით. მას გამოცდები კანონით დადგენილი მოთხოვნების დაცვით ჩაბარებული და გავლილი ჰქონდა „C“ კატეგორიისათვის. „B“ კატეგორიისათვის გამოცდები არ ჩაუბარებია და მის მართვის მოწმობაში ,,B” კატეგორიასთან დაკავშირებით შეტანილი იყო არასწორი, ყალბი მონაცემები.
7. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული, დ----- ქ------–---–-ს მიერ წარდგენილი, 1978 წლის 20 თებერვლით დათარიღებული საგამოცდო ბარათის თანახმად, დ----- ქ------–---–ს ჩაბარებული აქვს გამოცდა „C“ კატეგორიაში.
8. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოწმის სახით დაიკითხნენ ნ-------- ს--------–--- და გ--- ბ-------–---–-. მოწმეებმა დაადასტურეს დ----- ქ------–---–-ს ჩვენების ის ნაწილი, რომელშიც იგი უთითებდა, ბ-----ს დასახლებაში მდებარე ავტოსკოლაში 6 - თვიანი სასწავლო კურსის გავლას, რომლის შემდეგაც მხოლოდ ერთხელ ჩაბარებული თეორიული და პრაქტიკული გამოცდით შეეძლოთ აეღოთ ავტომანქანის მართვის უფლება ორივე კატეგორიისთვის.
9. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული წერილობითი მტკიცებულებების მიხედვით: 2017 წლის 29 დეკემბრის სსიპ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს ცენტრალური ბიუროს სარეგისტრაციო და საგამოცდო უზრუნველყოფის სამმართველოს საგამოცდო უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის, სახელზე 2017 წლის 29 დეკემბერს დაწერილი განცხადებით, დ----- ქ------–---–- ითხოვს მისი კუთვნილი მართვის მოწმობის, სერიით А----------- ,,B” და ,,C” კატეგორიებით შეცვლას. 2017 წლის 29 დეკემბრის N--------- ქვითრის მიხედვით, დ----- ქ------–---–ს სს „ლიბერთი ბანკში“ სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის ან ტრამვაის მართვის მოწმობის ასაღებად გადახდილი აქვს 15 (თხუთმეტი) ლარი და 1 (ერთი) ლარი - ბანკის მომსახურების საკომისიო, ჯამურად - 16 (თექვსმეტი) ლარი. შპს ,,ო-–---------ს“ მიერ 2017 წლის 29 დეკემბერს გაცემული (ფორმა N IV-100) N---- ცნობით დ----- ქ------–---–- ვარგისია ,,B”, ,,C” კატეგორიების სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებად. 2018 წლის 31 იანვრის 4----------------- სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობით ირკვევა, რომ დ----- ქ------–---–-ს სახელზე სატრანსპორტო საშუალება რეგისტრირებული არ არის და არც ყოფილა. საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თ---–---ს მთავარი სამმართველოს სამართალდარღვევათა აღრიცხვისა და ანალიზის განყოფილების უფროსის წერილით ირკვევა, რომ დ----- ქ------–---–-ს სახელზე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევები არ ფიქსირდება.
10. დ----- ქ------–---–-ს სახელზე გაცემული N-------- სამხედრო მოწმობით დადგენილია, რომ დ----- გ-------- ძე ქ------–---–- 1978 წლის 7 მაისს გაიწვიეს სამხედრო სამსახურში და 1980 წლის 17 მაისს სსრკ თავდაცვის სამინისტროს 1980 წლის 23 მარტის N-- ბრძანებით დათხოვნილია თადარიგში საქართველოს სსრ თ---–---ს მთავარ სამხედრო კომისარიატში. N------ მოწმობის თანახმად, დ----- ქ------–---–- 1977 წლის 28 სექტემბრიდან 1978 წლის 17 თებერვლამდე სწავლობდა არმიის, ავიაციისა და ფლოტის ხელშემწყობი ნებაყოფლობითი საზოგადოების (დოსააფის) ქ. თ---–---ს ავტოსკოლაში მე-3 კლასის ავტომობილის მძღოლის მომზადების პროგრამაზე, რომელიც წარმატებით ჩააბარა და მიენიჭა მე-3 კლასის ავტომობილის მძღოლის კვალიფიკაცია. ამავე მოწმობის მიხედვით - 1978 წლის 25 თებერვალს დ----- ქ------–---–ზე გაიცა А---------- მართვის მოწმობა მე-3 კლასით გათვალისწინებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების მართვის უფლებით, რაც დადასტურებულია უფლებამოსილი პირის ხელმოწერით.
