განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 080100117002184333
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
N37აპ-19 ქ. თბილისი
კ-------ა ი-----–-, 37აპ-19 15 ივლისი, 2019 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ი-----–- კ-------ასა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი-----–- შ-----–-ას საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 8 ნოემბრის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 18 ივნისის განაჩენით ი-----–- კ-------ა, –-------------–-------–-–-----------, ნასამართლობის არმქონე, – დაუსწრებლად ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 4 წლით. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი – 2017 წლის 3 ნოემბრიდან იმავე წლის 8 დეკემბრის ჩათვლით.
2. განაჩენით დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ ი-----–- კ-------ამ ჩაიდინა ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ.
3. მსჯავრდებულ ი-----–- კ-------ას მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
· 2017 წლის 10 ოქტომბერს, დახლოებით 23-დან 24 საათამდე დროის მონაკვეთში, ტ------–ის რაიონის სოფელ კ----ში ი-----–- კ-------ა ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა შპს „ი-–--------ის“ კუთვნილი, „ფორდის“ მოდელის სატვირთო ავტომანქანიდან (სახ. ნომერი და სერია – A---------) მასში დამონტაჟებულ „ენერჯიზერის“ ფირმის, 920 ლარად ღირებულ ორ აკუმულატორს, ასევე – ამავე ფირმის კუთვნილი „ფორდის“ მოდელის სატვირთო ავტომანქანიდან (სახ. ნომერი და სერია – A---------) მასში დამონტაჟებულ „მუტლუს“ ფირმის, 800 ლარად ღირებულ ორ აკუმულატორს. დანაშაულებრივი ქმედების შედეგად შპს „ი-–--------ს“ მიადგა 1720 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 8 ნოემბრის განაჩენით მსჯავრდებულ ი-----–- კ-------ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი-----–- შ-----–-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით კასატორები ითხოვენ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 8 ნოემბრის განაჩენში ცვლილების შეტანასა და ი-----–- კ-------ას სასჯელზე საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გავრცელებას, კერძოდ: მსჯავრდებულისათვის შეფარდებული სასჯელიდან – 4 წლით თავისუფლების აღკვეთიდან – 2 წლისა და 8 თვის მოხდას პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო 1 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთის – პირობით მსჯავრად ჩათვლას, 1 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით იმის გათვალისწინებით, რომ ი-----–- კ-------ა აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს; ნასამართლობის არმქონეა; შეურიგდა დაზარალებულს; ითანამშრომლა გამოძიებასთან; ჰყავს მეუღლე და სამი მცირეწლოვანი შვილი, რომელთა მარჩენალი თვითონაა; მსჯავრდებული და მისი ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში და იღებენ სოციალურ დახმარებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ წარმოდგენილია საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებები, რომლებითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ მსჯავრდებულმა ი-----–- კ-------ამ ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება, რაზეც დეტალურ მსჯელობას პალატა არ მიიჩნევს საჭიროდ, ვინაიდან სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნებს და ამასთანავე, კასატორებს ი-----–- კ-------ას ბრალეულობის ნაწილში განაჩენის გაუქმების მოთხოვნით საკასაციო საჩივრით არ მოუმართავთ.
2. რაც შეეხება სასჯელს, საკასაციო პალატა, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, მხედველობაში იღებს მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს და მიაჩნია, რომ სამართლიანი იქნება მისთვის შეფარდებული სასჯელის ნაწილის პირობით ჩათვლა, კერძოდ:
3. საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია, განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან. საპროცესო შეთანხმების დადების გარდა, თუ ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, პირობით მსჯავრად შეიძლება ჩაითვალოს დანიშნული სასჯელის ერთი მეოთხედი, მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში – სასჯელის ერთი მესამედი, ხოლო ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში – სასჯელის ნახევარი. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად საკასაციო პალატა მიიჩნევს ი-----–- კ-------ას მიერ დანაშაულის აღიარებასა და მონანიებას, ასევე იმას, რომ მტკიცებულებები არ გახადა სადავოდ, დაზარალებულს აუნაზღაურა მიყენებული ზიანი და არ არის ნასამართლევი. სასამართლო ასევე მხედველობაში იღებს მსჯავრდებულის ოჯახურ მდგომარეობას – მსჯავრდებულს ჰყავს მეუღლე და სამი მცირეწლოვანი შვილი. ეკონომიკურ პირობებთან დაკავშირებით, აღსანიშნავია, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტ------–ის რაიონული განყოფილების 2017 წლის 17 ოქტომბრის წერილის მიხედვით, ი-----–- კ-------ა რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში (ტ. 1-ლი, ს.ფ. 82).
4. ზემოაღნიშნული გარემოებებისა და იმის გათვალისწინებით, რომ მსჯავრდებულ ი-----–- კ-------ას პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია, ამასთან, არ არსებობს საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენების დამაბრკოლებელი გარემოებები, მის მიმართ უნდა გავრცელდეს ამ მუხლით დადგენილი შეღავათი.
5. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ი-----–- კ-------ასა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი-----–- შ-----–-ას საკასაციო საჩივრის მოთხოვნა ი-----–- კ-------ას მიმართ საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის გავრცელების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ი-----–- კ-------ასა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი-----–- შ-----–-ას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 8 ნოემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება:
3. ი-----–- კ-------ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, იმავე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მიესაჯოს 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით 2 (ორი) წლითა და 8 (რვა) თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 1 (ერთი) წელი და 4 (ოთხი) თვე ჩაეთვალოს პირობით, 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის გამოსაცდელი ვადით;
4. მსჯავრდებულ ი-----–- კ-------ას სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან – 2018 წლის 21 ივნისიდან; მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი – 2017 წლის 3 ნოემბრიდან იმავე წლის 8 დეკემბრის ჩათვლით;
5. საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლებისა და ,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლისა და დახმარების განხორციელება დაევალოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 8 ნოემბრის განაჩენი გირაოს ნაწილში დარჩეს უცვლელად;
7. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე