განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 24.06.2019
საქმის ნომერი
010332219900022449
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
24.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

#010332219900022449

საქმე #სსდ-13-19 7 ივნისი, 2019 წელი

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატა

შემადგენლობა:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ვასილ როინიშვილი,ზურაბ ძლიერიშვილი

სხდომის მდივანი - მ--- გ-----ა

საჩივრის ავტორი - ადვოკატი თ----- ჯ--------ე

მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, წარმომადგენელი - თ----- ხ------–----ი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის 2018 წლის 3 დეკემბრის #033/17 გადაწყვეტილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის 2017 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით, „პ----------- ქ-–------- ლ---------ს“ წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე, ადვოკატ თ----- ჯ--------ის მიმართ აღიძრა დისციპლინური დევნა, რასაც საფუძვლად დაედო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

საჩივრის ავტორის განცხადებით, მასა და ადვოკატ თ----- ჯ--------ეს შორის 2014 წლის 7 ივლისს გაფორმდა საადვოკატო მომსახურების შეთანხმება. აღნიშნული შეთანხმების თანახმად, ადვოკატს „პ----------- ქ-–------- ლ---------ს“ საქმე უნდა ეწარმოებინა სასამართლოებში და შსს-ს საგამოძიებო ორგანოებში საქართველოში რეგისტრირებული შპს „იბერტეკის“ წინააღმდეგ, რომელსაც საჩივრის ავტორის წინაშე ფულადი დავალიანება გააჩნდა.

ადვოკატმა - თ----- ჯ--------ემ საჩივრის ავტორს ელექტრონული ფოსტით გაუგზავნა ანგარიში და სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, შპს „ი--------ს“ „პ----------- ქ-–------- ლ---------სათვის“ ფულადი დავალიანების გადახდა დაეკისრა. ადვოკატმა საჩივრის ავტორი დაარწმუნა, რომ მას საადვოკატო მომსახურება გაუწია სრულყოფილად, რისთვისაც მიიღო გასამრჯელო - 1400 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში. თ----- ჯ--------ემ თანხა აიღო ხელზე, თავად შეიტანა ანგარიშზე და კლიენტს წარუდგინა ქვითარი. სასამართლო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ საჩივრის ავტორმა ადვოკატს სთხოვა სააღსრულებო წარმოებაში მომსახურების დაწყება, თუმცა იგი თავს არიდებდა სატელეფონო, სკაიპით თუ ელექტრონული ფოსტით კომუნიკაციას და კლიენტისათვის ინფორმაციის მიწოდებას. მოგვიანებით საჩივრის ავტორის წარმომადგენელმა გაარკვია, რომ მათთვის გადაცემულ გადაწყვეტილებაში მითითებული ნომრით სასამართლოს სარჩელი არ მიუღია წარმოებაში, გადაწყვეტილების შინაარსი იყო მოგონილი და ის გამიზნული იყო კლიენტის მოსატყუებლად.

გარდა ზემოთმითითებული არასწორი ინფორმაციისა, ადვოკატმა კლიენტს აცნობა, რომ მისი მოთხოვნის საფუძველზე მოვალის ქონება დაყადაღებული იყო, თუმცა გადამოწმების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ქონება მართლაც იყო დაყადაღებული, მაგრამ სხვა საქმეზე, სხვა კრედიტორის მიერ. აქედან გამომდინარე, ადვოკატს განცხადება ქონების დაყადაღების შესახებ სასამართლოში არ შეუტანია, ასევე, ადვოკატმა თ----- ჯ--------ემ საჩივრის ავტორს გადასცა პოლიციაში შეტანილი განცხადების ასლი, რომელიც ყალბია, რადგან წერილზე მითითებულია ისეთი სარეგისტრაციო ნომერი, როგორსაც ასეთ წერილებს არ ანიჭებენ.

ადვოკატ თ----- ჯ--------ეს, მიუხედავად მრავალგზის შეტყობინებისა, ეთიკის კომისიაში ახსნა-განმარტება არ წარუდგენია.

სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის 2018 წლის 3 დეკემბრის გადაწყვეტილებით ადვოკატი თ----- ჯ--------ე ცნობილ იქნა ბრალეულად „ადვოკატთა შესახებ“ კანონისა და „ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსის“ შესაბამისი ნორმების დარღვევაში, რისთვისაც მას „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის 34.1. მუხლის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დაეკისრა დისციპლინური პასუხისმგებლობა და სახდელი - საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრობის შეწყვეტა, შემდეგ გარემოებათა გამო:

ეთიკის კომისიამ დადგენილად მიიჩნია, რომ ადვოკატ თ----- ჯ--------ესა და „პ----------- ქ-–------- ლ--------ს“ შორის ადვოკატ-კლიენტის ურთიერთობა დაიწყო 2014 წლის დასაწყისში. მხარეთა შორის 2014 წლის 7 ივლისს გაფორმდა საადვოკატო მომსახურების თაობაზე შეთანხმება. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს შემკვეთისათვის მომსახურების გაწევა წინასწარ გამოძიებასა და სასამართლოში. „პ----------- ლ--------მა“ ადვოკატ თ----- ჯ--------ეზე გასცა 4 რწმუნებულება: 1) 2014 წლის 12 მაისს 3 თვის ვადით - 2014 წლის 12 აგვისტოს ჩათვლით, 2) 2014 წლის 4 სექტემბერს 6 თვის ვადით - 2015 წლის 4 მარტის ჩათვლით, 3) 2015 წლის 25 თებერვალს 5 თვის ვადით - 2015 წლის 25 ივლისის ჩათვლით, და 4) 2015 წლის 07 ოქტომბერს 6 თვის ვადით - 2016 წლის 7 მაისის ჩათვლით.