11. დ----- ქ------–---–-ს სახელზე გაცემული А------------- მართვის მოწმობის თანახმად (რომელიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ), 1978 წლის 25 თებერვალს დ----- ქ------–---–-ს სახელზე სახელმწიფო ავტოინსპექციამ გასცა მართვის მოწმობა, რომლითაც მიენიჭა უფლება, მართოს „B“ და „C“ კატეგორიებს მიკუთვნებული ავტოსატრანსპორტო საშუალებები. დ----- ქ------–---–ზე გაცემული N------ გაფრთხილების ტალონის თანახმად, 1978 წლის 25 თებერვალს დ----- ქ------–---–-ს სახელზე გაიცა სახელმწიფო ავტოინსპექციის მიერ გაფორმებული А----------- მართვის მოწმობის სავალდებულოდ თანმხლები გაფრთხილების ტალონი „B“ და „C“ კატეგორიებს მიკუთვნებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე მართვის უფლებით.
12. საქართველოს შსს საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის გრაფიკული და დოკუმენტების ტექნიკური ექსპერტიზის 2018 წლის 15 თებერვლის N------- დასკვნით, რომელის სისწორეც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, დ----- ქ------–---–-ს სახელზე გაცემული А----------- მართვის მოწმობის ბლანკი დამზადებულია სტამბური წესით და აქვს ნამდვილი დოკუმენტის მახასიათებლები. მართვის მოწმობაზე არსებული ბეჭდისა და შტამპების ანაბეჭდები დატანილია ფაბრიკული წარმოების წესის დაცვით დამზადებული ბეჭდითა და შტამპებით. დოკუმენტის გრაფაში ,,Председатель комиссии“ არსებული ხელმოწერა დატანილია საწერი საშუალებით. მართვის მოწმობაში ცვლილებები არ აღინიშნება. მართვის მოწმობის გაცემის რეესტრის მიხედვით, 1978 წლის 22 თებერვალს დ----- ქ------–---–ს გადაეცა N А----------- სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობა და N-------- გაფრთხილების ტალონი, განკუთვნილი „C“ კატეგორიით გათვალისწინებული, სატრანსპორტო საშუალებებისთვის.
13. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის დანაშაულის შემადგენლობა ფორმალურია და იგი დამთავრებულად ითვლება მოქმედების ჩადენისთანავე, იქნება ეს ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, შეძენა, შენახვა გასაღების ან გამოყენების მიზნით, გასაღება, თუ გამოყენება. ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენება დამთავრებულად ითვლება ყალბი ოფიციალური დოკუმენტის ოფიციალური წარდგენის მომენტიდან, მიუხედავად იმისა, მიაღწია თუ არა პირმა სასურველ შედეგს. აღნიშნული ქმედების სუბიექტური შემადგენლობა (ყალბი პირადობის მოწმობის ან სხვა ოფიციალური დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადება, გასაღება ან გამოყენება) შესაძლებელია მხოლოდ პირდაპირი განზრახვით. ამასთანავე, ამ მუხლით კვალიფიკაციისთვის აუცილებელია, პირმა იცოდეს, რომ ოფიციალური დოკუმენტი, რომელსაც ის იყენებს, არის ყალბი.
