განჩინება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010141318700066705
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №583აპ-18 ქ. თბილისი
ა----------ე გ-------, 583აპ-18 19 მარტი, 2019 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),გიორგი შავლიაშვილი, პაატა ქათამაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 10 ივლისის განაჩენზე თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანა სიგუასა და მსჯავრდებულ გ------- ა----------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს------ მ----------ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების არსი:
ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, გ------- ა----------ეს ბრალი დაედო ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში, ესე იგი სხეულის დაზიანებაში, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის; განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარებაში, რაც გამოიხატა შემდეგში: 2016 წლის 15 აგვისტოს, დღის საათებში, ქ.თ---–--–ი, დ---------ს ქ. №--ის მიმდებარე ტერიტორიაზე, გ------- ა----------ემ ნ-----–---- ა--–---–ს დანის გამოყენებით, გულმკერდის არეში განზრახ მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო ორი ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა, რამაც ნ-----–---- ა--–---–ის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გამოიწვია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 18 აგვისტოს განაჩენით გ------- ა----------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით (3 ეპიზოდი), რისთვისაც მიესაჯა (განაჩენთა ერთობლიობით) 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით და ჯარიმა - 1000 ლარი.
2016 წლის 15 აგვისტოს, დღის საათებში, ქ.თ---–--–ი, დ---------ს ქ. #--ის მიმდებარე ტერიტორიაზე, გ------- ა----------ე უკანონოდ ატარებდა ცივ იარაღს - დანას.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 18 სექტემბრის განაჩენით:
გ------- ა----------ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 122-ე მუხლზე.
გ------- ა----------ე, - დაბადებული 1--- წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 122-ე მუხლით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 2381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე სსკ-ის 122-ე მუხლით შეფარდებულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა - 1 წლით თავისუფლების აღკვეთამ – შთანთქა სსკ-ის 2381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით შეფარდებული ნაკლებად მკაცრი სასჯელი - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და დანაშაულთა ერთობლიობით მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით შეფარდებულმა სასჯელმა - 1 წლით თავისუფლების აღკვეთამ – შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 18 აგვისტოს განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 1000 ლარი და გ------- ა----------ეს საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის ზომად განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2017 წლის 18 სექტემბრიდან.
განაჩენით გ------- ა----------ეს მსჯავრი დაედო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებაში აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით; ასევე – განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარებაში. მისი დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2016 წლის 15 აგვისტოს, დღის საათებში, ქ.თ---–--–ი, დ---------ს ქ. №--ის მიმდებარე ტერიტორიაზე, გ------- ა----------ემ აუცილებელი მოგერიების ფარგლებს გადაცილებით ნ-----–---- ა--–---–ს დანის გამოყენებით, გულმკერდის არეში მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო ორი ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა, რამაც ნ-----–---- ა--–---–ის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გამოიწვია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 18 აგვისტოს განაჩენით გ------- ა----------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით (3 ეპიზოდი), რისთვისაც საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვრა 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობითად, 2 წლის გამოსაცდელი ვადით და ჯარიმა - 1000 ლარი.
2016 წლის 15 აგვისტოს, დღის საათებში, ქ.თ---–--–ი, დ---------ს ქ. #--ის მიმდებარე ტერიტორიაზე, გ------- ა----------ე უკანონოდ ატარებდა ცივ იარაღს - დანას.
3. აპელანტის მოთხოვნა:
აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.
ბრალდების მხარე სააპელაციო საჩივრით ითხოვდა განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: გ------- ა----------ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში; ხოლო დაცვის მხარე - განაჩენის გაუქმებასა და გ. ა----------ის გამართლებას.
4. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 10 ივლისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 18 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. გასაჩივრებული განაჩენის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის დისპოზიციის თანახმად, სისხლის სამართლის წესით აკრძალულ და დასჯად ქმედებას წარმოადგენს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება. ესე იგი პირის ქმედება მიმართული უნდა იყოს იმისკენ და მის მიზანს უნდა წარმოადგენდეს ის, რომ მსხვერპლს მიაყენოს ჯანმრთელობის დაზიანება, რაც განსახილველ შემთხვევაში არ დგინდება. მსჯავრდებულის და ფაქტის შემსწრე მოწმეების ჩვენებებით უტყუარად არის დადგენილი, რომ კონფლიქტის ინიციატორი თავად დაზარალებული იყო, რომელმაც თანმხლებ პირთან ერთად მიაკითხა გ------- ა----------ეს საცხოვრებელ სახლში, გამოიყვანეს საცხოვრებელი სახლის ეზოდან და ჩხუბი დაუწყეს, შემდეგ წააქციეს და წიხლებით სცემდნენ. სწორედ ამ ვითარებაში მიაყენა გ------- ა----------ემ ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება ნ-----–---- ა--–---–ს.
მსჯავრდებულ გ------- ა----------ისა და მოწმეების - მ----- ა--–---–---–--ა და გ---- ჭ-------ს დაკითხვის ოქმებში მითითებული გარემოებების უტყუარობას, რომ თავად დაზარალებულმა და მისმა თანმხლებმა პირმა სცემეს გ------- ა----------ეს, ადასტურებს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 26 აგვისტოს №--------- დასკვნა და სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 13 სექტემბრის №--------- დასკვნა, რომელთა თანახმად, გ------- ა----------ეს სასამართლო – სამედიცინო შემოწმებისას სხეულზე აღენიშნებოდა მრავლობითი დაზიანებანი -ნაჭდევების, სისხლნაჟღენთების, ჭრილობებისა და ნაკაწრების სახით, რომლებიც ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს (2016 წლის 15 აგვისტოს). ხოლო ნ-----–---- ა--–---–ს, გარდა ორი ნაკვეთ - ნაჩხვლეტი ჭრილობისა, რომელიც მხარეებსაც არ გაუხდიათ სადავოდ, ექსპერტიზის დასკვნაში სხვა დაზიანების თაობაზე მითითებული არ არის. ამასთან, საგულიხმოა, რომ ამავე ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ნ-----–---- ა--–---–ს პირიდან ამოსდიოდა ალკოჰოლის სუნი. 2017 წლის 15 აგვსიტოს ნ-----–---- ა--–---–ის მიერ გ------- ა----------ის ცემის ფაქტი სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას დაადასტურა ასევე სახელმწიფო ბრალმდებელმა და დასკვნითი სიტყვის ჩამოყალიბების დროს მიუთითა, რომ მოცემულ ფაქტზე არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენი, რომლითაც ნ-----–---- ა--–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ გ------- ა----------ის ცემის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძველი რედაქცია), ხოლო განაჩენს საფუძვლად დაედო სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 26 აგვისტოს №--------- დასკვნა, რომელიც ასევე ადასტურებს ცემის შედეგად გ------- ა----------ისთვის მიყენებულ დაზიანებებს. ეს კი არის იმის კიდევ ერთი დამადასტურებელი გარემოება, რომ გ------- ა----------ე ნამდვილად იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში.
