განჩინება

სისხლის სამართლის 24.04.2019
საქმის ნომერი
010141318700068610
თარიღი
24.04.2019

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010141318700068610

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№702აპ-18 ქ. თბილისი

ძ------–---–ი ვ--–------, 702აპ-18 24 აპრილი, 2019 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 24 სექტემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ვ--–------ ძ------–---–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ------ ხ------–---–ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 27 ოქტომბრის განაჩენით ვ--–------ ძ------–---–ი, –-------------–-------–-–------------- ნასამართლევი, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა,“ მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით, რამაც შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 7 აგვისტოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა და განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან – 2017 წლის 30 იანვრიდან.

 

2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 24 სექტემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

 

3. თბილისის სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ვ--–------ ძ------–---–მა ჩაიდინა ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთზის. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

· თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 8 მაისის განაჩენით ვ--–------ ძ------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით, 236-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ მიესაჯა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 5 დეკემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

 

· თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 10 თებერვლის განჩინებით ვ--–------ ძ------–---–ს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 5 დეკემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელი შეუმცირდა და სასჯელის საბოლოო სახედ და ზომად განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

· თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 28 მაისის განაჩენით იმავე სასამართლოს 2007 წლის 5 დეკემბრის განაჩენსა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 10 თებერვლის განჩინებაში შევიდა ცვლილება და მსჯავრდებულს სასჯელის შთანთქმის პრინციპით საბოლოოდ განესაზღვრა 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა. ვ--–------ ძ------–---–ი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლდა 2013 წლის 16 აგვისტოს კალენდარულად, სასჯელის მოხდით.

 

· 2016 წლის 24 დეკემბერს, დაახლოებით 16:23 საათზე, იმავე წლის 25 დეკემბერს, დაახლოებით 15:56 საათზე, 26 დეკემბერს, დაახლოებით 09:07 საათზე, 27 დეკემბერს, დაახლოებით 19:02 საათზე, 29 დეკემბერს, დაახლოებით 10:00 და 17:27 საათზე, 30 დეკემბერს, დაახლოებით 10:16 საათზე, 2017 წლის 1 იანვარს, დაახლოებით 18:00 საათზე და 2 იანვარს, დაახლოებით 12:17 საათზე, თბილისში, მეტრომშენის დასახლებაში, კ-------ისა და ყ-----–ის ქუჩების გადაკვეთაზე მდებარე შპს „ო----------ის“ სუპერმარკეტიდან ვ--–------ ძ------–---–ი ფარულად დაეუფლა სხვადასხვა ფირმის ალკოჰოლურ სასმელს, რომელიც მიისაკუთრა. აღნიშნული ქმედებების შედეგად დაზარალებულ შპს „ო---------ს“ მიადგა 351 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

 

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ.

 

5. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი, ადვოკატი თ------ ხ------–---–ი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 24 სექტემბრის განაჩენის გაუქმებასა და ვ--–------ ძ------–---–ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას. კასატორის მითითებით, საქმეში არ არსებობს გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა; ვიდეოჩანაწერი და მისი დათვალიერების ოქმი დაუშვებელი მტკიცებულებებია, ვინაიდან ისინი არ მოუპოვებიათ მოსამართლის განჩინების საფუძველზე; ამასთან, ამ ჩანაწერებზე არ ჩატარებულა ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზა. კასატორის აზრით, გაურკვეველია ასევე, როგორ დადგინდა, რომ შპს „ო----------ისათვის“ მიყენებული მატერიალური ზიანის ოდენობა შეადგენს 351 ლარს.

 

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

 

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

 

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

 

8. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება მსჯავრდებულის ინტერესების დამცველის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არის უკანონო. დაცვის მხარე არ მიუთითებს ისეთი სახის გარემოებებზე, რომლებიც, შესაძლოა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის შეცვლის ან გაუქმების საფუძველი გამხდარიყო. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით (მათ შორის: მოწმეების – დ---- დ-------ის, ო----- ა------–---–ის, მ------ ზ-----ისა და ე------ მ----------ის ჩვენებებით) უტყუარად დასტურდება ვ--–------ ძ------–---–ის მიერ სუპერმარკეტ „ო----------იდან“ ალკოჰოლური სასმელების ქურდობის ფაქტი. საყურადღებოა ისიც, რომ თავად მსჯავრდებული არ უარყოფს „ო----------იდან“ სასმელების გამოტანას საფასურის გადახდის გარეშე და განმარტავს, რომ პროდუქციას იღებდა ნისიად და აღნიშნულის საქმის კურსში იყო სუპერმარკეტის ადმინისტრატორი, თუმცა ადმინისტრატორმა დ---- დ-------ემ და მოლარე-ოპერატორებმა ერთმნიშვნელოვნად დაადასტურეს, რომ პროდუქციის ნისიად გაცემა გამორიცხულია.

 

9. გარდა ამისა, მსჯავრდებულმა ვ--–------ ძ------–---–მა დაადასტურა, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ სუპერმარკეტ „ო---------ში“ სათვალთვალო კამერით გადაღებულ რვა დღის ვიდეოჩანაწერებში დაფიქსირებული, დაახლოებით 65 წლამდე ასაკის, სუსტი აღნაგობის მამაკაცი, რომელიც თაროებიდან იღებს ალკოჰოლურ სასმელს და ქურთუკის შიგნითა მხარეს იდებს, ხოლო შემდეგ საფასურის გადაუხდელად ტოვებს მარკეტს, არის თვითონ და ამ ფაქტს სადავოდ არ ხდის. ვინაიდან საქართველოს სსსკ-ის მე-9 მუხლის თანახმად, სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე, თვითონ დაცვის მხარეს შეეძლო ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის ჩატარება და მტკიცებულების სახით სასამართლოსათვის წარდგენა.

 

10. რაც შეეხება ვიდეოჩანაწერისა და მისი დათვალიერების ოქმის დაუშვებელ მტკიცებულებებად მიჩნევას, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 219-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, შუამდგომლობებს მტკიცებულებების დასაშვებობის თაობაზე განიხილავს წინასასამართლო სხდომის მოსამართლე. მსჯავრდებულს ზემომითითებული მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობის შუამდგომლობა ზემოაღნიშნულ ეტაპზე არ წარუდგენია.

 

11. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნიდან გამომდინარე, მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის ღირებულება 150 ლარს ზევით. ზიანის ოდენობასთან დაკავშირებით საკასაციო პალატა, გარდა მოწმეთა ჩვენებებისა, მიუთითებს შპს „ო----------ის“ უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ზ. დ---–ის 2017 წლის 17 იანვრის წერილზე, საიდანაც ირკვევა, რომ კომპანიას მსჯავრდებულის ქმედებით მიადგა 351 ლარის მატერიალური ზიანი. შესაბამისად, მხარის საკასაციო საჩივრის არგუმენტი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უსაფუძვლოა.

 

12. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქმეზე შეკრებილია უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დასტურდება მსჯავრდებულ ვ--–------ ძ------–---–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მოცემულ საქმეზე კანონიერია, რის გამოც ადვოკატ თ------ ხ------–---–ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

 

13. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. მსჯავრდებულ ვ--–------ ძ------–---–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ------ ხ------–---–ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

 

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

 

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

 

პ. ქათამაძე