განჩინება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 080100117002050095
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №595აპ-18 ქ. თბილისი
ჯ------ე დ-----, 595აპ-18 25 მარტი, 2019 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),გიორგი შავლიაშვილი, პაატა ქათამაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 9 ივლისის განაჩენზე დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის უფროსი პროკურორის - დავით სიმონიასა და მსჯავრდებულ დ----- ჯ------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ---- გ--–----ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 26 დეკემბრის განაჩენით დ----- ჯ------ე, - დაბადებული 1--- წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით - 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, 108-ე მუხლით - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების საფუძველზე დანიშნული სასჯელებიდან უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ დ----- ჯ------ეს სასჯელის ზომად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2017 წლის 1 აპრილიდან.
განაჩენით მსჯავრდებულ დ----- ჯ------ის მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში: დ----- ჯ------ემ თურქული წარმოების ,,WOLTRA PROFESSIONAL Mod. CAL 9mm. P.A” თავდაცვითი დანიშნულების გლუვლულიანი, აირხმოვანი იარაღი კუსტარული წესით გადააკეთა ცეცხლსასროლი ტიპის იარაღად, კერძოდ, კუსტარულად დაამზადა და პისტოლეტს შეუცვალა საცემი (ნემსი). ბრალდებულმა ასევე კუსტარულად დაამზადა ფოლადის ხრახნიანი ლულა და კუსტარულად დამზადებული ლულა შეუცვალა პისტოლეტს. ამასთან ერთად, აღნიშნული აირხმოვანი პისტოლეტისათვის განკუთვნილი 9მმ კალიბრიანი 8 ცალი აირხმოვანი ვაზნა კუსტარულად გადააკეთა ამ პისტოლეტიდან გასასროლად განკუთვნილ საბრძოლო ვაზნად. მის მიერ კუსტარულად დამზადებულ, 9მმ კალიბრიან ზემოხსენებულ ცეცხლსასროლ იარაღსა და მისთვის განკუთვნილ საბრძოლო მასალას, კერძოდ, ვაზნებს მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა თავის საცხოვრებელ სახლში, ქ. ტ------––ი, თ------–---–-ს ქუჩის N------ში. ეს იარაღი მან 2017 წლის 30 მარტს, ღამის საათებში, მართლსაწინააღმდეგოდ შესანახად გადაიტანა მისთვის მიბარებულ, მის მეზობლად, რ. თ------–---–-ს ქუჩის N------ში მდებარე ვ--–---- ო----------ს საცხოვრებელ ბინაში და შეინახა ამ ბინაში არსებულ ერთ-ერთ კარადაში, საიდანაც პოლიციის თანამშრომლებმა ამოიღეს 2017 წლის 1 აპრილს ჩატარებული ჩხრეკის შედეგად. დ----- ჯ------ემ, ასევე, 2017 წლის 29 მარტს, დაახლოებით 2300 საათიდან 30 მარტის დაახლოებით 0020 საათამდე პერიოდში, ქ. ტ------––ი, თავის საცხოვრებელ კორპუსსა და მ------–-ს სახელობის მაღაროს შორის არსებულ ტერიტორიაზე მართლსაწინააღმდეგოდ ატარა მის მიერ თურქული წარმოების ,,WOLTRA PROFESSIONAL Mod. CAL 9mm. P.A” თავდაცვითი დანიშნულების გლუვლულიანი, აირხმოვანი, კუსტარული წესით გადაკეთებული ცეცხლსასროლი იარაღი - პისტოლეტი ასევე, მის მიერ კუსტარულად დამზადებულ, 9მმ კალიბრიან 2 ვაზნასთან ერთად, რომლის გამოყენებით ქ. ტ------––ი მდებარე მ------–-ს სახელობის მაღაროს წინამდებარე ტერიტორიაზე აწ გარდაცვლილ შ--–-- მ----------ს მიაყენა ცეცხლნასროლი ჭრილობები.
