განჩინება
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100117001950742
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№670აპ-18 ქ. თბილისი
ბ-----–---–- შ------, 670აპ-18 1 მაისი, 2019 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 12 სექტემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ შ------ ბ-----–---–-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ------- ფ--–---–--ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 25 იანვრის განაჩენით შ------ ბ-----–---–-, - დაბადებული 1--- წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა შ------ ბ-----–---–-ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 16 მაისის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი - 2 წელი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ახლად დანიშნულ სასჯელს - 8 წლით თავისუფლების აღკვეთას დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, შ------ ბ-----–---–ს მოსახდელად განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა.
შ------ ბ-----–---–ს სასჯელის მოხდა აეთვალა 2017 წლის 28 აპრილიდან.
2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შ------ ბ-----–---–მა ჩაიდინა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ყალბი ვალუტის შეძენა, შენახვა გასაღების მიზნით და გასაღება, ჩადენილი ასეთი დანაშაულისათვის მსჯავრდებულის მიერ, რაც გამოიხატა შემდეგში:
ბ------ ს----–---–მა და სსკ-ის 212-ე მუხლით ნასამართლევმა შ------ ბ-----–---–მა დაუდგენელ დროსა და ვითარებაში გასაღების მიზნით შეიძინეს 9 ცალი ყალბი 100-ლარიანი კუპიურა სერიული ნომრით: G-------- და 8 ცალი ყალბი 200-ლარიანი კუპიურა სერიული ნომრით H-------- და განიზრახეს მისი გასაღება. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, მათ ერთობლივად ჩაიდინეს შემდეგი არაერთჯერადი დანაშაულებრივი მოქმედებები: 2017 წლის 25 აპრილს ლ--------ის რაიონის სოფელ გ------–-----ში მდებარე თ---------- მ------–---–ის კუთვნილ ავტომანქანის სათადარიგო ნაწილების მაღაზიაში შ------ ბ-----–---–მა გაასაღა ერთი ცალი ყალბი 200-ლარიანი კუპიურა, სერიული ნომრით H--------. აგრძელებდნენ რა დანაშაულებრივ საქმიანობას, 2017 წლის 28 აპრილს, დაახლოებით 15:10 საათზე, ქ.თ---–--–ი, I------------------ში მდებარე, შპს „რ---ს“ კუთვნილ მაღაზიაში გაასაღეს ერთი ცალი ყალბი 100-ლარიანი კუპიურა G--------, ასევე 2017 წლის 28 აპრილს, დაახლოებით 15:20 საათზე, ქ.თ---–--–ი, ვ---------------------------- კორპუსის მიმდებარედ არსებულ ნ------- მ-----------–-–---–ის კუთვნილ მაღაზიაში გაასაღეს ერთი ცალი ყალბი 100-ლარიანი კუპიურა G--------.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 12 სექტემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 25 იანვრის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ: მსჯავრდებულ შ------ ბ-----–---–ს ბრალდებიდან ამოერიცხა 2017 წლის 25 აპრილს ლ--------ის რაიონის სოფელ გ------–-----ში მდებარე თ---------- მ------–---–ის კუთვნილი სათადარიგო ნაწილების მაღაზიაში ყალბი 200-ლარიანი კუპიურის გასაღების ეპიზოდი.
შ------ ბ-----–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა შ------ ბ-----–---–-ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 16 მაისის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი - 2 წელი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ შ------ ბ-----–---–ს განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა აეთვალა 2017 წლის 28 აპრილიდან.
4. კასატორი - მსჯავრდებულ შ------ ბ-----–---–-ს ადვოკატი ითხოვს გამამართლებელი განაჩენის დადგენას შემდეგ გარემოებათა გამო:
განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი; მტკიცებულებათა გამოკვლევისას დაირღვა საპროცესო კანონის მოთხოვნები; სააპელაციო პალატას არ უნდა ეთქვა უარი დაცვის მხარის მიერ სსკ-ის 297-ე მუხლის საფუძველზე ახალი მტკიცებულებების გამოკვლევაზე; შ------ ბ-----–---–-ს ბრალეულობა არ დასტურდება გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მტკიცებულებითი სტანდარტით; მოწმე ბ------ ს----–---–ის ჩვენებით უტყუარად დგინდება, რომ შ------ ბ-----–---–მა არ იცოდა მის მიერ ყალბი ფულის გასაღების შესახებ; ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ყალბი კუპიურები შ------ ბ-----–---–-ს საფულეში მოათავსა ბ. ს----–---–მა და ბრალდების მხარემ სწორედ ამიტომ არ ჩაატარა შესაბამისი ექსპერტიზები ამოღებულ კუპიურებზე.
5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
7. საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა.
8. მოწმეების - გ------- ე--------ის, ტ----- კ-------ის, ზ------ რ-----–---–ისა და გ------- მ-–---–---ის ჩვენებები, ავტომანქანის ჩხრეკის ოქმი, ბ------ ს----–---–ის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი, გრაფიკული და დოკუმენტების ტექნიკური ექსპერტიზის №-------- დასკვნა, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 16 მაისისა და 2017 წლის 27 ნოემბრის განაჩენები და საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები უტყუარად ადასტურებენ შ------ ბ-----–---–-ს მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენას.
9. უსაფუძვლოა კასატორის მითითება მტკიცებულებათა გამოკვლევისას საპროცესო კანონის დარღვევის შესახებ, ვინაიდან საქმის მასალების შესწავლის შედეგად საპროცესო კოდექსის ისეთი არსებითი დარღვევა, რაც გავლენას მოახდენდა საქმის განხილვის შედეგზე, არ გამოვლენილა.
10. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივებს მოწმე ბ------ ს----–---–ის ჩვენების არასარწმუნოობის შესახებ. გარდა იმისა, რომ მის მიერ სასამართლოსთვის მიწოდებული ინფორმაცია არალოგიკურია, იგი ეწინააღმდეგება საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებსაც, რომელთა საეჭვოდ მიჩნევის საფუძველიც პალატას არ გააჩნია, რის გამოც მისი განმარტება, რომ თითქოს, ის შ------ ბ-----–---–-სგან დამოუკიდებლად მოქმედებდა და ყალბი კუპიურები ჩუმად მოათავსა მის საფულეში, არ გაიზიარა სააპელაციო სასამართლომ მართებულად არ გაიზიარა.
11. კანონიერია ასევე სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება დაცვის მხარის შუამდგომლობის (მოწმეთა დაკითხვის შესახებ) დაუკმაყოფილებლობის შესახებ, ვინაიდან იგი საპროცესოსამართლებრივი ნორმების არსებითი დარღვევით იყო წარდგენილი.
12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ შ------ ბ-----–---–-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ------- ფ--–---–--ას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე