განაჩენი

სისხლის სამართლის 13.12.2018
საქმის ნომერი
010100117002100245
თარიღი
13.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100117002100245

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

№347აპ-18 13 დეკემბერი, 2018 წელი

ლ--------------ე ნ------, 347აპ-18 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე)

პაატა სილაგაძე, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ნ------ ლ--------------ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 26 აპრილის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 20 დეკემბრის განაჩენით ნ------ ლ--------------ე, - დაბადებული 1990 წლის 18 ოქტომბერს, ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

 

საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 3 წლით;

საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 6 წლით;

საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით (რ----–-- ზ----ის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 16 წლით;

საქართველოს სსკ-ის 19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 15 წლით;

სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 18 წლით;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანქთა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით ნ------ ლ--------------ეს საბოლოოდ მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 18 წლით, რომლის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2017 წლის 7 აგვისტოდან.

 

2. ნ. ლ--------------ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

ხ--–--------ის მუნიციპალიტეტის სოფელ ა---––--ში მცხოვრებ ნ------ ლ--------------ეს მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა თავის თანასოფლელებთან: რ----–-- ზ----ესთან, გ------- კ--------ესა და რ----- დ-------ესთან. 2015 წელს ნ------ ლ--------------ემ ფეხის არეში მიიღო ტრავმა და რამდენიმე თვის განმავლობაში მკურნალობდა წოლითი რეჟიმით. მას მიაჩნდა, რომ ავადმყოფობის პერიოდში მეგობრები სისტემატურად ვერ ახერხებდნენ მის მონახულებას და აღარ აქცევდნენ ყურადღებას, მისი ქცევები გადაიზარდა აგრესიაში და მათ მიმართ გაუჩნდა ფიზიკური ანგარიშსწორებისა და განზრახ მკვლელობის სურვილი.

 

2017 წლის 5 აგვისტოს, საღამოს საათებში, ნ------ ლ--------------ე მობილური ტელეფონით დაუკავშირდა გ------- კ--------ეს და განუცხადა, რომ იყო ,,დაბოლილი’’ ანუ იმყოფებოდა ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ და გ------- კ--------ე, რ----–-- ზ----ე და რ----- დ-------ე მასთან ერთად ასულიყვნენ ხ--–--------ში, სოფელ ს-----ში, ყ----–---–------ დედათა მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე და გაეტარებინათ დრო, რასაც გ------- კ--------ე დაეთანხმა. მეგობრებთან ანგარიშსწორების მიზნით, იმავე დღეს, დაახლოებით 23 საათზე, ნ------ ლ--------------ემ თავის M--------- სახელმწიფო ნომრის მქონე ,,BMW-ს’’ მარკის ავტომანქანის საბარგულში მოათავსა ცეცხლსასროლი იარაღი - ორლულიანი გადაჭრილი თოფი ვაზნებით და ამ ავტომანქანით სოფელ ს-----ში, სახლთან მიაკითხა გ------- კ--------ეს. ნ------ ლ--------------ემ ავტომანქანაში ჩასვა რ----–-- ზ----ე, ხოლო გ------- კ--------ემ თავის N---------- სახელმწიფო ნომრის მქონე, ,,BMW-ს’’ მარკის ავტომანქანაში - რ----- დ-------ე და ავიდნენ სოფელ ს-----ში, სადაც ყ----–---–------ დედათა მონასტერთან გააჩერეს ავტომანქანები.

 

