განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 170100117002136833
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
№602აპ-18 ქ. თბილისი
მ----------ი ე----, 602აპ-18 22 მარტი, 2019 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე)
პაატა სილაგაძე, პაატა ქათამაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი სახიაშვილისა და მსჯავრდებულ ე---- მ----------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ შ------- ძ-------ის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 24 ივლისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2018 წლის 2 აპრილის განაჩენით ე---- მ----------ი, –-------------–-------–-–---------–---- ნასამართლევი, – ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში. ამავე განაჩენით ე---- მ----------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, შეუმცირდა ¼-ით და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და 9 თვით, რამაც შთანთქა თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2015 წლის 11 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით განესაზღვრა 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2017 წლის 14 სექტემბრიდან.
2. ე---- მ----------ს ბრალად დაედო ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად; ასევე – ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, საცავში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ჩადენილი არაერთგზის, დიდი ოდენობით, რაც გამოიხატა შემდეგში:
· 2017 წლის 12 სექტემბერს, დღისით, თ------–------ში, 9-------–------ის №1--ში მდებარე მ----------ების ოჯახის საცხოვრებელ სახლში, ე---- მ----------მა გ------- მ----------თან ერთად, ჯგუფურად, მარჯვენა ხელის სახისა და მარჯვენა მკვლავის არეში დარტყმით იძალადა დაზე – ე-–--- მ----------ზე, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
· 2017 წლის იანვარში თ-----–------ს რაიონში, მ-------------–--ის სარკინიგზო მაგისტრალის რკინიგზის სადგურ „თ------–------ს“ მიმდებარე ტერიტორიიდან, 2015 წელს ქურდობისათვის ნასამართლევმა ე---- მ----------მა გ------- მ----------სა და ა------–-- ა------ნთან წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით, კერძოდ – თავისი ვალის გადასახდელად საკმარისი თანხის მოგროვებისა და ფინანსური პრობლემების მოსაგვარებლად, ქანჩით ჭანჭიკების მოხსნით უკანონოდ შეაღწია შპს „ბ----------ის“ კუთვნილ დროსელ-ტრანსფორმატორებში და დაეუფლა მასში მოთავსებულ სპილენძის გრაგნილებს, რითაც დაზარალებულ შპს „ბ----------ს“ მიადგა დიდი ოდენობის – 42500 ლარის ქონებრივი ზიანი.
3. თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2018 წლის 2 აპრილის განაჩენით დადგენილია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებების გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის შეფასებით, 2017 წლის 12 სექტემბერს, დღისით, თ------–------ში, 9-------–------ის №1--ში მდებარე მ----------ების ოჯახის საცხოვრებელ სახლში, ე---- მ----------მა გ------- მ----------თან ერთად, ჯგუფურად დის – ე-–--- მ----------ის მიმართ ძალადობა არ დასტურდება. ამავე განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ ე---- მ----------მა ჩაიდინა ქურდობა არაერთგზის.
4. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი სახიაშვილმა და მსჯავრდებულ ე---- მ----------ის ადვოკატმა შ------- ძ-------ემ.
5. პროკურორმა ითხოვა ე---- მ----------ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“, მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და მისთვის კანონიერი, სამართლიანი სასჯელების განსაზღვრა, ხოლო ადვოკატმა – ე---- მ----------ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 24 ივლისის განაჩენით სააპელაციო საჩივრების მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა და თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2018 წლის 2 აპრილის განაჩენი ე---- მ----------ის მიმართ დარჩა უცვლელად.
7. კასატორი – პროკურორი გიორგი სახიაშვილი საკასაციო საჩივრით ითხოვს ე---- მ----------ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“, მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და მისთვის კანონიერი, სამართლიანი სასჯელების განსაზღვრას იმ მოტივით, რომ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ერთობლიობით უდავოდაა დადასტურებული ე---- მ----------ის მიერ ზემოაღნიშნული მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენა.
