განჩინება

სისხლის სამართლის 11.03.2019
საქმის ნომერი
330100117002074786
თარიღი
11.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100117002074786

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№487აპ-18 ქ. თბილისი

ზ------ა გ----–ი, 487აპ-18 11 მარტი, 2019 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 25 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულ გ----–ი ზ------ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი--–---- ხ----–--–--ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 10 აპრილის განაჩენით:

 

გ----–ი ზ------ა, --------------–-------–-–---------------, ნასამართლევი, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 2 წლით;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 6 წლით;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ----–ი ზ------ას ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის საფუძველზე გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 29 ივლისის განაჩენით დანიშნული და სენაკის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 28 იანვრის განჩინებით ამნისტიის საფუძველზე შემცირებული პირობითი მსჯავრი - თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და 9 თვით, 4 წლითა და 9 თვით გამოსაცდელი ვადით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის ნაწილი - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ----–ი ზ------ას ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 7 წლით.

გ----–ი ზ------ას სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი და სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 22 ივლისიდან.

 

გ------- დ--------ა, - დ----------–-------–-–------------------- ნასამართლობის არმქონე, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ ე---------- ჭ------ის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 5 წლითა და 6 თვით;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ თ----- ტ------ის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 4 წლით;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ------- დ--------ას ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლითა და 6 თვით.

გ------- დ--------ას სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი და სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 21 ივლისიდან.

 

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 25 ივნისის განაჩენით მსჯავრდებულ გ----–ი ზ------ასა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატის ი--–---- ხ----–--–--ას სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 10 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.

 

3. თბილისის სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ----–ი ზ------ამ ჩაიდინა ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; აგრეთვე ცივი იარაღის ტარება, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ.

 

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ.

 

5. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით დაცვის მხარე ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 25 ივნისის განაჩენში ცვლილების შეტანასა და ე---------- ჭ------ის მიმართ ჩადენილი ძარცვის ეპიზოდში გ----–ი ზ------ას მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოანას, ხოლო საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელის - 2 წლით თავისუფლების აღკვეთის - ჯარიმით, 1000 ლარით შეცვლას.

6. კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებები აშკარად ეწინააღმდეგება საქმის ფაქტობრივ გარემოებებს; გ----–ი ზ------ა არ უარყოფს 2018 წლის 23 ივნისს გ------- დ--------ასთან ერთად ყოფნის ფაქტს, თუმცა ვ-----–ის მოედანზე მან მისი ოჯახის (და არა დაზარალებულის) კუთვნილი ოქროს ჯვარი და ძეწკვი ჩააბარა, რის სანაცვლოდაც 2080 ლარი მიიღო; გ. ზ------ა პოლიციის თანამშრომლებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე მის მიმართ საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარე საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების შემდეგ დააკავეს; კასატორი უთითებს, რომ ამოცნობამდე დაზარალებულმა ნახა ბრალდებული.

7. დაცვის მხარე სავალდებულოდ მიიჩნევს, რომ დაზარალებულს ზუსტად ახსოვდეს თუ როგორ შეიძინა ნივთი, რომელიც ძარცვის შედეგად გასტაცეს; როდესაც ე---------- ჭ------ემ დაინახა ბრალდებულები მაშინვე არ შეატყობინა პოლიციას და ამის მიზეზად მიუთითა იმაზე, რომ ქალაქიდან გასვლას აპირებდა.

8. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

 

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

 

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

 

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

 

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

 

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

 

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

 

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

 

9. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

 

10. დაზარალებული მოწმის - ე---------- ჭ------ის დაკითხვის ოქმი, ამოცნობის ოქმი, შესყიდვის აქტი, ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმი და საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები უტყუარად ადასტურებენ გ----–ი ზ------ას მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენას.

 

11. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ ამომწურავად იმსჯელა ყველა იმ საკითხზე, რაზეც საკასაციო საჩივარში დაცვის მხარე აპელირებს (მათ შორის: დაზარალებულის ჩვენების მ----- გ------–-–---–ის ჩვენებასთან შეუსაბამობაზე, დაკავების ზუსტ დროსთან დაკავშირებით და ამოცნობის ოქმის შინაარსის თაობაზე), რასაც საკასაციო პალატა ეთანხმება და იზიარებს. რაც შეეხება სხვა გარემოებას, რაც საკასაციო პალატის შეფასების საგანი შეიძლება გამხდარიყო, დაცვის მხარეს საჩივარში არ მიუთითებია.

 

12. გ----–ი ზ------ასათვის დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ განაჩენთა ერთობლიობით, ნაწილობრივი შეკრების პრინციპის საფუძველზე საბოლოოდ დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. სააპელაციო სასამართლომ სასჯელის დანიშვნის დროს გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ მოთხოვნები, მხედველობაში მიიღო პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება (გ. ზ------ას მიერ დანაშაულის ნაწილობრივი აღიარება) და ისე დანიშნა შესაბამისი სასჯელი.

 

13. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

 

14. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. მსჯავრდებულ გ----–ი ზ------ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი--–---- ხ----–--–--ას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

 

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

 

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

 

პ. ქათამაძე