განჩინება

სისხლის სამართლის 04.06.2019
საქმის ნომერი
010141318700069584
თარიღი
04.06.2019

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010141318700069584

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №111აგ-18 4 ივნისი, 2019 წელი

კ------ე რ----, 111აგ-18 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ რ---- კ------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ-----–---- ა------–---–ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 29 ნოემბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 5 ივნისის განაჩენით რ---- კ------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2005 წლის 10 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) – 6 თვით, 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილით – 3 წლით, 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით – 6-6 თვით, 117-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ზ“, „თ“ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით – 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მიხედვით, რ---- კ------ეს დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელშიც მოხდილად ჩაეთვალა წინასწარი გამოძიებისას – 2005 წლის 5 ივნისიდან იმავე წლის 7 ივნისამდე და შემდგომ – 2009 წლის 27 იანვრიდან დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის პერიოდი – 4 თვე და 11 დღე, ხოლო დარჩენილი ვადა – 4 წლით, 7 თვითა და 19 დღით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალა პირობით, 5 წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა – 3000 ლარი.

 

2. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 28 იანვრის განაჩენით რ---- კ------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, 117-ე მუხლის მე-8 ნაწილით – 12 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, შეფარდებული სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 19 წლით თავისუფლების აღკვეთა. სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 5 ივნისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და სსკ-ის 59-ე მუხლის გამოყენებით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა ამ განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 4 წელი, 7 თვე, 19 დღე და საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 23 წლით, 7 თვითა და 19 დღით თავისუფლების აღკვეთა.

 

„ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-3 და მე-9 მუხლების თანახმად, რ---- კ------ე გათავისუფლდა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 5 ივნისის განაჩენით (რომელიც საბოლოოდ შეიკრიბა ამ განაჩენით) სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით (2005 წლის 10 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) დანიშნული სასჯელებისაგან; იმავე კანონის მე-16 მუხლის თანახმად, რ---- კ------ეს შეუმცირდა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 5 ივნისის განაჩენით (რომელიც საბოლოოდ შეიკრიბა ამ განაჩენით) სსკ-ის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ზ“, „თ“ ქვეპუნქტებით (ძველი რედაქცია) დანიშნული სასჯელი – 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და მოსახდელად დარჩა 4 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომელშიც მოხდილად ჩაეთვალა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 5 ივნისის განაჩენით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი – 4 თვე, 11 დღე და მოსახდელად დარჩა 4 დღით თავისუფლების აღკვეთა.

 

„ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-12 მუხლის თანახმად, რ---- კ------ეს გაუნახევრდა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 28 იანვრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით დანიშნული სასჯელი – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა და მოსახდელად დარჩა 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. იმავე კანონის მე-16 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულს ერთი მეოთხედით შეუმცირდა ამავე განაჩენით სსკ-ის 117-ე მუხლის მე-8 ნაწილით დანიშნული სასჯელი – 12 წლით თავისუფლების აღკვეთა და მოსახდელად დარჩა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. რ---- კ------ეს საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა 12 წლით, 6 თვითა და 4 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2012 წლის 5 ივნისიდან.

 

3. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 20 სექტემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

 

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 28 იანვრის განჩინებით მსჯავრდებულ რ---- კ------ის საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად.

 

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 26 ნოემბრის განჩინებით რ---- კ------ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 20 სექტემბრის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.

 

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 1 მაისის განჩინებით მსჯავრდებულ რ---- კ------ის ადვოკატის – ნ-----–---- ა------–---–ის შუამდგომლობა დაუშვებლად იქნა ცნობილი.

 

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 1 ნოემბრის განჩინებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 1 მაისის განჩინება დარჩა უცვლელად.

 

8. 2018 წლის 15 ნოემბერს მსჯავრდებულმა რ---- კ------ემ შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 5 ივნისისა და 2013 წლის 28 იანვრის განაჩენების ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადასინჯვის მოთხოვნით.

 

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 29 ნოემბრის განჩინებით მსჯავრდებულ რ---- კ------ის შუამდგომლობა დაუშვებლად იქნა ცნობილი.

 

10. კასატორი – მსჯავრდებულ რ---- კ------ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ნ-----–---- ა------–---–ი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 29 ნოემბრის განჩინების გაუქმებას და მსჯავრდებულ რ---- კ------ის შუამდგომლობის დაკმაყოფილებას მასში მითითებული მოტივებით.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

1. საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

2. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივებს შუამდგომლობასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმის გარემოებებს.

 

3. პალატა აღნიშნავს, რომ არც შუამდგომლობასა და არც საკასაციო საჩივარში დაცვის მხარე არ უთითებს არცერთ ისეთ გარემოებაზე, რომელიც საკასაციო პალატას შესაძლებლობას მისცემდა, გადაესინჯა კანონიერ ძალაში შესული განაჩენები. მოცემულ შემთხვევაში კასატორი ყურადღებას ამახვილებს (მისი მოსაზრებით) ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის არასწორად გამოყენებასა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლში 2013 წლის 17 აპრილს შესულ ცვლილებებზე. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის არასწორად გამოყენება არ წარმოადგენს საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლით გათვალისწინებულ განაჩენის გადასინჯვის საფუძველს. რაც შეეხება 2013 წლის 17 აპრილის საკანონმდებლო ცვლილებებს, იგი ცნობილი იყო რ---- კ------ის სისხლის სამართლის საქმის განმხილველი სასამართლო შემადგენლობისათვის თბილისის სააპელაციო სასამართლოსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საქმის განხილვის დროს. შესაბამისად, ეს გარემოებაც არ უნდა ჩაითვალოს ახლად გამოვლენილად.

 

4. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 29 ნოემბრის განჩინება მსჯავრდებულ რ---- კ------ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერია და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. მსჯავრდებულ რ---- კ------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ-----–---- ა------–---–ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 29 ნოემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

 

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

 

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

 

პ. ქათამაძე