საქმის მასალებით დასტურდება, რომ ადვოკატმა თ----- ჯ--------ემ 2014 წლის 3 დეკემბერს „პ----------- ქ-–------- ლ--------ს“ ელექტრონულ ფოსტაზე თავისი ელექტრონული ფოსტიდან, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ერთიან რეესტრში (t----------@rambler.ru), მიაწოდა თავისი საქმიანობის ანგარიში, შემდეგი ტექსტით: „საქმეს განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია. საგამოძიებო პროცესები, რასაც ადგილი აქვს ვაკე-საბურთალოს რაიონის პროკურორის ოფისში, სადაც მე დამკითხეს როგორც პ-----------ის წარმომადგენელი უკავშირდება ი---------ს დირექტორის, ბ------- წ----ის მხრიდან თაღლითობის ფაქტს. სასამართლო ითხოვს გამოძიებისაგან წერილს, დაკითხვის ოქმს, სადაც ბ-ნი წ----ე აღიარებს მის პასუხისმგებლობას პ-----------ის წინაშე (გამომძიებელი ინფორმირებულია). ამის შემდეგ, დადგინდება სასამართლო მოსმენის თარიღი, სადაც ი---------ს დირექტორს ბ------- წ----ეს დაეკისრება თქვენს წინაშე არსებული ფულადი ვალდებულებების შესრულება და სრულად სახელმწიფო ბაჟის გადახდა. პროცესის დასრულების შემდეგ, თუკი ისინი არ გაასაჩივრებენ გადაწყვეტილებას, ის შევა იურიდიულ ძალაში და დაიწყება აღსრულების პროცესი.“

ადვოკატ თ----- ჯ--------ეს „პ----------- ქ-–------- ლ---------ს“ საქმეზე მიღებული აქვს ჰონორარი 3264 ლარი. ამ თანხიდან ადვოკატმა კლიენტს დაუბრუნა დაახლოებით 500 ლარი.

ეთიკის კომისიამ სასამართლოსგან გამოითხოვა საქმის მასალები, რომლის თანახმად: 2014 წლის 26 დეკემბრის სარჩელზე სასამართლომ N2/22907-2014 განჩინებით უარი თქვა სარჩელის წარმოებაში მიღებაზე, განჩინება გადაეცა მოსარჩელის წარმომადგენელს თ----- ჯ--------ეს და მას აღნიშნული განჩინება არ გაუსაჩივრებია. ადვოკატმა თ----- ჯ--------ემ, როგორც „პ----------- ქ-–------- ლ---------ს“ წარმომადგენელმა, 2015 წლის 24 თებერვალს თავიდან მიმართა სასამართლოს სარჩელით, საქმეზე N2/3304-2015 სასამართლომ გამოიტანა განჩინება სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ, რომელიც ადვოკატს არ გაუსაჩივრებია. ადვოკატმა თ----- ჯ--------ემ, როგორც „პ----------- ქ-–------- ლ---------ს“ წარმომადგენელმა მესამედ მიმართა სასამართლოს სარჩელით 2015 წლის 12 ივნისს, საქმე N2/11372-2015. სასამართლომ 2015 წლის 17 ივნისს მიიღო განჩინება სარჩელის მიღებაზე უარის თქმის თაობაზე, აღნიშნული განჩინებაც არ გასაჩივრებულა. ადვოკატ თ----- ჯ--------ის 2015 წლის 19 ნოემბრის განცხადების შედეგად, 2016 წლის 13 იანვარს საქმეზე N2/11372-15 სასამართლომ მიიღო განჩინება სახელმწიფო ბაჟის დაბრუნების შესახებ.

საჩივრის ავტორმა 2015 წლის 16 თებერვალს ადვოკატ თ----- ჯ--------ის კუთვნილი ელექტრონული ფოსტით - t----------@rambler.ru მიიღო ადვოკატის მიერ გაგზავნილი დაუსწრებელი გადაწყვეტილება საქმეზე N2/22907-2014. დაუსწრებელი გადაწყვეტილების მხარეებს წარმოადგენდნენ მოსარჩელე „პ----------- ქ-–------- ლ---------“, მისი წარმომადგენელი თ----- ჯ--------ე და მოპასუხე შპს „ი---------“, გადაწყვეტილება დათარიღებულია 2015 წლის 16 იანვრით. გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ „პ----------- ქ-–------- ლ---------ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხე შპს „ი--------ს“ მოსარჩელე „პ----------- ქ-–------- ლ---------ს“ სასარგებლოდ დაეკისრა 47 265 აშშ დოლარის გადახდა, 2623 ლარის გადახდა, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურების მიზნით.

ასევე, დადასტურებულია, რომ „პ----------- ქ-–------- ლ---------ს“ მოპასუხე მხარეს, შპს „ი--------ს“ ადვოკატ თ----- ჯ--------ისათვის ვალის აღიარების შესახებ შეთანხმება არ გაუფორმებია.