დ----- ჯ------ეს 2001-2002 წლებიდან კონფლიქტური დამოკიდებულება ჰქონდა ქ. ტ------––ი მცხოვრებ, აწ გარდაცვლილ შ--–-- მ----------თან, რომელიც სისტემატურად აყენებდა ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას როგორც დ----- ჯ------ეს, ასევე, მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ დ----- ჯ------ის დას - დ-------- ჯ------ეს, რის გამოც ეს უკანასკნელი იძულებული გახდა, დაშორებოდა აწ გარდაცვლილ შ--–-- მ----------ს და საცხოვრებლად დაბრუნებულიყო მშობლების სახლში. ხანგრძლივი დროის განმავლობაში შ--–-- მ----------ი დაჟინებით ცდილობდა აღედგინა ურთიერთობა დ-------- ჯ------ესთან, რასაც ეწინააღმდეგებოდა თავად დ-------- ჯ------ე, ასევე მისი ოჯახის წევრები. ამ ურთიერთობიდან გამომდინარე, 2002 წელს შ--–-- მ----------მა ურთიერთშელაპარაკების დროს ქ. ტ------––ი ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება მიაყენა ყოფილი მეუღლის დედას - ნ----- ჯ------ეს, რის გამოც შ--–-- მ----------ი მიცემულ იქნა სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში. მიუხედავად აღნიშნულისა, შ--–-- მ----------ი გარდაცვალებამდე დ----- ჯ------ის ოჯახის მიმართ გამოხატავდა ცინიკურ და დამამცირებელ დამოკიდებულებას. ამასთან, ბოლო პერიოდში იგი შეეცადა, ურთიერთობა წამოეწყო დ----- ჯ------ის მეუღლესთან - ნ----- მ-----–--ე-ჯ------ესთან, რის შესახებაც ცნობილი გახდა ბრალდებულ დ----- ჯ------ისათვის. აღნიშნული გარემოებების გამო, დ----- ჯ------ემ შურისძიების მოტივით განიზრახა შ--–-- მ----------ის მოკვლა და ამ გზით მათ შორის არსებული კონფლიქტის მოგვარება, რაც განახორციელა კიდეც, კერძოდ, იცოდა, რომ 2017 წლის 19 მარტს შ--–-- მ----------ი სამუშაოდ უნდა გასულიყო მ------–-ს სახელობის მაღაროს მე-4 (ღამის ცვლაში). დ----- ჯ------ე, რომელიც შეიარაღებული იყო მის მიერ კუსტარულად გადაკეთებული პისტოლეტის ტიპის ცეცხლსასროლი იარაღით და მასში მოთავსებული ორი კუსტარულად დამზადებული ვაზნით, დაახლოებით 0000 საათზე მივიდა ამავე მაღაროს შესასვლელი ჭიშკრის მიმდებარე ტერიტორიაზე და იქ დაელოდა შ--–-- მ----------ს, რომელიც დაახლოებით 0007 საათზე თავისი ავტომობილით მივიდა მ------–-ს სახელობის მაღაროსთან, ავტომანქანა დააყენა შესასვლელი ჭიშკრის ახლოს მდებარე ტერიტორიაზე და ფეხით გაემართა ჭიშკრის მიმართულებით, რა დროსაც მას მიუახლოვდა დ----- ჯ------ე და დაახლოებით 6-7 მეტრი მანძილიდან დაუძახა. როდესაც შ--–-- მ----------ი მისკენ შებრუნდა, დ----- ჯ------ემ მოკვლის განზრახვით გაისროლა ხელში მომარჯვებული პისტოლეტიდან, რის შედეგადაც შ--–-- მ----------მა გულმკერდის მარჯვენა არეში მიიღო ცეცხლნასროლი დაზიანება. ამის მიუხედავად, დაჭრილი შ--–-- მ----------ი შეეცადა, გაქცეოდა დ----- ჯ------ეს და გაიქცა მაღაროს შესასვლელი ჭიშკრის მიმართულებით. დ----- ჯ------ე უკან დაედევნა მას და დაახლოებით 3-4 მეტრის მანძილიდან მეორედ ესროლა ცეცხლსასროლი იარაღიდან და დაჭრა იგი გულმკერდის უკანა ზედაპირის არეში. შ--–-- მ----------ი არ წაქცეულა და მაინც შეძლო საგუშაგოს გვერდის ავლით მაღაროს ეზოში შესვლა, მაგრამ საგუშაგოდან ახლოს, რამდენიმე მეტრში, დაეცა და გულმკერდის უკანა ზედაპირზე მიყენებული ბრმა ჭრილობის შედეგად ადგილზევე გარდაიცვალა. დ----- ჯ------ემ მეორე გასროლის შემდეგ დანაშაულის იარაღთან ერთად დატოვა შემთხვევის ადგილი და მიიმალა.
2. აპელანტის მოთხოვნა:
აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.
ბრალდების მხარე სააპელაციო საჩივრით ითხოვდა დ----- ჯ------ისათვის საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით, ასევე საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად ამ მუხლის სანქციის მაქსიმალურ ზღვართან მიახლოებული სასჯელის განსაზღვრას, ხოლო დაცვის მხარე - განაჩენის გაუქმებასა და დ----- ჯ------ის გამართლებას.
3. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 9 ივლისის განაჩენით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 26 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. გასაჩივრებული განაჩენის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ გაიზიარა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მსჯელობა დ----- ჯ------ის მიერ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4, მე-2, მე-3 ნაწილებითა და სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენის დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებათა არსებობის თაობაზე და მიიჩნია, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარში ჩამოყალიბებული დასკვნები დ----- ჯ------ის უდანაშაულობის შესახებ არ შეესაბამება ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ და სასამართლოში გამოკვლეულ მტკიცებულებებს, რომელთა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება დ----- ჯ------ის მიერ მასზე ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა, კერძოდ: დაცვის თანამშრომლის - ხ---- ჭ--–---–-ს ჩვენებით, 2017 წლის 28 მარტისა და 29 მარტის ღამის საათებში, რა დროსაც იგი ასრულებდა თავის სამსახურებრივ მოვალეობას, მოესმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის ხმა და დაინახა, რომ საწარმოს ჭიშკარში შევიდა შ--–-- მ----------ი და ჩაიმუხლა საგუშაგოსთან; მოწმის სახით დაკითხული, ტ------–-ს პოლიციის სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ ს------ ც---------–---–-ს ჩვენების თანახმად, 2017 წლის 1 აპრილს ოპერატიულ ჯგუფთან ერთად გასული იყო დ----- ჯ------ის საცხოვრებელ სახლში, სადაც მან აღიარა მის მიერ შ.მ----------ის მკვლელობის ფაქტი და მოტივი, ხოლო პოლიციის თანამშრომლებს ნებაყოფლობით წარუდგინა დანაშაულის იარაღი; ამავე სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ ჯ------- ს------–---ს ჩვენებით დადგენილია, რომ დ----- ჯ------ემ ბინაში არსებული კარადიდან ნებაყოფლობით წარუდგინა მათ პოლიეთილენის პარკი, რომელშიც მოთავსებული იყო იარაღი, ტყვიები, ბურღები და ლურსმნები. დ----- ჯ------ემ ასევე დაუდასტურა მათ, რომ იარაღი იყო მისი და სწორედ ამ იარაღით ორჯერ ისროლა აწ გარდაცვლილ შ--–-- მ----------ის მიმართულებით; საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილე უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა დ----- ფ---------მ მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა, რომ მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო ექსპერიმენტში, სადაც დ----- ჯ------ემ მიუთითა, თუ სად გაისროლა მის ხელთ არსებული იარაღიდან აწ გარდაცვლილ შ--–-- მ----------ის მიმართულებით, მანვე საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობის დროს მიუთითა, თუ სად ინახავდა იარაღს; მოწმე კ---- გ---------ს ჩვენებით დასტურდება, რომ ჩხრეკის შედეგად ამოიღეს იარაღი, მასრები და ვაზნები, რომლებიც ეწყო პოლიეთილენის პარკში; ამავე პარკში ეწყო ქლიბები, ბურღები, ქარვის ქვა და რაღაც ნაჭრები, რაზედაც დ----- ჯ------ემ განაცხადა, რომ აღნიშნული ნივთები ეკუთვნოდა მას; გამომძიებელ რ----- ქ-----–---ს ჩვენების თანახმად, დ----- ჯ------ემ ნებაყოფლობით წარადგინა პოლიეთილენის პარკი, რომელშიც მოთავსებული იყო პისტოლეტი, ცარიელი მასრები, ვაზნები, ბურღი, ქლიბები და მეტალის ნივთები, ამასთან, მსჯავრდებულმა მიუთითა, რომ მის მიერ წარმოდგენილი იარაღიდან გაისროლა შ--–-- მ----------ის მიმართულებით; მოწმის განმარტებით, მან ჩაატარა საგამოძიებო ექსპერიმენტიც, რა დროსაც დ----- ჯ------ემ მიუთითა, თუ როგორ გაისროლა შემთხვევის ადგილზე შ--–-- მ----------ის მიმართულებით. საქმეში არსებული, 2017 წლის 2 აპრილის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, დ----- ჯ------ემ მიუთითა ადგილი, საიდანაც პისტოლეტიდან ისროლა შ--–-- მ----------ის მიმართულებით.
ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ოქმის თანახმად, დ----- ჯ------ემ განმარტა, რომ 2017 წლის 28 მარტს, ღამით, შ--–-- მ----------ს დახვდა ქ.ტ------––ი, მ------–-ს სახელობის მაღაროს მიმდებარე ტერიტორიაზე, დაუძახა, ქურთუკის ჯიბიდან ამოიღო ცეცხლსასროლი იარაღი და ესროლა ერთხელ, რის შემდეგაც შ--–-- მ----------ი გაიქცა, ხოლო მან ზურგში კიდევ ესროლა მეორე ტყვიაც, რის შემდეგაც დანაშაულის ჩადენის იარაღით შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტში შედგენილი გვამის დათვალიერების ოქმის თანახმად, გვამზე გარეგნულად აღინიშნება: გულმკერდის წინა ზედაპირზე, მარჯვნივ, ზედა მესამედში, მარჯვნივ, გულმკერდის უკანა ზედაპირზე, ზედა მესამედში და გულმკერდის უკანა ზედაპირზე, მარცხნივ, თითო, უსწორო ფორმის, უსწოროკიდეებიანი ჭრილობა. გულმკერდის წინა ზედაპირზე, მარჯვნივ აღინიშნება უსწორო, ოვალური ფორმის სისხლნაჟღენთი.
ქიმიური ექსპერტიზის №------ დასკვნის მიხედვით: ,,ექსპერტიზაზე წარმოდგენილი დ----- ჯ------ისგან აღებულ ანაწმენდებზე დენთის შემადგენელი კომპონენტის ფუნქციონალური ჯგუფის NO2 -ის არსებობა მარჯვენა ხელის ანაწმენდზე დაფიქსირდა მცირე ინტენსივობით, ხოლო მარცხენა ხელის ანაწმენდზე - საშუალო ინტენსივობით“.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოტივაცია იმის თაობაზე, რომ დ----- ჯ------ის მიერ გამოძიების ეტაპზე დანაშაულის აღიარება განაპირობა პოლიციის თანამშრომლების რჩევამ (ვინაიდან ისინი მისი უბნელები და მეგობრები იყვნენ), რომ მისთვის ასე იყო უმჯობესი და მიიჩნია, რომ მოწმე პოლიციელების ჩვენებები არის თანმიმდევრული, სარწმუნო და როგორც ერთმანეთთან, ისე საქმის სხვა მტკიცებულებებთან სრულად თანხვდენილი.
ამასთან, სააპელაციო პალატამ განსაკუთრებული ყურადღება მიაპყრო იმას, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს დ----- ჯ------ეს ჩვენება არ მიუცია, მან ვითარება აღადგინა იმ ხერხების დემონსტრირებით, რომლებიც მან გამოიყენა ბრალდების მხარის მიერ მისთვის დანაშაულად შერაცხული ქმედების ჩასადენად. ქმედების ჩადენის ვითარების აღდგენა კი ჩვენებად ვერ იქნება მიჩნეული, რის გამოც მის მიმართ არ ვრცელდება მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 247-ე მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვა. ამასთან, დ----- ჯ------ის მიერ საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ქმედების ჩადენის ვითარების აღდგენის ამსახველი ოქმი, რომელიც შეადგინეს საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას, მისი შინაარსიდან გამომდინარე, წარმოადგენს პირდაპირ მტკიცებულებას, რომელიც სასამართლოს შეიძლება, გამოეყენებინა გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისა და დასაბუთებისათვის. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა დაცვის მხარის არგუმენტაცია დ----- ჯ------ის უდანაშაულობის თაობაზე და მიიჩნია, რომ დ----- ჯ------ის ჩვენების დამადასტურებელი მტკიცებულებები საქმეში არ მოიპოვება, მისი ჩვენება ეწინააღმდეგება სასამართლოს მიერ გამოკვლეულ მტკიცებულებებს, კერძოდ, მსჯავრდებული თავის ჩვენებაში მიუთითებს, რომ მან შ--–-- მ----------ს ხელი სტაცა იარაღიან ხელში, რათა თავიდან აეცილებინა ამ უკანასკნელის მხრიდან მასზე შურისძიება. ამ დროს იარაღიანი ხელი მიიმართა შ--–-- მ----------ის მიმართულებით და მოხდა გასროლა. გასროლისთანავე იარაღი მის ხელში აღმოჩნდა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მათ შორის მოხდა ფიზიკური შეხება და იარაღიდან ტყვია გავარდა მაშინ, როდესაც ორივეს ხელი ჰქონდა მასზე მოკიდებული. სააპელაციო სასამართლოს შეხედულებით, მხარის აღნიშნული პოზიცია ეწინააღმდეგება სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნას, რომლის მიხედვითაც, აწ გარდაცვლილი შ.