შესაბამისად, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა დაზარალებულ ნ-----–---- ა--–---–ის დაკითხვის ოქმში მითითებული გარემოება იმის თაობაზე, რომ ინციდენტის დღეს შემთხვევით შეხვდა გ------- ა----------ეს, რომელთანაც შელაპარაკების ნიადაგზე დაიწყო ძიძგილაობა, ორივე წაიქცა და ისე განაგრძეს ჩხუბი, რა დროსაც იგრძნო ტკივილი გულმკერდის არეში და რომ იგი ამ დროს მარტო იმყოფებოდა. აღნიშნული ვერსია ეწინააღმდეგება როგორც მოწმეთა დაკითხვის ოქმებში მითითებულ ინფორმაციას, ისე – ექსპერტიზის დასკვნებს, ხოლო საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება, რომელიც დაზარალებულის ამ ვერსიას დამაჯერებლობას შეჰმატებდა, უფრო მეტიც: ნ-----–---- ა--–---–ის გ------- ა----------ესთან შემთხვევით შეხვედრის ვერსიას გამორიცხავს გ------- ა----------ის მობილურ ტელეფონზე შემავალი და გამავალი ზარების ამონაწერი, რითაც დასტურდება დაზარალებულის ხშირი სატელეფონო კონტაქტი გ------- ა----------ესთან. ამასთან, 14 აგვისტოს, (შემთხვევის წინა დღეს) გ------- ა----------ესა და დაზარალებულის ბიძას შორის არსებულ კონფლიქტზე გაღიზიანებული ნ-----–---- ა--–---–ის სურვილს მსჯავრდებულთან შეხვედრის შესახებ ასევე ადასტურებს თავად ნ-----–---- ა--–---–ის ბიძა - ვ--–---- კ-------–---–-ც.
ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასების შედეგად სააპელაციო პალატა სრულად დაეთანხმა 1-ლი ინსტანციის სასამართლოს, როდესაც გ------- ა----------ის ქმედება მიიჩნია აუცილებელი მოგერიების ფარგლებს გადაცილების შემთხვევაში მიყენებულ ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებად, ვინაიდან გ------- ა----------ე ფაქტობრივად იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, რა დროსაც მან თავის დაცვის მიზნით, რათა შეეჩერებინა თავდასხმა, რომ მის ჯანმრთელობას/სიცოცხლეს საფრთხე არ შეჰქმნოდა, ჩხუბის დროს ამოიღო ჯიბიდან დანა და თავდასხმის მოსაგერიებლად, გულმკერდის არეში ორჯერ დაარტყა ნ-----–---- ა--–---–ს, თუმცა მან თავისი სამართლებრივი სიკეთის (სიცოცხლისა და ჯანმრთელობის) დასაცავად გამოიყენა ისეთი საშუალება, რაც აშკარად შეუსაბამო იყო მასზე თავდასხმის ხასიათსა და საშიშროებასთან. კერძოდ, განსახილველ შემთხვევაში ნ-----–---- ა--–---–ი იყო მთვრალი, არ იყო შეიარაღებული რაიმე საგნით, ხოლო გ------- ა----------ემ ნ-----–---- ა--–---–ისთვის სიცოცხლისათვის სახიფათო - გულმკერდის არეში დანის ორჯერ დარტყმით გადაამეტა აუცილებელი მოგერიების ფარგლებს, რამაც გამოიწვია ნ-----–---- ა--–---–ის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება.
რაც შეეხება დაცვის მხარის პოზიციას გ------- ა----------ის საქართველოს სსკ-ის 2381–ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში უდანაშაულოდ ცნობის თაობაზე, სააპელაციო პალატამ მიუთითა აღნიშნული მუხლის დისპოზიციაზე, რომლის თანახმად, სისხლის სამართლის წესით აკრძალულ და დასჯად ქმედებას წარმოადგენს განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება.
განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ გ------- ა----------ე ნასამართლევია თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 18 აგვისტოს განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით (ნაკლებად მძიმე დანაშაული). ამასთან, დანაშაულის ჩადენის დროს, 2016 წლის 15 აგვისტოს, გ------- ა----------ეს ნასამართლობა კანონით დადგენილი წესით მოხსნილი ან გაქარწყლებული არ ჰქონია. გ------- ა----------ის მიერ დანის ფლობის ფაქტი დაცვის მხარეს სადავოდ არ გაუხდია, თუმცა დაცვის მხარე აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ მას ცივი იარაღის ტარების განზრახვა არ ჰქონდა და დანას იგი საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში ფლობდა. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საქმეში არსებული მასალებით, კერძოდ, დაზარალებულ ნ-----–---- ა--–---–ის, მოწმეების – მ----- ა--–---–---–--, გ---- ჭ-------სა და ბრალდებულ გ------- ა----------ის დაკითხვის ოქმებით უტყუარად დადასტურებულია, რომ გ------- ა----------ესა და ნ-----–---- ა--–---–ს შორის კონფლიქტი მიმდინარეობდა ქუჩაში - ქ.თ---–--–ი, დ---------ს ქ. №--ის მიმდებარე ტერიტორიაზე და სწორედ ქუჩაში ჰქონდა გ------- ა----------ეს დანა, რომლითაც ორი ჭრილობა მიაყენა ნ-----–---- ა--–---–ს. საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმით (15.08.2016) დასტურდება, რომ გ------- ა----------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას მისი შარვლის ჯიბიდან ამოიღეს დანა, რომელიც სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს #--------- დასკვნით (01.12.2016) მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას.
