განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100117001941928
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
№789აპ-18 ქ. თბილისი
ს-------–---–ი გ-------, 789აპ-18 6 ივნისი, 2019 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე)
პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულების - გ------- ს-------–---–ისა და გ------- ო---------ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ------ რ-------–---–-ს და ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ დავით ხიზანაიძის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 15 ნოემბრის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 15 დეკემბრის განაჩენით:
გ------- ს-------–---–ი, - დაბადებული 1--- წლის 2- დეკემბერს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლით, რომლის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 18 მარტიდან.
გ------- ო---------, - დაბადებული 1--- წლის 1- აპრილს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლით. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 5 აგვისტოს განაჩენით გ------- ო---------ს მიმართ განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, მოცემული განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა - 8 წლით თავისუფლების აღკვეთამ - შთანთქა ზემოაღნიშნული განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ------- ო--------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლით, რომლის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 18 მარტიდან.
2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ:
2017 წლის 13 მარტს, დაახლოებით 18:40 საათზე, გ------- ო--------- და გ------- ს-------–---–ი თავს დაესხნენ თ---–--–ი, ა---–-----ს ქუჩის N---ში განთავსებულ სასურსათო მაღაზიის მოლარე ზ----- ზ---------ს. გ------- ს-------–---–მა ძალის გამოყენებით შებოჭა ზ----- ზ---------ი და პირზე ააფარა ხელი, ხოლო გ------- ო--------მა დაიწყო მაღაზიის სალაროდან თანხის ამოღება. ზ----- ზ---------მა თავდამსხმელებს გაუწია წინააღმდეგობა. იგი ცდილობდა თავის გათავისუფლებას და დაყვირებას, რის გამოც გ------- ს-------–---–ი მას ურტყამდა სახეში, შედეგად ზ----- ზ---------მა მიიღო ქვედა ყბის მოტეხილობა, რაც მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით. გ------- ო--------- მაღაზიის სალაროდან დაეუფლა თანხას - 350 ლარსა და პოლიეთილენის პარკს, რომელშიც მოთავსებული იყო 300 ლარად ღირებული სიგარეტები, რის შემდეგაც ორივე თავდამსხმელი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
3. პირველი ინსტანციის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულების - გ------- ს-------–---–ისა და გ------- ო---------ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ზ------ რ-------–---–-ა.
4. სააპელაციო საჩივრით ადვოკატი ითხოვდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 15 დეკემბრის განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 15 დეკემბრის განაჩენში გ------- ს-------–---–ისა და გ------- ო---------ს მიმართ შევიდა ცვლილება:
გ------- ს-------–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტსა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა,“ “დ“ ქვეპუნქტებზე და აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისთვის მიესაჯა - თავისუფლების აღკვეთა 5 წლით, რომლის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 18 მარტიდან.
გ------- ო---------ს მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტსა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა,“ ,,დ“ ქვეპუნქტებზე და აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისთვის მიესაჯა - თავისუფლების აღკვეთა 6 წლით. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 5 აგვისტოს განაჩენით გ------- ო---------ს მიმართ განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, მოცემული განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა - 6 წლით თავისუფლების აღკვეთამ - შთანთქა ზემოაღნიშნული განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ------- ო--------ს მიესაჯა - თავისუფლების აღკვეთა 6 წლით, რომლის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 18 მარტიდან.
6. კასატორი - ადვოკატი ზ------ რ-------–---–- ითხოვს სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმებასა და გ------- ს-------–---–ისა და გ------- ო---------ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.
