განჩინება
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010141318700066635
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №100აგ-18 ქ. თბილისი
კ-------- პ------, 100აგ-18 25 აპრილი, 2019 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ პ------ კ-------ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 3 ოქტომბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1998 წლის 7 აგვისტოს განაჩენით:
პ------ კ--------ს მოეხსნა ბრალდება, გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის 243-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით და გამართლდა.
პ------ კ-------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 104-ე მუხლის პირველი, მე-4, მე-6, მე-7 და მე-9 პუნქტებით, 240-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, 238-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 ნაწილებით, 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი პუნქტითა და 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის პირველი, მე-4, მე-6, მე-7 და მე-9 პუნქტებით − უვადო თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით − 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით − 9 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 238-ე მუხლის პირველი ნაწილით − 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 238-ე მუხლის მეორე ნაწილით − 4 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 238-ე მუხლის მეოთხე ნაწილით − 9 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი პუნქტით − 14 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით − 13 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-40 მუხლის საფუძველზე მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ პ------ კ--------ს განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 1997 წლის 24 ივნისიდან.
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 30 ივლისის განჩინებით მსჯავრდებულ პ------ კ-------ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების კვალიფიკაცია სისხლის სამართლის კოდექსის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი პუნქტით (ძველი რედაქცია) შესაბამისობაში მოვიდა მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტთან და სასჯელის ზომად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა; სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლის მეოთხე ნაწილი (ძველი რედაქცია) შესაბამისობაში მოვიდა მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველ, მეორე ნაწილებთან და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო სისხლის სამართლის კოდექსის 104-ე მუხლის მეექვსე, მეშვიდე პუნქტები (ძველი რედაქცია) გადაკვალიფიცირდა მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ,“ „დ“ ქვეპუნქტებზე და პ------ კ--------ს სასჯელის საბოლოო ზომად დარჩა უვადო თავისუფლების აღკვეთა.
3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 5 თებერვლის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე მსჯავრდებული პ------ კ-------- გათავისუფლდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1998 წლის 7 აგვისტოს განაჩენითა და 2007 წლის 30 ივლისის განჩინებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით დანიშნული სასჯელისაგან, ხოლო ¼-ით შეუმცირდა ამავე კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 238-ე მუხლის პირველი, მეორე ნაწილებით (ძველი რედაქცია) დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 28 მარტის განჩინებით მსჯავრდებულ პ------ კ-------ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 5 თებერვლის განჩინება დარჩა უცვლელად.
5. 2018 წლის 19 სექტემბერს მსჯავრდებულმა პ------ კ--------მ შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი 310-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა მოითხოვა, შემდეგი საფუძვლებით:
6. 2009 წლის 20 ოქტომბერს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ უკანონოდ ცნო 1997 წლის 27 ივნისიდან 2005 წლის 31 დეკემბრამდე საქართველოს სასამართლო სისტემაში მოქმედი სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია, რომელიც შედგებოდა ერთი მოსამართლისა და ორი მსაჯულისაგან, რადგან საქმის განმხილველ სასამართლო კოლეგიაში შედიოდა ორი არაპროფესიონალი მსაჯული. შესაბამისად, შეიქმნა საფუძველი მის მიმართ 1998 წლის 7 აგვისტოს გამოტანილი განაჩენის გადასინჯვისათვის. შუამდგომლობაში ასევე მითითებულია, რომ მას დაერღვა სამართლიანი სასამართლოს უფლება, ვინაიდან მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გასაჩივრების უფლება მაშინ მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით არ იყო გათვალისწინებული.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით მსჯავრდებულ პ------ კ-------ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, განაჩენის გადასინჯვის თაობაზე, დაუშვებლად იქნა ცნობილი.
8. კასატორი - მსჯავრდებული პ------ კ-------- ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 3 ოქტომბრის განჩინების გაუქმებასა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 1998 წლის 7 აგვისტოს განაჩენის გადასინჯვას. კასატორი უთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე და მიაჩნია, რომ მის მიმართ დარღვეულია სამართლიანი სასამართლოს უფლება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. შუამდგომლობასა და საკასაციო საჩივარში მითითებულ გარემოებასთან (მოსამართლისა და ორი მსაჯულის მონაწილეობით საქმის განხილვა) დაკავშირებით, პალატა იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას. რაც შეეხება ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე აპელირებას, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტი მოითხოვს ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევის ფაქტის არსებობას ამ (ე.ი გადასასინჯ) განაჩენთან დაკავშირებით, რაც ამ შემთხვევაში არ არის გამოვლენილი.
3. ამდენად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება მსჯავრდებულ პ------ კ-------ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ კანონიერია, მისი გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ პ------ კ-------ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 3 ოქტომბრის განჩინება მსჯავრდებულ პ------ კ-------ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ. ალავიძე