მონასტერთან ისინი გადმოვიდნენ ავტომანქანიდან, ნ------ ლ--------------ეს ეტყობოდა, რომ ნარკოტიკული საშუალება ჰქონდა მიღებული. თავდაპირველად მშვიდად დაიწყეს საუბარი და იხსენებდნენ წარსულ ურთიერთობებს. გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ, დაახლოებით 22:30 საათზე, ნ------ ლ--------------ე წავიდა ავტომანქანის საბარგულისკენ, რომ გ------- კ--------ისათვის ეჩვენებინა რაღაც. საბარგულის გახსნისას გ------- კ--------ემ დაინახა გადაჭრილი თოფი, ე.წ. „აბრეზი,“ რაც გაუკვირდა და ჰკითხა, რატომ ჰქონდა თან და რად უნდოდა ეს იარაღი. ნ------მ ამოიღო საბარგულიდან გადაჭრილი თოფი სიტყვებით, რომ ეს იარაღი მისთვის ესაჭიროებოდა. მან შეიცვალა ხმის ტემბრი, გახდა აგრესიული და მუქარის სიტყვებით ,,დაიჩოქე, სული უნდა გაგაფრთხობინოო’’ დაუმიზნა გ------- კ--------ეს. თავდამსხმელისგან მეგობრის დაცვა სცადეს რ----–-- ზ----ემ და რ----- დ-------ემ, რის შემდგომ ნ------ ლ--------------ემ თავდაპირველად, განზრახ მოკვლის მიზნით, ხულიგნური ქვენაგრძნობით გაისროლა გ------- კ--------ის მიმართულებით, რომელმაც მოასწრო გადახტომა და გაქცევა, რითაც შეძლო სხეულის დაზიანების თავიდან აცილება და გადარჩა სიკვდილს. დაახლოებით 2 წამის შემდეგ ნ. ლ--------------ემ აგრესია გადაიტანა რ----–-- ზ----ესა და რ----- დ-------ეზე სიტყვებით - ,,აქვე თქვენც გაგაფრთხობინებთ სულსო’’ და ხულიგნური ქვენაგრძნობით, ორი პირის განზრახ მოკვლის მიზნით, თანნაქონი თოფიდან ერთხელ გასროლით მისგან 3-5 მეტრის დაცილებით მდგომ რ----–-- ზ----ეს წელის არეში მიაყენა მრავლობითი შემავალი ჭრილობები. გასროლების შემდეგ ნ------ ლ--------------ე თავისი ავტომანქანით, დანაშაულის იარაღით - თოფით შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიუხედავად გაწეული სამედიცინო დახმარებისა, რ----–-- ზ----ე მიყენებული დაზიანებების შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა.

 

ნ------ ლ--------------ემ დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და ინახავდა კუსტარულად დამზადებულ ცეცხლსასროლ იარაღს - ორლულიან გადაჭრილ თოფს და გამოსაყენებლად ვარგის საბრძოლო მასალას - ხსენებული თოფისათვის განკუთვნილ ვაზნებს.

 

2017 წლის 5 აგვისტოს, ღამის საათებში, ხ--–--------ის მუნიციპალიტეტის სოფელ ს-----ში, ყ----–---–------ დედათა მონასტრის მიმდებარე ტარიტორიაზე, ნ------ ლ--------------ე მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა ზემოაღნიშნულ თოფსა და საბრძოლო მასალას.

 

4. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ნ------ ლ--------------ემ. სააპელაციო საჩივრით აპელანტმა ითხოვა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით, სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნტითა და სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ პუნქტით გათვალისწინებული ქმედების საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლის პირველ ნაწილზე გადაკვალიფიცირება და სამართლიანი სასჯელის შეფარდება.

 

7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 26 აპრილის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 20 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

 

8. კასატორი – მსჯავრდებული ნ------ ლ--------------ე ითხოვს საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით, სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების საქართველოს სსკ-ის 108-ე და 19.108-ე მუხლით დაკვალიფიცირებას და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის გამოყენებით ერთი ეპიზოდისათვის განსაზღვრული სასჯელის - 7 წლით თავისუფლების აღკვეთის მიერ სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული სასჯელების შთანთქმასა და საბოლოოდ 7 წლით თავისუფლების აღკვეთის მისჯას.