14. საკასაციო პალატა არ იზიარებს სააპელაციო პალატის მოტივაციას, რომ დ----- ქ------–---–ს გაცნობიერებული ჰქონდა ყალბი მონაცემების შემცველი დოკუმენტის ფლობისა და გამოყენების ფაქტი, რასაც ადასტურებს ისიც, რომ დ----- ქ------–---–მა გამოძიებას თავადვე ნებაყოფლობით წარუდგინა საგამოცდო ფურცელი, რომელშიც მითითებული ინფორმაციით მან სწავლება გაიარა ,,C“ კატეგორიის პროგრამით. კატეგორიის გრაფაშიც მინიშნებულია ასევე კატეგორია ,,C“. ამდენად, დ----- ქ------–---–ს ჰქონდა სხვადასხვა შინაარსის დოკუმენტები - ერთი მხრივ, საგამოცდო ბარათი, რომელშიც მითითებული იყო ,,C“ კატეგორია და მეორე მხრივ - მართვის მოწმობა და გაფრთხილების ტალონი ,,B” და ,,C“ კატეგორიების მითითებით. სასამართლო სხდომაზე დ----- ქ------–---–მა დაადასტურა, რომ მართვის მოწმობის მიღებაზე რეესტრში შესრულებული ხელმოწერა რუსულ ენაზე მას ეკუთვნის, რეესტრში კი ასევე მითითებული იყო ,,C“კატეგორია . ამდენად, მისთვის სავსებით ნათელი იყო, რომ მართვის მოწმობასა და გაფრთხილების ტალონში „B“ კატეგორიის მითითების საფუძველი არ არსებობდა და მიუხედავად ამისა, სწორედ ისინი წარადგინა სააგენტოში და განცხადებით „B“ და „C“ კატეგორიებით მოითხოვა ახალი მართვის მოწმობის გაცემა. ეს კი მიუთითებს პროკურორის რეპლიკაში გამოთქმული შეფასების საფუძვლიანობაზე, რომ დ----- ქ------–---–- მართვის მოწმობის წარდგენით ცდილობდა ახალი მოწმობის აღებას ,,B” და ,,C“ კატეგორიებით და იმედოვნებდა, რომ ბაზაში ინფორმაცია ვერ გადამოწმდებოდა ხანგრძლივი პერიოდის გავლის გამო. სწორედ ეს ქმედება წარმოადგენს დ----- ქ------–---–-ს მიერ ყალბი დოკუმენტის გამოყენებას.
15. საკასაციო პალატა, ზემოაღნიშნული მტკიცებულებებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მოტივაციას, რომ ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც დაადასტურებდა, რომ დ----- ქ------–---–მა იცოდა მართვის მოწმობის გაყალბების ფაქტი და, ამასთანავე, მას გააჩნდა მის სახელზე გაცემული N А----------- სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობისა და N------- გაფრთხილების ტალონში მითითებული მონაცემებისადმი კანონიერი ნდობის საფუძველი, რასაც ადასტურებს შემდეგი მტკიცებულებები: 1. როგორც დ----- ქ------–---–-ს კუთვნილ მართვის მოწმობაში, ისე გაფრთხილების ტალონში, რომელიც წარმოადგენდა მართვის მოწმობის განუყოფელ დოკუმენტს, მითითებულია, რომ მას მინიჭებული ჰქონდა „B“ და „C“ კატეგორიების ავტოტრანსპორტის მართვის უფლება; 2. დ----- ქ------–---–მა „დოსააფის“ ავტოსკოლაში გაიარა ავტომობილის მძღოლის მომზადების შესაბამისი 6 - თვიანი სასწავლო პროგრამა, რის შესაბამისადაც, „დოსააფის“ მიერ გაცემული მოწმობის თანახმად, მას მიენიჭა მესამე კლასის მძღოლის სტატუსი, რაც „მძღოლის კვალიფიკაციის მინიჭების, მართვის მოწმობის გაცემის და მძღოლის სატრანსპორტო საშუალებების სამართავად დაშვების წესის შესახებ“ საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა მინისტრის 1976 წლის 13 თებერვლის N-- ბრძანებით დამტკიცებული დანართის მიხედვით, წარმოადგენს ამ ბრძანებით გათვალისწინებული „B” და „C” კატეგორიებით გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალებების მართვის უფლებას; 3. საქართველოს შსს საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის გრაფიკული და დოკუმენტების ტექნიკური ექსპერტიზის 2018 წლის 15 თებერვლის დასკვნის თანახმად, დ----- ქ------–---–-ს სახელზე გაცემულ სადავო მართვის მოწმობას ტექნიკური გაყალბების ნიშნები არ აღენიშნება; 4. დ----- ქ------–---–მა პირველი ინსტანციის სასამართლოში ჩვენების მიცემისას კატეგორიულად უარყო მის მიერ წინასწარი შეცნობით ყალბი დოკუმენტის გამოყენების ფაქტი და დაკითხვისას არაერთხელ დააზუსტა, რომ ვინაიდან სწავლობდა პროფესიონალურ კლასში, მას უნდა აეღო მართვის მოწმობა „B“ და „C“ კატეგორიებში და, ამდენად, მოწმობაში შეტანილ მონაცემებში ეჭვი არ შეჰპარვია.
