განჩინება

სისხლის სამართლის 15.04.2019
საქმის ნომერი
330100117002189877
თარიღი
15.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100117002189877

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №628აპ-18 ქ. თბილისი

ა------–---ი მ-----–, 628აპ-18 12 აპრილი, 2019 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),გიორგი შავლიაშვილი, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 10 სექტემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ მ-----– ა------–---ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ----- ა------ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 18 მაისის განაჩენით მ-----– ა------–---ი, - დაბადებული 1--- წელს, - ცნობილი იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. მ. ა------–---ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2017 წლის 24 ოქტომბრიდან.

 

მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 15 წლით - საადვოკატო, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 20 წლით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება;

 

განაჩენით მსჯავრდებულ მ-----– ა------–---ის მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში: მ-----– ა------–---მა უკანონოდ შეიძინა ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინის“ შემცველი აბი, საიდანაც ნაწილი - 0,0035 გრამი 2017 წლის 13 ოქტომბერს თ---–--–ი, ა. წ-------–--ა და ვ---ს ქუჩების კვეთის მიმდებარე მაღაზიის მეორე სართულზე, ფულადი თანხის სანაცვლოდ უკანონოდ გაასაღა ლ---- ფ---–---–-----ე, ხოლო ნაწილი - აბის ნატეხი უკანონოდ შეინახა პირადად.

 

2017 წლის 13 ოქტომბერს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის გამომძიებელმა მოწმე ლ---- ფ---–---–------ნ ამოიღო ზემოაღნიშნული - 0,0035 გრამი ნარკოტიკული საშუალება - ,,ბუპრენორფინის“ შემცველი აბის ნატეხი, ხოლო 2017 წლის 24 ოქტომბერს თ---–--–ი, ვ---ს ქ. N--ის ეზოში მყოფი მ-----– ა------–---ისაგან პირადი ჩხრეკის შედეგად ამოიღეს მის მიერ უკანონოდ შეძენილი და შენახული 0,0112 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინის“ შემცველი აბის ნატეხები.

 

2. აპელანტის მოთხოვნა:

აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვდა განაჩენში ცვლილებების შეტანას კვალიფიკაციის ნაწილში.

 

3. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 10 სექტემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 18 მაისის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:

 

მ-----– ა------–---ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე.

 

მ-----– ა------–---ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით - 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მ. ა------–---ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2017 წლის 24 ოქტომბრიდან.

 

მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 15 წლით - საადვოკატო, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 20 წლით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

 

4. გასაჩივრებული განაჩენის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული და სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება მ-----– ა------–---ის ბრალეულობა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვასა და გასაღებაში.

 

,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოტიკული დახმარების შესახებ‘‘ კანონის მე-3 მუხლის ,,ჰ11‘‘ პუნქტის თანახმად, ნარკოტიკული საშუალების შენახვაა ნებისმიერი გამიზნული ქმედება, რომელიც დაკავშირებულია სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების ფაქტობრივ ფლობასთან შენობაში, სამალავში ან სხვაგვარად, თუ ეს ქმედება დაკავშირებული არ არის მის გადატანასთან, მიუხედავად შენახვის ხანგრძლივობისა, ხოლო ამავე კანონის ,,ჰ13‘‘ პუნქტის მიხედვით, შეძენაა სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების დაუფლება.

 

საქართველოში ნარკოტიკული საშუალება ამოღებულია თავისუფალი სამოქალაქო ბრუნვიდან. მხოლოდ გარკვეული ნარკოტიკული საშუალების შეძენაა შესაძლებელი სპეციალური ნებართვით. ამდენად, ნებართვის გარეშე ამ ნივთების შენახვა და შეძენა მართლსაწინააღმდეგო ქმედებაა. იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ მსჯავრდებულს ჰქონდა რაიმე ფორმის სპეციალური ნებართვა ნარკოტიკული საშუალების შეძენისა და შენახვისთვის, სასამართლოში წარმოდგენილი არ ყოფილა. ამის თაობაზე არც დაცვის მხარეს განუცხადებია, რის გამოც მ-----– ა------–---ის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა უტყუარად არის დადასტურებული.

