განჩინება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100117002042111
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №629აპ-18 ქ. თბილისი
ქ------–-ა ი-----–-, 629აპ-18 12 აპრილი, 2019 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),გიორგი შავლიაშვილი, პაატა ქათამაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 19 სექტემბრის განაჩენზე თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლაშა ამირანაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების არსი:
ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ი-----–- ქ------–-ას ბრალი დაედო განზრახ მკვლელობის მცდელობაში ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ საფრთხეს უქმნის სხვათა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას; ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენასა და ტარებაში და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენასა და შენახვაში, რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 3 ივლისს, დაახლოებით 02:00 საათზე, ქ.თ---–--–ი, ვ---------–ი 3, მ--- მ/რაიონის 4---ე კორპუსის ეზოში, ი-----–- ქ------–-ამ მოკვლის განზრახვით, გ------- ა---------–-–---–-ს მიმართულებით ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან, რომელსაც იგი მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა, გაისროლა დაახლოებით 15-ჯერ, რა დროსაც განზრახ შეექმნა საფრთხე იქვე მყოფ ვ-–-------- ლ-------ა და გ---- ფ-----ს სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ხოლო გ------- ა---------–-–---–-ა სიცოცხლისათვის საშიში ცეცხლნასროლი დაზიანებები მიიღო.
ი-----–- ქ------–-ამ დაუდგენელ ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა ქარხნული წესით დამზადებული, ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას განკუთვნილი და სროლისათვის ვარგისი 9მმ კალიბრიანი, პიეტრო ბერეტას კონსტრუქციის, ,,92S” მოდელის NX49436Z პისტოლეტი და ამავე პისტოლეტისათვის განკუთვნილი, ქარხნული წესით დამზადებული, გამოყენებისათვის ვარგისი 9მმ კალიბრიანი 1908 წლის ნიმუშის 13 საბრძოლო ვაზნა. ზემოაღნიშნულ ცეცხლსასროლ იარაღსა და საბრძოლო მასალას, 2017 წლის 4 ივლისს, ი-----–- ქ------–-ა მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა თავისი პაპის - ო--–- ჯ----ს კუთვნილ, ქ.თ---–--–ი, ჩ------ს ქუჩა N---ში, ბინა N--ში.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 28 მარტის განაჩენით:
ი-----–- ქ------–-ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტითა და 236-ე მუხლის მე-2, მე-3 ნაწილებით წარდგენილ ბრალდებაში.
ი-----–- ქ------–-ა, - დაბადებული 1--- წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით და მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 25 მაისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 1500 ლარი და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 საათით, რაც შეცვლილია ჯარიმით და საბოლოოდ მას განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის ზომად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. ი. ქ------–-ას სასჯელის მოხდა დაეწყო 2017 წლის 4 ივლისიდან.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ი-----–- ქ------–-ამ ჩაიდინა მხოლოდ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა, რაც გამოიხატა შემდეგში:
ი-----–- ქ------–-ამ დაუდგენელ ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა ქარხნული წესით დამზადებული, ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას განკუთვნილი და სროლისათვის ვარგისი 9 მმ კალიბრიანი, პიეტრო ბერეტას კონსტრუქციის, ,,92S” მოდელის NX49436Z პისტოლეტი და ამავე პისტოლეტისათვის განკუთვნილი ქარხნული წესით დამზადებული, გამოყენებისათვის ვარგისი 9მმ კალიბრიანი, 1908 წლის ნიმუშის ცამეტი საბრძოლო ვაზნა. ზემოაღნიშნულ ცეცხლსასროლ იარაღსა და საბრძოლო მასალას 2017 წლის 4 ივლისს ი-----–- ქ------–-ა მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა თავისი პაპის - ო--–- ჯ----ს კუთვნილ, თ---–--–ი, ჩ------ს ქ. N---ში მდებარე ბინა N--ში.
3. აპელანტის მოთხოვნა:
აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვდა განაჩენში ცვლილების შეტანას და ი-----–- ქ------–-ას დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით.
4. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 19 სექტემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 28 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. გასაჩივრებული განაჩენის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში დანაშაულის უშუალო შემსწრე პირებს წარმოადგენენ მხოლოდ დაზარალებულები. სხვა მოწმე, რომელიც იქნებოდა დანაშაულის თვითმხილველი, ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია. მოწმე ქ---- ვ--------ს ჩვენებაზე ბრალდების მხარემ თავად განმარტა, რომ მოწმეს არ დაუნახავს უშუალოდ შემთხვევის დროს განვითარებული მოვლენები, როდესაც მიუთითა სამ იარაღიან პირზე.
სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაზარალებულებმა - გ------- ა---------–-–---–-ა, ვ-–-------- ლ------მ და გ---- ფ-----მ გამოძიებაში მიცემული ჩვენებებისგან არსებითად განსხვავებული ჩვენებები მიაწოდეს სასამართლოს. დაზარალებულმა გ------- ა---------–-–---–-ა აღნიშნა, რომ პირი, რომელმაც მათი მიმართულებით დაიწყო სროლა, იყო განსხვავებული აღნაგობის და ის არ იყო ი-----–- ქ------–-ა. გ---- ფ-----მ აღნიშნა, რომ გამოძიებაში მასზე ხდებოდა ზეწოლა, ხოლო ვ-–-------- ლ------- მითითებამ, რომ მსროლელი იყო ი-----–- ქ------–-ა, განაპირობა ჩვენების მიცემა და ამოცნობის ოქმში ი-----–- ქ------–-ას მითითება. ამ პირობებში ვ-–-------- ლ------, რომელიც მითითებული პერიოდისთვის იყო დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელი და რომელიც გამოძიების დაწყებიდან ასახელებდა ი-----–- ქ------–-ას, სასამართლო სხდომაზე გამორიცხავს ი-----–- ქ------–-ას მონაწილეობას დანაშაულში. მოწმე ვ-–-------- ლ------მ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განაცხადა, რომ გამოძიებაში წაკითხვის გარეშე მოაწერა ხელი ჩვენებას, შესაბამისად, ფაქტობრივად, ბრალი დასდო გამომძიებელს ოქმის გაყალბებაში, თუმცა მას არ განუმარტავს, თუ რატომ ან რის საფუძველზე მონაწილეობდა საგამოძიებო ექსპერიმენტში და რა დაადასტურა ხელმოწერით. მიუხედავად აღნიშნულისა, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ მოწმის ჩვენება - ეს არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენება. შესაბამისად, პალატა მოკლებულია შესაძლებლობას, გაიზიაროს გამოძიებაში მათ მიერ მიცემული ჩვენებები. სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე, მოწმეთა ჩვენებების გაბათილების მიზნით, პროკურორმა მიუთითა გამომძიებელთა ჩვენებებზე, რომლითაც სურდა გამოერიცხა მოწმეებზე ზემოქმედება გამოძიების პერიოდში. უნდა აღინიშნოს, რომ მოცემული საქმის ფარგლებში დასადგენ და გადასაწყვეტ საკითხს არ წარმოადგენს ის, თუ რამ განაპირობა ჩვენებებს შორის სხვაობა. ფაქტია, რომ თვითმხილველმა მოწმეებმა სასამართლოში მიცემული ჩვენებებით გამორიცხეს შემთხვევის ადგილზე ი-----–- ქ------–-ას ყოფნაც კი, არათუ მისი მხრიდან გასროლები. შესაბამისად, აღნიშნულ მოწმეთა ჩვენებებით, რომლებიც წარმოადგენდნენ ფაქტის უშუალო შემსწრე პირებს, არ დასტურდება დანაშაულში ი-----–- ქ------–-ას მონაწილეობა. რაც შეეხება სხვა მოწმეებს და საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებში მონაწილე პირთა ჩვენებებს, ისინი არ წარმოადგენს პირდაპირს და ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებთან ერთად ვერ შექმნის გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს.
სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ, თავისთავად, მოწმეთა არსებობა-არარსებობა უპირობოდ არ იწვევს გამამართლებელი განაჩენის გამოტანას, თუმცა მოცემულ საქმეში ბრალდების მხარეს არ აქვს წარმოდგენილი სხვა, ურთიერთშეთანხმებულ და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ერთადერთი მტკიცებულება, რაც ბრალდების მხარეს აქვს მოპოვებული, არის ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც შემთხვევის ადგილიდან, კერძოდ: ქ.თ---–--–ი, ვ---------–ი 3-ის, მ--- მ/რაიონში, კორპუსი N4---ის მეცხრე სადარბაზოს მარჯვენა მხარეს, თაღის კუთხეში, ასფალტის ზედაპირიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუში იდენტურია ი-----–- ქ------–-ასაგან აღებული სუნის კვალის ნიმუშისა. პალატა დაეთანხმა 1-ლი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას და აღნიშნა, რომ ამ დასკვნით უპირობოდ არ დგინდება შემთხვევის დროს ი-----–- ქ------–-ას შემთხვევის ადგილზე ყოფნის ფაქტი. პირველ რიგში აღსანიშნავია თავად ი-----–- ქ------–-ას განმარტება, რომლის მიხედვითაც, მას ხშირად უწევს მითითებულ ადგილზე გავლა, რაც არ არის უარყოფილი საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, ხოლო მოწმე ვ---- ი----–---–-ს ჩვენებით დგინდება, რომ ი-----–- ქ------–-ა ყოველდღიურად მიდიოდა მასთან, რა დროსაც უნდა გაევლო ის ტერიტორია, სადაც მოხდა სროლა. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ექსპერტის განმარტება. ექსპერტმა გ------- ტ--------მ მოწმის სახით დაკითხვისას აღნიშნა, რომ ხელშემშლელი ფაქტორების არარსებობის შემთხვევაში სუნის კვალი შესაძლებელია დარჩეს რამდენიმე დღე. ერთი მხრივ, ბრალდების მხარე უთითებს, რომ სუნის კვალი ვერ დარჩება დიდხანს შემთხვევის ადგილზე, ხოლო მეორე მხრივ, საქმეში წარმოდგენილი ოქმით, შემთხვევის ადგილის დათვალიერება დაიწყო 10:40 საათზე, ხოლო სუნის ნიმუში აიღეს საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების შედეგად. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით კი დგინდება, რომ ექსპერიმენტი დაიწყო 2017 წლის 3 ივლისს, 14:25 საათზე, მაშინ, როდესაც დანაშაული მომხდარი იყო დაახლოებით 02:00 საათზე. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნა არათუ არ ქმნის მტკიცებულებათა ერთობლიობას, არამედ არ წარმოადგენს იმის მტკიცების საფუძველსაც კი, რომ ი-----–- ქ------–-ა ზუსტად შემთხვევის დროს იმყოფებოდა მითითებულ ადგილზე.
მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა სხვა პირდაპირი მტკიცებულებები. აღსანიშნავია, რომ ჩატარებული გამოძიებით ამოღებული არ ყოფილა დანაშაულის ჩადენის საგანი. იარაღი, რომელიც ეკუთვნოდა ი-----–- ქ------–-ას და რომლის შეძენა-შენახვის გამო დამნაშავედ იქნა ცნობილი, არ წარმოადგენს იმ იარაღის მსგავს საგანს, რომლითაც გ------- ა---------–-–---–-ს, ვ-–-------- ლ-------ა და გ---- ფ-----ს მიმართულებით ისროლეს. საქმეში არ არსებობს ისეთი მტკიცებულებაც კი, რაც დაადასტურებდა მითითებულ პერიოდში ი-----–- ქ------–-ას ყოფნას შემთხვევის ადგილზე ან მიმდებარე ტერიტორიაზე. ის მტკიცებულებები, რომლებიც წარმოდგენილია წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულების სახით, არცერთი პირდაპირ არ ადასტურებს ი-----–- ქ------–-ას მონაწილეობას დანაშაულის ჩადენაში. სააპელაციო პალატამ ამოცნობის ოქმი არ მიიჩნია ბრალდების დამადასტურებელ საკმარის მტკიცებულებად მაშინ, როდესაც სხდომაზე დაკითხვისას დაზარალებულმა გამორიცხა ი-----–- ქ------–-ას მონაწილეობა დანაშაულის ჩადენაში და განმარტა საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობა, მიუხედავად იმისა, რომ პალატამ აღნიშნული გარემოება და ზემოქმედება მოწმეზე, წარმოდგენილი მტკიცებულებების ფარგლებში, არ მიიჩნია დადასტურებულად.
6. კასატორის მოთხოვნა:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 19 სექტემბრის განაჩენი გაასაჩივრა პროკურორმა ლაშა ამირანაშვილმა, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: ი-----–- ქ------–-ას დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 236-ე მუხლის მე-2, მე-3 ნაწილებით, 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით და სამართლიანი სასჯელის დანიშვნას.
7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა, ასევე ამომწურავად იმსჯელა ყველა იმ საკითხზე, რომლებზეც საკასაციო საჩივარში აპელირებს პროკურორი და რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება, ხოლო რაიმე სხვა გარემოებაზე, რაც საკასაციო პალატის შეფასების საგანი გახდებოდა, ბრალდების მხარე საჩივარში არ უთითებს.
10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლაშა ამირანაშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი
პ. ქათამაძე