მ----------ის მიმართულებით სროლა მოხდა არა ახლო მანძილიდან, ხოლო მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის N--------7 დასკვნის მიხედვით, ექსპერტიზაზე წარმოდგენილ შ--–-- მ----------ის შარვალზე, ქურთუკზე, მოყავისფრო სვიტერზე, მოშავო ფერის სვიტერზე, წინდებზე, ტრუსზე, ქუდზე, ჟილეტზე, რომელიც დ----- ჯ------ეს შემთხვევის დროს ტანთ ეცვა, ჟაკეტსა და შარვალზე არ აღინიშნება ურთიერთგარდამავალი ბოჭკოების მიკრონაწილაკები. ასევე დადასტურებულია, რომ შ--–-- მ----------ის მარჯვენა და მარცხენა ხელის მტევნის ფრჩხილების გადანაჭრებში არ აღმოჩნდა დ----- ჯ------ის შემადგენელი ბოჭკოების მიკრონაწილაკები, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ დ----- ჯ------ის ჩვენება არ შეესაბამება სინამდვილეს.
რაც შეეხება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო დამზადებას, ტარებასა და შენახვას, სააპელაციო პალატა მთლიანად დაეთანხმა 1-ლი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას და განმარტა: ,,იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ყველა ცეცხლსასროლი იარაღი აღრიცხული და რეგისტრირებული უნდა იყოს ამისათვის უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ. იარაღის კანონიერი დამზადების უფლება აქვს მხოლოდ სახელმწიფოს და მართლსაწინააღმდეგოა, როცა მისი დამზადება ან გადაკეთება ხდება კერძო პირის მიერ კომპეტენტური ორგანოს ნებართვის გარეშე.
ვ--–---- ო----------ს ბინის ჩხრეკისას, მსჯავრდებულის მიერ წარმოდგენილ პოლიეთილენის პარკში მოთავსებული ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასრები და ასევე, ორი მოვერცხლისფრო ვაზნა, ექვსი მასრა, თოთხმეტი სხვადასხვა ზომის ლითონის ბურღი, ერთი ქლიბი, სამი ლურსმანი, ერთი საშუალო სიგრძის ლითონის ღერო, რომელსაც აქვს ქლიბით მომრგვალებული თავი, ერთი ბეტონის ლურსმანი, ერთი ლითონის ცილინდრული ფორმის პატარა საგანი, ცილინდრული ფორმის მცირე ზომის, მოვარდისფრო სალესი ქვა ლითონის ღეროთი, მცირე ზომის, მოთეთრო, მრგვალი ფორმის სალესი ქვა ლითონის ღეროთი, სახრახნისის ფიგურული სამი თავი, ერთი საკანცელარიო დანის პირი, შვიდი ცილინდრული ფორმის პატარა ზომის მეტალის ვერცხლისფერი დეტალები ცალსახად მიუთითებენ დ. ჯ------ის მხრიდან ხსენებული ტექნიკური შესაძლებლობების სრულად გამოყენებაზე, რაც აუცილებელ საშუალებას წარმოადგენდა ქარხნული წესით დამზადებული გლუვლულიანი იარაღისა და მისი კუთვნილი ვაზნების ცეცხლსასროლ იარაღად და საბრძოლო ვაზნებად გადაკეთებისათვის. გარდა აღნიშნულისა, მსჯავრდებულის მიერ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის დამზადების ფაქტი დადგენილია სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების მიერ ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებით, როდესაც მსჯავრდებულის დედა - ნ----- ჯ------ე ფარული ჩაწერის დროს თანამოსაუბრეს უხსნის საქმის გარემოებებს და მიუთითებს, თუ როგორ გადააკეთა დ. ჯ------ემ საფანტის იარაღი და დაამზადა ტყვიები.