ეთიკის კომისიამ მიიჩნია, რომ კლიენტისათვის საქმისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიუწოდებლობით და არასწორი ინფორმაციის მიწოდებით ადვოკატ თ----- ჯ--------ის მიერ დარღვეულია პროფესიული ეთიკის ნორმებით გათვალისწინებული კლიენტის ინფორმირების ვალდებულება: ადვოკატი ვალდებულია დროულად მიაწოდოს კლიენტს ყველა ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია მისი საქმის წარმოებასთან („ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის 6.2 მუხლი). ადვოკატმა კლიენტს მასთან შეთანხმებული წესით უნდა მიაწოდოს ინფორმაცია მასზე მინდობილი საქმის მსვლელობის შესახებ (ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსის 8.6 მუხლი).

ეთიკის კომისიამ განმარტა, რომ ადვოკატმა საქმის წარმოებისას კლიენტს მასთან შეთანხმებული წესით უნდა მიაწოდოს სწორი ინფორმაცია მისი საქმის მიმდინარეობის თაობაზე. კლიენტს უნდა შეეძლოს სწორი ინფორმაციის მიღება მისი საქმის შესახებ, რათა საქმის მსვლელობის პროცესში ადვოკატის, როგორც იურიდიული მრჩევლის დახმარებით, მიიღოს ინფორმირებული გადაწყვეტილებები. კლიენტი, როგორც საქმის შედეგით დაინტერესებული პირი, მნიშვნელოვანია ზედმიწევნით ფლობდეს ინფორმაციას მისი საქმის მიმდინარეობის ყველა ეტაპზე. ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება მოიცავს ადვოკატის მიერ კლიენტისათვის მის საქმეზე მიღებული დოკუმენტების მიწოდების ვალდებულებასაც.

ეთიკის კომისიამ სასამართლოდან გამოითხოვა სამოქალაქო საქმის მასალები სრულად, იმ საქმეებზე, სადაც მოსარჩელეა „პ----------- ქ-–------- ლ---------“, საიდანაც ირკვევა, რომ თ----- ჯ--------ემ არ მიაწოდა ინფორმაცია კლიენტს მისი საქმის მიმდინარეობის თაობაზე. კერძოდ, თ----- ჯ--------ეს სამჯერ ეთქვა უარი სასამართლოს მიერ სარჩელის წარმოებაში მიღებაზე, რის შესახებაც არ იყო ინფორმირებული კლიენტი. ადვოკატ თ----- ჯ--------ის მიერ 2015 წლის 19 ნოემბერს სასამართლოში წარდგენილი განცხადების შედეგად, 2016 წლის 13 იანვარს საქმეზე N2/11372-15 სასამართლომ მიიღო განჩინება სახელმწიფო ბაჟის დაბრუნების შესახებ, რომელიც ჩაიბარა თ----- ჯ--------ემ და არც აღნიშნული ინფორმაცია მიაწოდა კლიენტს. ეთიკის კომისია განმარტავს, რომ კლიენტისათვის ინფორმაციის მიწოდების ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთი აკისრია ადვოკატს. ადვოკატმა თ----- ჯ--------ემ არ წარმოადგინა ზეპირი ან წერილობითი ახსნა-განმარტება ან სხვა მტკიცებულება, რომელიც მის მიერ კლიენტისათვის ინფორმაციის მიწოდების ფაქტს დაადასტურებდა. შესაბამისად, ეთიკის კომისიას სარწმუნოდ მიაჩნია, რომ ადვოკატ თ----- ჯ--------ეს არ მიუწოდებია ინფორმაცია კლიენტისათვის მითითებული განჩინებების თაობაზე.

ადვოკატმა თ----- ჯ--------ემ კლიენტს ასევე მიაწოდა ინფორმაცია, რომ მოპასუხე მხარესთან გააფორმა ვალის აღიარების შესახებ შეთანხმება, რაც აგრეთვე არასწორი აღმოჩნდა. კერძოდ, დისციპლინურ საქმეში, საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილია მტკიცებულება, რომლითაც დასტურდება, რომ მოპასუხე მხარეს ადვოკატ თ----- ჯ--------ისათვის ვალის აღიარების შესახებ შეთანხმება არ გაუფორმებია. შესაბამისად, ეთიკის კომისიას მიაჩნია, რომ ადვოკატ თ----- ჯ--------ის მხრიდან დარღვეულია პროფესიული ნორმებით გათვალისწინებული კლიენტის ინფორმირების ეთიკური ვალდებულება.

კლიენტისათვის არასწორი/ყალბი სასამართლო გადაწყვეტილების გადაგზავნით, ადვოკატ თ----- ჯ--------ის მიერ დარღვეულია კეთილსინდისიერებისა და კანონიერების ფარგლებში მოქმედების ეთიკური ვალდებულება: ადვოკატი ვალდებულია კეთილსინდისიერად შეასრულოს პროფესიული ფუნქციები („ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი).

