განჩინება

სისხლის სამართლის 02.04.2019
საქმის ნომერი
820100117002084878
თარიღი
02.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 820100117002084878

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№612აპ-18 ქ. თბილისი

ზ-------- რ----–--, 612აპ-18 2 აპრილი, 2019 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 21 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულ რ----–-- ზ-------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ კ----- ნ----–------ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

1. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 9 მარტის განაჩენით რ----–-- ზ--------, - დ----------–-------–--–ს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 1 წლით;

 

საქართველოს სსკ-ის 19-108-ე მუხლით - თავისუფლების აღკვეთა 7 წლით;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და რ----–-- ზ--------ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომა განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლით.

 

მსჯავრდებულ რ----–-- ზ--------ს სასჯელის მოხდა აეთვალა დაკავების დღიდან - 2017 წლის 2 ივლისიდან.

 

2. აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 21 ივნისის განაჩენით დარჩა უცვლელად.

 

3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ რ----–-- ზ--------მ ჩაიდინა ორი პირის ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; განზრახ მკვლელობის მცდელობა. ზემოაღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

 

2017 წლის 30 ივნისს, დაახლოებით 21:30 საათზე, ქ. ბ------–ი, ტ------------ის მიმდებარედ, გზის სავალ ნაწილზე, რ----–-- ზ--------მ პირადი უთანხმოების საფუძველზე მის მიერ დაწყებული კონფლიქტისას, ხელის სახეში და სხეულის სხვადასხვა ნაწილში დარტყმით, ფიზიკური ტკივილი მიაყენა ნ------- ზ--------ს და რ----- ზ--------ს.

 

2017 წლის 30 ივნისს, დაახლოებით 21:30 საათზე, ქ. ბ------–ი, ტ------------ის მიმდებარედ, გზის სავალ ნაწილზე, რ----–-- ზ--------მ პირადი უთანხმოების საფუძველზე მის მიერ დაწყებული კონფლიქტისას, განზრახ მკვლელობის მიზნით, მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის გამოყენებით, ბ---–--- ა----–--ეს გულმკერდის მარცხენა, წინა გვერდის ზედაპირზე, მეათე ნეკნთაშუა სივრცეში მიაყენა შემავალი ჭრილობა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის გულის პარკუჭის სიცოცხლისათვის შეუთავსებელი დაზიანება. შემთხვევის შემსწრე პირებმა ისინი გააშველეს, რითაც რ----–-- ზ--------ს ხელი შეეშალა თავისი მიზნის ბოლომდე შესრულებაში, იგი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, ხოლო გადაუდებელი სამედიცინო დახმარების შედეგად ბ---–--- ა----–--ე გადაურჩა სიკვდილს.

4. კასატორი ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას იმ მიმართებით, რომ მის მიმართ საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული ბრალდება გადაკვალიფიცირდეს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველ ნაწილზე და ამ მუხლით დაენიშნოს კანონით გათვალისწინებული სასჯელის მინიმუმი იმ მოტივით, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები გამორიცხავს მსჯავრდებულის განზრახვას - მოეკლა დაზარალებული.

 

5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

 

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

 

6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

 

7. საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა.

 

8. დაზარალებულ ბ---–--- ა----–--ისა და მოწმეების - ნ------- ზ-------ის, უმიან წითელაძის, რ----- ზ-------ისა და ლ------ ა----–--ის ჩვენებები, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა და საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები უტყუარად ადასტურებენ რ----–-- ზ-------ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენას.

 

9. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოწმეთა ჩვენებების დაცვის მხარისეული ინტერპრეტაცია არ შეესაბამება მათ მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებების შინაარსს, რის გამოც არ იზიარებს კასატორის ვერსიას დაზარალებულისთვის დანის შემთხვევით დარტყმის შესახებ.

 

10. პალატის მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში დანაშაულის ჩადენის ვითარება, მიყენებული დაზიანების ხარისხი და ლოკალიზაცია მიუთითებს სწორედ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის მცდელობაზე და, ამდენად, გასაჩივრებული განაჩენი არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას (იხ. საქმეები №227აპ-16, №680აპ-17).

 

11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. მსჯავრდებულ რ----–-- ზ-------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ კ----- ნ----–------ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

 

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

 

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

 

პ. ქათამაძე