16. საკასაციო პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს მართვის მოწმობისადმი დ----- ქ------–---–-ს კანონიერი ნდობის საკითხზე. მოცემულ შემთხვევაში უდავოა, რომ დ----- ქ------–---–ს კანონიერი ნდობა ჰქონდა მითითებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ, ვინაიდან წარმოდგენილი საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ იგი გაცემულია სახელმწიფო ორგანოს მიერ და ამასთანავე, ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მასში გაყალბების ნიშნები არ აღინიშნება. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული აქტის მიმართ კანონიერი ნდობა გამოირიცხება იმ შემთხვევაში, როდესაც ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია დაინტერესებული პირის კანონსაწინააღმდეგო ქმედების საფუძველზე. ასეთად შეიძლება მიჩნეულ იქნეს ყალბი დოკუმენტის, არასწორი ინფორმაციის წარდგენა, ზეწოლა, მოტყუება, ქრთამის მიცემა და სხვა. განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან დ----- ქ------–---–-ს მხრიდან მის სახელზე მართვის მოწმობის გაცემისას რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედება გამოკვეთილი არ არის, შესაბამისად, არ არსებობს კანონიერი ნდობის გამომრიცხავი გარემოება - დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედება.
17. გარდა ამისა, საკასაციო პალატა ასევე ყურადღებას ამახვილებს 1978 წელს, დ----- ქ------–---–ზე მართვის მოწმობის გაცემისას, მისი გაცემის წესზე, რომელსაც აწესრიგებდა საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა მინისტრის 1976 წლის 13 თებერვლის N-- ბრძანებით დამტკიცებული დანართი „მძღოლის კვალიფიკაციის მინიჭების, მართვის მოწმობის გაცემისა და მძღოლის სატრანსპორტო საშუალებების სამართავად დაშვების წესის შესახებ“. მითითებული წესის 1.5 პუნქტის თანახმად, ამ ბრძანების ამოქმედებიდან ძველი ნიმუშის მართვის მოწმობების ცვლილებისას მძღოლისთვის მინიჭებული მესამე კლასი შეესაბამება ამ ბრძანებით გათვალისწინებული „B” და „C” კატეგორიებით გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალებების მართვის უფლებას; ამავე წესის 1.8 და 1.9 პუნქტების თანახმად, „A“, „B“, „C“, „D“, „E“ კატეგორიას მიკუთვნებულ სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღებად მსურველს სავალდებულოდ უნდა გაევლო სასწავლო კურსი შესაბამის სასწავლო დაწესებულებაში. თავის მხრივ, სასწავლო დაწესებულებას დაევალა გამოსაშვები გამოცდების ჩატარება და შედეგების ამსახველი მკაცრი აღრიცხვის მქონე მოწმობის გაცემა; ამავე წესის 1.14 პუნქტის თანახმად, პირებს, რომელთაც მინიჭებული აქვთ კონკრეტული კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება და სურვილი აქვთ, მიიღონ უფრო დაბალი კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, ევალებათ გამოცდის ჩაბარება მხოლოდ პრაქტიკაში; ამავე წესის 2.1-2.21 პუნქტები ადგენდა სახელმწიფო ავტოინსპექციის მიერ გამოცდების მიღებისა და მართვის მოწმობის გაცემის ორგანიზაციულ წესებს, რომელთა მიხედვით, მართვის მოწმობაში პერსონალური მონაცემებისა და მინიჭებული უფლებრივი კატეგორიების შევსება ხდებოდა მართვის მოწმობის მიმღები პირის უშუალო მონაწილეობის გარეშე; ამავე წესის 2.23 პუნქტის შესაბამისად მართვის მოწმობა გაიცემოდა პირადად მიმღებზე ხელწერილით, პასპორტის ან მისი შემცვლელის წარდგენის შემდეგ; ამავე წესის 2.13, 2.24 და 2.25 პუნქტების თანახმად, განსაზღვრულია მართვის მოწმობასთან ერთად სავალდებულოდ გაფრთხილების ტალონის გაცემის წესი და მისი მნიშვნელობა, კერძოდ, მართვის მოწმობა გაფრთხილების ტალონის გარეშე არ მიიჩნევა სრულყოფილ დოკუმენტად, ხოლო მართვის მოწმობის ჩამორთმევის შემთხვევაში გაფრთხილების ტალონი მის მფლობელს უფლებამოსილებას აძლევდა, არანაკლებ 15 დღე-ღამის განმავლობაში ემართა ტალონში მითითებულ კატეგორიებს მიკუთვნებული სატრანსპორტო საშუალებები.