ეთიკის კომისიამ განმარტა, რომ ადვოკატმა კეთილსინდისიერად უნდა დაიცვას კლიენტის ინტერესები, რაც მოიცავს კანონიერად მოქმედების ვალდებულებასაც. ადვოკატს, როგორც მართლმსაჯულების სისტემის ნაწილს, უმნიშვნელოვანესი როლი აკისრია დემოკრატიული, სამართლებრივი სახელმწიფოს შენების პროცესში. ამდენად, მნიშვნელოვანია ადვოკატის ყოველი ქმედება ჯდებოდეს კანონის ჩარჩოებში. ადვოკატი, როგორც უფლებების დამცველი, არა მხოლოდ კლიენტის უფლებების დაცვისთვის და დარღვეული უფლებების აღდგენისათვის უნდა ზრუნავდეს, არამედ თავად უნდა იყოს მაგალითი სხვებისთვის. ეთიკის კომისია განმარტავს, რომ საზოგადოებაში ამ პროფესიის წარმომადგენლები მაღალი ნდობით სარგებლობენ და ადვოკატმა არაკეთილსინდისიერი, არაკანონიერი დამოკიდებულებით არათუ ზიანი არ უნდა მიაყენოს მის პროფესიას, არამედ პირიქით, პროფესიული საქმიანობის პერიოდში, ადვოკატი ყოველთვის უნდა ცდილობდეს გააღრმავოს და გაამყაროს საზოგადოების ნდობა.

ადვოკატ თ----- ჯ--------ის მიერ კლიენტისათვის, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გადაგზავნილი დოკუმენტი - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, საქმეზე N2/22907-2014, რომლითაც „მოსარჩელის („პ----------- ქ-–------- ლ---------ს“) ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილდა“, აღმოჩნდა არასწორი/ყალბი. კერძოდ, სასამართლოდან გამოთხოვილი ინფორმაციით, ეთიკის კომისიამ დაადგინა, რომ მოცემული ნომრით (N2/22907-2014) რეგისტრირებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება არ არსებობს. სასამართლოს მიერ გამოგზავნილი წერილით დგინდება, რომ ამავე ნომრით არსებობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება, იმავე მხარეებს შორის („პ----------- ქ-–------- ლ---------“, წარმომადგენელი თ----- ჯ--------ე, მოპასუხე შპს „ი---------“), თუმცა აღნიშნული გადაწყვეტილებით მოსარჩელე მხარეს უარი ეთქვა სარჩელის წარმოებაში მიღებაზე და აღნიშნული დავა სასამართლოს არსებითად არ განუხილავს. ამასთან, ეთიკის კომისია განმარტავს, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით (ელექტრონული მიმოწერა, თანდართული დოკუმენტებით) დასტურდება, რომ მითითებული „დაუსწრებელი გადაწყვეტილება“ კლიენტს გადაუგზავნა თ----- ჯ--------ემ, იმ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, რომელიც რეგისტრირებულია ადვოკატ თ----- ჯ--------ის სახელზე საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატთა მონაცემთა ერთიან ბაზაში. შესაბამისად, ეთიკის კომისიამ სარწმუნოდ მიიჩნია, რომ ადვოკატმა თ----- ჯ--------ემ ყალბი დოკუმენტი - სასამართლო გადაწყვეტილება წარუდგინა კლიენტს, რითაც დაარღვია კეთილსინდისიერად და კანონიერად მოქმედების პროფესიული ვალდებულება.

კლიენტისათვის არასწორი ინფორმაციის მიწოდებით, საქმისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიუწოდებლობით, ყალბი სასამართლო გადაწყვეტილების გადაგზავნით კლიენტთან გართულებული კომუნიკაციით, ადვოკატ თ----- ჯ--------ის მიერ დარღვეულია ნდობის პრინციპი: კლიენტისა და ადვოკატის ურთიერთობა ეფუძნება ნდობას. ადვოკატისადმი კლიენტის ნდობა ეფუძნება ადვოკატის პირად ღირსებას, პატიოსნებას, შეუვალობას კომპეტენტურობას და დამოუკიდებლობას. ადვოკატმა არ უნდა იმოქმედოს ისე, რომ ეჭვქვეშ დააყენოს მისდამი კლიენტის ნდობა. აღნიშნული თვისებები ადვოკატის პროფესიული ვალდებულებაა (ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსის მე-3 მუხლი).

ეთიკის კომისიამ გამოიყენა მის ხელთ არსებული ყველა შესაძლებლობა, რათა ადვოკატ თ----- ჯ--------ეს ესარგებლა დისციპლინური სამართალწარმოების დროს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მე-6 მუხლით დადგენილი სამართლიანი სასამართლოს უფლებით და მის წინააღმდეგ წარდგენილ საჩივართან დაკავშირებით შესძლებოდა გამაქარწყლებელი მტკიცებულებებისა და პოზიციის წარდგენა. არა ერთი მცდელობის შემდეგ, ეთიკის კომისიისაგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო, ადვოკატის მოსაზრების (როგორც წერილობითი, ისე ზეპირი) მოპოვება შეუძლებელი აღმოჩნდა.