7. კასატორის მითითებით, ამოცნობის ოქმში არ არის აღნიშნული არცერთი პირის დაბადების წელი, ასევე, თუ რა ეცვათ აღნიშნულ პირებს ფეხზე. ოქმის მიხედვით, გ. ს-------–---–ი არის მრგვალი, ხორბლისფერი პირისახის, ხოლო დ----- გ------–--ე და ნ--- ს-----–---–ი კი ოვალური, ხორბლისფერი პირისახის არიან. ქურთუკის ქვეშ რა აცვიათ და რა ფერის, არცერთ პირზე მითითებული არ არის. დაზარალებული აღნიშნავს, რომ როდესაც მაღაზიაში შევიდნენ, იგი მაღაზიას ალაგებდა, შემდეგ სალაროსთან მივიდა რომ მომსახურებოდა, ერთი პირი ლუდის მაცივართან გაჩერდა, მეორე შევიდა შიგნით, ხელები გადაუგრიხა. მან კივილი დაიწყო, წაიქცა. ბრალდებული ხელს კბილებთან აფარებდა. დაზარალებულმა მას ვერ უკბინა. გამოძიებისას კი ზ---------ი კატეგორიულად განმარტავდა, რომ მან უკბინა მოძალადეს. ამდენად, ზ----- ზ---------ი იძლევა ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებებს, ვინაიდან, როდესაც ამოცნობა ჩატარდა, ს-------–---–ს თითზე არავითარი დაზიანება არ აღმოაჩნდა. ამიტომ შეცვალა ზ---------მა ჩვენება და განმარტა, რომ ვერ უკბინა ხელის თითზე დაზარალებულს. კასატორი უთითებს, რომ სალარო აპარატიდან ამოღებულ ანაბეჭდებზე აღმოჩნდა არა ს-------–---–ის, არამედ - უ-------–-ს თითის ანაბეჭდები, ე.ი. დაზარალებული აქაც ტყუის, არ არის გამორიცხული, რომ უ-------–ს ჩაედინა დანაშაული.
8. კასატორი - პროკურორი დავით ხიზანაიძე ითხოვს სააპელაციო სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანას, გ------- ს-------–---–ისა და გ------- ო---------ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
9. კასატორის მითითებით, დაზარალებულ ზ------ ზ---------ის ჩვენების სისწორე დასტურდება როგორც მოწმეების ჩვენებებით, აგრეთვე სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, რომლის თანახმადაც, დარტყმების შედეგად დაზარალებულმა მიიღო ქვედა ყბის მოტეხილობა, რაც მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით; ამასთან, ბიოლოგიურმა (გენეტიკურმა) ექსპერტიზამ უდავოდ დაადასტურა, რომ გ------- ს-------–---–ის მარჯვენა ფეხსაცმელზე აღმოჩნდა ზ------ ზ---------ის სისხლი; საქმეზე უდავოდ იქნა მიჩნეული დაცვის მხარის მიერ საგამოძიებო ექსპერიმენტის, ამოცნობის, დათვალიერების ოქმები, რომლებითაც სრულად დადასტურდა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და უტყუარად დადგინდა დაზარალებულის მიერ მიცემული ჩვენების სისწორე; მოცემულ შემთხვევაში გასათვალისწინებელი იყო დაზარალებულისათვის მიყენებული ჯანმრთელობის დაზიანების შედეგი, ხანგრძლივობა და საშუალება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატამ მხარეთა მონაწილეობის გარეშე განიხილა საკასაციო საჩივრები, შეამოწმა მათი საფუძვლიანობა, შეისწავლა საქმის მასალები და მიაჩნია, რომ პროკურორ დავით ხიზანაიძის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ადვოკატ ზ------ რ-------–---–-ს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, კერძოდ:
2. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნებს იმის თაობაზე, რომ მსჯავრდებულების – გ------- ს-------–---–ისა და გ------- ო---------ს ქმედებები წარმოადგენს არა ყაჩაღობას, ჩადენილს მაკვალიფიცირებელ გარემოებაში, არამედ ძარცვას (რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ამასთან, ჩადენილს, პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებითა და ისეთი ძალადობით, რომელიც არ არის საშიში სიცოცხლის ან ჯანმრთელობისთვის), ვინაიდან იგი არ გამომდინარეობს საქმეში არსებული სარწმუნო მტკიცებულებებიდან, კერძოდ:
