განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 29.03.2019
საქმის ნომერი
330210015001044661
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
29.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №330210015001044661

საქმე №ას-1932-2018 29 მარტი, 2019 წელი

№ას-1932-2018 ა--------–-----ი ქ-------–--ი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ბესარიონ ალავიძე, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – შპს „ა--------–---------------ა“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ს--–---–---------–-----–------------–---------------–--–ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 2 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

სასარჩელო მოთხოვნა:

 

1. შპს „ს--–---–----------–-----–------------–---------------–--–მა“ (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ა--------–---------------ას“ (შემდგომ – მოპასუხე) მიმართ, 2013 წლის 3 ივნისის ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დავალიანების – 77 083 ლარის, 2015 წლის 6 თებერვლის ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დავალიანების – 35 000 ლარის, 2015 წლის 6 თებერვლის ნარდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევისათვის პირგასამტეხლოს – 28 898 ლარისა და მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებული ზიანის – 7685 ლარის ანაზღაურების შესახებ.

 

სარჩელის საფუძვლები:

 

2. მოსარჩელის განმარტებით, 2015 წლის 6 თებერვალს მხარეთა შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხემ განახორციელა ქ.თბილისში, პ.ქ---------ის №--ში მდებარე შენობაში „K---ის“ სამზარეულოს წყალმომარაგების, კანალიზაციის, ვენტილაციის და კონდიცირების სამუშაოები, საერთო ღირებულებით – 23500 აშშ დოლარი.

3. 2015 წლის 27 თებერვალს მოპასუხის მიერ ავანსის სახით გადახდილ იქნა 21500 ლარი, რაც, იმ დროს მოქმედი გაცვლითი კურსის შესაბამისად, შეადგენდა 9558 აშშ დოლარს. 2015 წლის 20 აპრილს შესრულებულ სამუშაოებთან დაკავშირებით მხარეთა შორის შედგა მიღება-ჩაბარების აქტი. დარჩენილი დავალიანება მოპასუხის მიერ დაფარული არ არის.

4. ხელშეკრულების 4.2. პუნქტით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ანგარიშსწორების ვადების დარღვევისას მოპასუხეს დაეკისრებოდა საურავი დავალიანებული თანხის 0,1% ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. 2015 წლის 20 აპრილიდან 2017 წლის 1 ნოემბრამდე პერიოდში დასაკისრებელი საურავის მთლიანი ოდენობა მოსარჩელეს განსაზღვრული აქვს 28 898 ლარით.

5. მოსარჩელის განმარტებით, 2013 წლის 3 ივნისს, მოპასუხის წინამორბედთან შპს-თან დაიდო ხელშეკრულება ქ.თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე მდებარე მაღაზიის ვენტილაციის კონდიცირების სისტემების მონტაჟის შესახებ. ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 103681.7 ლარით. სამუშაოები დასრულდა 2014 წლის 3 თებერვალს და იმავე დღეს შედგა მიღება-ჩაბარების აქტი. მოპასუხეს სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე, გადახდილი აქვს 26598.84 ლარი.

 

მოპასუხის პოზიცია:

 

6. მოპასუხემ მარტივი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები სრულად შეასრულა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

7. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა, 2013 წლის 3 ივნისის ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დავალიანების 29 731.7 ლარის, 2015 წლის 6 თებერვლის ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დავალიანების 31 230 ლარის, 2015 წლის 6 თებერვლის ნარდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევისათვის პირგასამტეხლოს – 5683 ლარის გადახდა, სარჩელი მიუღებელი შემოსავლის ნაწილში არ დაკმაყოფილდა, რაც ორივე მხარემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

 

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

 

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 2 ნოემბრის განჩინებით მხარეთა სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

9. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ 2015 წლის 6 თებერვალს მხარეთა შორის დაიდო ნარდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხემ იკისრა ვალდებულება, შეესრულებინა ქ-------–--ში, პ.ქ---------ის ქ.№--ში მდებარე შენობაში „K---ის“ სამზარეულოს წყალმომარაგების, კანალიზაციის, ვენტილაცია კონდიცირების სამუშაოები. ხელშეკრულების მთლიანი ღირებულება განისაზღვრა 23500 აშშ დოლარით.

10. 2015 წლის 6 თებერვლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 2015 წლის 27 თებერვალს, მოპასუხემ ავანსის სახით გადაიხადა 21 500 ლარი, რაც, იმ დროს მოქმედი გაცვლითი კურსის შესაბამისად, შეადგენდა 9558 აშშ დოლარს.