9. საკასაციო საჩივრის მიხედვით, ნ. ლ--------------ის მიმართ დადგენილი კვალიფიკაცია არასწორი, ხოლო გამოტანილი განაჩენი უკანონოა; რ----- დ-------ესთან კონფლიქტი მსჯავრდებულს არ მოსვლია და მისთვის (გ------- კ--------ისა და რ----–-- ზ----ისგან განსხვავებით) არ უსვრია; მსჯავრდებული უთითებს, რომ მას სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა ნ---- ბ------სთან, რაც 2016 წელს (როდესაც მსჯავრდებული საზღვარგარეთიდან დაბრუნდა) კარდინალურად შეიცვალა. მსჯავრდებული ამჩნევდა, რომ მისი მეგობარი გ------- კ--------ე და ნ---- ბ------ ერთ დროს ურეკავდნენ და თიშავდნენ ტელეფონს, ხოლო ერთხელ კი ნ---- და გ------- ერთად დაინახა ავტომანქანაში; ვინაიდან ამ ყველაფრის მონაწილე, მსჯავრდებულის პოზიციით, იყო რ----–-- ზ----ეც, გადაწყვიტა გ-------სა და რ----–--ისთვის გაესწორებინა ანგარიში, კერძოდ, ეცემა. შემთხვევის ადგილზე გ. კ--------ემ გამოხატა აშკარა უკმაყოფილება, თუ რატომ დაიბარა ისინი, რისი მიზეზიც მსჯავრდებულმა კორექტულად განუმარტა, მაგრამ ამან გ. კ--------ე აღაშფოთა და მისკენ დასარტყმელად წამოიწია. ამ დროს ნ. ლ--------------ეს გ. კ--------ის მოკვლის სურვილი აღეძრა, რის გამოც ესროლა. გ. კ--------ეს გამოესარჩლა რ----–-- ზ----ე, რომელმაც თოფის წართმევა სცადა, მაგრამ ამის შესაძლებლობა არ მისცა, აღეძრა მისი მოკვლის განზრახვაც და ესროლა, რაც მისთვის სასიკვდილო აღმოჩნდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

1. საკასაციო პალატამ მხარეთა მონაწილეობის გარეშე განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ნ------ ლ--------------ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

2. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს იმ ნაწილში, რომ მსჯავრდებულმა ნ------ ლ--------------ემ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 და ამავე მუხლის მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული ქმედება. საქმეში წარმოდგენილია ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ნ------ ლ--------------ის მიერ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვასა და ტარებას, კერძოდ:

 

3. პირდაპირმა მოწმეებმა, დაზარალებულებმა - გ------- კ--------ემ და რ----- დ-------ემ სასამართლო სხდომაზე მოწმედ დაკითხვის დროს დაადასტურეს, რომ შემთხვევის ადგილზე ნ------ ლ--------------ემ საბარგულიდან ამოიღო გადაჭრილი ორლულიანი თოფი - ე.წ ,,აბრეზი,’’ საიდანაც მათი, კერძოდ, ჯერ გ. კ--------ის, ხოლო შემდეგ - რ. დ-------ისა და რ. ზ----ის მიმართულებით გაისროლა.

 

4. დაზარალებულთა ჩვენებები შეესაბამება საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს:

 

5. ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟებული გარესათვალთვალო კამერის ჩანაწერების თანახმად, 2017 წლის 5 აგვისტოს, 23:34:25 საათზე, მანქანის საბარგულს უახლოვდება პირი, რომელიც მანქანის საბარგულიდან ხელის მოძრაობით იღებს რაღაც მოკლე ნივთს. საბარგულს, რომელიც განათებულია ნათურებით, ტოვებს ღიას და მიემართება მანქანის მარცხენა მხარეს, რა დროსაც, 23:35:46 საათზე, კადრში სიბნელეში ჩნდება წამიერი ნათება, რის შემდეგაც, 23:35:49 საათზე, ჩნდება მეორე ნათება; მეორე წამიერი ნათების შემდეგ იღება მანქანის, მძღოლის მარცხენა მხარის წინა კარი, პიროვნება ჯდება მანქანაში, რომელიც ძრავს მანქანას და ტოვებს შემთხვევის ადგილს. ამასთან, სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნითა და ექსპერტ ლ---- ფ----------ის ჩვენებით დადგენილია, რომ რ----–-- ზ----ის სიკვდილის უშუალო მიზეზია ზოგადი მწვავე სისხლნაკლებობა - გამოწვეული ცეცხლსასროლი ჭრილობებიდან, დაზიანებული მარცხენა საერთო თეძოს არტერიიდან და შინაგანი ორგანოებიდან განვითარებული შინაგანი და გარეგანი სისხლდენით.

 

6. თავად მსჯავრდებული ნ. ლ--------------ე საკასაციო საჩივარში არ უარყოფს ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვასა და ტარებას.

 

7. ამდენად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 და ამავე მუხლის მე-3 ნაწილებით წარდგენილი ბრალდების ეპიზოდში წარმოდგენილი მტკიცებულებები არის უტყუარი და ისინი სრულად შეესაბამება ერთმანეთს, რის გამოც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველი არ არსებობს.

 

8. რაც შეეხება ნ------ ლ--------------ის მიერ საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით (რ----–-- ზ----ის ეპიზოდი), სსკ-ის 19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტითა და სსკ-ის 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენას, საკასაციო პალატა, მსჯავრდებულის საკასაციო საჩივარს ბრალდების ამ ეპიზოდებთან დაკავშირებით ნაწილობრივ იზიარებს, კერძოდ:

 

9. წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან გამომდინარე, პალატას დადასტურებულად მიაჩნია, რომ ნ------ ლ--------------ემ ჩაიდინა ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა (სსკ-ის 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი) და რ----–-- ზ----ის განზრახ მკვლელობა, მაგრამ კვალიფიკაციის იმ ნაწილს, რომლის თანახმდაც, ნ------ ლ--------------ე დანაშაულის ჩადენის დროს რ----–-- ზ----ის, რ----- დ-------ისა და გ------- კ--------ის მიმართ მოქმედებდა ხულიგნური ქვენაგრძნობით (საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი და სსკ-ის 19.109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი) - დაუსაბუთებლად მიიჩნევს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

10. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ხულიგნური ქვენაგრძნობა მოტივის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს. მასში იგულისხმება უსაბაბოდ ან სრულიად უმნიშვნელო/მცირე საბაბით ადამიანის მკვლელობა, ჯანმრთელობის დაზიანება. დამნაშავე ამ დროს ცდილობს, დემონსტრაციულად უგულებელყოს სამართლით დადგენილი ნორმები და მართლწესრიგისადმი მის უპატივცემულო დამოკიდებულებას ხაზი გაუსვას.

 

11. პალატა მიუთითებს, რომ როდესაც წარმოდგენილი მტკიცებულებებით მკვლელობის ზუსტი მოტივი ვერ დგინდება, ქმედება ავტომატურად ხულიგნურ ქვენაგრძნობად არ უნდა დაკვალიფიცირდეს. როგორც შემთხვევამდე, ისე უშუალოდ შემთხვევის დღეს არსებული ფაქტები დეტალურად უნდა შეფასდეს იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც, ერთი შეხედვით, მკვლელობის საბაბი არ არსებობს. სწორედ აღნიშნულის შემდეგ უნდა გაეცეს კითხვას პასუხი: მოქმედებდა კი ბრალდებული სრულიად უსაბაბოდ ან ძალიან მცირე საბაბით, თუ საქმის მასალები არ არის საკმარისი რეალური მოტივის დასადგენად.

 

12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია დაზარალებულებსა და მსჯავრდებულს შორის წარსულში (შემთხვევის დღემდე) არსებული ურთიერთობის შეფასება:

 

13. დადგენილი ფაქტია, რომ რ----–-- ზ----ე, გ------- კ--------ე, რ----- დ-------ე და ნ------ ლ--------------ე იყვნენ მეგობრები.

 

14. კასატორი ნ. ლ--------------ე უთითებს, რომ მას გ. კ--------ესთან, რ. ზ----ესა და რ. დ-------ესთან ჰქონდა ისეთი თბილი და კარგი ურთიერთობა, როგორც, ზოგადად, „ძმაკაცებს აქვთ ერთმანეთთან.“ დაზარალებულ გ------- კ--------ის ჩვენებით ირკვევა, რომ რ. დ-------ე და ნ. ლ--------------ე არიან მისი ბავშვობის მეგობრები, ხოლო გარდაცვლილი რ. ზ----ე იყო მისი ბიძა. დაზარალებულ რ----- დ-------ის ჩვენებით ირკვევა, რომ გ------- კ--------ე და ნ------ ლ--------------ე მისი მეზობლები არიან. ისინი თითქმის ერთად გაიზარდნენ, ხოლო რ----–-- ზ----ე კი ცოტა მოგვიანებით გაიცნო და მეგობრობდნენ. მოცემულ ფაქტობრივ გარემოებას მნიშვნელობა ენიჭება, ვინაიდან - ახლო მეგობრის განზრახ მკვლელობა ან მკვლელობის მცდელობა ყოველგვარი საბაბის ან თუნდაც ძალიან მცირე საბაბის საფუძველზე - ნაკლებად სავარაუდოა.