3. სააპელაციო პალატა ყაჩაღობის გამომრიცხველ ერთ-ერთ არგუმენტად უთითებს იმ გარემოებაზე, რომ მსჯავრდებულები დაზარალებულს არ დაემუქრნენ და არც რაიმე მოუთხოვიათ მისგან. ამასთან, მათ არც იარაღის დემონსტრირებისთვის მიუმართავთ. ამასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლო ერთი მხრივ, არ უარყოფს, რომ დანაშაულის ჩადენის პროცესში გ. ს-------–---–მა დაზარალებულის მიმართ ფიზიკური ძალადობა გამოიყენა, ხოლო, მეორე მხრივ, ამ ძალადობას სიცოცხლის ან ჯანმრთელობისთვის საშიშად არ მიიჩნევს, რაც ეწინააღმდეგება საქმეში არსებულ სასამართლო - სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას (ბრალდებისა და დაცვის მხარეების შეთანხმებით, მიღებულია უდავო მტკიცებულებად), რომლის მიხედვითაც, დაზარალებულს დაუდგინდა: ქვედა ყბის ორმხრივი მოტეხილობა, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით (ნაკლებად მძიმე დაზიანება). ამასთან, დაზარალებულის პირდაპირი ჩვენებით, ამოცნობის ოქმითა და ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ მითითებული დაზიანება დაზარალებულმა სწორედ დანაშაულის ჩადენისას გ. ს-------–---–ისგან მიიღო. მაშასადამე, მოცემულ შემთხვევაში ყაჩაღობის შემადგენლობის ისეთი აუცილებელი ობიექტური ნიშანია გამოკვეთილი, როგორიც არის - ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობა.
4. აღსანიშნავია, რომ ყურადღება უნდა მიექცეს აგრეთვე სააპელაციო სასამართლოს მითითებას იმ გარემოებაზე, რომ მაღაზიაში შესვლის შემდეგ მსჯავრდებულებს დაზარალებულისგან თანხის ან ნივთის მათთვის გადაცემა არ მოუთხოვიათ, რაც თან უნდა ახლდეს მასზე თავდასხმას, რათა ქმედება ყაჩაღობად იქნეს მიჩნეული. ამასთან დაკავშირებით საკასაციო პალატა მიუთითებს: ყაჩაღობა, ისევე, როგორც საკუთრების ხელმყოფი სხვა დანაშაულები, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შესაძლოა, გარეგნულად სხვადასხვა ფორმით გამოვლინდეს, მაგრამ მისი გამოვლენის თითოეული ასეთი ფორმა სრულად შეესაბამებოდეს ამ დანაშაულის სამართლებრივ არსს. საამისოდ მთავარია, რომ დაზარალებულს გაცნობიერებული ჰქონდეს შემდეგი გარემოებები: პირველი ის, რომ მასზე ხორციელდება თავდასხმა; მეორე – ამ თავდასხმას ახლავს ისეთი ძალადობა ანდა ძალადობის მუქარა, რაც საფრთხის შემცველია მისი სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის; და მესამე - აღნიშნული თავდასხმა ხორციელდება მისი კუთვნილი თუ მის მფლობელობაში არსებული თანხის ან სხვა ქონების მისაკუთრების მიზნით. ამიტომ, ისეთ შემთხვევაში, როდესაც დაზარალებულზე ამგვარი თავდასხმისას დამნაშავის ქმედების ხასიათი და შინაარსი პირდაპირ ააშკარავებს და დაზარალებულისთვის საცნაურს ხდის ქონების (თანხის) დაუფლებისა და მისაკუთრების მიზანს, ასეთი ქმედების ყაჩაღობად დაკვალიფიცირებისათვის სრულიად არ არის აუცილებელი ვერბალური ან სხვა სახით (მაგალითად, შესატყვისი ჟესტით) გამოხატული კომუნიკაცია მოძალადისა დაზარალებულთან. ძალიან ხშირად დამნაშავის მოქმედების სუბიექტურ შინაარსს პირდაპირ და სრულიად არაოზროვნად გადმოსცემს ამ მოქმედების გარეგნული ობიექტური მხარე. მოცემულ შემთხვევაში, როდესაც დაზარალებულმა კივილი დაიწყო ერთ-ერთმა მსჯავრდებულმა სახეში რამდენჯერმე მუშტი დაარტყა, ხოლო მეორე მაღაზიაში არსებული თანხისა და ნივთების დაუფლებას შეუდგა. ამდენად, უდავოა, რომ დაზარალებულისათვის სრულიად ცხადი გახდა მსჯავრდებულთა მოქმედების მიზანი, რისთვისაც მათი მხრიდან ქონების გადაცემის მოთხოვნის წარდგენა საერთოდ აღარ იყო საჭირო.
