განაჩენი

სისხლის სამართლის 17.01.2019
საქმის ნომერი
010141318700063859
თარიღი
17.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010141318700063859

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

№476აპ-18 ქ. თბილისი

ა-------ი ჯ----–, 476აპ-18 17 იანვარი, 2019 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე)

პაატა ქათამაძე, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნინო ციხისელის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 25 მაისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ჯ----– ა-------ს, - დაბადებულს 1--- წელს, - ბრალად წარედგინა ქურდობის მცდელობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რაც მნიშვნელოვან ზიანს გამოიწვევდა, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით.

 

2. აღნიშნული ბრალდება გამოიხატა შემდეგში: ჯ----– ა-------მა განიზრახა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაუფლებოდა ლომბარდში არსებულ ტექნიკას. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად 2017 წლის 6 მარტს, დაახლოებით 00:00 საათზე, ჯ----– ა-------მა უკანონოდ შეაღწია თ---–--–ი, ჯ-------ის ქუჩა N--ში მდებარე შპს „ლ-----–ის” ლომბარდში, სადაც პირველ ჯერზე ფარულად დაეუფლა 4595 ლარად ღირებულ, 29 ერთეულ ტექნიკას (პლანშეტებს, მობილურ ტელეფონებსა და ფოტოაპარატებს), რაც გადამალა დაუდგენელ ადგილზე. ამის შემდეგ იგი დაბრუნდა ტექნიკის დარჩენილი ნაწილის დასაუფლებლად, თუმცა მას წაასწრეს პოლიციის თანამშრომლებმა, რის გამოც განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა.

 

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 13 ივნისის განაჩენით ჯ----– ა-------ს წარდგენილი ბრალდებიდან ამოერიცხა 29 დასახელების ტექნიკის (ღირებული - 4595 ლარად) ფარულად, მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების ეპიზოდი.

 

ჯ----– ა-------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა”, „ბ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლითა და 6 ექვსი თვით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 2000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

ჯ----– ა-------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო 2017 წლის 6 მარტიდან 2017 წლის 27 მარტის ჩათვლით.

 

4. თბილისის საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ჯ----– ა-------მა ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რაც მნიშვნელოვან ზიანს გამოიწვევდა, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით.

 

აღნიშნული დანაშაული გამოიხატა შემდეგში: ჯ----– ა-------მა განიზრახა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაუფლებოდა ლომბარდში არსებულ ტექნიკას. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, 2017 წლის 6 მარტს, დაახლოებით 01:30 საათზე, მან უკანონოდ შეაღწია თ---–--–ი, ჯ-------ის ქუჩა N--ში მდებარე შპს „ლ-----–ის” ლომბარდში, თუმცა წაასწრეს პოლიციის თანამშრომლებმა, რის გამოც განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა.

 

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 25 მაისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 13 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

 

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა ნინო ციხისელმა და ითხოვა ჯ----– ა-------ის დამნაშავედ ცნობა დამდგარი ზიანის - 4595 ლარად ღირებული, 29 დასახელების ტექნიკის ქურდობის მცდელობის ნაწილშიც.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

1. საკასაციო პალატამ განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს და ჯ----– ა-------ი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ 4595 ლარად ღირებული, 29 დასახელების ტექნიკის ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლების ნაწილშიც, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

2. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ჯ----– ა-------ის მიერ 29 დასახელების ტექნიკის ქურდობის მცდელობის ნაწილში ბრალის დასადასტურებლად ბრალდების მხარემ სასამართლოში წარადგინა ერთადერთი მტკიცებულება - თ---–--–ი, ჯ-------ის ქუჩა N--ში მდებარე შპს „ლ-----–ის” ლომბარდის შენობაში განთავსებული შიდა და გარე ვიდეოკამერების ჩანაწერი, რომელშიც ჩანს, თუ როგორ შედის პირი ლომბარდში და ჩანთაში ყრის თაროებზე განთავსებულ ნივთებს. ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმის თანახმად, ვიდეოში ასახულია კაპიუშონმოხურული მამაკაცი, რომელსაც ცხვირზე, სავარაუდოდ, აფარებული აქვს სვიტერის ყელი. შესაბამისად, მისი იდენტიფიცირება შეუძლებელია, ხოლო საქმეზე არ ჩატარებულა ექსპერტიზა, რომელიც დაადასტურებდა ჩანაწერში არსებული პირისა და ჯ----– ა-------ის იდენტურობას.