8. კასატორი – მსჯავრდებულ ე---- მ----------ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი შ------- ძ-------ე ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 24 ივლისის განაჩენის გამამტყუნებელი ნაწილის გაუქმებასა და ე---- მ----------ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას იმ მოტივით, რომ საქმეზე შეკრებილი, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად არ არის დადგენილი ე---- მ----------ის მიერ არაერთგზის ქურდობის ჩადენის ფაქტი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საჩივრები, შეამოწმა საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ მხარეთა საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
2. პალატა აღნიშნავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 24 ივლისის განაჩენი საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით ე---- მ----------ის გამართლების ნაწილში კანონიერია, ვინაიდან ბრალდების ამ ნაწილში სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დასტურდება ე---- მ----------ის მიერ დაზე – ე-–--- მ----------ზე ძალადობის ჩადენის ფაქტი. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის 2017 წლის 18 სექტემბრის №0-------- დასკვნითა და მოწმის სახით დაკითხული ექსპერტის – გ------- ო------–---–ის ჩვენებით დადასტურებულია მხოლოდ ის, რომ ე-–--- მ----------ს აღენიშნება სისხლჩაქცევა მარჯვენა წინამხარზე, ნაჭდევები – მარჯვენა მტევნის მე-3, მე-5 თითებსა და მარცხენა მტევნის მე-3 ნებ-ფალანგის სახსარზე, რომლებიც განვითარებულია რაიმე მკვრივ-ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის დროს დაზარალებულმა ე-–--- მ----------მა, მოწმეებმა – გ------- მ----------მა, ნ--–- ი--------მა, ა--–-- მ----------მა და მ-----– მ----------მა გამოიყენეს მათთვის კანონით მინიჭებული უფლება და ბრალდებულის წინააღმდეგ არ მისცეს ჩვენება, თავად ბრალდებულმა ე---- მ----------მა კი გამოიყენა დუმილის უფლება.
4. შესაბამისად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ, ვინაიდან არ არსებობს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით ბრალდების ნაწილში ე---- მ----------ის მიმართ სააპელაციო სასამართლომ კანონიერად დაადგინა გამამართლებელი განაჩენი, რომლის გაუქმების სამართლებრივი საფუძველი საკასაციო პალატას არ გააჩნია.
5. რაც შეეხება ე---- მ----------ის მიერ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, აღნიშნული დადასტურებულია საქმეზე შეკრებილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული შემდეგი მტკიცებულებებით:
6. დაზარალებულმა ბ---- ი-----–---მა მოწმის სახით დაკითხვისას აჩვენა, რომ მუშაობს ინჟინრის თანამდებობაზე შპს „ბ----------ში“, რომელიც მ-------------–--ის სარკინიგზო მაგისტრალზე ასრულებს შუქნიშნების, გადამყვანი საისრე და საპოსტო მოწყობილობების, სარელსე წრედების დაყენება-მონტაჟს. ვიდრე მათ მიერ შესრულებული სამუშაოები მიღება-ჩაბარების აქტით არ გადაეცემა შპს „დ---------–--------ს“, მათი ფირმა არის პასუხისმგებელი ამ სარკინიგზო მაგისტრალზე ყველა სახის მოწყობილობის ტექნიკურ გამართულობასა და მოვლა-პატრონობაზე. ბ. ი-----–---ს, თანამდებობიდან გამომდინარე, ევალება ტექნიკური კონტროლი. 2017 წლის იანვარში მას შეატყობინეს დროსელ-ტრანსფორმატორების ქურდობის ფაქტის შესახებ. დათვალიერებისას მან ნახა, რომ დროსელ-ტრანსფორმატორები იყო გახსნილი, გაძარცული და ნაწილებად მიმოფანტული, ხოლო ტრანსფორმატორების შიგნით განლაგებული გულარები – მოპარული. ფაქტობრივად, ყველა შუქნიშანთან არის დამონტაჟებული დროსელ-ტრანსფორმატორი, რომელიც თუჯის კარკასში მოთავსებულ სპილენძის გრაგნილს წარმოადგენს. იგი მხოლოდ ქარხნის პირობებში მზადდება, სპილენძის გრაგნილი მოწყობილობის შუაგულშია და მის 80%-ს წარმოადგენს. თითოეული მათგანი კომპანიას შეძენილი აქვს 4780 აშშ დოლარად. დაზარალებული გამოცხადდა პოლიციაში და განაცხადა აღნიშნულის შესახებ, ამასთან, აღნიშნა, რომ კონსტრუქცია მისთვის კარგად იყო ცნობილი და სპილენძის გრაგნილი ვიზუალით ამოსაცნობად სირთულეს არ წარმოადგენდა.
