განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 020100118002518307
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №308აპ-19 12 სექტემბერი, 2019 წელი
ჭ----ა კ---, 308აპ-19 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე
სხდომის მდივან - გიორგი შალამბერიძის
პროკურორ - მარიამ ქორიძის
ადვოკატ - რ----– გ---------ს
მსჯავრდებულ - კ--- ჭ----ას
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ კ--- ჭ----ასა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ-------- კ-----–-–---–-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 7 თებერვლის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 სექტემბრის განაჩენით კ--- ჭ----ა, – დაბადებული 1----–-–-------------, ნასამართლევი, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2018 წლის 5 მაისიდან.
2. კ--- ჭ----ას მსჯავრი დაედო სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლებისათვის, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი არაერთგზის, დიდი ოდენობით, რაც გამოიხატა შემდეგში:
ყაჩაღობისთვის ნასამართლევი კ--- ჭ----ა 2018 წლის 2 მაისს, დაახლოებით 16:00 საათზე, ზ--------–ი, კ--------ს ქუჩის №---ში მდებარე ობიექტიდან - „ო---------------------–----ნ“ აშკარად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა ს------ ჩ--------ს კუთვნილ, 4 300 ლარად ღირებულ, 14 ოქროს წყვილ საყურესა და 51 160 ლარად ღირებულ, 125 ოქროს ბეჭედს, რის შედეგად ს------ ჩ-------ს, სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად, მიადგა 45 399.3 ლარის - დიდი ოდენობით ზიანი.
3. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 7 თებერვლის განაჩენით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. პროკურატურამ მხედველობაში მიიღო ჩადენილი დანაშაულის ხასიათი და სიმძიმე, ასევე ის გარემოება, რომ მსჯავრდებულმა აღიარა და მოინანია დანაშაული და საჯარო ინტერესების დაცვით, სახელმწიფო რესურსების მაქსიმალური ეფექტურობით გამოყენების მიზნით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-211-ე მუხლების მოთხოვნათა სრული დაცვით, 2019 წლის 30 ივლისს მსჯავრდებულსა და ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიამ ქორიძეს შორის წერილობით გაფორმდა ოქმი საპროცესო შეთანხმების თაობაზე. საპროცესო შეთანხმება კანონით დადგენილი წესით წინასწარ შეთანხმდა ზემდგომ პროკურორთან.
6. 2019 წლის 31 ივლისს პროკურორმა მარიამ ქორიძემ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას მასა და მსჯავრდებულ კ--- ჭ----ას შორის 2019 წლის 30 ივლისს დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ და ითხოვა, რომ კ--- ჭ----ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 178–ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მიესაჯოს - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 2 წლით თავისუფლების აღკვეთა საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით - 2 წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ უნდა დაეკისროს ჯარიმა - 10 000 ლარი.
7. 2019 წლის 12 სექტემბერს სასამართლო სხდომაზე საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას მხარი დაუჭირეს პროცესში მონაწილე პროკურორმა მარიამ ქორიძემ, მსჯავრდებულმა კ--- ჭ----ამ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა რ----– გ---------მ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი შუამდგომლობა და მიაჩნია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 7 თებერვლის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება, სახელმწიფო ბრალმდებლის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და დამტკიცდეს საპროცესო შეთანხმება პროკურორ მარიამ ქორიძესა და მსჯავრდებულ კ--- ჭ----ას შორის შემდეგ გარემოებათა გამო:
2. სასამართლომ საქმის მასალების საფუძველზე კანონის მოთხოვნათა დაცვით განიხილა შუამდგომლობის დასაბუთებულობა და აღნიშნავს, რომ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით კ--- ჭ----ას მიმართ ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა დადასტურებულია.
3. საკასაციო პალატა დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმების დადებისას მსჯავრდებულ კ--- ჭ----ას მიმართ არ განხორციელებულა ძალადობა, დაშინება, მოტყუება, მუქარა; ამასთან, მას არ შეზღუდვია უფლება, მიეღო იურიდიული დახმარება. პალატის სხდომაზე გამოკვლეულ იქნა, რომ მსჯავრდებული სრულად აცნობიერებს საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებულ, კანონით გათვალისწინებულ ყველა მოთხოვნას, აღიარებს ბრალს და ეთანხმება პროკურორს სასჯელის ზომაზე. მსჯავრდებული კ--- ჭ----ა ასევე აცნობიერებს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, არ მიიღოს მხედველობაში შეთანხმების საფუძველზე პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა.
4. მსჯავრდებულისათვის ასევე ცნობილია საქართველოს სსსკ-ის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მისი უფლებები; მისთვის ასევე ცნობილია, რომ საპროცესო შეთანხმება არ ათავისუფლებს სამოქალაქო პასუხისმგებლობისაგან.
5. საკასაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ მოთხოვნილი სასჯელი კანონიერი და სამართლიანია, რის გამოც არსებობს სსსკ-ის 213-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით განსაზღვრული, შუამდგომლობის დაკმაყოფილების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.
6. ამდენად, ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიამ ქორიძის შუამდგომლობა მსჯავრდებულ კ--- ჭ----ას მიმართ საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით, 209-215-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სახელმწიფო ბრალმდებლის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 7 თებერვლის განაჩენში შევიდეს ცვლილება:
3. დამტკიცდეს საპროცესო შეთანხმება პროკურორ მარიამ ქორიძესა და მსჯავრდებულ კ--- ჭ----ას შორის;
4. კ--- ჭ----ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 178–ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით - 2 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ განესაზღვროს ჯარიმა - 10 000 ლარი;
5. მსჯავრდებულ კ--- ჭ----ას სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 5 მაისიდან;
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 7 თებერვლის განაჩენი ნივთმტკიცებათა ნაწილში დარჩეს უცვლელად;
7. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ. ალავიძე