11. 2015 წლის 20 აპრილს მხარეთა შორის შედგა მიღება-ჩაბარების აქტი შესრულებულ სამუშაოებთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები სრულადაა შესრულებული და შეესაბამება ხელშეკრულების პირობებს. შესრულებული სამუშაოს ღირებულებამ შეადგინა 23 500 აშშ დოლარი.

12. 2015 წლის 6 თებერვალს, დადებული ნარდობის ხელშეკრულების 4.2. პუნქტით, თუ მხარე დაარღვევს ანგარიშსწორების ვადებს, მას დაეკისრება საურავი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი თანხის 0,1%.

13. 2015 წლის 6 თებერვლის ნარდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები მოპასუხემ ნაწილობრივ შეასრულა, კერძოდ, ავანსის სახით გადაიხადა 21 500 ლარის ეკვივალენტი 9558 აშშ დოლარი. შესაბამისად, მის მიერ ასანაზღაურებელი თანხა შეადგენს 13 942 აშშ დოლარის ეკვივალენტ 31 230 ლარს (1 აშშ დოლარი=2.24 ლარს).

14. მოპასუხე წარმოადგენს წინამორბედი შპს-ს უფლებამონაცვლეს, რომელმაც 2013 წლის 3 ივნისს მოსარჩელესთან დაიდო ხელშეკრულება მაღაზიის ვენტილაციის კონდიცირების სისტემების მონტაჟის შესახებ. აღნიშნული ხელშეკრულების 4.1. პუნქტით ხელშეკრულების მთლიანი ღირებულება განისაზღვრა 103 681.7 ლარით.

15. 2014 წლის 3 თებერვალს, მხარეთა შორის შედგა მიღება-ჩაბარების აქტი შესრულებულ სამუშაოებთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები სრულადაა შესრულებული და შეესაბამება ხელშეკრულების პირობებს. შესრულებული სამუშაოს ღირებულებამ შეადგინა 103681.70 ლარი.

16. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება, რომ 2013 წლის 3 ივნისის ნარდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები მოპასუხის წინამორბედი შპს-ს მიერ შესრულდა ნაწილობრივ, კერძოდ, მან ავანსის სახით გადაიხადა 73 950 ლარი. შესაბამისად, აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ასანაზღაურებელი აქვს (103 681.7-73 950) 29 731.7 ლარი.

17. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ – სსსკ) 629-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმისთვის, რომ სამართალურთიერთობა ნარდობის ხელშეკრულებად შეფასდეს, უნდა არსებობდეს შემკვეთი, მენარდე და მათ შორის შეთანხმება სამუშაოების საზღაურზე.

18. განსახილველი ნორმა იძლევა დასკვნის საფუძველს, რომ ნარდობა სინალაგმატურ ხელშეკრულებათა რიგს განეკუთვნება, რომლის მონაწილეებიც სამართლებრივ ურთიერთობაში ერთმანეთის მიმართ გამოდიან როგორც ურთიერთკრედიტორები, ისე – ურთიერთმოვალეები. ზოგადი წესის თანახმად, შემკვეთს საპასუხო შესრულების ვალდებულება წარმოეშობა მას შემდეგ, რაც მენარდე შეასრულებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებას (იხ. სუსგ №ას-856-800-2017, 20.10.2017წ.).

19. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მხარეთა შორის 2015 წლის 6 თებერვალსა და 2013 წლის 3 ივნისს დაიდო ნარდობის ხელშეკრულებები. მოსარჩელემ, ორივე ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ნაკისრი ვალდებულებები შეასრულა ჯეროვნად და კეთილსინდისიერად. ამასთან, პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მხარეთა შორის სადავოს არ წარმოადგენს მენარდის მხრიდან ვალდებულების შესრულების ფაქტი, რაც მას მოთხოვნის უფლებას წარმოუშობს შემკვეთის მიმართ, შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით გამართლებულია.

20. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტების შესაბამისად, სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 2015 წლის ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოპასუხემ გადაიხადა 21500 ლარი, ხოლო, დავალიანებული გადასახდელი თანხა შეადგენს 31230 ლარს. 2013 წლის 3 ივნისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შესასრულებელ ვალდებულებებიდან 103681.7 ლარიდან მოპასუხემ გადაიხადა 73950 ლარი, ხოლო, დარჩენილი დავალიანება კი შეადგენს 29731.7 ლარს.