კომისიამ შეაფასა საჩივრის ავტორის პრეტენზია, განიხილა სასამართლოდან მიღებული საქმის მასალები და დაადგინა, რომ ადვოკატ თ----- ჯ--------ის მიერ კლიენტისათვის მიწოდებული ანგარიში - საქმის შესახებ ინფორმაცია, არ არის ზუსტი; ის გამოგონილ მონაცემებს შეიცავს, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში დაცულ მონაცემებს არ ემთხვევა. ადვოკატმა კლიენტს მიაწოდა შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია. ასევე, კლიენტის მცდელობისას, მიეღო თავისი საქმის შესახებ ინფორმაცია, ადვოკატი შემოიფარგლებოდა ზოგადი განმარტებებით, დაიმედებით და მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია და საქმის მასალები არ იყო ზუსტი. ადვოკატის მიერ პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას კლიენტის ინტერესებისადმი ასეთი დამოკიდებულება ფასდება ადვოკატის არაკეთილსინდისიერ, არაკანონიერ ქმედებად და კლიენტის ინფორმირების ეთიკური ვალდებულების დარღვევად. ეთიკის კომისია განმარტავს, რომ მითითებული ქმედებით, ადვოკატი თ----- ჯ--------ე აზიანებს არა მხოლოდ მის მიმართ ნდობას, არამედ საზოგადოებაში ამკვიდრებს უნდობლობას ზოგადად ადვოკატის პროფესიისადმი, რაც ყოვლად დაუშვებელია. შესაბამისად, ეთიკის კომისია განმარტავს, რომ ადვოკატ თ----- ჯ--------ის მიერ დარღვეულია პროფესიული ნორმებით გათვალისწინებული ეთიკური ვალდებულებები, რისთვისაც მას უნდა დაეკისროს დისციპლინური სახდელი.

ეთიკის კომისია განმარტავს, რომ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის სიმძიმიდან და ადვოკატის ქმედებიდან გამომდინარე, ადვოკატ თ----- ჯ--------ის მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრობის შეწყვეტა, როგორც დისციპლინური სახდელის ფორმა.

ადვოკატ თ----- ჯ--------ის მიმართ არსებობს ორი მოქმედი დისციპლინური სახდელი: 1) გაფრთხილება დისციპლინურ საქმეზე #052/16 და 2) საადვოკატო საქმიანობის უფლების ჩამორთმევა 6 თვის ვადით დისციპლინურ საქმეზე #077/16. მოცემული სახდელები გაქარწყლებული არ იყო ეთიკის კომისიის მიერ მოცემული გადაწყვეტილების გამოტანის მომენტისათვის.

ეთიკის კომისიამ გაითვალისწინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის განმარტებები პასუხისმგებლობის პროპორციულობასთან დაკავშირებით და გარემოება, რომ ადვოკატ თ----- ჯ--------ეს, ეთიკის კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის დაკისრებული აქვს გაფრთხილება და საადვოკატო საქმიანობის უფლების ჩამორთმევა, როგორც დისციპლინური სახდელები სხვა დისციპლინურ საქმეებზე ჩადენილი გადაცდომებისთვის. ეთიკის კომისიამ ასევე გაითვალისწინა, რომ როგორც ეთიკის კომისიის საპროცესო, ისე ეთიკის კომისიის სხდომაზე ადვოკატმა თ----- ჯ--------ემ ვერ გააცნობიერა ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის არსი, უმოქმედობით და ეთიკის სხდომებზე გამოუცხადებლობით ხელი შეუშალა დისციპლინირების პროცესს. ადვოკატ თ----- ჯ--------ის ქმედებით მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა არა მხოლოდ კონკრეტულად საჩივრის ავტორისა და ადვოკატის ურთიერთობას, საჩივრის ავტორის ინტერესებს, არამედ, ადვოკატის პროფესიას და მისდამი საზოგადოების ნდობას, რისი აღდგენაც დისციპლინირების ერთ-ერთ უმთავრეს მიზანს წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, ეთიკის კომისია განმარტავს, რომ ადვოკატ თ----- ჯ--------ისათვის დისციპლინური სახდელის სახეები: გაფრთხილება ან საადვოკატო საქმიანობის უფლების უფრო დიდი ვადით ჩამორთმევა ქმედითი ვერ იქნება.

მითითებული გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატაში კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრა ადვოკატმა - თ----- ჯ--------ემ, რომელმაც მოითხოვა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის 2018 წლის 3 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება შემდეგი საფუძვლით:

საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ საქმეში მითითებულია არასწორი ფაქტობრივი გარემოებები, თითქოს იგი გაურიგდა მოწინააღმდეგე მხარეს, რის გამოც მოხდა საქმის არსებითი განხილვის გაჭიანურება. საჩივრის ავტორის აზრით, ეთიკის კომისია დაეყრდნო მხოლოდ საჩივრის ავტორის ახსნა-განმარტებებს. არასწორია ასევე ის გარემოებაც, რომ თითქოს ადვოკატმა პოლიციას არ მიმართა. საქმეში მითითებულია, რომ ადვოკატს არ ჰქონდა კომუნიკაცია კლიენტთან, რაც არასწორია, რადგან იგი ხშირად ხვდებოდა კლიენტს, ჰქონდა სხვა სახის კომუნიკაციაც, რაზეც წარმოადგენს მტკიცებულებებს.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატა მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საქმის მასალების შესწავლის, საჩივრის მოტივების საფუძვლიანობის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმებისა და საქმის სასამართლო განხილვის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ადვოკატ თ----- ჯ--------ის საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის 2018 წლის 3 დეკემბრის #033/17 გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:

ადვოკატს დისციპლინური პასუხისმგებლობა ეკისრება „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსით დადგენილ შემთხვევებში და წესით. ადვოკატ თ----- ჯ--------ის მიმართ ეთიკის კომისიის მიერ დისციპლინური სახდელის სახედ გამოყენებულ იქნა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრობის შეწყვეტა. „ადვოკატთა შესახებ“ კანონის 34-ე მუხლი ითვალისწინებს ადვოკატის მიმართ დისციპლინური სახდელის სახეებს, რომელთა შორის არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრობის შეწყვეტა (34-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი). ამავე კანონის თანახმად, ადვოკატს დისციპლინური პასუხისმგებლობა დაეკისრება ასევე ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსის დარღვევისათვის.