7. მოწმე გ------ მ---------ის ჩვენებით, საკუთრებაში ჰყავს „ოპელ-ასტრას“ მარკის შავი ავტომანქანა თეთრად შეღებილი საბარგულით, რომლითაც „ტაქსაობს“. იცნობს ე---- მ----------ს, რომელიც ხშირად უკავშირდებოდა და სხვადასხვა ადგილზე წაყვანას სთხოვდა. 2017 წლის იანვარში, ზუსტი რიცხვი არ ახსოვს, ს--–---–--ის ხიდიდან ე---- მ----------ი, მისი ძმა და ვინმე „ა------–--ი“ 150 ლარად ჩაიყვანა თ---–--–ი. ე----მა საბარგულში რაღაც ჩადო, რა – მოწმე არ დაინტერესებულა. დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ ე---- მ----------ი კვლავ დაუკავშირდა, იმავე ადგილიდან საბარგულში ტომრებით რკინის მსგავსი საგნები ჩააწყო, რომლებზეც უთხრა, რომ დაშალა „სვარკის“ აპარატი და ჯართის მიმღებ პუნქტში უნდა ჩაებარებინა. იყო მესამე შემთხვევაც, როდესაც ე. მ----------ი თ---–--–ი ჩაიყვანა.
8. მოწმე თ----- ზ-------–---–მა სასამართლოზე მიცემული ჩვენებით დაადასტურა, რომ ფლობს ფერადი ლითონების მიმღებ პუნქტს. ფერადი ლითონების რეგისტრაციას ახდენს სპეციალურ ჟურნალში. 2017 წლის იანვარმა მენეჯერმა ს-------- ბ-----ემ ახალგაზრდა ბიჭებისაგან შეისყიდა სპილენძი. რამდენიმე დღის შემდეგ ე---- მ----------მა პუნქტში ჩასაბარებლად მიიტანა 100 კმ-მდე სპილენძი, რომელშიც მოწმემ გადაუხადა 1000 ლარზე მეტი. მას თავისი ჩვენების დადასტურება შეუძლია სათვალთვალო კამერების ჩანაწერებითა და შესყიდვის აქტებით, რომლებშიც აღნიშნულია ჩამბარებლის პირადი მონაცემები, ხელმოწერა და ერთვის პირადობის მოწმობის ასლი.
9. მოწმე გ--–- ო----მა განაცხადა, რომ არის თ---–--–ი, მ-------ის გამზირის №2-ში მდებარე შპს „თ---–------–ის“ მენეჯერი. ფერადი ლითონის ჩამბარებელ ჟურნალში ტარდება პირადი ნომრით, სახელითა და გვარით, მიეთითება ლითონის ოდენობა და სახეობა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ე---- მ----------მა ჩააბარა დაახლოებით 30 კგ ფერადი ლითონი (სპილენძი). მოწმემ დაადასტურა, რომ წარმოდგენილი სპილენძი იყო გრაგნილი.
10. 2017 წლის 13 იანვრის შესყიდვის აქტის თანახმად, შპს „ს----–მა“ ე---- მ----------ისაგან (პ.ნ. 2----------) შეისყიდა 130 კგ სპილენძის ჯართი, კილოგრამის ღირებულებაა 11 ლარი, სულ გადახდილია – 1430 ლარი; 2017 წლის 19 იანვრის შესყიდვის აქტის თანახმად, შპს „ს----–მა“ ე---- მ----------ისაგან (პ.ნ. 2----------) შეისყიდა 139 კგ სპილენძის ჯართი, კილოგრამის ღირებულებაა 10.90 ლარი, სულ გადახდილია – 1515 ლარი. ორივე აქტზე დაფიქსირებულია როგორც მყიდველის, ასევე – გამყიდველის ხელმოწერები. აქტების სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა შპს „ს----–ის“ დირექტორმა თ----- ზ-------–---–მა.