 

3. საკასაციო პალატა არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს ამგვარ დასკვნას, ვინაიდან თავად მსჯავრდებულ ჯ----– ა-------ისა და პოლიციელების ჩვენებებით დადგენილია ის გარემოება, რომ 2017 წლის 6 მარტს, დაახლოებით 01:30 საათზე, ჯ----– ა-------მა უკანონოდ შეაღწია თ---–--–ი, ჯ-------ის ქუჩა N--ში მდებარე შპს „ლ-----–ის” ლომბარდის შენობაში ტექნიკის დასაუფლებლად, რა დროსაც დააკავეს თბილისის ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის მე-8 განყოფილების გამომძიებლებმა, ხოლო წარმოდგენილ ვიდეოჩანაწერში თვალნათელია იდენტურობა ერთი მხრივ, იმ პირისა, რომელსაც ლომბარდიდან გამოაქვს სავსე ჩანთა და, მეორე მხრივ, პირისა (ჯ----– ა-------ის), რომელსაც პოლიციის თანამშრომლებმა წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას, რასაც თავად მსჯავრდებულიც არ ხდის სადავოდ.

 

4. საკასაციო პალატა ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ლომბარდში ორჯერ შესვლის ფაქტი დაადასტურა ჯ----– ა-------მა, თუმცა აღნიშნავდა რომ პირველად ლომბარდი გატეხილი ბოქლომისა და ქანჩის გადასაგდებად დატოვა, რაც ეწინააღმდეგება ბრალდების მხარის მიერ მოპოვებულ ვიდეოჩანაწერში დაფიქსირებულ გარემოებებს, კერძოდ, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ვიდეოჩანაწერებზე ჩანს, როგორ შედის ჯ----– ა-------ი ლომბარდში, ჩანთაში ყრის სხვადასხვა დასახელების ტექნიკას და სავსე ჩანთით გადის ლომბარდიდან. მცირე ხანში იგი ბრუნდება ლომბარდში, რა დროსაც წაასწრებენ პოლიციის თანამშრომლები.

 

5. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გამოკვეთილია განგრძობადი დანაშაული, რაც გრძელდებოდა გარკვეული დროის განმავლობაში და შეწყდა დანაშაულის ბოლო გამოვლინებითა და პოლიციელების მიერ ჯ----– ა-------ის ფაქტზე წასწრებით. შესაბამისად, წარმოდგენილი უდავო მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია ის ფაქტი, რომ 2017 წლის 6 მარტს, დაახლოებით 00:00 საათზე, ჯ----– ა-------მა უკანონოდ შეაღწია თ---–--–ი, ჯ-------ის ქუჩა N--ში მდებარე შპს „ლ-----–ის” ლომბარდის შენობაში, სადაც პირველ ჯერზე ფარულად დაეუფლა 4595 ლარად ღირებულ 29 ერთეულ ტექნიკას. იგი დაბრუნდა ტექნიკის დარჩენილი ნაწილის დასაუფლებლად, თუმცა წაასწრეს პოლიციის თანამშრომლებმა, რის გამოც განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნინო ციხისელის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

 

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 25 მაისის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

 

3. ჯ----– ა-------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა”, „ბ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 წლითა და 6 ექვსი თვით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, ხოლო გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 4 წელი და 6 თვე. მასვე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვროს ჯარიმა - 2000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;

 

4. ჯ----– ა-------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2017 წლის 6 მარტიდან 2017 წლის 27 მარტის ჩათვლით;

 

5. მსჯავრდებულ ჯ----– ა-------ის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე მსჯავრდებულ ჯ----– ა-------ს დაეკისროს მოვალეობა, პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი;

 

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 25 მაისის განაჩენი აღკვეთის ღონისძიებისა და ნივთმტკიცების ნაწილში დარჩეს უცვლელად;

 

7. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

 

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

 

პ. სილაგაძე