დ----- ჯ------ის მიერ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შენახვის ფაქტზე მიუთითებს ის გარემოება, რომ შემთხვევის დღეს ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა დ----- ჯ------ისაგან ამოიღეს არა პირადი ჩხრეკის შედეგად, არამედ - საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს.
რაც შეეხება დ----- ჯ------ის მიერ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარების ფაქტს, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ ,,იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის შესაბამისად, იარაღის გადატანა ხდება საქართველოს შს სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე, რაც მოცემულ შემთხვევაში დ----- ჯ------ეს არ გააჩნდა.
დ----- ჯ------ის მიერ ცეცხსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარებაზე მიუთითებს ის ფაქტი, რომ ქ. ტ------––ი 2017 წლის 29 მარტს, დაახლოებით 2300 საათიდან 30 მარტის დაახლოებით 0020 საათამდე პერიოდში, დ. ჯ------ემ თავის საცხოვრებელ ბინასა და ქალაქ ტ------––ი არსებული მ------–-ს სახელობის მაღაროს შორის არსებულ ტერიტორიაზე მართლსაწინააღმდეგოდ ატარა თურქული წარმოების ,,WOLTRA PROFESSIONAL MOD. Cal. 9mm. P.A.’’ მოდელის 9მმ კალიბრიანი, გლუვლულიანი, აირხმოვანი პისტოლეტიდან მის მიერვე კუსტარული წესით გადაკეთებული ცეცხლსასროლი იარაღი, ასევე, კუსტარულად დამზადებულ 9მმ კალიბრიან ორ ვაზნასთან ერთად, რომლითაც ცეცხლნასროლი ჭრილობები მიაყენა შ--–-- მ----------ს.
სააპელაციო პალატამ ასევე არ გაიზიარა ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დ----- ჯ------ისათვის სასჯელის დამძიმების თაობაზე და განმარტა, რომ 1-ლი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სრულყოფილად გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნები და განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი.
5. კასატორის მოთხოვნა:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 9 ივლისის განაჩენი გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.
პროკურორი დავით სიმონია საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით, ისევე როგორც საბოლოოდ (სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების გამოყენებით) დ----- ჯ------ისათვის სასჯელის სახედ და ზომად ამავე მუხლის სანქციის მაქსიმალურ ზღვართან მიახლოებული სასჯელის განსაზღვრას.
მსჯავრდებულ დ----- ჯ------ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი დ---- გ--–---- საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და დ. ჯ------ის გამართლებას.
6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო საჩივრებისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს ექნებოდა არსებითი მნიშვნელობა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და არც საკასაციო პალატის მიერაა მოსალოდნელი ამ საქმეზე პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მათ შორის: დაზარალებულის უფლებამონაცვლისა და მოწმეთა ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების, ნიმუშის აღების, გვამის დათვალიერების, საგამოძიებო ექსპერიმენტის, ფარული საგამოძებო მოქმედების ჩატარების, ინფორმაციის გამოთხოვის ოქმებით, ექსპერტიზების დასკვნებითა და საქმეზე შეკრებილი სხვა მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება, რომ დ----- ჯ------ემ ჩაიდინა განზრახ მკვლელობა და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება, შენახვა, დამზადება.
9. ბრალდების მხარე ასაჩივრებს მსჯავრდებულისათვის შეფარდებული სასჯელის ზომას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრდებულ დ----- ჯ------ეს განესაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლითა და 236-ე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია, არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და სასჯელის მიზნებს (საქმე #399აპ-14; 626აპ-17).
10. ამდენად, საკასაციო პალატის მოსაზრებით, არ არის მიზანშეწონილი საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობა იმ არგუმენტების ხელახლა შესაფასებლად, რომლებზეც სააპელაციო პალატამ უკვე იმსჯელა და რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება.
11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი გარემოება, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის უფროსი პროკურორის - დ----- სიმონიასა და მსჯავრდებულ დ----- ჯ------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ---- გ--–----ს საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი
პ. ქათამაძე