 

15. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ხულიგნური ქვენაგრძნობა გამოიხატა იმაში, რომ 2015 წელს ნ------ ლ--------------ემ ფეხის არეში მიიღო ტრავმა და რამდენიმე თვის განმავლობაში იყო მწოლიარე ავადმყოფი. მან მიიჩნია, რომ ავადმყოფობის პერიოდში დაზარალებულები სისტემატურად ვერ ახერხებდნენ მის მონახულებას და აღარ აქცევდნენ ყურადღებას, მისი ქცევები გადაიზარდა აგრესიაში და დაზარალებულთა მიმართ გაუჩნდა ფიზიკური ანგარიშსწორებისა და განზრახ მკვლელობის სურვილი. აღნიშნულ შეფასებას საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება შემდეგ გარემოებათა გამო:

 

16. დაზარალებულმა გ------- კ--------ემ განმარტა, რომ მოტივი და მიზეზი, რის გამოც ნ------ ლ--------------ემ მკვლელობა ჩაიდინა, მისთვის უცნობია. შეიძლება ნ------სთვის არ იყო საკმარისი ის ყურადღება, რასაც მის მიმართ იჩენდნენ. მათ ჰყავდათ საერთო სამეგობრო. ხოლო ყურადღებასთან დაკავშირებით პრეტენზიები ნ------ს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებამდე არ ჰქონია. რ----- დ-------ის ჩვენებით, მეგობრები ნ------ს ყურადღებას ბუნებრივად აქცევდნენ, როცა იგი თავის დასთან, ოჯახში იწვა და მკურნალობდა. ნ------ს მხრიდან იყო მხოლოდ თხოვნა, რომ იქ იწვა მარტო, მოსაუბრე არავინ ჰყავდა და უფრო ხშირად მისულიყვნენ მასთან. ნ------ს მიზეზი არ ჰქონდა, რომ მოეკლა რ----–-- ზ----ე და ესროლა გ------- კ--------ისთვის; ალბათ, მან ჩათვალა, რომ ისინი ნაკლებ ყურადღებას აქცევდნენ მას. გასათვალისწინებელია ფ-------- მ--–------- ჩვენებაც, რომელიც არის მსჯავრდებულისა და დაზარალებულების საერთო ნაცნობი. მისი განმარტებით, ისინი სისტემატურად დადიოდნენ მსჯავრდებულთან და აქცევდნენ ყურადღებას. ამ პერიოდში კი ნ------ ლ--------------ეს მათთვის მეტი ყურადღების გამოჩენა არ მოუთხოვია. მნიშვნელოვანია, მოწმე გ------ კ--------ის ჩვენებაც, რომელმაც განმარტა, რომ გ------- კ--------ე არის მისი შვილი, რ----–-- ზ----ე - მისი მეუღლის ბიძაშვილი, ნ------ ლ--------------ე კი - შვილის მეგობარი. მკვლელობის მიზეზი მისთვის უცნობია. სოფელ მ----ში ყოველდღე თუ არა, ორ დღეში ერთხელ მაინც მისი შვილი, რ----- დ-------ე და გარდაცვლილი რ----–-- ზ----ე ნ. ლ--------------ეს აკითხავდნენ და მასთან ყველაფერი მიჰქონდათ. მისმა შვილმა სახლში ინტერნეტი მოხსნა და მას გადაუტანა, რადგან ეცოდებოდა.