11. 2017 წლის 27 მარტის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად, შპს „ს----–ის“ სათვალთვალო კამერებიდან ამოღებულ ჩანაწერებში სხვადასხვა დროს ფიქსირდება მუქი „ოპელ-ასტრას“ ავტომანქანით ე---- მ----------ის მიერ (სხვა პირებთან ერთად) ფერადი ლითონის მიმღებ პუნქტში ჯართის (სპილენძის) მიტანა, აწონვა და საფასურის მ----------ისათვის გადაცემა.
12. 2017 წლის 31 იანვრის დათვალიერების ოქმიდან ირკვევა, რომ მოწმე გ--–- ო----ის მიერ წარმოდგენილი ფერადი ლითონის მიღება-ჩაბარების აღრიცხვის №1--- ჟურნალის მე-9 და მე-10 გვერდებზე დაფიქსირებულია ე---- მ----------ის მონაცემები: მისი პირადი ნომერი – 2----------, საცხოვრებელი ადგილი – თ------–------, ლითონის სახეობა – სპილენძის ჯართი 32 კგ, ჩაბარების თარიღი – 1--------- წელი, კილოგრამის ღირებულება – 10.5 ლარი და ჩამბარებელი პირის – ე---- მ----------ის ხელმოწერა.
13. მოწმე შ----- ჯ---–---–ის ჩვენებით, გამომძიებელ მ--- დ---------–---–სა და მორიგე ჯგუფთან ერთად მონაწილეობდა სოფელ დ------ში მდებარე ა--–-- მ----------ის სახლის ჩხრეკაში, რომლის დროსაც ამოიღეს ოთხი დროსელ-ტრანსფორმატორის სპილენძი დაშლილ მდგომარეობაში, ყუთის გარეშე. ანალოგიური ჩვენება მისცა მოწმის სახით დაკითხულმა მ--- დ---------–---–მა. მანვე დაადასტურა მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების კანონიერება.
14. 2017 წლის 31 იანვრის ნივთის ამოცნობის ოქმებით დადგენილია, რომ ბ---- ი-----–---მა გრაგნილისა და ხვიის სპეციფიკური ფორმის ნიშნით ამოიცნო ოთხი სპილენძის გრაგნილი, თითოეული – დაახლოებით 32 კგ, რომლებიც მოპარულია შპს „ბ----------ის“ კუთვნილი დროსელ-ტრანსფორმატორებიდან.
15. სასაქონლო ექსპერტიზის 2017 წლის 28 აპრილის №0-------- დასკვნით, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი მეორეული მოხმარების დროსელ-ტრანსფორმატორის საბაზრო ღირებულება შეადგენს 2500 ლარს. ექსპერტმა ი----- ჭ---------ამ დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე.
16. მოწმეებმა – ზ------ ბ-------–---–მა, ნ--- ჯ-----ემ, ს---–---- მ-----–--ემ, ვ-–-------- ფ---------–---–მა, მ------ა გ--------მა დაადასტურეს მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების კანონიერება.
17. გარდა ზემოჩამოთვლილი და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებისა, ე---- მ----------ის მიერ არაერთგზის ქურდობის ჩადენა დადასტურებულია თ------–------ს რაიონული სასამართლოს 2015 წლის 11 მარტის განაჩენითაც, რომლითაც ე---- მ----------ს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 88-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საბოლოოდ მიესაჯა 2 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, 2 წლისა და 8 თვის გამოსაცდელი ვადით. დანაშაულის ჩადენის დროს ე---- მ----------ი იყო პირობით მსჯავრდებული.
18. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უტყუარად არის დადგენილი ე---- მ----------ის მიერ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა და ამ ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 24 ივლისის განაჩენის გაუქმების საფუძველი არ არსებობს.
19. რაც შეეხება ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას ე---- მ----------ის საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (ქურდობა, წინასწარი შეთანხმებით პირთა ჯგუფის მიერ, საცავში უკანონო შეღწევით, დიდი ოდენობით) დამნაშავედ ცნობის შესახებ, აღნიშნული საქმის მასალებით არ დასტურდება შემდეგ გარემოებათა გამო: სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად არ არის დადგენილი, რომ ე---- მ----------მა ქურდობა ჩაიდინა ჯგუფურად, მხოლოდ მოწმე გ------ მ---------ის ჩვენება კი, რომ ე---- მ----------ს ფერადი ლითონების გადაზიდვის დროს ახლდა ორი პირი, ვერ გახდება ჯგუფურად ქურდობის ჩადენისათვის მისი მსჯავრდების საფუძველი.
20. საკასაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ საცავი არის მატერიალური ფასეულობის მუდმივ ან დროებით შესანახად განკუთვნილი ტერიტორიის ნაწილი, რომლის დაცვაც უზრუნველყოფილია სხვადასხვაგვარად. დროსელ-ტრანსფორმატორი მოძრავი ნივთია, მოწყობილობაა, რომელიც ემსახურება რკინიგზის ფუნქციონირებას. სპილენძის გრაგნილი წარმოადგენს დროსელ-ტრანსფორმატორის შემადგენელ ნაწილს, ამიტომ მის დასაუფლებლად ტრანსფორმატორის ხუფის მოხსნა უნდა განვიხილოთ არა როგორც საცავში შეღწევა, არამედ – როგორც ნივთის მთლიანობის დარღვევა, მასში არსებული დეტალის დაუფლების მიზნით.
21. რაც შეეხება დიდ ოდენობას, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით არ არის დადგენილი ე---- მ----------ის მიერ დროსელ-ტრანსფორმატორებიდან ამოღებული სპილენძის რაოდენობა და მისი დანაშაულებრივი ქმედებით დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანის ზუსტი ოდენობა. წარმოდგენილი სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნებით დადგენილია მხოლოდ მეორეული დროსელ-ტრანსფორმატორისა და სპილენძის გამტარის (გრაგნილის), როგორც 32 კგ ჯართის ღირებულება. შესყიდვის აქტებისა და ფერადი ლითონის მიღება-ჩაბარების აღრიცხვის ჟურნალის გამოკვლევით დადასტურებულია ე---- მ----------ის მიერ დაახლოებით 300 კგ ფერადი ლითონის (სპილენძის) დაახლოებით 3100-3500 ლარად ჩაბარების ფაქტი. შესაბამისად, ვინაიდან უტყუარად ვერ დადგინდა ე---- მ----------ის მიერ დაზარალებულისათვის დიდი ოდენობით ზიანის (არანაკლებ 10 000 ლარის) მიყენება, სააპელაციო სასამართლომ კანონიერად არ დასდო მას მსჯავრი საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ქმედებაში, რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება.
22. ამდენად, საქმეში წარმოდგენილია ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ე---- მ----------ის მიერ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ე---- მ----------ისათვის დანიშნული სასჯელი შეესაბამება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსითა და საერთაშორისო სამართლით დადგენილ ნორმებს, ემსახურება არასრულწლოვნის ჭეშმარიტი და საუკეთესო ინტერესის დაცვას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ შეფარდებული სასჯელის სახე და ზომა წარმოადგენს ადეკვატურ ღონისძიებას ე---- მ----------ის რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის, მისი მხრიდან ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და ადამიანის ძირითადი უფლებების დაცვისადმი პატივისცემით განწყობისათვის.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი სახიაშვილისა და მსჯავრდებულ ე---- მ----------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ შ------- ძ-------ის საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 24 ივლისის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
3. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: პ. სილაგაძე
პ. ქათამაძე