განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100117001920022
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
№638აპ-18 თბილისი
ნ------------- თ------, 638აპ-18 3 მაისი, 2019 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),გიორგი შავლიაშვილი, პაატა ქათამაძე
სხდომის მდივან – კ------------- თ--------ს
პროკურორ – ანა სიგუას
ადვოკატების – მ----- მ-----–---ს, ზ------ რ---–---–-ს
მსჯავრდებულ – თ------ ნ-------------ს
თარჯიმნების – მ----- ი-------------ს, ი------ ნ------ს
მონაწილეობით განიხილა ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ალექსანდრე ფოცხვერაშვილისა და მსჯავრდებულ თ------ ნ-------------ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ----- მ-----–---ს საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 17 სექტემბრის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, თ------ ნ------------ს ბრალი დაედო ძარცვაში, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლებაში მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
თ------ ნ-------------ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 9 აპრილს, ღამის საათებში, ქ-------–--–-----------–--–----------–--–------- მიმდებარე ტერიტორიაზე, თ------ ნ------------მა მ------ მ--------ს ხელიდან გასტაცა ხელჩანთა, რომელშიც მოთავსებული ჰქონდა,,ლაკოსტას“ ფირმის საფულე, ღირებული 50 ლარად, ტუჩის კონტური, ღირებული 8 ლარად და 250 აშშ დოლარი და 25 ლარი, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა „BMW-ს“ მარკის „X5-ი“ მოდელის ავტომობილით, სახ ნომრით „----------, რომელსაც თვითონ მართავდა. აღნიშნული ქმედებით დაზარალებულ მ------ მ--------ს მიადგა 695 (ექვსას ოთხმოცდათხუთმეტი) ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 27 აპრილის განაჩენით:
თ------ ნ-------------ს ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
თ------ ნ-------------, - დაბადებული 19-- წელს, ნასამართლობის არმქონე, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
თ------ ნ------------ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2018 წლის 27 აპრილიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებაში ყოფნის დრო - 2017 წლის 9 აპრილიდან 2017 წლის 12 აპრილის ჩათვლით.
ნივთიერი მტკიცებულებები:
მ------ მ--------სგან ამოღებული ხელჩანთა, ავტომანქანის დათვალიერებისას ამოღებული მობილური ტელეფონი, ავტომანქანის დათვალირებისას ამოღებული ფულადი თანხა (105 ლარი და 100 აშშ დოლარი), ამოღებული „BMW-ს“ მარკის ავტომანქანა (სახ.ნომრით V-------K) და მ------ მ--------ს ტანსაცმელი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მესაკუთრეებს ან ნდობით აღჭურვილ პირებს.
ავტომანქანის დათვალიერებისას ამოღებული ხელკეტი და სუნის კვალი, მ------ მ--------სა და თ------ ნ-------------ს სუნის კვალის ნიმუშები, ავტომანქანის დათვალიერებისას კარების შიდა სახელურებიდან და გადაცემათა კოლოფის სახელურიდან ამოღებული ანაწმენდები, თ------ ნ-------------სა და მ------ მ--------ს ნერწყვის ნიმუშები, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ფოტოსურათები - 1 ლაზერულ დისკზე, საგამოძიებო ექსპერიმენტის ფოტოსურათები - 1 ლაზერულ დისკზე, ავტომანქანის დათვალიერების ფოტოსურათები - 1 ლაზერულ დისკზე, რომლებიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო,წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 27 აპრილის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ თ------ ნ-------------ს ადვოკატმა ა-----– მ-----–---მ და თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ანა სიგუამ.
