განჩინება

სისხლის სამართლის 16.04.2019
საქმის ნომერი
020100118002270909
თარიღი
16.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 020100118002270909

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№626აპ-18 ქ. თბილისი

კ-----–---–ია დ-----, 626აპ-18 16 აპრილი, 2019 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 4 ივნისის განაჩენზე ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიამ ქორიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, დ----- კ-----–---–იას, --------------–-------–--–---- ბრალად წარედგინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, ჩადენილი სიმთვრალეში; ასევე განსაცდელში მიტოვება, ე.ი. დაუხმარებლად იმის მიტოვება, ვინც სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში იმყოფებოდა და შესაძლებლობა არ ჰქონდა, მიეღო ზომები თავის დასაცავად, თუ მიმტოვებელს ევალებოდა მასზე ზრუნვა და შეეძლო მისი დახმარება.

 

აღნიშნული ბრალდება გამოიხატა შემდეგში:

 

2017 წლის 12 ივნისს, დაახლოებით 21:30 საათზე, დ----- კ-----–---–ია გადაადგილდებოდა ქ. წ--–-------ში, წ------------- ქუჩაზე ,,ოპელ ასტრას“ მარკის (სახელმწიფო ნომერი: B------) ავტომობილით, რომელსაც თვითონ მართავდა. დ----- კ-----–---–იამ, რომელიც იყო მთვრალი, ვერ უზრუნველყო საგზაო მოძრაობის წესების დაცვა - ვერ გაითვალისწინა ხილვადობა მოძრაობის მიმართულებით და შეეჯახა სავალი ნაწილის დასასრულს ქვეითად მიმავალ გ------- ფ----ას, რის შედეგადაც დაზარალებულმა მიიღო ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება.

 

დ----- კ-----–---–იას, რომელსაც ევალებოდა დაჯახების შედეგად მიღებული დაზიანებების გამო სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში მყოფ გ------- ფ----აზე ზრუნვა და შეეძლო მისი დახმარება, ავტომობილით მიიმალა შემთხვევის ადგილიდან და დაზარალებული, რომელსაც შესაძლებლობა არ ჰქონდა, მიეღო ზომები თავის დასაცავად, განსაცდელში მიატოვა.

 

2. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 თებერვლის განაჩენით დ----- კ-----–---–ია ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 128-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა.

 

დ----- კ-----–---–ია ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-4 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე დამატებითი სასჯელის სახით 3 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

 

დ----- კ-----–---–იას ძირითადი სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 13 თებერვლიდან.

 

გირაოს უზრუნველსაყოფად ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 19 იანვრის განჩინებით დაყადაღებულ უძრავ ქონებას, მდებარეს წ--–-------ში, ს------ის ქ. N2--ში (საკადასტრო კოდი 4--1--4--2--), მოეხსნა ყადაღა.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ უნდა მოხდეს ნივთმტკიცების - ,,ოპელ ასტრას“ მარკის ავტომობილის (სახელმწიფო ნომრით B------) საპროცესო კონფისკაცია.

 

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 4 ივნისის განაჩენით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 თებერვლის განაჩენში შევიდა ცვლილება:

 

დ----- კ-----–---–ია ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 128-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა.

 

დ----- კ-----–---–ია ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-4 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლით. მასვე დამატებითი სასჯელის სახით 3 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

 

დ----- კ-----–---–იას ძირითადი სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 13 თებერვლიდან, ხოლო დამატებითი სასჯელის ვადის ათვლა - ძირითადი სასჯელის მოხდის მომენტიდან.

 

გირაოს უზრუნველსაყოფად ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 19 იანვრის განჩინებით დაყადაღებულ უძრავ ქონებას, მდებარეს წ--–-------ში, ს------ის ქ. N2--ში (საკადასტრო კოდი 4--1--4--2--), მოეხსნა ყადაღა განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცება - ,,ოპელ ასტრას“ მარკის ავტომობილი (სახელმწიფო ნომრით B------), უნდა დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.

 

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა მარიამ ქორიძემ და ითხოვა: დ----- კ-----–---–იას დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 128-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში; საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის 5 წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა; საქართველოს სსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად ,,ოპელ ასტრას“ მარკის ავტომობილის საპროცესო კონფისკაცია.

 

5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

 

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

 

6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

 

7. განსახილველ შემთხვევაში საქმეში არსებული უდავო მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია დ----- კ-----–---–იას მიერ ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია გ------- ფ----ას ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, ჩადენილი სიმთვრალეში. რაც შეეხება საქართველოს სსკ-ის 128-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებას, საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, რომლის თანახმადაც, არ დასტურდება ქმედების სუბიექტური შემადგენლობა, კერძოდ ის ფაქტი, რომ დ----- კ-----–---–იამ იგრძნო შეჯახება, გაცნობიერებული ჰქონდა დაზარალებულის სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში ყოფნა და საკუთარი მოვალეობა - დახმარებოდა მას, რაც გამორიცხავს დ----- კ-----–---–იასთვის საქართველოს სსკ-ის 128-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შერაცხვის სამართლებრივ შესაძლებლობას.

 

8. პროკურორის განმარტებით, უკანონოა სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ,,ოპელ ასტრას“ მარკის ავტომობილის (სახელმწიფო ნომრით B------) კანონიერი მფლობელისთვის დაბრუნების ნაწილშიც, რასაც საკასაციო პალატა ასევე ვერ გაიზიარებს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შეესაბამება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას (იხ. საქმე №93აპ-14), ხოლო რაიმე ისეთი გარემოება, რაც შესაძლოა, საკასაციო პალატის პრაქტიკის შეცვლის საფუძველი გამხდარიყო, საქმიდან და საკასაციო საჩივრიდან არ იკვეთება.

 

9. რაც შეეხება სასჯელს, პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა როგორც სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები, ასევე - პირის ინდივიდუალური მახასიათებლები (მსჯავრდებულს აქვს მძიმე ოჯახური და ეკონომიკური მდგომარეობა, გარდაცვლილი ჰყავს შვილი), პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები (აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, სადავოდ არ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორიციელებას, არ არის ნასამართლევი) და საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, დ----- კ-----–---–იას განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი.

10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიამ ქორიძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

 

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

 

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

 

პ. ქათამაძე