18. საკასაციო პალატა ამ შემთხვევაშიც იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მოტივაციას, რომ ზემოთ მითითებული წესის თანახმად, საგამოცდო ფურცელი, თავის მხრივ, წარმოადგენდა დოკუმენტს, რომელიც ადასტურებდა იმას, თუ კონკრეტულად რომელი კატეგორიის მართვის მოწმობის მისაღებად ჩააბარა პირმა გამოცდა, მაგრამ საბოლოო დოკუმენტად მიიჩნეოდა მართვის მოწმობა თანმხლები გაფრთხილების ტალონით, რომლებიც დამოუკიდებლად, საგამოცდო ფურცლის გარეშე, ანიჭებდნენ პირს უფლებას, ემართა ცალკეულ კატეგორიას მიკუთვნებული სატრანსპორტო საშუალებები, მითუფრო მაშინ, როდესაც დ----- ქ------–---–მა პირველი ინსტანციის სასამართლოში მიცემული ჩვენებისას განაცხადა, რომ მან ავტომანქანის მართვის პრაქტიკული გამოცდა ჩააბარა მსუბუქი ავტომანქანით და „დოსააფის“ ავტოსკოლაში 6 - თვიანი სასწავლო კურსის გავლისას მასწავლებელმაც განუმარტა, რომ მართვის მოწმობის „B” და „C” კატეგორიებს ერთად მიიღებდა. მის ჩვენებას ადასტურებენ ასევე მოწმეები - ნ-------- ს--------–--- და გ--- ბ-------–---–-, რომლებმაც განაცხადეს, რომ მითითებულ ავტოსკოლაში 6 - თვიანი სასწავლო კურსის გავლის შედეგად, მხოლოდ ერთხელ ჩაბარებული თეორიული და პრაქტიკული გამოცდით შეეძლოთ, აეღოთ ავტომანქანის მართვის უფლების მოწმობა ორივე კატეგორიით. მათი ჩვენებებით დადგენილია, რომ ორივე მათგანმა 6 - თვიანი სასწავლო კურსი გაიარა „დოსააფის“ ავტოსკოლაში, რის შემდეგაც მათ მიენიჭათ „B” და „C” კატეგორიების ავტომანქანების მართვის უფლება.
19. აღნიშნულის საპირისპიროდ, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, რომლებიც საფუძვლად დაედო გამამტყუნებელ განაჩენს უტყუარად არ დასტურდება, რომ დ----- ქ------–---–ს გაცნობიერებული ჰქონდა ყალბი მონაცემების შემცველი დოკუმენტის ფლობისა და გამოყენების ფაქტი, კერძოდ, ეს მტკიცებულებებია: საგამოცდო ფურცელი, რომელიც თვითონ მსჯავრდებულმა ნებაყოფლობით წარუდგინა გამოძიებას. მასში აღნიშნულია, რომ მან სწავლება გაიარა ,,C“ კატეგორიის პროგრამით; მართვის მოწმობისა და გაფრთხილების ტალონის გაცემის რეესტრი, რომლის შესაბამისად, დ----- ქ------–---–-ს სახელზე მართვის მოწმობა გაიცა „C“ კატეგორიით, 1978 წლის 22 თებერვალს და მის ჩაბარებაზე ხელს აწერს დ----- ქ------–---–-, ხოლო ხელმოწერის ნამდვილობას იგი სადავოდ არ ხდის; დ----- ქ------–---–-ს მიერ წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენება.
20. საკასაციო პალატა ამ ნაწილშიც სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მოტივაციას და აღნიშნავს, რომ მითითებული მტკიცებულებებით არ დასტურდება დ----- ქ------–---–-ს ბრალეულობა და, ამასთანავე, არ იკვეთება, თუ რა ვითარებაში რა შეხება ჰქონდა დ----- ქ------–---–ს, ან რა სახით მონაწილეობდა 1978 წელს გაცემულ მართვის მოწმობის გაყალბებაში, მითუფრო იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ საგამოცდო ფურცელი თავად მან წარუდგინა გამოძიებას, ხოლო მართვის მოწმობის გაცემის რეესტრის თანახმად, დ----- ქ------–---–-ს სახელზე მართვის მოწმობა გაიცა, თითქოსდა, 1978 წლის 22 თებერვალს, მაშინ, როდესაც გასაცემი მართვის მოწმობა და გაფრთხილების ტალონი დამზადებულია 1978 წლის 25 თებერვალს. ამასთან, დადგენილია, რომ 1978 წლის 22 თებერვალი იყო ოთხშაბათი, ხოლო 1978 წლის 25 თებერვალი - შაბათი, რაც რეესტრში მითითებული მონაცემების უტყუარობაში ეჭვის შეტანის უპირობო საფუძველია.
