განჩინება
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100117002168886
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№703აპ-18 ქ. თბილისი
ხ--–--–---–- რ-----, 703აპ-18 8 მაისი, 2019 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 11 სექტემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ რ----- ხ--–--–---–-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ პ----- ბ---–-----სა და ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ადილარ წირღვავას საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 აპრილის განაჩენით რ----- ხ--–--–---–-, - დაბადებული 19---–-–---------------–ს, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111-120-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში.
იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მეორე ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 2 წლით;
საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 4 წლით;
საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 4 წლით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა თანაბარი და ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ რ----- ხ--–--–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლით, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან – 2017 წლის 7 ოქტომბრიდან.
2. აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 11 სექტემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
3. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად:
რ----- ხ--–--–---–მა დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა და შეინახა ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით ცეცხლსასროლი იარაღი: გამოსაყენებლად ვარგისი, 1951 წლის ნიმუშის 9 მმ კალიბრიანი „მაკაროვის“ სისტემის უნომრო პისტოლეტი და საბრძოლო მასალა - „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტისათვის განკუთვნილი ვაზნები, რომლებსაც უკანონოდ ატარებდა ბ------–ი და 2017 წლის 7 ოქტომბერს, მისი პირადი ჩხრეკის დროს ამოიღეს.
2017 წლის 7 ოქტომბერს, დაახლოებით 12 საათის შემდეგ, რ----- ხ--–--–---–- (რომელიც შეიარაღებული იყო პისტოლეტით) მივიდა ბ------–ი, ფ---------ის ქუჩის №--- კორპუსში მდებარე შპს „რ---–----–--ის“ ოფისში, სადაც მის ხელთ არსებული პისტოლეტიდან განზრახ, ორჯერ გასროლით ჯ------- ზ----ეს მიაყენა დაზიანებები, მარჯვენა ბარძაყის ძვლის დიაფიზის ქვემო მესამედის ღია ცეცხლნასროლი ნამსხვროვანი მოტეხილობა ცდომით, მარცხენა ბარძაყის ძვლის დიაფიზის ზემო მესამედის ღია ცეცხლნასროლი ნამსხვროვანი მოტეხილობა ცდომით, რაც, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მიეკუთვნება ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათოს.
2017 წლის 7 ოქტომბერს, დაახლოებით 12 საათის შემდეგ რ----- ხ--–--–---–- (რომელიც შეიარაღებული იყო პისტოლეტით) მივიდა ბ------–ი, ფ---------ის ქუჩის №--- კორპუსში მდებარე შპს „რ---–----–--ის“ ოფისში, სადაც მის ხელთ არსებული პისტოლეტიდან განზრახ გასროლით მარჯვენა ბარძაყის მიდამოში განზრახ დაზიანება მიაყენა თავის ძმას - ა-–---------- ხ--–--–---–ს. დაზიანება სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს დაცვისა და ბრალდების მხარეებმა.
5. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით დაცვის მხარე ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 11 სექტემბრის განაჩენში ცვლილების შეტანასა და რ----- ხ--–--–---–-ს მიმართ თავისუფლების აღკვეთის სახით გამოყენებული სასჯელის ნაწილის პირობითად ჩათვლას საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის გამოყენებით.
6. კასატორის მითითებით, სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი არ შეესაბამება კანონით განსაზღვრული სასჯელის მიზნებს; რ. ხ--–--–---–მა ითანამშრომლა გამოძიებასთან; მან აღიარა და მოინანია დანაშაული; არ არის ნასამართლევი და ხასიათდება დადებითად.
7. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით ბრალდების მხარე ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 11 სექტემბრის განაჩენის გაუქმებას, რ----- ხ--–--–---–-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2, მე-3 ნაწილებით, სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 111-120-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებებში და მკაცრი სასჯელის დანიშვნას.
8. კასატორის მითითებით, სასამართლოში დაზარალებულმა დაკითხვისას ზუსტად ახსნა, თუ როგორ მიაყენეს დაზიანება, თუმცა, რა თქმა უნდა, მას არ შეეძლო კონკრეტულად განესაზღვრა, რა განზრახვით მოქმედებდა ამ დროს რ----- ხ--–--–---–-. მოწმეებს არ მიუთითებიათ, რომ გასროლა მოხდა შემთხვევით. რაც შეეხება სასჯელს, იგი ზედმეტად ლმობიერია, ვინაიდან წარსულში მას ასევე ძალადობრივი დანაშაულისათვის ჰქონდა წარდგენილი ბრალი. სასამართლო მეტად მკაცრი უნდა ყოფილიყო.
9. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
10. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
11. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის: მსჯავრდებულის ძმის - ა-–---------- ხ--–--–---–-სა და ჯ------- ხ--–--–---–-ს ჩვენებები) არ ადასტურებს რ. ხ--–--–---–-ს მიერ ა. ხ--–--–---–-სათვის ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანების მიყენების განზრახვას (საქართველოს სსკ-ის 111-120-ე მუხლი).
12. რაც შეეხება რ----- ხ--–--–---–-სათვის დანიშნულ სასჯელს (საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის), საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, მსჯავრდებულს განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი. დანაშაულთა ერთობლიობის, ქმედების სახისა და მოვალეობათა დარღვევის ზომის, ასევე, მართლსაწინააღმდეგო შედეგის (ჯ. ზ----ისათვის ორჯერ სროლით მიყენებული ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების) მხედველობაში მიღებით საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის ნაწილის გამოყენება არ არის მიზანშეწონილი.
13. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
14. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ რ----- ხ--–--–---–-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ პ----- ბ---–-----სა და ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ადილარ წირღვავას საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ. ალავიძე