 

ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება კი გულისხმობს ნარკოტიკული საშუალების სხვა პირისათვის უკანონოდ გადაცემას ნებისმიერი ხერხით, როგორც საზღაურით, ისე საზღაურის გარეშე.

 

მოწმეების მიერ სასამართლოსთვის მიცემული ჩვენებები, რომლებიც წარმოადგენს პირდაპირ მტკიცებულებებს, სრულად არის თანხვდენილი ერთმანეთთან და ასევე, წერილობით მტკიცებულებებთან. სასამართლო სხდომაზე მოწმე ლ---- ფ---–---–---მ დაადასტურა, რომ არის ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელი და მ-----– ა------–---ისაგან შეიძინა ნარკოტიკული საშუალება. ის წინასწარ დაუკავშირდა სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებს, რომლებმაც აღჭურვეს შესაბამისი ტექნიკით, მისცეს 350 ლარი და მ-----– ა------–---ისაგან შეიძინა ნარკოტიკული საშუალება, რაც დაფიქსირებულია ასევე გამოკვლეულ ვიდეომასალაში. აღნიშნული გარემოება სასამართლო სხდომაზე დაადასტურეს პოლიციის თანამშრომლებმა. კერძოდ კი, დ----- ნ---------მ დაადასტურა, რომ გამოძიება დაიწყო ლ---- ფ---–---–---ს განცხადების საფუძველზე, რომელსაც უნდა შეეძინა ნარკოტიკული საშუალება მ-----– ა------–---ისაგან, რაც დადასტურდა კიდევაც და ლ---- ფ---–---–------ნ ამოიღეს ნარკოტიკული საშუალება. მოწმე რ----- ზ------–---–-ა სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ის გარემოება, რომ 2017 წლის 24 ოქტომბერს მ-----– ა------–---ს ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა და შარვლის უკანა ჯიბიდან ამოიღეს აბის 6 ნატეხი. ხოლო მ-----– ა------–---ს პრეტენზია არ გამოუთქვამს. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმე ა-–---------- ლ-------ც.

 

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ლ---- ფ---–---–------ნ ნარკოტიკული ნივთიერება ამოიღეს 2017 წლის 13 ოქტომბერს, ხოლო მსჯავრდებულისგან - 2017 წლის 24 ოქტომბერს.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ, მართალია, საქმის მასალებით უტყუარად არის დადგენილი, რომ მ-----– ა------–---მა ლ---- ფ---–---–-----ე გაასაღა ნახევარი აბი - 0.0035 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინი“, ხოლო მისგან მოგვიანებით, დაახლოებით 10 დღის შემდეგ, ამოიღეს 0.0112 გრამი ნარკოტიკული საშუალება, ასევე ,,ბუპრენორფინი“, მაგრამ ცალ-ცალკე აღებული, არცერთი მათგანი არ იძლევა კანონით გათვალისწინებულ დიდ ოდენობას. სასამართლომ მიუთითა, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით შეუძლებელია იმის უტყუარად დადასტურება, რომ მ-----– ა------–---მა ერთად შეიძინა, ან ლ---- ფ---–---–-----ე გასაღების მომენტისთვის გააჩნდა (ინახავდა) ზემოაღნიშნულ ორივე - 0.0147 გრამ ნარკოტიკულ საშუალებას. უფრო მეტიც, არ არის გამორიცხული ვარაუდი, რომ მ-----– ა------–---მა მისგან ამოღებული ნარკოტიკული საშუალება შეიძინა მას შემდეგ, რაც ლ---- ფ---–---–-----ე გასაღებული ნარკოტიკული საშუალებიდან დარჩენილი ნაწილი მოიხმარა პირადად (შეიძინა მეორედ, თუმცა ბრალდება ედავება დიდი ოდენობით შეძენას, ერთი ეპიზოდი). შესაბამისად, სასამართლო ვერ ადგენს იმ გარემოებას, თუ სად, როდის, რა ვითარებაში შეიძინა მსჯავრდებულმა მისგან 2017 წლის 24 ოქტომბერს ამოღებული 0.0112 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინი“. ამდენად, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ შეძენა, როგორც ცალკე დანაშაული, დამთავრებულად ითვლება გარკვეული რაოდენობის ნარკოტიკული საშუალების შეძენისთანავე, ხოლო შენახვა გულისხმობს გარკვეული ოდენობის ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ ფლობას. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით კი შეუძლებელია იმის მტკიცება, რომ მ-----– ა------–---მა ერთად შეიძინა 0.0147 გრამი ნარკოტიკული საშალება ,,ბუპრენორფინი“, ან თუნდაც დროის გარკვეულ მონაკვეთში ინახავდა (ფლობდა) იმავე რაოდენობის ნარკოტიკულ საშუალებას.

