განჩინება

სისხლის სამართლის 20.03.2019
საქმის ნომერი
330100115788981
თარიღი
20.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100115788981

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№581აპ-18 ქ. თბილისი

რ-–------ი ე-----, 581აპ-18 20 მარტი, 2019 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 4 ივლისის განაჩენზე მსჯავრდებულ ე----- რ-–------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ-------– მ----ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 27 მარტის განაჩენით ე----- რ-–------ი, --------------–-------–--–---- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

საქართველოს სსსკ-ის 191-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, მსჯავრდებულ ე----- რ-–------ს სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის მოხდა, გამოჯანმრთელებამდე, განესაზღვრა აკად. ბ. ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში (ხონი-ქუტირი).

ე----- რ-–------ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის მიღების დღიდან - 2018 წლის 27 მარტიდან; მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2015 წლის 13 იანვრიდან იმავე წლის 17 იანვრის ჩათვლით.

 

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 4 ივლისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.

 

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ე----- რ-–------მა ჩაიდინა ძარცვის მცდელობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით აშკარად დაუფლების მცდელობა, რაც მნიშვნელოვან ზიანს გამოიწვევდა. მის მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში:

 

4. 2015 წლის 13 იანვარს, საღამოს საათებში, თ---–--–ი, ი-–-- ჭ-------ის გამზირის №---ში მდებარე სს ,,ს---------------–ის“ სუპერმარკეტში, ე----- რ-–------მა სცადა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, აშკარად დაუფლებოდა ორ ბოთლ ალკოჰოლურ სასმელს, რომელთა საერთო ღირებულება შეადგენდა - 540.20 ლარს.

 

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ე----- რ-–------ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ-------– მ----ემ, რომელიც ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 4 ივლისის განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: ე----- რ-–------ის ქმედების - ძარცვის მცდელობიდან ქურდობაზე გადაკვალიფიცირებასა და საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მინიმალური სასჯელის განსაზღვრას, ვინაიდან მსჯავრდებული სუპერმარკეტ ,,ს---------------–იდან“ ალკოჰოლურ სასმელებს დაეუფლა ფარულად.

 

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

 

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

 

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

 

8. მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარე სადავოდ არ ხდის მსჯავრდებულ ე----- რ-–------ის მიერ სს ,,ს---------------–ის“ სუპერმარკეტში მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ორი ბოთლი ალკოჰოლური სასმლის დაუფლების ფაქტს, თუმცა არ ეთანხმება ქმედების საქართველოს სსკ-ის 19,178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ძარცვის მცდელობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით აშკარად დაუფლების მცდელობა, რაც მნიშვნელოვან ზიანს გამოიწვევდა) დაკვალიფიცირებას და მიაჩნია, რომ ე----- რ-–------მა ჩაიდინა ქურდობა, რასაც საკასაციო პალატა არ იზიარებს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

9. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით (მათ შორის: მოწმეების - ა-----– გ-----ის, ზ----- გ----ას, კ--- წ---–-----ისა და ი-----–- მ-------–---–ის ჩვენებებით, დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით, ვიდეოჩანაწერებითა და მათი დათვალიერების ოქმებით) პალატას დადასტურებულად მიაჩნია, რომ ქმედების შემადგენლობის განხორციელება ფარულად დაიწყო (როდესაც ე----- რ-–------მა სუპერმარკეტ ,,ს---------------–ში“ აიღო ორი ბოთლი ალკოჰოლური სასმელი), მაგრამ ქმედების შემადგენლობის დასრულებამდე ობიექტური მხარე უწყვეტად ფარული არ ყოფილა (სუპერმარკეტის ტერიტორიის დატოვებამდე - იმ პერიოდში,როდესაც მსჯავრდებულს არ შეეძლო, მის მიერ ქურთუკში დამალული 2 ბოთლი ალკოჰოლური სასმელი განეკარგა, ე----- რ-–------ის ქმედების შესახებ ცნობილი გახდა დაცვის თანამშრომლებისათვის,რომლებმაც არაერთხელ მიუთითეს, რომ შეჩერებულიყო).ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მსჯავრდებულმა ჯერ სიარულს აუჩქარა, ხოლო შემდეგ კი სირბილით დატოვა სუპერმარკეტი,მიუთითებს შემთხვევის ადგილზე სხვა პირების მიერ მისი ქმედების გაცნობიერების ფაქტზე. შესაბამისად, ე----- რ-–------ის ქმედება ფარული მოქმედებიდან გადაიზარდა ნივთის აშკარა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებაში.

 

10. რაც შეეხება სასჯელს, ე----- რ-–------ისთვის შეფარდებული 4 წლით თავისუფლების აღკვეთა საქართველოს სსკ-ის 19,178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სასჯელის მინიმუმია და მისი კიდევ უფრო შემსუბუქების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

 

11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. მსჯავრდებულ ე----- რ-–------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ-------– მ----ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

 

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

 

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

 

პ. ქათამაძე