21. რაც შეეხება მოსარჩელის პოზიციას, იგი შედავების ფარგლებში ვალდებულია, წარადგინოს შესრულების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რაც მისი მხრიდან მოცემული დავის ფარგლებში არ მომხდარა. მისი განმარტებით, 2015 წლის 6 თებერვლისა და 2013 წლის 3 ივნისის ხელშეკრულებებთან დაკავშირებით მის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილ იქნა თანხის სრულად გადახდის დამადასტურებელი ქვითრები. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ აღნიშნული ქვითრებით ვერ დგინდება თუ რა სახის მომსახურებისა და ხელშეკრულებისათვის არის თანხა გადახდილი, შესაბამისად, წარმოდგენილი ქვითრები ვერ ადასტურებენ ვალდებულების სრულად და ჯეროვნად შესრულების ფაქტს.

22. ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობს აპელანტის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

23. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ – სსკ) მე-400 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, 417-ე მუხლის, 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეებს შორის 2015 წლის 6 თებერვალს დადებული ხელშეკრულებით შეთანხმებულია პირგასამტეხლოს ოდენობა და შესაბამისად მისი გადახდის ვალდებულება ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.

24. სსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო, რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.

25. ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, ვინაიდან დადგენილია ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არსებობს მოსარჩელის პირგასამტეხლოს გადახდის დაკისრების საფუძველი. მის ოდენობასთან დაკავშირებით სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომ ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი თანხის 0,1%-ის გადახდა შეუსაბამოდ მაღალია შესრულებული ვალდებულების, ვალდებულების დარღვევის პერიოდისა და შესასრულებელ ვალდებულებასთან მიმართებით და იგი უნდა შემცირდეს 0,02%-მდე. შესაბამისად, პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება, რომ სარჩელი 2015 წლის 6 თებერვლის ნარდობის ხელშეკრულების დარღვევისათვის პირგასამტეხლოს სახით (31 230 ლარის 0.02%X910 დღეზე, 2015 წლის 20 აპრილიდან 2017 წლის 1 ნოემბრამდე) 5683 ლარის ნაწილში საფუძვლიანია, ხოლო, დარჩენილ (28 898 – 5683) 23 215 ლარის ნაწილში სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

26. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა 0.02%-მდე არ შეამცირა გონივრული შეფასების შედეგად. აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო პალატამ მიუთითა სსკ-ის 420-ე მუხლზე და განმარტა, რომ სსკ-ი ადგენს სასამართლოს შესაძლებლობას, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რათა არ მოხდეს სამოქალაქო ბრუნვისათვის მიუღებელი და არაგონივრული ტვირთის მხარისათვის დაკისრება, რაც, თავის მხრივ, კრედიტორის უსაფუძვლოდ გამდიდრებას გამოიწვევს. სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება სწორედ მხარეთა უფლება-მოვალეობების დაბალანსებას ემსახურება. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება 0.1%-დან 0.02%-მდე საქმის გარემოებებიდან და შესასრულებელი ვალდებულების მოცულობიდან გამომდინარე პალატამ გონივრულად და მიზანშეწონილად მიიჩნია.

27. მოსარჩელის სააპელაციო საჩივრის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს მოპასუხისათვის მიუღებელი შემოსავალის სახით მიყენებული ზიანის – 7685 ლარის დაკისრება.

28. სსკ-ის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის, 408-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 411-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ კანონმდებელი დაზარალებულს (კრედიტორს) უფლებას აძლევს, ზიანის ანაზღაურება მოითხოვოს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ იმ ანაცდენი სარგებლისათვის, რომელსაც დაზარალებული მიიღებდა სამოქალაქო ბრუნვის ნორმალური განვითარების შემთხვევაში. მოცემული მუხლის გამოყენების წინაპირობებს წარმოადგენს შემდეგი: მოპასუხის ქმედების არამართლზომიერება; ამ ქმედების შედეგად ზიანის დადგომა; მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობა; ქონებრივი დანაკლისის (ზიანის) ოდენობა. მოხმობილი ელემენტების არსებობა უნდა დგინდებოდეს იმგვარი მტკიცებულებებით, რომელთა ანალიზი შექმნის ობიექტურ სურათს ამგვარი შემოსავლების მიღებასთან დაკავშირებით. საგულისხმოა, ასევე, თავად „მიუღებელი შემოსავლის“ განმარტება. სასამართლო პრაქტიკაში დამკვიდრებული მოსაზრების თანახმად, ეს არის სარგებელი, რომელიც შეიძლება დამდგარიყო სამოქალაქო ბრუნვის ნორმალური განვითარების შედეგად. ესაა ანაცდური მოგება, რომლის ანაზღაურებაც მოსარჩელის განსაკუთრებულ კომერციულ ინტერესში შედის, ვინაიდან კომერციულ ბრუნვაში მისი ინტერესი შემოსავლის მიღებისკენაა მიმართული, თუმცა, თავად მოგება არ გულისხმობს ერთობლივ შემოსავალს, ყოველგვარი ხარჯების გამოქვითვების გარეშე, რომელსაც დაზარალებული ობიექტურად მიიღებდა სამოქალაქო ბრუნვის ნორმალური განვითარების შედეგად.

29. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ დემოკრატიული წესწყობილების უმთავრეს ამოცანას მართლმსაჯულების მხარეთა თანასწორობის საწყისზე განხორციელება წარმოადგენს, რაც სამართალში სამართლიანი სასამართლოს კონცეფციითაა დამკვიდრებული და იგი გარანტირებულია არა ერთი შიდასახელმწიფოებრივი თუ საერთაშორისო სამართლებრივი აქტით. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით აღიარებულია რა სასამართლო წესით უფლების დაცვის საყოველთაო პრინციპი, მისი კონკრეტული რეალზაცია ასახულია საპროცესო კანონმდებლობაში. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ – სსსკ) მე-4 (1) მუხლი ადგენს სამართალწარმოების ისეთ ფუნდამენტურ პრინციპს, როგორიცაა შეჯიბრებითობა და განსაზღვრავს, რომ სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. შეჯიბრებითობა, როგორც სამართლიანი სასამართლოს ქვაკუთხედი, არაერთ საპროცესო ნორმაშია გადმოცემული და იგი, ბუნებრივია, მათ შორის მტკიცების ტვირთზე ახდენს გავლენას. სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიარებულია რა ფაქტზე მიმთითებული მხარის ვალდებულება, წარადგინოს ამ ფაქტის დამადასტურებელი განკუთვნადი მტკიცებულებები, სასამართლო არ არის უფლებამოსილი, ინიციატივა გამოიჩინოს ამ პროცესში, რამეთუ აქსიომატურია, რომ მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები (იხ. სსსკ-ის 83-ე, 103-ე მუხლები. სუსგ. №ას-632-590-2017, 08.01.2018 წ.).

30. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ, მართალია, მოსარჩელემ მიუთითა და დაასაბუთა მოპასუხის ქმედების არამართლზომიერება, ვალდებულების არაჯეროვნად შესრულება, თუმცა, არ არსებობს მიზეზობრივი კავშირი მოპასუხის ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის. მეტიც, მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა 2015 წლის 6 თებერვლის ნარდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევით მისთვის ზიანის –7685 ლარის მიყენების ფაქტი სათანადო, სარწმუნო მტკიცებულებებზე მითითებით. მხოლოდ იმ ფაქტზე აპელირება კი, რომ კუთვნილი თანხის დროულად გადახდისა და მის საბანკო დეპოზიტზე განთავსებით იგი მიიღებდა სარგებელს, აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილების საკმარის საფუძველსა და წინაპირობას არ წარმოადგენს.

31. რაც შეეხება მოსარჩელის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მოპასუხისათვის 2013 წლის 3 ივნისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 50000 ლარის დაკისრების შესახებ, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, საგადახდო დავალებებით დგინდება, რომ 2013 წლის 3 ივნისის ნარდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები მოპასუხის წინამორბედმა შპს-მ შეასრულა ნაწილობრივ, კერძოდ, მან ავანსის სახით გადაიხადა 73 950 ლარი. შესაბამისად, აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ასანაზღაურებელი აქვს (103 681.7-73 950) 29 731.7 ლარი. შესაბამისად, პალატა ვერ გაიზიარებს მოსარჩელის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ საქმის მასალებში წარმოდგენილი 50000 ლარის გადახდის ქვითარი არ არის მოცემულ საქმესთან კავშირში, ვინაიდან პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი გადახდის ქვითრები საგადახდო ნომრით №----, №----, №--- და №--- წარმოადგენენ 2013 წლის 3 ივნისის ნარდობის ხელშეკრულებისათვის გადახდილ თანხებს, რისი შედავებაც საპირისპირო მტკიცებულებებით მოსარჩელემ ვერ მოახერხა.

