განჩინება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010141318700066807
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №598აპ-18 ქ. თბილისი
გ-----–-–---–- გ----, 598აპ-18 25 მარტი, 2019 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),გიორგი შავლიაშვილი, პაატა ქათამაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 3 ივლისის განაჩენზე მსჯავრდებულ გ---- გ-----–-–---–-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ--- ნ-------ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
მ–-----ს რაიონული სასამართლოს 2017 წლის 21 სექტემბრის განაჩენით გ---- გ-----–-–---–-, - დაბადებული 19-- წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2017 წლის 21 სექტემბრიდან. მის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაზარალებულ თ----- გ--------ს უნდა მოეხსნას გასხვისების უფლების შეზღუდვა კუთვნილ ქათმის გალიებზე, რომლებიც მას დაუბრუნდა გამოძიების პროცესში.
განაჩენით გ---- გ-----–-–---–-ს მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში: 2016 წლის 1 ნოემბერს გ---- გ-----–-–---–მა დაიქირავა მ–-----ს რაიონის სოფელ პ------- ქ-----ში მდებარე თ----- გ--------ს კუთვნილი ქათმების ფერმა. 2016 წლის დეკემბრის დასაწყისში გ---- გ-----–-–---–მა მის მიერ დაქირავებული თ----- გ--------ს ქათმების ფერმიდან მიითვისა 9000 ფრთა ქათმისთვის განკუთვნილი, 12000 ლარად ღირებული გალიები და 1000 ლარად ღირებული ლითონის წყლის ავზი. გ---- გ-----–-–---–-ს ქმედებით დაზარალებულ თ----- გ--------ს მიადგა 13000 ლარის - დიდი ოდენობის ქონებრივი ზიანი.
2. აპელანტის მოთხოვნა:
აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა გ---- გ-----–-–---–მა, რომელიც ითხოვდა სასჯელის შემსუბუქებას. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას დაცვის მხარემ დააზუსტა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა და მიუთითა, რომ მსჯავრდებული გ---- გ-----–-–---–- უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი წარდგენილ ბრალდებაში. დაცვის მხარემ ალტერნატივის სახით მოითხოვა, რომ გ---- გ-----–-–---–-სათვის ბრალად წარდგენილი ქმედება საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს ამავე მუხლის მე-2 ნაწილზე.
3. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 3 ივლისის განაჩენით მცხეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 21 სექტემბრის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:
გ---- გ-----–-–---–-ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე.
გ---- გ-----–-–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2017 წლის 21 სექტემბრიდან. მის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაზარალებულ თ----- გ--------ს უნდა მოეხსნას გასხვისების უფლების შეზღუდვა კუთვნილ ქათმის გალიებზე, რომლებიც მას დაუბრუნდა გამოძიების პროცესში.
4. კასატორის მოთხოვნა:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 3 ივლისის განაჩენი გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ---- გ-----–-–---–-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ--- ნ------მა, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და გ. გ-----–-–---–-ს გამართლებას.
5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
7. საკასაციო საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს ექნებოდა არსებითი მნიშვნელობა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
8. კასატორი ვერ უთითებს ისეთ სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო პალატის განმარტებას. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და არც საკასაციო პალატის მიერაა მოსალოდნელი ამ საქმეზე პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება, ვინაიდან მსჯავრდებულ გ---- გ-----–-–---–-სათვის შერაცხული ქმედება წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულს და მსგავს საქმეებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა (მაგალითისთვის იხ. საქმე N332აპ-15), რომელსაც შეესაბამება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, ხოლო რაიმე ისეთი გარემოება, რაც შესაძლოა, საკასაციო პალატის პრაქტიკის შეცვლის საფუძველი გამხდარიყო, საქმიდან და საკასაციო საჩივრიდან არ იკვეთება.
9. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება კასატორის მოსაზრებას, რომ გ---- გ-----–-–---–- არის უდანაშაულო და იგი უნდა გამართლდეს წარდგენილ ბრალდებაში. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განაჩენით ნათლად არის დასაბუთებული ის მოტივები, რომელთა საფუძველზეც სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია გ---- გ-----–-–---–-ს მიერ სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, თუ ეს ნივთი იმყოფებოდა მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში, დიდი ოდენობით.
10. უსაფუძვლოა დაცვის მხარის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ თუ რაიმე სახის გადაცდომა ჩაიდინა გ---- გ-----–-–---–მა ქირავნობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მას პასუხისმგებლობა უნდა დაკისრებოდა სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.
11. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას და მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი, თ----- გ--------სა და გ---- გ-----–-–---–ს შორის 2016 წლის 1 ნოემბერს დადებული ქირავნობის ხელშეკრულების თანახმად, დამქირავებელი ვალდებულია, დაქირავებულ ფართობზე რაიმე ზიანის მიყენების შემთხვევაში აღმოფხვრას მიყენებული ზიანი გამქირავებელთან შეთანხმებით ნატურალური რესტიტუციით ან კომპენსაციით. გ---- გ-----–-–---–-ს მიერ დაქირავებული ფერმიდან გალიების დემონტაჟი და გასხვისება სცილდება აღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ზიანის მიყენების შემთხვევას. მისი ქმედება არ წარმოადგენს დაქირავებულ ფართობზე, მასზე არსებულ ინვენტარსა და ნივთებზე ზიანის მიყენებას. გ---- გ-----–-–---–-, მესაკუთრის ნების საწინააღმდეგოდ, დაეუფლა თავის კანონიერ მფლობელობაში არსებულ ქონებას, რაც სრულად ჯდება საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის ფარგლებში. აღნიშნული ქმედების საზოგადოებრივი საშიშროება სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ პირი ქონებას, რომელიც მასთან მოხვდა კანონიერად ხელშეკრულების, სამსახურებრივი მოვალეობისა თუ სხვა ვალდებულების საფუძველზე, განაცალკევებს მას მესაკუთრის ქონებისგან და აქცევს თავის პირად ქონებად, რომელსაც შემდგომში საკუთარი სურვილისამებრ განკარგავს.
12. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს“ და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, ნათელი და ურთიერთდაკავშირებული დასკვნებიდან, რომლებიც უდავო, საკმარისად მტკიცე და ზუსტ ხასიათს ატარებს და არ შეიძლება, ეფუძნებოდეს მხოლოდ თეორიულ ჰიპოთეზას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ელ-მასრი ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიის წინააღმდეგ“, პუნქტი 151 (El-Masri v The Former Yugoslav Republic of Macedonia), „ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“, პუნქტი 48 (Hassan v The UK).) მოცემულ შემთხვევაში კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობით საკასაციო პალატას გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადგენილად მიაჩნია, რომ გ---- გ-----–-–---–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული.
13. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის მნიშვნელოვანი სამართლებრივი და საპროცესო დარღვევებით განხილვის ფაქტი (რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე) წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან არ გამომდინარეობს და ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნებიც, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
14. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ გ---- გ-----–-–---–-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ--- ნ-------ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი
პ. ქათამაძე