5. საბოლოოდ, ბრალდების მტკიცებულებების მთლიანობაში შეფასებისას, საკასაციო პალატას არ გააჩნია რაიმე სახის საფუძველი, საეჭვოდ მიიჩნიოს დაზარალებულის ჩვენება, ვინაიდან მისი სანდოობა საქმეში წარმოდგენილი სხვა უტყუარი მტკიცებულებებით არის გამყარებული. ზ. ზ---------მა სასამართლო სხდომაზე მოწმედ დაკითხვის დროს განმარტა, რომ ორივე თავდამსხმელს მაღაზიაში შესვლის დროს შეხედა სახეზე და მათი დამახსოვრება არ გასჭირვებია. მან მიუთითა, რომ დარტყმების გამო დაეწყო სისხლდენა. მოწმე გ------- ზ---------ის ჩვენებით დადასტურებულია, რომ მაღაზიაში იატაკს ნამდვილად ემჩნეოდა სისხლის კვალი, რომელიც, ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ზ. ზ---------ს ეკუთვნოდა. ამავე ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ გ------- ს-------–---–ისგან ამოღებულ მარჯვენა ფეხსაცმელზე არსებული მუქი, მოწითალო-მოყავისფრო ლაქა წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ზ----- ზ---------ს. პალატა აღნიშნავს, რომ ნივთების ამოღება და დალუქვა კანონით დადგენილი წესით განხორციელდა. ამდენად, დაცვის მხარის პოზიცია პოლიციის მიერ მსჯავრდებულისათვის სისხლის წასმის თაობაზე უსაფუძვლოა. დაზარალებული აგრეთვე უთითებს, რომ თავდამსხმელმა, რომელიც აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას, მაღაზიიდან გაქცევის დროს გაიტაცა დახლის ქვეშ მოთავსებული, დიდი, ლურჯი პოლიეთილენის პარკი, რომელშიც ეწყო სხვადასხვა დასახელების სიგარეტი. დათვალიერების ოქმის მიხედვით (რომელიც ზ----- ზ---------ის მონაწილეობით ჩატარდა), ვიდეოჩანაწერში 18:42:24 საათზე ფიქსირდება ორი პირი, რომელთაგანაც ერთ-ერთს ხელში ლურჯი პოლიეთილენის პარკი უჭირავს. დათვალიერების დროს ზ. ზ---------მა აღნიშნა, რომ ჩაცმულობით, აღნაგობითა და საერთო ვიზუალური მდგომარეობით ჩანაწერში ასახული ორი პირი არიან სწორედ ისინი, ვინც დაესხნენ თავს, მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, გასტაცეს თანხა და სიგარეტები.