საქმეზე დადგენილად არის ცნობილი, რომ ადვოკატ თ----- ჯ--------ესა და „პ----------- ქ-–------- ლ--------ს“ შორის ადვოკატ-კლიენტის ურთიერთობა დაიწყო 2014 წლის დასაწყისში. მხარეთა შორის 2014 წლის 7 ივლისს გაფორმდა საადვოკატო მომსახურების თაობაზე შეთანხმება. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა შემკვეთისათვის მომსახურების გაწევა წინასწარ გამოძიებასა და სასამართლოში.

ადვოკატმა თ----- ჯ--------ემ 2014 წლის 3 დეკემბერს საჩივრის ავტორს ელექტრონულ ფოსტაზე თავისი ელექტრონული ფოსტიდან, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ერთიან რეესტრში (t----------@rambler.ru), მიაწოდა თავისი საქმიანობის ანგარიში, შემდეგი ტექსტით: „საქმეს განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია. საგამოძიებო პროცესები, რასაც ადგილი აქვს ვაკე-საბურთალოს რაიონის პროკურორის ოფისში, სადაც მე დამკითხეს როგორც პ-----------ის წარმომადგენელი, უკავშირდება ი---------ს დირექტორის - ბ------- წ----ის მხრიდან თაღლითობის ფაქტს. სასამართლო ითხოვს გამოძიებისაგან წერილს, დაკითხვის ოქმს, სადაც ბ-ნი წ----ე აღიარებს მის პასუხისმგებლობას პ-----------ის წინაშე (გამომძიებელი ინფორმირებულია). ამის შემდეგ, დადგინდება სასამართლო მოსმენის თარიღი, სადაც ი---------ს დირექტორს ბ------- წ----ეს დაეკისრება თქვენ წინაშე არსებული ფულადი ვალდებულებების შესრულება და სრულად სახელმწიფო ბაჟის გადახდა. პროცესის დასრულების შემდეგ, თუკი ისინი არ გაასაჩივრებენ გადაწყვეტილებას, ის შევა იურიდიულ ძალაში და დაიწყება აღსრულების პროცესი.“ ადვოკატ თ----- ჯ--------ეს შპს „პ----------- ქ-–------- ლ---------ს“ საქმეზე მიღებული აქვს ჰონორარი 3264 ლარი. ამ თანხიდან ადვოკატმა კლიენტს დაუბრუნა, დაახლოებით, 500 ლარი.

საქმის მასალებით ასევე დასტურდება, რომ საჩივრის ავტორმა 2015 წლის 16 თებერვალს ადვოკატ თ----- ჯ--------ის კუთვნილი ელექტრონული ფოსტით - t----------@rambler.ru მიიღო ადვოკატის მიერ გაგზავნილი დაუსწრებელი გადაწყვეტილება - საქმეზე N2/22907-2014. დაუსწრებელი გადაწყვეტილების მხარეებს წარმოადგენენ მოსარჩელე „პ----------- ქ-–------- ლ---------“, წარმომადგენელი თ----- ჯ--------ე და მოპასუხე შპს „ი---------“, გადაწყვეტილება დათარიღებულია 2015 წლის 16 იანვრით. გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ „პ----------- ქ-–------- ლ---------ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხე შპს „ი--------ს“ მოსარჩელე „პ----------- ქ-–------- ლ---------ს“ სასარგებლოდ დაეკისრა 47 265 აშშ დოლარის გადახდა და 2623 ლარის გადახდა, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურების მიზნით. ასევე, დადასტურებულია, რომ „პ----------- ლ---------ს“ მოპასუხე მხარეს - შპს „ი--------ს“ ადვოკატ თ----- ჯ--------ისათვის ვალის აღიარების შესახებ შეთანხმება არ გაუფორმებია.

ეთიკის კომისიამ სასამართლოსგან გამოითხოვა საქმის მასალები, რომლის თანახმად: ადვოკატმა თ----- ჯ--------ემ, როგორც შპს „პ----------- ქ-–------- ლ---------ს“ წარმომადგენელმა სამჯერ მიმართა სარჩელით სასამართლოს, თუმცა სამივეჯერ უარი ეთქვა სარჩელის წარმოებაში მიღებაზე, რაც ადვოკატს არც ერთ შემთხვევაში არ გაუსაჩივრებია. ადვოკატ თ----- ჯ--------ის 2015 წლის 19 ნოემბრის განცხადების შედეგად, 2016 წლის 13 იანვარს, N2/11372-15 საქმეზე სასამართლომ მიიღო განჩინება სახელმწიფო ბაჟის დაბრუნების შესახებ.