დაცვის მხარემ სააპელაციო საჩივრით ითხოვა გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და თ------ ნ-------------ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა შემდეგი საფუძვლებით: განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, ვინაიდან იგი ემყარება საქმეში არსებულ ერთადერთ პირდაპირ მტკიცებულებას - დაზარალებულის ჩვენებას, ხოლო დანარჩენი მტკიცებულებები ადასტურებენ მხოლოდ თ------ ნ-------------სა და დაზარალებულის შეხვედრის ფაქტს და არცერთ შემთხვევაში არ მიუთითებენ, რომ მსჯავრდებულმა ჩაიდინა ძარცვა; სასამართლომ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმთან დაკავშირებით არასწორად განმარტა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკა; გამოძიების ეტაპზე დაირღვა მსჯავრდებულის უფლებები, კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებები ბრალდებულს განუმარტეს მხოლოდ დაკავების შემდეგ, ხოლო ყველა იმ მოქმედების დროს, რომელიც განხორციელდა დაკავებამდე, მათ შორის საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობისას, თ------ ნ------------- ინფორმირებული არ იყო მოწმის უფლებების შესახებ, არ იცოდა, რომ მას ჰქონდა ადვოკატის ყოლის უფლება; მ------ მ--------მ მსჯავრდებულის წინააღმდეგ ჩვენება მისცა შურისძიების მოტივით, მათ შორის მომხდარი უთანხმოების გამო.
ბრალდების მხარემ მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა კვალიფიკაციის კუთხით, კერძოდ: თ------ ნ-------------ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ვინაიდან საქმეში ბრალდების მხარემ წარმოადგინა მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც უტყუარად დასტურდება, რომ დაზარალებულს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 17 სექტემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო,წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 27 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 17 სექტემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ალექსანდრე ფოცხვერაშვილმა და მსჯავრდებულ თ------ ნ-------------ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ----- მ-----–---მ.
დაცვის მხარე საკასაციო საჩივრით ითხოვს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და გამამართლებელი განაჩენის გამოტანას სააპელაციო საჩივარში მითითებული საფუძვლებით.
ბრალდების მხარე საჩივრით ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას კვალიფიკაციის კუთხით, კერძოდ: თ------ ნ-------------ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით სააპელაციო საჩივარში მითითებული საფუძვლებით.
6. 2019 წლის 3 მაისს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის შუამდგომლობით მომართა ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ანა სიგუამ, რომელმაც მოითხოვა მასა და მსჯავრდებულ თ------ ნ------------ს შორის 2019 წლის 1 მაისს დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცება შემდეგი პირობით:
თ------ ნ------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და იმავე კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 1 (ერთი) წელი და 10 (ათი) დღე განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 1 (ერთი) წელი, 11 (თერთმეტი) თვე და 20 (ოცი) დღე, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.
თ------ ნ------------ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 27 აპრილიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებაში ყოფნის დრო - 2017 წლის 9 აპრილიდან 2017 წლის 12 აპრილის ჩათვლით. აღნიშნულის გათვალისწინებით, თ------ ნ------------- დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
7. საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის შესახებ შუამდგომლობისა და საპროცესო შეთანხმების დადების თაობაზე ოქმის თანახმად, ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ანა სიგუამ მხედველობაში მიიღო: ჩადენილი დანაშაულისათვის გათვალისწინებული სასჯელის სიმძიმე, საჯარო ინტერესი და სახელმწიფო რესურსების მაქსიმალური ეფექტურობით გამოყენების მიზნით, 2019 წლის 1 მაისს მასა და მსჯავრდებულ თ------ ნ------------ს შორის წერილობით გაფორმდა ოქმი საპროცესო შეთანხმების დადების თაობაზე. საპროცესო შეთანხმება კანონით დადგენილი წესით წინასწარ შეთანხმდა ზემდგომ პროკურორთან.
8. სასამართლო სხდომაზე სახელმწიფო ბრალმდებელმა დააზუსტა საპროცესო შეთანხმების პირობა და მოითხოვა, რომ თ------ ნ------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და იმავე კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 1 (ერთი) წელი და 11 (თერთმეტი) დღე განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 1 (ერთი) წელი, 11 (თერთმეტი) თვე და 19 (ცხრამეტი) დღე, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.
9. სასამართლო სხდომაზე საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას დაზუსტებული პირობით მხარი დაუჭირეს პროცესში მონაწილე პროკურორმა, ასევე - მსჯავრდებულმა თ------ ნ------------მა და მისმა ადვოკატებმა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი შუამდგომლობა და მიაჩნია, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის - ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანა სიგუას შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და დამტკიცდეს მასა და მსჯავრდებულ თ------ ნ------------ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება დაზუსტებული პირობით, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 17 სექტემბრის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:
2. სასამართლომ საქმის მასალების საფუძველზე კანონის მოთხოვნათა დაცვით განიხილა შუამდგომლობის დასაბუთებულობა და აღნიშნავს, რომ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: მოწმეების - მ------ მ--------ს, ი----- მ------–---–-ს, ი----- გ-------–---–-ს, მ---–---- ი-----–----ს ჩვენებებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ავტომანქანის დათვალიერების ოქმით, ამოღების ოქმით, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებებითა და ასევე საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით უტყუარად დასტურდება მსჯავრდებულ თ------ ნ-------------ს მიმართ წარდგენილი ბრალდება.
3. საკასაციო პალატა დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმების დადებისას მსჯავრდებულ თ------ ნ-------------ს მიმართ არ განხორციელებულა ძალადობა, დაშინება, მოტყუება, მუქარა; ამასთან, მას არ შეზღუდვია უფლება, მიეღო იურიდიული დახმარება. პალატის სხდომაზე გამოკვლეულ იქნა, რომ მსჯავრდებული სრულად აცნობიერებს საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებულ, კანონით გათვალისწინებულ ყველა მოთხოვნას, აღიარებს ბრალს და ეთანხმება პროკურორს სასჯელის ზომაზე. მსჯავრდებული თ------ ნ------------- ასევე აცნობიერებს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, არ მიიღოს მხედველობაში შეთანხმების საფუძველზე პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა.
4. მსჯავრდებულისთვის ცნობილია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მისი უფლებები; მისთვის ასევე ცნობილია, რომ საპროცესო შეთანხმება არ ათავისუფლებს სამოქალაქო პასუხისმგებლობისაგან.
5. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოთხოვნილი სასჯელი კანონიერი და სამართლიანია, რის გამოც არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 213-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით განსაზღვრული, შუამდგომლობის დაკმაყოფილების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები. ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მსჯავრდებულ თ------ ნ------------ს თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელის მოხდის ვადაში უნდა ჩაეთვალოს დაკავებაში ყოფნის დრო - 2017 წლის 9 აპრილიდან 2017 წლის 12 აპრილის ჩათვლით.
6. ამდენად, ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანა სიგუას შუამდგომლობა მსჯავრდებულ თ------ ნ-------------ს მიმართ საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 209-215-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სახელმწიფო ბრალმდებლის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. დამტკიცდეს ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანა სიგუასა და მსჯავრდებულ თ------ ნ------------ს შორის დადებული საპროცესო შეთანხება დაზუსტებული პირობით;
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 17 სექტემბრის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება:
თ------ ნ------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და იმავე კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 1 (ერთი) წელი და 11 (თერთმეტი) დღე განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 1 (ერთი) წელი, 11 (თერთმეტი) თვე და 19 (ცხრამეტი) დღე, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.
თ------ ნ------------ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 27 აპრილიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებაში ყოფნის დრო - 2017 წლის 9 აპრილიდან 2017 წლის 12 აპრილის ჩათვლით.
თ------ ნ------------- თავისუფლების აღკვეთის ნაწილში ჩაითვალოს სასჯელმოხდილად და დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
4. საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლებისა და „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლისა და დახმარების განხორციელება დაევალოს სსიპ პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. მსჯავრდებულს დაევალოს, პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.
5. თ------ ნ-------------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია და ასევე გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2017 წლის 12 აპრილის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების - გირაოს 7 000 (შვიდი ათასი) ლარის უზრუნველსაყოფად, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 21 აპრილის განჩინებით შ---------------–-------------------–----.1-.1----–--–--------------------------------–-----------–------------------------------------------------------–----------–----------–-------------------------- N--.1-.0-.4-----------–----------------–----------------–------------–-----------–--–--- დადებული ყადაღა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 17 სექტემბრის განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად.
7. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი
პ. ქათამაძე