21. რაც შეეხება დ----- ქ------–---–-ს მიერ წინასწარ გამოძიებაში მიცემულ ჩვენებას, სადაც მან დაადასტურა, რომ მართვის მოწმობის გაცემისას იცოდა, რომ მასში შეტანილი იყო არასწორი ინფორმაცია, საკასაციო პალატა აღნიშნავს შემდეგს: მართალია, მის მიერ წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენება სასამართლოში არსებითი განხილვის ეტაპზე ბრალდების მხარის შუამდგომლობის საფუძველზე გამოქვეყნდა, მაგრამ, როგორც უკვე აღინიშნა, პირველი ინსტანციის სასამართლოში ჩვენების მიცემისას დ----- ქ------–---–მა კატეგორიულად უარყო თავდაპირველი ჩვენება, თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასამართლოში განაცხადა, რომ მას მართვის მოწმობაში შეტანილი მონაცემები საეჭვოდ არ მიუჩნევია. საკასაციო პალატა დ----- ქ------–---–-ს მიერ სასამართლოში მიცემულ ჩვენებას უფრო სარწმუნოდ, სანდოდ და დამაჯერებლად მიიჩნევს, ვინაიდან მან გამოძიებას ნებაყოფლობით, საკუთარი სურვილით წარუდგინა საგამოცდო ფურცელი, რომლის დამალვა და საერთოდ არგამოჩენა, ბუნებრივია, მას შეეძლო, ასევე - მან არ უარყო მართვის მოწმობის გაცემის რეესტრზე არსებული მისი ხელმოწერის ნამდვილობა. ყოველივე აღნიშნული კი ნათლად მიუთითებს მისი ქმედებების გულწრფელობასა და საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის სურვილზე.
22. გარდა ამისა, საკასაციო პალატა ასევე ყურადღებას ამახვილებს სააპელაციო პალატის მსჯელობაზე, რომლითაც დაეთანხმა პროკურორის პოზიციას, რომ დ----- ქ------–---–- მართვის მოწმობის წარდგენით ცდილობდა ახალი მოწმობის აღებას „B“ და „C“ კატეგორიებით და იმედოვნებდა, რომ ბაზაში ინფორმაცია ვერ გადამოწმდებოდა ხანგრძლივი დროის გასვლის გამო და მიუთითებს შემდეგს: როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, დ----- ქ------–---–-ს მართვის მოწმობა დამზადებულია 1978 წლის 25 თებერვალს, ხოლო ახალი მართვის მოწმობის ასაღებად მომსახურების სააგენტოს მან მიმართა 2017 წლის 29 დეკემბერს. დადგენილია ისიც, რომ მას 1978 წლიდან 2017 წლის 29 დეკემბრამდე პერიოდში, თითქმის 40 წელი, ავტოსატრანსპორტო საშუალება არასოდეს ჰყოლია, რის შესაბამისადაც, სააპელაციო პალატის მოტივაცია, რომ დ----- ქ------–---–ს მართვის მოწმობის აღებიდან თითქმის 40 წლის გასვლის შემდეგ გაუჩნდა ყალბი მოწმობის გამოყენების სურვილი, არალოგიკურია, მოკლებულია დამაჯერებლობას და წარმოადგენს მხოლოდ ვარაუდს, რაც არ დასტურდება საქმეზე წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით.
23. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი და უტყუარად ვერ ადასტურებს, რომ დ----- ქ------–---–მა ჩაიდინა ბრალად შერაცხული ქმედება, ვინაიდან საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე–6 მუხლის მე–2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი, ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, ითვლება უდანაშაულოდ, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალდების მხარეს და ნებისმიერი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე - „ბარბერა, მესაგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ“ (Barbera, Messegue a. Jabardo v ESP, No. 10590/83, § 77). საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის, 259-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 273-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა დასაბუთებული უნდა იყოს. გამამტყუნებელ განაჩენში უნდა აღინიშნოს უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
23. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ დ----- ქ------–---–-, მტკიცებულებათა არასაკმარისობის გამო, უნდა გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით შერაცხულ ბრალდებაში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ დ----- ქ------–---–-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ-----–---- წ---–--------ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. დ----- ქ------–---–- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში;
3. გამართლებულ დ----- ქ------–---–ს განემარტოს, რომ უფლება აქვს, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება;
4. ნივთმტკიცება - მართვის მოწმობა, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;
5. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი
პ. ქათამაძე