 

17. მაშასადამე, მოწმეთა ჩვენებების თანახმად, რ. დ-------ე, რ. ზ----ე და გ. კ--------ე ეკონტაქტებოდნენ და ეხმარებოდნენ ნ------ ლ--------------ეს. ფაქტი, რომ მსჯავრდებულმა მეგობრებისაგან ითხოვა მეტი ყურადღება და აღნიშნულის გამო მათ მიმართ გამოხატა აგრესია - დადგენილი არ არის. წარმოდგენილი მტკიცებულებებით აგრეთვე არ დგინდება, რომ ნ. ლ--------------ე გაწეულ დახმარებაზე უმადურ დამოკიდებულებას ამჟღავნებდა. დაზარალებულებმა თავიანთ ჩვენებებში მხოლოდ ვარაუდი გამოთქვეს, რომ შეიძლება, ნ------სთვის არ იყო დამაკმაყოფილებელი მათი ყურადღება. სხვა ვარაუდი მეგობრის ქმედების მოტივთან დაკავშირებით დაზარალებულებს არ გამოუთქვამთ.

 

18. რაც შეეხება თავად ნ------ ლ--------------ის პოზიციას (საკასაციო საჩივრის მიხედვით), იგი უარყოფს ბავშვობის მეგობრების ხულიგნური ქვენაგრძნობით მკვლელობის სურვილს და დანაშაულის ჩადენის მოტივად შურისძიებაზე მიუთითებს. მსჯავრდებული აღნიშნავს, რომ მის საცოლესა და მეგობარს (გ------- კ--------ეს) შორის ფარული სასიყვარულო კავშირი არსებობდა და, ბუნებრივია, გ------- კ--------ის ინტერესებში არ შედიოდა სიმართლის თქმა.

 

19. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებული ნ. ლ--------------ე დანაშაულის ხულიგნური ქვენაგრძნობით ჩადენის ნაწილში უნდა გამართლდეს, ვინაიდან წარმოდგენილი მტკიცებულებებით აღნიშნული ბრალდება არ დასტურდება.

 

20. რაც შეეხება რ----–-- ზ----ის განზრახ მკვლელობას და რ----- დ-------ისა და გ------- კ--------ის განზრახ მკვლელობის მცდელობას, აღნიშნულს საკასაციო პალატა დადასტურებულად მიიჩნევს.

 

21. პალატა აღნიშნავს, რომ მაკვალიფიცირებელი გარემოების - ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის დასრულებული სახით არსებობისათვის აუცილებელია არსებობდეს, მინიმუმ, ორი პირის გარდაცვალების ფაქტი. ამდენად, ვინაიდან რ----- დ-------ესა და გ------- კ--------ესთან დაკავშირებით ნ------ ლ--------------ემ დანაშაული ბოლომდე ვერ მიიყვანა, ამ ნაწილში მისი ქმედება განზრახ მკვლელობის მცდელობად ორი ან მეტი პირის მიმართ (საქართველოს სსკ-ის 19.109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ”ა” ქვეპუნქტი) სწორად არის დაკვალიფიცირებული. რაც შეეხება რ----–-- ზ----ის ნაწილს, ვინაიდან იგი გარდაიცვალა, აღნიშნული ფაქტი დამოუკიდებლად უნდა დაკვალიფიცირდეს. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის შემთხვევაში ერთ-ერთი პირის გარდაცვალება (ე.ი მისი მკვლელობა) ცალკე სამართლებრივ შეფასებას საჭიროებს.

 

22. აქედან გამომდინარე, ნ. ლ--------------ემ ჩაიდინა სსკ-ის 108-ე მუხლითა და სსკ-ის 19.109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, რომელსაც ადასტურებს შემდეგი მტკიცებულებები:

 

