განჩინება

სისხლის სამართლის 03.04.2019
საქმის ნომერი
330100117001932131
თარიღი
03.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100117001932131

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№696აპ-18 ქ. თბილისი

თ------–---–ი ი-----–-, 696აპ-18 3 აპრილი, 2019 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 3 ოქტომბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ი-----–- თ------–---–ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ------- ბ-----ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 27 ნოემბრის განაჩენით ი-----–- თ------–---–ი, - დაბადებული 1----–-–----------ს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლით. მსჯავრდებულ ი-----–- თ------–---–ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 3 მაისიდან.

 

2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 3 ოქტომბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

 

3. თბილისის სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2017 წლის 28 მარტს, დაახლოებით 23:45 საათზე, ი-----–- თ------–---–მა უკანონოდ შეაღწია თ---–--–ი, ნ--–-----ის ქუჩა №----ში მდებარე რ-------- ე-------- მ-----სა და ბ----- ლ-- დ---–ის საცხოვრებელ სახლში, საიდანაც შეეცადა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაუფლებოდა სახლში არსებულ მოძრავ ნივთებს.

 

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ.

 

5. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრებით დაცვის მხარე ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 3 ოქტომბრის განაჩენის გაუქმებასა და ი-----–- თ------–---–ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.

6. კასატორის მითითებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიამ დაუშვებელ მტკიცებულებად მიიჩნია: დათვალიერების შედეგად ამოღებული ტანსაცმელი, ტანსაცმლის დათვალიერების ოქმი (ამოღების ნაწილში), ხოლო ამავე საგამოძიებო მოქმედების ფარგლებში ამოღებული მობილური ტელეფონი კი დასაშვებ მტკიცებულებად მიიჩნია. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ბინაში ნივთებზე ი-----–- თ------–---–ის შეხება არ დადგინდა; ასევე, ამოღებულ რკინაზე არ ამოვიდა მსჯავრდებულის ხელის კვალი. პროკურორი უმართებულოდ უთითებს სასამართლოს, რომ არ იქნეს გაზიარებული ი. თ------–---–ის ჩვენება, რომლის თანახმადაც, იგი ბინას ეძებდა გასაქირავებლად და ოთხი პირი მისი გაძარცვის მიზნით თავს დაესხა, ფული წაართვა და გაეკიდა. მსჯავრდებული ღობეზე გადაძვრა, სადაც მძარცველებიც გადაყვნენ. ითხოვდა შველას და ყველა საშუალებით (იქნებოდა ეს ქვა თუ სხვა) იცავდა თავს. აივანზე არბენის დროს ერთ-ერთმა შუბლზე სისხლმდენი ჭრილობა მიაყენა. აღნიშნულის შემდეგ კი არ ახსოვს, გადმოაგდეს თუ გადმოვარდა.

7. მსჯავრდებული უთითებს, რომ მისი სისხლი სახლის პირველ სართულზე ვერანაირად ვერ მოხვდებოდა, თვითონ რომ არ წაესვათ. სახლი არეული არ ყოფილა. წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება მხოლოდ ის ფაქტი, რომ ი. თ------–---–ი შემთხვევის ადგილზე დასისხლიანებული და ფეხმოტეხილი იმყოფებოდა. ჩამტვრეული მინა, დაგდებული ქვა და რკინის ნაჭერი კი მხოლოდ ვარაუდებია.

8. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

 

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

 

9. პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

 

10. საკასაციო პალატა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს - „სამსუნგის“ ფირმის მობილურ ტელეფონსა და მასთან დაკავშირებულ საგამოძიებო მოქმედების ოქმებს არ განიხილავს ი. თ------–---–ის ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებებად და დამატებით აღნიშნავს, რომ მათ არსებითი გავლენა სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებაზე არ მოუხდენიათ.

 

11. წარმოდგენილი საქმის მასალებიდან უტყუარად დგინდება, რომ ი. თ------–---–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 19.177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, კერძოდ:

 

12. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, 2017 წლის 28 მარტს ი. თ------–---–ი შეეცადა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაუფლებოდა ე-------- მ-----სა და ბ----- ლ-- დ---–ის საცხოვრებელ სახლში არსებულ მოძრავ ნივთებს.

 

13. მსჯავრდებულის შემთხვევის ადგილზე ყოფნის ფაქტი უტყუარად დგინდება მოწმეების: კ------------- ძ-----–---–ის, გ------ ი-----–-–---–ის, შ-------- პ-------–---–ის, დ------ ა---–--ის, დ----- ა----–--ის, თ------ ბ-----–---–ის, ნ--- ც---------ისა და ხ------- ქ------ის ჩვენებებით. აღნიშნულ ფაქტს, საკასაციო საჩივრის მიხედვით, არ უარყოფს თავად მსჯავრდებულიც.

 

14. რაც შეეხება საცხოვრებელ სახლში არსებული მოძრავი ნივთების დაუფლების მცდელობას, აღნიშნული დადასტურებულია შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ბიოლოგიური (სერეოლოგიური, გენეტიკური) ექსპერტზის N--------- დასკვნითა და ექსპერტ ნ---- კ--–----ის ჩვენებით.

 

15. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, პირველი და მესამე სართულების მინები იყო ჩამტვრეული, სადაც იპოვეს ორი ქვა. ამავდროულად, პირველ სართულზე დაზიანებული ფანჯრის პირდაპირ, ფარდასა და საძინებელ ოთახში ტახტის ზედაპირზე არსებულ საბანზე აღინიშნებოდა ორი მოწითალო სისხლისმაგვარი ლაქა. ზემომითითებული ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, საბანსა და ფარდის ამონაჭრებზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ი-----–- თ------–---–ს. მე-3 სართულიდან ამოღებულ ქვაზე ბიომასალის გენეტიკური პროფილი ასევე ეკუთვნის მსჯავრდებულს.

 

16. შემთხვევის ადგილზე ყოფნას ქურდობის მიზნით ი. თ------–---–ი უარყოფს და მძარცველებისაგან თავის დაღწევის სურვილით ხსნის. საკასაციო პალატისათვის გაუგებარია, თუ მსჯავრდებული მართლაც გადაძვრა ღობეზე მძარცველებისაგან თავის დაღწევის მიზნით, როგორ აღმოჩნდა მისი სისხლის ლაქები საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე. კასატორის მითითებით, მისი სისხლი სახლის პირველ სართულზე ვერანაირად ვერ მოხვდებოდა, განზრახ რომ არ წაესვათ. საკასაციო პალატას არ გააჩნია საფუძველი საეჭვოდ მიიჩნიოს შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და მისი შემდგენი პირის - ე------ ს---–--------ის ჩვენება.

 

17. ამდენად, სხვის საკუთრებაში (ეზოში) უკანონოდ შესვლა, ეზოში არსებული საცხოვრებელი სახლის პირველი და მესამე სართულების მინების ჩამტვრევა, ამოღებულ ქვაზე მსჯავრდებულის ბიომასალის გენეტიკური პროფილის ამოსვლა, ფარდასა და საბანზე დატოვებული სისხლის კვალი - უტყუარად ადასტურებს, რომ ი. თ------–---–მა ე-------- მ-----სა და ბ----- ლ-- დ---–ის საცხოვრებელ სახლში ქურდობის მიზნით შეაღწია.

 

18. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

 

19. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. მსჯავრდებულ ი-----–- თ------–---–ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ------- ბ-----ის საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

 

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

 

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

 

ბ. ალავიძე