განჩინება
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100117001863783
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№621აპ-18 ქ. თბილისი
მ-----–-–ი ე------, 621აპ-18 15 აპრილი, 2019 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, პაატა ქათამაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 4 ივლისის განაჩენზე მსჯავრდებულ ე------ მ-----–-–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ----- პ-----ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 4 დეკემბრის განაჩენით ე------ მ-----–-–ი, - დაბადებული 1----–--–-, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 4 წლით;
საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - ჯარიმა 2000 ლარი;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ ე------ მ-----–-–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლით, რომლის მოხდა აეთვალა დაკავების დღიდან - 2017 წლის 7 მარტიდან.
2. სასამართლომ დაადგინა, რომ ე------ მ-----–-–მა ჩაიდინა ყალბი საგადასახადო და ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტების გამოყენების მიზნით დამზადება და გამოყენება; ქონების მესაკუთრისა და მფლობელის დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანება მოტყუებით.
აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2014 წლის 9 სექტემბერს ე------ მ-----–-–ის მიერ მეწარმე სუბიექტად დარეგისტრირდა შპს ,,ბ----–--ი" (ს/ნ 4--------), რომელსაც 2015 წლის იანვარში შეეცვალა საფირმო სახელწოდება და ჩამოყალიბდა, როგორც შპს "ლ------". კომპანიის დირექტორად დარეგისტრირდა ე------ მ-----–-–ი, ხოლო იურიდიულ მისამართად განისაზღვრა ე------ მ-----–-–ის რეგისტრაციის ადგილი - ქ----------------------------------------.
შპს ,,ლ------" დაფუძნებიდან 2014 წლის დეკემბრამდე პერიოდში, შპს ,,ი------სთან’’ გაფორმებული ქვეიჯარის ხელშეკრულების საფუძველზე, ხელვაჩაურის რაიონის სოფელ წ-----–-ში მდებარე პურის საცხობ საამქროში ახორციელებდა პურის წარმოება/რეალიზაციას, რა დროსაც იგი ასევე სარგებლობდა შპს ,,ი-----ის’’ სადისტრიბუციო ქსელით. შესაბამისად, შპს ,,ი-----ის’’ დირექტორი ა-----– ბ-------ე ადგენდა შპს ,,ლ------ზე’’ ელექტრონულ საგადასახადო ანგარიშფაქტურებს საცხობი საამქროს იჯარით, პურის ქსელით, ინვენტარითა და მარკეტინგული მომსახურებით სარგებლობის შესახებ. შპს ,,ლ------" კი პურის რეალიზაციიდან მიღებულ შემოსავალს სრულად არ ასახავდა საგადასახადო ანგარიშგებაში, რითაც არამართლზომიერად იქმნიდა ზედმეტობას დღგ-ში. 2014 წლის დეკემბერში შპს ,,ლ------მ" პურის წარმოება შეწყვიტა და მანამდე შპს ,,ი-----ისგან" იჯარით აღებულ პურის საცხობ საამქროს, ინვენტარ/დანადგარებს აღარ იყენებდა და იჯარის თანხებსაც აღარ იხდიდა. 2015 წლის თებერვალში კი შპს ,,ლ------მ" სადისტრიბუციო საქმიანობაც შეწყვიტა და შპს ,,ი-----ისგან" იჯარით აღებული ქონებით, პურის სადისტრიბუციო ქსელითა და მარკეტინგული მომსახურებით აღარ უსარგებლია. 2015 წლის თებერვლიდან 2016 წლის იანვრის ჩათვლით პერიოდში ე------ მ-----–-–მა შპს ,,ი-----ის’’ დირექტორ ა-----– ბ-------ის მეშვეობით დაამზადა 35 ერთეული ყალბი საგადასახადო დეკლარაცია, რომ თითქოსდა, შპს ,,ლ------მ’’ ისარგებლა შპს ,,ი-----ის’’ 1 813 512 ლარის ღირებულების საიჯარო მომსახურებით, რითაც შპს ,,ლ------ს’’ პირადი აღრიცხვის ბარათზე ხელოვნურად დაუგროვდა ზედმეტობა დღგ-ში - 276 637.38 ლარი. 2015 წლის თებერვლიდან - 2016 წლის იანვრის ჩათვლით პერიოდში ე------ მ-----–-–მა, როგორც შპს ,,ლ-----ის’’ დირექტორმა, ასევე გააფორმა 198 ერთეული ფიქციური (ყალბი) გარიგება ,,მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე საკუთრების უფლების გადაცემის თაობაზე", რითაც შპს "ლ------მ’’ ფორმალურად მოიპოვა სხვადასხვა ფიზიკური პირის მიერ იმპორტირებული 198 ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო გაფორმების უფლებამოსილება. დასახელებული 198 ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარირებისათვის დღგ-სა და აქციზის გადასახადში გაანგარიშებულმა საბაჟო გადასახდელებმა ჯამურად შეადგინა 329 111.9 ლარი. ე------ მ-----–-–მა ხსენებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების მესაკუთრეებისგან ნაღდი ანგარიშსწორებით მიიღო საბაჟო გაფორმებისათვის განკუთვნილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხები, სახელმწიფო ბიუჯეტში კი შპს ,,ლ------ს’’ სახელით რეალურად გადაიხადა მხოლოდ 8 524.1 ლარი, ხოლო 320 587.8 ლარის ბიუჯეტში გადახდა უზრუნველყო ამავე კომპანიის პირად ბარათზე არსებული ხელოვნურად წარმოშობილი დღგ-ს ზედმეტობის ხარჯზე, რამაც სახელმწიფოს (სსიპ შემოსავლების სამსახურს) დიდი ოდენობით ზიანი მიაყენა.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 4 ივლისის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 4 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.ამასთან, ცნობად იქნა მიღებული, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 24 მაისის განკარგულებით ე------ მ-----–-–ი, მსჯავრდებული ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 4 დეკემბრის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით, შეწყალებულ იქნა და მოსახდელად დარჩენილი საპატიმრო სასჯელი გაუნახევრდა.
4. კასატორი - მსჯავრდებულ ე------ მ-----–-–ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი მ----- პ-----ე წარმოდგენილი საჩივრით ითხოვს ე------ მ-----–-–ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას იმ მოტივით, რომ განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია; სასამართლოს დასკვნები ემყარება სადავო მტკიცებულებებს, რომლებიც საერთოდ არ გამოკვლეულა; განაჩენში მითითებული მტკიცებულებები ურთიერთსაწინააღმდეგოა და ვერ ადასტურებს ე------ მ-----–-–ის ბრალეულობას.
5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
7. საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა.
8. მოწმეების - ა-----– ბ-------ის, კ--- დ-------ის, ბ---–--- გ-------ის, ი-----–- ა------ის, მ----- მ-------ის, ა------ თ----ის, ო---- ი------ის, ზ---- ა--–--ის, რ--------- მ----–--ის, თ------ ბ-----ის, დ-------- ჩ---–--–---–ის, ე---–--- ი-------ის, მ------ ტ----ის, გ---- ც--–--ის, მ------ ა----–--ის, ბ------ ა--–--ის, გ-- ფ------ის, მ--–---- თ----ის, ე------ დ----ის, თ---------- მ-----ის, ბ------ ც--–--ის, გ---–- უ------ის ჩვენებები, საგადასახადო ანგარიშფაქტურები, შემოსავლების სამსახურიდან ამოღებული დოკუმენტაცია და საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები უტყუარად ადასტურებენ ე------ მ-----–-–ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენას.
9. უსაფუძვლოა კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ ე------ მ-----–-–ის ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულებები არასარწმუნოა, ვინაიდან მოწმეთა ჩვენებები თანმიმდევრულია და შეესაბამება როგორც ერთმანეთს, ისე - საქმეში წარმოდგენილ წერილობით მტკიცებულებებს, რის გამოც საკასაციო პალატას მათი საეჭვოდ მიჩნევისა და გაუზიარებლობის საფუძველი არ გააჩნია.
10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ე------ მ-----–-–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ----- პ-----ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: პ. სილაგაძე
პ. ქათამაძე