23. პირდაპირმა მოწმემ, დაზარალებულმა გ------- კ--------ემ მიუთითა, რომ შემთხვევის ადგილზე მისვლიდან ნახევარი საათის შემდეგ ნ------მ უთხრა - „რაღაც უნდა გაჩვენოთო“ და წავიდა თავისი მანქანის უკანა მხარეს. გ------- იდგა მანქანის წინ, მძღოლის მხარეს, ხოლო რ----–-- ზ----ე და რ----- დ-------ე - ნ------ს მანქანის გვერდით. ნ------მ საბარგულიდან ამოიღო გადაჭრილი ორლულიანი თოფი - ე.წ. ,,აბრეზი.’’ მოწმემ ჰკითხა, თუ რატომ დაჰქონდა მანქანით იარაღი და რად უნდოდა, რაზეც ნ------მ უპასუხა, რომ იარაღი მისთვის ჰქონდა წამოღებული და შეაგინა, უბრძანა, რომ მუხლებზე დამდგარიყო. ამ დროს რ----–-- ზ----ემ დაუძახა, რას აკეთებ, გ-------ს კლავო? ნ------მ უკვე მათ დაუყვირა, თქვენც აქეთ გამოიწიეთ, „თქვენი დედაც,“ „თქვენც უნდა მოგკლათო.“ როდესაც ნ------მ დაიწყო დათვლა, ერთი, ორი, მოახერხა და გაიქცა; ნ------მ ესროლა, ორი წამი არ იყო გასული, რომ მეორედ გაისროლა. იგი მაშინვე შემოტრიალდა და დაინახა, რომ 5-6 მეტრის მანძილზე რ----–-- ზ----ე წაიქცა და ყვიროდა. ამის შემდეგ ნ------ სწრაფად დაჯდა ავტომანქანაში. თვითონაც გაიქცა და გზის ქვემოთ ჩავიდა. ნ------მ რომ ჩაიარა, საბარგულიც არ ჰქონდა დახურული. გ. კ--------ე ამოვიდა იმ ადგილზე, სადაც იყო რ----–-- ზ----ე, რ----- დ-------ესთან ერთად ჩასვა ავტომანქანაში და წაიყვანეს საავადმყოფოში. გზაში ის ცოცხალი იყო და ჩამოსვლამდე ლაპარაკობდა. საავადმყოფოში მიყვანიდან დაახლოებით 15 წუთში შეიტყვეს, რომ რ----–-- ზ----ე გარდაიცვალა. მოწმის ჩვენებით, პირველი გასროლა იყო მისი მიმართულებით, ხოლო მეორე გასროლა - რ----–-- ზ----ისა და რ----- დ-------ის მიმართულებით.

 

24. პირდაპირი მოწმის, დაზარალებულ რ----- დ-------ის ჩვენებით ირკვევა, რომ როდესაც ნ------ ლ--------------ემ გააღო საბარგული, ამ დროს თვითონ იქვე იჯდა და არ ამდგარა. გ------- კ--------ემ ჰკითხა, თუ „ეს“ რად უნდოდა. თვითონაც დაინტერესდა, რა იყო და როდესაც ადგა, დაინახა ,,აბრეზი,’’ ორლულიანი გადაჭრილი სანადირო თოფი. ნ------მ გ-------ს უთხრა, ეს შენთვის მაქვსო და გახდა აგრესიული, არაადეკვატური, დაიწყო გინება და კონკრეტულად გ-------ს მოსთხოვა, რომ დაჩოქილიყო. თვითონ და რ----–-- ზ----ე გამოესარჩლნენ, რაზეც ნ------ მათაც მოუტრიალდა და დაემუქრა. შემდეგ გ-------ს კიდევ დაუყვირა, დაიჩოქეო და დედა შეაგინა. გ------- ეკითხებოდა, რისთვის უნდა დაეჩოქა; ნ------მ კვლავ გაუმეორა, დროზე, სამ თვლაზეო და დაიწყო დათვლა - ერთი, ორი და სანამ სამს იტყოდა, გ------- გადახტა და გაიქცა. გაქცევის შემდეგ ნ------მ გაისროლა გ-------ს მიმართულებით, შემდეგ მოტრიალდა და მეორედ გაისროლა მისი და რ----–-- ზ----ის მიმართულებით. ამ მოტრიალების პროცესში მან მოახერხა და ჩაწვა მანქანის წინ. ნ------მ რ----–-- ზ----ეს მოარტყა ტყვია წელის არეში, ვინაიდან რ----–--ი მხოლოდ მოტრიალდა და გაქცევა არ უცდია. მოწმის ჩვენებით, რ----–--ი ყვიროდა, რომ ნ------მ დაჭრა. შემდეგ ნ------ დაჯდა მანქანაში ისე, რომ საბარგული არც დაუხურავს და გაიქცა. რ----- დ-------ე მივიდა რ----–-- ზ----ესთან, ეძებდა გ-------ს, რომელიც შეშინებული გაქცეულიყო. თავად არ იყო გამოცდილი მძღოლი, ამიტომ დაუძახა გ-------ს, რომ ის დამჯდარიყო საჭესთან და რ----–-- ზ----ე წაეყვანათ საავადმყოფოში. რ----–--მა უთხრა რ-----ს, რომ თვითონ დამჯდარიყო გ------- კ--------ის მანქანაში და თავისით, დახმარების გარეშე, ჩაუჯდა მანქანაში. დაახლოებით 50-60 მეტრში მათ წინ გ------- კ--------ე გადმოუხტათ (რადგან იცნო ისინი) და თვითონ დაჯდა საჭესთან. რ----–-- ზ----ე მიიყვანეს რესპუბლიკურ საავადმყოფოში, სადაც მიყვანიდან დაახლოებით ერთ საათში გარდაიცვალა.