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სადისციპლინო პალატა იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების განმარტებას იმასთან დაკავშირებით, რომ ადვოკატმა თ----- ჯ--------ემ უგულებელყო „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის 6.2 მუხლის მოთხოვნა, რომლის თანახმად, ადვოკატი ვალდებულია დროულად მიაწოდოს კლიენტს ყველა ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია მისი საქმის წარმოებასთან, ასევე „ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსის“ 8.6 მუხლის მოთხოვნა, რომლის შესაბამისად, ადვოკატმა კლიენტს, მასთან შეთანხმებული წესით, უნდა მიაწოდოს ინფორმაცია მასზე მინდობილი საქმის მსვლელობის შესახებ. სადისციპლინო პალატა განმარტავს, რომ კლიენტს უნდა შეეძლოს სწორი ინფორმაციის მიღება მისი საქმის შესახებ, რათა საქმის მსვლელობის პროცესში ადვოკატის დახმარებით მიიღოს ინფორმაცია. კლიენტი, როგორც საქმის შედეგით დაინტერესებული პირი, მნიშვნელოვანია ზედმიწევნით ფლობდეს ინფორმაციას მისი საქმის მიმდინარეობის ყველა ეტაპზე. ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება ასევე მოიცავს ადვოკატის მიერ კლიენტისათვის მის საქმეზე მიღებული დოკუმენტების მიწოდების ვალდებულებასაც. საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ თ----- ჯ--------ემ კლიენტს მიაწოდა არასწორი ინფორმაცია მისი საქმის მიმდინარეობის შესახებ, რაც ასევე არღვევს კლიენტის ინფორმირების ეთიკურ ვალდებულებას, რადგან კლიენტის ინფორმირება მისთვის არა ნებისმიერი, არამედ სწორი და სრული ინფორმაციის მიწოდების ვალდებულებას გულისხმობს. შესაბამისად, სადისციპლინო პალატა მიიჩნევს, რომ ადვოკატ თ----- ჯ--------ის მხრიდან დარღვეულია პროფესიული ნორმებით გათვალისწინებული კლიენტის ინფორმირების ეთიკური ვალდებულება.

სადისციპლინო პალატა ასევე იზიარებს ეთიკის კომისიის მოსაზრებას, რომ კლიენტისათვის არასწორი სასამართლო გადაწყვეტილების გადაგზავნით, ადვოკატ თ----- ჯ--------ის მიერ დარღვეულია კეთილსინდისიერებისა და კანონიერების ფარგლებში მოქმედების ეთიკური ვალდებულება. „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ადვოკატი ვალდებულია კეთილსინდისიერად შეასრულოს პროფესიული ფუნქციები. პალატა განმარტავს, რომ ადვოკატმა თავისი საქმიანობა უნდა განახორციელოს კეთილსინდისიერად, კვალიფიციურად და წარმომადგენლობა განახორციელოს კანონმდებლობის შესაბამისად. კლიენტის ინტერესების დაცვა არ ნიშნავს ფორმალურ წარმომადგენლობას სასამართლოში. კლიენტის ინტერესებიდან გამომდინარე, ადვოკატი ვალდებულია გამოიყენოს მის დასაცავად ყველა საშუალება, რაც არ არის აკრძალული კანონით და პროფესიული ეთიკის კოდექსით.

სადისციპლინო პალატა განმარტავს, რომ, კლიენტისათვის არასწორი ინფორმაციის მიწოდებით, საქმისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიუწოდებლობით, არასწორი სასამართლო გადაწყვეტილების გადაგზავნით, კლიენტთან გართულებული კომუნიკაციით, ადვოკატ თ----- ჯ--------ის მიერ დარღვეულია ნდობის პრინციპი, რაც გათვალისწინებულია „ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსის“ მე-3 მუხლით. პალატა მიიჩნევს, რომ ადვოკატისადმი კლიენტის ნდობა ეფუძნება ადვოკატის პირად ღირსებას, პატიოსნებას, შეუვალობას კომპეტენტურობას და დამოუკიდებლობას. ადვოკატმა არ უნდა იმოქმედოს ისე, რომ ეჭვქვეშ დააყენოს მისდამი კლიენტის ნდობა. აღნიშნული თვისებები ადვოკატის პროფესიული ვალდებულებაა.

სადისციპლინო პალატის სხდომებზე საჩივრის ავტორი - თ----- ჯ--------ე არ გამოცხადდა, თუმცა მიმდინარე წლის 7 ივნისის სხდომაზე მისმა წარმომადგენლებმა საქმეზე დადგენილი ფაქტები სადავოდ არ გახადეს და დაადასტურეს, რომ ადვოკატის მხრიდან ზემოაღნიშნულ გადაცდომებს ნადვილად ჰქონდა ადგილი, თუმცა მიიჩნევენ, რომ დაკისრებული სახდელი ამ გადაცდომების ადეკვატური არ არის. მათი აზრით, ადვოკატისათვის საქმიანობის უფლების შეზღუდვა 2 წლითა და 6 თვის ვადით უფრო პროპორციული იქნებოდა.

რაც შეეხება ადვოკატისათვის დაკისრებულ სახდელს - საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრობის შეწყვეტას, სადისციპლინო პალატა მიიჩნევს, რომ სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის მიერ დისციპლინური სახდელის შერჩევისას გათვალისწინებულ იქნა დისციპლინური გადაცდომის შინაარსი, სიმძიმე, პროფესიისადმი მიყენებული ზიანი, რამაც საბოლოო ჯამში განაპირობა სამართლიანი სახდელის დაკისრება.

