განჩინება

სისხლის სამართლის 13.03.2019
საქმის ნომერი
330100117001989162
თარიღი
13.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100117001989162

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№515აპ-18 ქ. თბილისი

ც------–ი თ--------, 515აპ-18 13 მარტი, 2019 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 27 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულ თ-------- ც------–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ------- მ--------ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 22 იანვრის განაჩენით თ-------- ც------–ი, – დ----------–--------–--–-- ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 8 წლით, 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით კი – 15 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2017 წლის 31 მაისიდან. მასვე 10 წლით ჩამოერთვა საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები, ხოლო 5 წლით – „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ჩამოთვლილი სხვა უფლებები.

2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 27 ივნისის განაჩენით დარჩა უცვლელად.

 

3. განაჩენით დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ თ-------- ც------–მა ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და საქართველოში უკანონოდ შემოტანა, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

· თ-------- ც------–მა უ------ის რესპუბლიკაში ყოფნისას უკანონოდ შეიძინა და შეინახა 0,1429 გრამი – განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინი“, რაც კ----------–--ის რეისით, თბილისის აეროპორტის გავლით, 2017 წლის 31 მაისს უკანონოდ შემოიტანა საქართველოში.

 

· 2017 წლის 31 მაისს საქართველოს შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მოფრენის დარბაზის მიმდებარედ არსებულ ოთახში თ-------- ც------–ს პირადი ჩხრეკისას ამოუღეს 0,1429 გრამი – განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ შემცველი, 18 ცალ ნაჭერში შეფუთული, ოვალური ფორმის თეთრი 17 აბი და ერთი გატეხილი აბი.

 

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულის ადვოკატმა და ითხოვა თ-------- ც------–ის უდანაშაულოდ ცნობა საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში იმ მოტივით, რომ ამ ნაწილში გამამტყუნებელი განაჩენი ემყარება მოწმე პოლიციელების ცრუ და ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებებს და ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით უტყუარად არ დგინდება, რომ თ-------- ც------–მა ნარკოტიკული საშუალება შემოიტანა საქართველოში.

 

5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

 

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

 

6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

 

7. საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებითაც უტყუარად დასტურდება თ-------- ც------–ის მიერ ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა, კერძოდ:

 

7.1. 2017 წლის 31 მაისის პირადი ჩხრეკის ოქმიდან ირკვევა, რომ საქართველოს შს სამინისტროს თანამშრომლებმა თ-------- ც------–ის ჯინსის შარვლიდან ამოიღეს 18 გამჭვირვალე, თავმომწვარ პარკის ნაჭერში შეხვეული მოთეთრო ფერის აბები წარწერით „B8“. ჩხრეკის ოქმზე შესრულებულია თ-------- ც------–ის შენიშვნა, რომლის თანახმად, შარვლის ელვაშესაკრავის უკან არსებული უბიდან მისი მითითებით ამოღებული 18 აბი „სუბოტექსი“ იპოვა უ------აში და ჩააკერა შარვალში შემდგომი მოხმარების მიზნით.

 

7.2. ნარკოლოგიური ექსპერტიზის 2017 წლის 31 მაისის №7------ დასკვნით, თ-------- ც------–ი კლინიკურად არ იმყოფება ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ.

 

7.3. სასამართლო-ქიმიური ექსპერტიზის 2017 წლის 1 ივნისის №1---------------- დასკვნით, თ-------- ც------–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული 17 აბი და ერთი გატეხილი აბი, საერთო წონით – 7,148 გრამი, შეიცავს 0,1429 გრამ ნარკოტიკულ საშუალება „ბუპრენორფინს“.

 

7.4. საქართველოს შსს სასაზღვრო მონიტორინგის განყოფილების უფროსის ცნობითა და თანდართული ფაილით დადასტურდა, რომ თ-------- ც------–ი კ----------–--ის რეისით 2017 წლის 31 მაისს შემოვიდა საქართველოში და საქართველოს სახელმწიფო საზღვარი გადმოკვეთა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გავლით.

 

7.5. მოწმე ირაკლი ნარიმანიძის ჩვენებით, 2017 წლის 31 მაისს მიიღო ოპერატიული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თ-------- ც------–ი ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელია და კ----------–--ის რეისით საქართველოში უნდა შემოიტანოს ნარკოტიკული საშუალებები, რის შესახებაც აცნობა ხელმძღვანელობას.

 

7.6. მოწმეების – ლ---- კ------სა და გ------- მ---------ის ჩვენებებით დადგენილია, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, მოფრენის დარბაზის მიმდებარე შს სამინისტროს სპეციალურ ოთახში, თ-------- ც------–ს ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა, რომლის შედეგად ჯინსის შარვლის ელვაშესაკრავის უკან არსებულ უბეში, შარვლის ძაფის გაჭრის შემდეგ ამოიღეს ნივთიერება – მოთეთრო ფერის 18 აბი; საზღვრის გადმოკვეთის მომენტიდან თ-------- ც------–ზე ხორციელდებოდა ვიზუალური კონტროლი, მოფრენის დარბაზში ჩამოსვლამდე იგი არავის შეხვედრია და მისთვის არაფერი გადაუციათ.

 

8. ამდენად, ზემოჩამოთვლილი მტკიცებულებებით უტყუარად არის დადასტურებული თ-------- ც------–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენა.

 

9. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას მოწმე პოლიციელების მიერ წინააღმდეგობრივი ინფორმაციების მიწოდების შესახებ და მიუთითებს, რომ მოწმე პოლიციელთა ჩვენებები თანმიმდევრული და სარწმუნოა და საქმის მასალები არ იძლევა მათი ჩვენებების სანდოობის საეჭვოდ მიჩნევის საფუძველს.

 

10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. მსჯავრდებულ თ-------- ც------–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ------- მ--------ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

 

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

პ. ქათამაძე