 

25. დაზარალებულთა ჩვენებას შეესაბამება: სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნა (რომლის თანახმადაც, რ----–-- ზ----ის სიკვდილის უშუალო მიზეზია ზოგადი მწვავე სისხლნაკლებობა - გამოწვეული ცეცხლსასროლი ჭრილობებით) და ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟებული გარესათვალთვალო კამერის ჩანაწერები (იხ. სამოტივაციო ნაწილის პუნქტი - 5).

 

26. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას დადასტურებულად მიაჩნია, რომ ნ------ ლ--------------ემ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით (რ----–-- ზ----ის ეპიზოდი), სსკ-ის 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით, სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები.

 

27. ნ. ლ--------------ის ფსიქიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმეში წარმოდგენილი, შპს „რ-------–----------–------------------–-----------------------ოს“ მიერ გაცემული ცნობით ირკვევა, რომ ნ. ლ--------------ე საავადმყოფოს ამბულატორიულ განყოფილებაში აღიცხვაზე არ იმყოფებოდა. ნ------ ლ--------------ის მიმართ ჩატარებული სტაციონარული სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზით, როგორც ექსპერტები მიუთითებენ, საექსპერტო შემთხვევის კლინიკური სურათის სირთულის გამო, საჭიროა გამოსაკვლევი პირის - ნ------ ლ--------------ის სტაციონარული სასამართლო-ფსიქიატრიული გამოკვლევა გაგრძელდეს ათი დღით. თავად ნ. ლ--------------ემ უარი განაცხადა დამატებით გამოკვლევასა და საექსპერტო დაწესებულებაში მოთავსებაზე. ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მომართვით დასტურდება, რომ სტაციონარული სასამართლო ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა არ ჩატარდა მათგან დამოუკიდებელი მიზეზის - გამოსაკვლევი პირის წარმოუდგენლობის - გამო.

 

28. ნ------ ლ--------------ის სასჯელის ზომასთან დაკავშირებით, პალატა მხედველობაში იღებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე და 53-ე მუხლების შინაარსს, ინდივიდუალურად აფასებს მსჯავრდებულის პიროვნებასა და სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებებს და აღნიშნავს, რომ ნ. ლ--------------ისათვის ბრალად შერაცხული ქმედებები (განზრახ მკვლელობა, განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებებში, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება) საზოგადოებისათვის მაღალი საფრთხის შემცველი და ძალადობრივია.

 

29. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ნ. ლ--------------ის მიმართ დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ დანიშნული სასჯელი სამართლიანია და უზრუნველყოფს სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრული სასჯელის მიზნების მიღწევას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. მსჯავრდებულ ნ------ ლ--------------ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 26 აპრილის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

 

ნ------ ლ--------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ და მიესაჯოს:

საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 3 წლით;

საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 6 წლით;

საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით (რ----–-- ზ----ის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 13 წლით;

საქართველოს სსკ-ის 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 18 წლით;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანქთას ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით ნ------ ლ--------------ეს საბოლოოდ მიესაჯოს - თავისუფლების აღკვეთა 18 წლით.

 

5. ნ------ ლ--------------ეს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2017 წლის 7 აგვისტოდან.

 

6. გასაჩივრებული განაჩენი ნივთმტკიცებათა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

 

7. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

 

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

 

პ. ქათამაძე