 

ამდენად, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, ეჭვის გამომრიცხავ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით დადასტურებულია, რომ მსჯავრდებულმა მ-----– ა------–---მა უკანონოდ, ნარკოტიკული საშუალების ბრუნვის კანონით დადგენილი წესის დარღვევითა და სათანადო ნებართვის გარეშე, შეიძინა და ასევე, კანონით დადგენილი წესის დარღვევითა და სათანადო ნებართვის გარეშე, უკანონოდ შეინახა ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინი“, რაც შემდეგ უკანონოდ გაასაღა. აღნიშნული წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებას.

 

5. კასატორის მოთხოვნა:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 10 სექტემბრის განაჩენი გაასაჩივრა მსჯავრდებულ მ-----– ა------–---ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დ----- ა------მ, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: მ-----– ა------–---ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მინიმალური სასჯელის განსაზღვრას. კასატორის მოსაზრებით, მ. ა------–---ის მსჯავრდება სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით საერთოდ არ ეფუძნება მტკიცებულებებს.

 

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

 

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

 

8. მსჯავრდებულ მ-----– ა------–---ისათვის შერაცხული ქმედება წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს და მსგავს საქმეებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა (მაგალითისთვის იხ. საქმეები №21აპ-10; 515აპ-14, №283აპ-16), რომელსაც შეესაბამება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, ხოლო რაიმე ისეთი გარემოება, რაც შესაძლოა, საკასაციო პალატის პრაქტიკის შეცვლის საფუძველი გამხდარიყო, საქმიდან და საკასაციო საჩივრიდან არ იკვეთება.

 

9. პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას მ-----– ა------–---ის საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით უდანაშაულობის შესახებ, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები უტყუარად მიუთითებენ, რომ მსჯავრდებულმა მ-----– ა------–---მა უკანონოდ, ნარკოტიკული საშუალების ბრუნვის კანონით დადგენილი წესის დარღვევითა და სათანადო ნებართვის გარეშე, შეიძინა და ასევე, კანონით დადგენილი წესის დარღვევითა და სათანადო ნებართვის გარეშე, უკანონოდ შეინახა ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინი“, რაც შემდეგ უკანონოდ გაასაღა.

 

10. საკასაციო პალატა ასევე ვერ დაეთანხმება კასატორის მიერ საკასაციო საჩივარში განვითარებულ ზოგად მსჯელობას საპროცესო კანონმდებლობის არსებითი დარღვევის თაობაზე, რადგან განსახილველი სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან არ დგინდება, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

 

11. სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები, ისე პირის ინდივიდუალური მახასიათებლები და მსჯავრდებულ მ-----– ა------–---ს განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი.

 

12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. მსჯავრდებულ მ-----– ა------–---ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ----- ა------ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

 

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

 

მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი

 

პ. ქათამაძე