32. გარდა აღნიშნულისა, მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხეს მის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სამართლებრივი დახმარებისათვის გაწეული ხარჯის – 367.2 ლარის ანაზღაურება.

 

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

 

33. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:

34. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ არასწორად დაადგინა, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებითა და მხარეთა ახსნა-განმარტებების თანახმად, 2015 წლის 6 თებერვლის ნარდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები მოპასუხემ ნაწილობრივ შეასრულა. მოპასუხემ ავანსის სახით გადაიხადა 21 500 ლარის ეკვივალენტი 9558 აშშ დოლარი. შესაბამისად, მოპასუხის ასანაზღაურებელი თანხა შეადგენს 13 942 აშშ დოლარის ეკვივალენტ 31 230 ლარს (1 აშშ დოლარი – 2,24 ლარი). კასატორმა სასამართლოს წარუდგინა 31 230 ლარის გადახდის ქვითრები, შესაბამისად, მოპასუხეს, ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დავალიანება არ გააჩნია.

35. კასატორის განმარტებით, სააპელაციო პალატამ ასევე არასწორად მიიჩნია, რომ 2013 წლის 3 ივნისის ნარდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები მოპასუხემ ნაწილობრივ შეასრულა, კერძოდ, წინამორბედი შპს-ს მიერ გადახდილ იქნა 73 950 ლარი. შესაბამისად, აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში მოპასუხეს მოსარჩელისათვის გადასახდელი აქვს (103 681.7 – 73 950) 29 731.7 ლარი. მოსარჩელე დავობდა იმ საკითხზე, რომ სასამართლოზე წარდგენილ იქნა 77 083 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრები სრულად. შესაბამისად, მოპასუხეს, ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დავალიანება არ გააჩნია.

36. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 8 იანვრის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

37. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

38. კასატორს დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია ამდენად, სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, მოცემულ საქმეზე დადგენილად უნდა ჩაითვალოს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი გარემოებანი:

39. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ 2015 წლის 6 თებერვალს მხარეთა შორის დაიდო ნარდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხემ იკისრა ვალდებულება, შეესრულებინა სამზარეულოს წყალმომარაგების, კანალიზაციის, ვენტილაცია კონდიცირების სამუშაოები. ხელშეკრულების მთლიანი ღირებულება განისაზღვრა 23500 აშშ დოლარით.

40. 2015 წლის 6 თებერვლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 2015 წლის 27 თებერვალს, მოპასუხემ ავანსის სახით გადაიხადა 21 500 ლარი, რაც, იმ დროს მოქმედი გაცვლითი კურსის შესაბამისად, შეადგენდა 9558 აშშ დოლარს.

41. 2015 წლის 20 აპრილს მხარეთა შორის შედგა მიღება-ჩაბარების აქტი შესრულებულ სამუშაოებთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები სრულადაა შესრულებული და შეესაბამება ხელშეკრულების პირობებს. შესრულებული სამუშაოს ღირებულებამ შეადგინა 23 500 აშშ დოლარი.

42. 2015 წლის 6 თებერვალს, დადებული ნარდობის ხელშეკრულების 4.2. პუნქტით, თუ მხარე დაარღვევს ანგარიშსწორების ვადებს, მას დაეკისრება საურავი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი თანხის 0,1%.

43. 2015 წლის 6 თებერვლის ნარდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები მოპასუხემ ნაწილობრივ შეასრულა, კერძოდ, ავანსის სახით გადაიხადა 21 500 ლარის ეკვივალენტი 9558 აშშ დოლარი. შესაბამისად, მის მიერ ასანაზღაურებელი თანხა შეადგენს 13 942 აშშ დოლარის ეკვივალენტ 31 230 ლარს (1 აშშ დოლარი=2.24 ლარს).

44. მოპასუხე წარმოადგენს წინამორბედი შპს-ს უფლებამონაცვლეს, რომელმაც 2013 წლის 3 ივნისს მოსარჩელესთან დაიდო ხელშეკრულება მაღაზიის ვენტილაციის კონდიცირების სისტემების მონტაჟის შესახებ. აღნიშნული ხელშეკრულების 4.1. პუნქტით ხელშეკრულების მთლიანი ღირებულება განისაზღვრა 103 681.7 ლარით.