6. კასატორის მოთხოვნა:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 10 ივლისის განაჩენი გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.
პროკურორი ანა სიგუა საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: გ------- ა----------ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და სსკ-ის 2381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
მსჯავრდებულ გ------- ა----------ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ს------ მ---------- საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და გ. ა----------ის გამართლებას.
7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შეესაბამება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას (იხ.№593აპ-15), ხოლო რაიმე ისეთი გარემოება, რაც შესაძლოა, საკასაციო პალატის პრაქტიკის შეცვლის საფუძველი გამხდარიყო, საქმიდან და საკასაციო საჩივრებიდან არ იკვეთება.
10. ბრალდების მხარის პოზიცია, რომ გ------- ა----------ემ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, არ დასტურდება გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით; ასევე უსაფუძვლოა დაცვის მხარის მოთხოვნა მსჯავრდებულ გ------- ა----------ის გამართლების თაობაზე, რომ თითქოს, იგი მოქმედებდა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში.
11. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას და მიაჩნია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე არ დგინდება, რომ მსჯავრდებულ გ------- ა----------ეს ამოძრავებდა ნ-----–---- ა--–---–ის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების განზრახვა. აღნიშნულის საფუძველს იძლევა ფაქტის შემსწრე მოწმეებისა და მსჯავრდებულის დაკითხვის ოქმები, ასევე –ექსპერტიზის დასკვნების საფუძველზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, მსჯავრდებულისა და დაზარალებულის ქცევა როგორც უშუალოდ ჯანმრთელობის დაზიანებამდე, ისე – მის შემდეგ. საყურადღებოა, რომ მსჯავრდებული ცდილობდა, არ გაჰყოლოდა დაზარალებულს ეზოს გარეთ და ეზოშივე დამსხდარიყვნენ, სასმელიც კი შესთავაზა მათ, თუმცა ნ-----–---- ა--–---–ი არ დასთანხმდა და დაიყოლია იგი გაჰყოლოდა ეზოს გარეთ, სადაც მსჯავრდებული წააქციეს და წიხლებით დაუწყეს ცემა, რის შემდეგაც ნ-----–---- ა----------ე იძულებული გახდა, თავდასხმა მოეგერიებინა. ასევე მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ სხვა რაიმე დაზიანება, გარდა ორი ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობისა, დაზარალებულს არ აღენიშნებოდა. ყველა ეს გარემოება მიუთითებს იმაზე, რომ გ------- ა----------ეს არ ჰქონდა ნ-----–---- ა--–---–ის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების მიყენების განზრახვა, იგი მხოლოდ თავს იცავდა თავდასხმისაგან, რა დროსაც გადააცილა აუცილებელი მოგერიების ფარგლებს.
12. ამდენად, საკასაციო პალატას გ------- ა----------ის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედების საქართველოს სსკ-ის 122-ე მუხლზე გადაკვალიფიცირება მართებულად მიაჩნია. სააპელაციო სასამართლომ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე სრულად და ობიექტურად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და, შესაბამისად, გადაწყვეტილება არის კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი.
13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
14. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანა სიგუასა და მსჯავრდებულ გ------- ა----------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს------ მ----------ს საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი
პ. ქათამაძე