სადისციპლინო პალატა განმარტავს, რომ ეთიკის კომისიამ დისციპლინური გადაცდომის ჩადენაში ადვოკატის ბრალეულად ცნობისა და მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობისა და სახდელის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, თუ ეთიკის კომისიაში საქმის განხილვის შედეგად დადასტურდა ადვოკატის მიერ „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებული ერთი ან რამდენიმე დისციპლინური გადაცდომის ბრალეულად ჩადენა, ასევე „ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსის“ შესაბამისი ნორმების დარღვევა. დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძველია ადვოკატის ბრალეული ქმედება, ბრალის ხარისხი კი წარმოადგენს კონკრეტული სახდელის ან ზემოქმედების ღონისძიების შერჩევის წინაპირობას. ამასთან, უნდა მოხდეს ადვოკატის პიროვნების, მის მიერ ადრე ჩადენილი გადაცდომების, საქმიანი და მორალური რეპუტაციის, ჩადენილი გადაცდომის სიმძიმისა და მის ჩადენაში ადვოკატის ბრალის ხარისხის შეფასება. სადისციპლინო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას ეთიკის კომისიამ სრულფასოვნად და ობიექტურად შეაფასა საქმეზე დადასტურებული გარემოებები და ისე მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება. სადისციპლინო პალატა მიიჩნევს, რომ ადვოკატისთვის დაკისრებული სახდელი - ადვოკატთა ასოციაციის წევრობის შეწყვეტა რელევანტური, კანონიერი და დასაბუთებულია. მნიშვნელოვანია ასევე ის გარემოებაც, რომ თ----- ჯ--------ის მიმართ მანამდე გამოყენებული იყო დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა - საქმიანობის უფლების შეზღუდვა 6 თვის ვადით, რომელიც პასუხისმგებლობის დაკისრების მომენტისთვის გაქარწყლებული არ არის.

სადისციპლინო პალატა აღნიშნავს, რომ „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის 351 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატა ადვოკატის საჩივარს იხილავს „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის XIII1 თავით დადგენილი საპროცესო წესით და ამ კანონის დებულებების გათვალისწინებით. შესაბამისად, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 7564 მუხლი ითვალისწინებს სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვებას, თუ დადგინდება, რომ სადისციპლინო კოლეგიამ კანონიერად გაამართლა მოსამართლე ან შეწყვიტა მის მიმართ დისციპლინური საქმის წარმოება, ანდა სწორი იურიდიული კვალიფიკაცია მისცა კოლეგიის სხდომაზე დადგენილ დისციპლინურ გადაცდომას, ამასთანავე, მოსამართლეს კანონიერი და სამართლიანი დისციპლინური სახდელი ან დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიება დააკისრა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების უცვლელად დასატოვებლად ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გარემოებების არსებობასთან ერთად სავალდებულოა, რომ სადისციპლინო პალატის სხდომაზე დადასტურდეს სადისციპლინო კოლეგიის მიერ დადგენილად მიჩნეული ფაქტებიც (შესაბამისი დისციპლინური გადაცდომის ჩადენა, დისციპლინური საქმის შეწყვეტის ან მოსამართლის გამართლების საფუძვლები). შესაბამისად, მრავალგზის გაფრთხილების მიუხედავად, თ----- ჯ--------ის გამოუცხადებლობა ეთიკის კომისიის სხდომებზე, სადისციპლინო პალატის სხდომებისადმი უპასუხისმგებლო დამოკიდებულება, კლიენტთან ურთიერთობის მოუგვარებლობა და სხვა დისციპლინური სახდელის არსებობა, საქმეზე დადასტურებულად მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებებთან ერთობლიობაში, ქმნის დისციპლინური პასუხისმგებლობის სახით ადვოკატთა ასოციაციის წევრობის შეწყვეტის საფუძველს.

სადისციპლინო პალატა მიიჩნევს, რომ დისციპლინური საქმის მასალები გამოკვლეულია ყოველმხრივ და ობიექტურად, დავა გადაწყვეტილია არსებითად სწორად, ადვოკატ თ----- ჯ--------ის მიერ დარღვეულია ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსის ნორმების მოთხოვნები, შესაბამისად, ადვოკატის ქმედებას მართებულად მიეცა დისციპლინური გადაცდომის კვალიფიკაცია და მას კანონიერი და სამართლიანი სახდელი დაეკისრა.

ამდენად, სადისციპლინო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი. შესაბამისად, საჩივრის ავტორის - თ----- ჯ--------ის მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სადისციპლინო პალატამ იხელმძღვანელა „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს კანონის 7562 მუხლით, 7563 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით, 7564 მუხლით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ადვოკატ თ----- ჯ--------ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის 2018 წლის 3 დეკემბრის #033/17 გადაწყვეტილება;

3. გადაწყვეტილების ასლები გაეგზავნოთ მხარეებს;

4. გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე /გიორგი შავლიაშვილი/

 

მოსამართლეები: /ვასილ როინიშვილი/

 

/ზურაბ ძლიერიშვილი/