45. 2014 წლის 3 თებერვალს, მხარეთა შორის შედგა მიღება-ჩაბარების აქტი შესრულებულ სამუშაოებთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები სრულადაა შესრულებული და შეესაბამება ხელშეკრულების პირობებს. შესრულებული სამუშაოს ღირებულებამ შეადგინა 103681.70 ლარი.

46. 2013 წლის 3 ივნისის ნარდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები მოპასუხის წინამორბედი შპს-ს მიერ შესრულდა ნაწილობრივ, კერძოდ, მან ავანსის სახით გადაიხადა 73 950 ლარი. შესაბამისად, აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ასანაზღაურებელი აქვს (103 681.7-73 950) 29 731.7 ლარი.

47. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

48. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

49. საკასაციო სასამართლო დასაშვებ და დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიად ვერ შეაფასებს მოპასუხის მოსაზრებას, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად დაადგინა საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი გარემოება, თითქოს მოპასუხემ მოსარჩელის მიმართ ნარდობის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულებები არ შეასრულა.

50. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სსკ-ის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. ანუ, ნარდობის ძირითადი თავისებურებაა ის, რომ შემკვეთი საკუთრების უფლებას იძენს შესრულებული სამუშაოს რეზულტატზე, რისთვისაც იხდის კონკრეტულ საზღაურს (სუსგ 17.10.2017წ. საქმე №ას-866-808-2017).

51. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპზე. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

52. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში მხოლოდ მოპასუხის ზეპირი განმარტება მოსარჩელის პოზიციას ვერ გადაწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს.

53. სსსკ-ის 105-ე მუხლი ადგენს სასამართლოს მხრიდან მხარეთა მიერ მითითებული გარემოებების შეფასების პირობებს, კერძოდ, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

54. ამდენად, სადავო გარემოებების დადგენისას სასამართლო იმსჯელებს საქმეში წარმოდგენილ მხარეთა განმარტებებზე, წერილობითი დოკუმენტებსა და სხვა მტკიცებულებებზე ერთობლიობაში, რისი ურთიერთშეჯერებით გადაწყვეტს, სარწმუნოდ მიიჩნიოს თუ არა ამა თუ იმ ფაქტის არსებობა.

55. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ ერთობლიობაში შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, მხარეთა ახსნა-განმარტებები და დადასტურებულად მიიჩნია, რომ მხარეთა შორის სადავო სამართლებრივი ურთიერთობა წარმოიშვა ნარდობის ხელშეკრულების საფუძველზე. მოსარჩელემ გაუწია გარკვეული მომსახურება, რის სანაცვლოდაც, მოპასუხეს ანაზღაურება მისთვის სრულად არ გადაუხდია.

56. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველი ვერ გახდება კასატორის მითითება, რომ 2015 წლის 6 თებერვლისა და 2013 წლის 3 ივნისის ხელშეკრულებებთან დაკავშირებით მან სასამართლოს წარუდგინა მისი მხრიდან სადავო თანხის სრულად გადახდის დამადასტურებელი ქვითრები.

57. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ შეიცავს იმგვარ დასაბუთებას, რომელიც გააქარწყლებდა სააპელაციო პალატის მსჯელობას ზემოაღნიშნულ მტკიცებულებებთან დაკავშირებით, კერძოდ, რომ აღნიშნული ქვითრებით ვერ დგინდება თუ რა სახის მომსახურებისა და ხელშეკრულებისათვის არის თანხა გადახდილი, შესაბამისად, წარმოდგენილი ქვითრები ვერ ადასტურებენ ვალდებულების სრულად და ჯეროვნად შესრულების ფაქტს.

58. შესაბამისად, საკასაციო საჩივრის ავტორის პრეტენზია გასაჩივრებული განჩინებით მისთვის დაკისრებული დავალიანების ანაზღაურების დაუსაბუთებლობის შესახებ, სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, დაუშვებელია.

59. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

60. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.

61. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

62. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.

63. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

64. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით ლ------- კ----–--ის მიერ 2018 წლის 28 დეკემებრს №- საგადახდო დავალებით გადახდილი 3 332 ლარის 70% – 2332,4 ლარი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. – შპს „ა--------–---------------ას“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ შპს „ა--------–---------------ას“ (საიდენტიფიკაციო კოდი №---------) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით ლ------- კ----–--ის მიერ 2018 წლის 28 დეკემებრს №- საგადახდო დავალებით გადახდილი 3 332 ლარის 70% – 2332,4 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

 

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

 

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

 

ე. გასიტაშვილი