6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქმეში არსებული უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით ადასტურებს გ------- ს-------–---–ისა და გ------- ო---------ს მიერ მაღაზიის მოლარე ზ----- ზ---------ზე ყაჩაღური თავდასხმის ჩადენას, რის გამოც უნდა დაკმაყოფილდეს ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა და მსჯავრდებულების ქმედება, სააპელაციო სასამართლოს მიერ დაკვალიფიცირებული დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ ძარცვად (საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა,“ „დ“ ქვეპუნქტები), უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე (ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად).
7. საკასაციო პალატამ განიხილა აგრეთვე მსჯავრდებულების – გ------- ს-------–---–ისა და გ------- ო---------ს ინტერესების დამცველის საკასაციო საჩივარში წარმოდგენილი მოთხოვნა მათი უდანაშაულოდ ცნობის თაობაზე და შესაბამისი არგუმენტები ამ მოთხოვნის დასაბუთებისთვის, რომელთაგან ყველა არსებითი მნიშვნელობის მქონე ნაწილზე სააპელაციო სასამართლოს თავის განაჩენში საკმარისად საფუძვლიანი და დასაბუთებული პასუხი აქვს გაცემული. მიუხედავად ამისა, საკასაციო პალატა საჭიროდ მიიჩნევს დამატებით განმარტოს დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ზოგიერთი საკითხი.
8. აღნიშნული კასატორი პირველ რიგში საკითხს სვამს იმის თაობაზე, რომ საქმის გამოძიების ეტაპზე საპროცესო დარვევებით ჩატარდა დაზარალებულის მიერ მსჯავრდებულის ამოცნობა, რის გამოც სასამართლოს ამოცნობის ოქმები, როგორც მტკიცებულება, არ უნდა გაეზიარებინა არასანდოობის მოტივით. საჩივრის ავტორი არგუმენტის სახით ასახელებს შემდეგ გარემოებებს: ის პირები, რომელთაგან მოხდა მსჯავრდებულების ამოცნობა, სიმაღლით განსხვავდებოდნენ ამ უკანასკნელებისგან; ასევე, ეს პირები განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან თავისა და პირისახის ფორმით. ამასთან, გ. ს-------–---–ის პირისახის ფორმა არ ემთხვევა იმას, რაც დაზარალებულმა ზ. ზ---------მა აღწერა ამოცნობამდე მის მიერ მიცემულ ჩვენებაში; ამოცნობაში მონაწილე პირები ერთმანეთისგან განსხვავდებოდნენ ჩაცმულობითაც.
9. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მიერ წარმოდგენილ არგუმენტებს შემდეგი მოსაზრებებიდან გამომდინარე: თვითონ კასატორი მიუთითებს ამოცნობაში მონაწილე პირებისა და მსჯავრდებულების სიმაღლეს, საიდანაც ირკვევა, რომ მათ შორის სხვაობა ორიდან სამ სანტიმეტრამდე მერყეობს, რაც არ წარმოადგენს ისეთ არსებით სხვაობას, რასაც შეეძლო დაზარალებულისთვის გაეადვილებინა მსჯავრდებულების ამოცნობა; რაც შეეხება ამოცნობაში მონაწილე პირებისა და მსჯავრდებულების თავის ფორმებსა და პირისახის მოყვანილობას, უნდა აღინიშნოს, რომ ისეთი არსებითი და მკვეთრი განსხვავება, რაც შეიძლება ამოცნობის დროს დაზარალებულისთვის მიმანიშნებელი გამხდარიყო, არც მათ შორის არსებობს, რის თაობაზეც სააპელაციო სასამართლო სწორად ამახვილებს ყურადღებას. რაც მთავარია, ფიზიოლოგიური ხასიათის ზოგადი ნიშნების მიხედვით, რაც თვალში მოსახვედრია დამკვირვებლისთვის, მსჯავრდებულები და ამოცნობაში მონაწილე სხვა პირები ერთმანეთისგან ფაქტობრივად არ განსხვავდებოდნენ; იგივე შეიძლება ითქვას მსჯავრდებულებისა და ამოცნობაში მონაწილე სხვა პირების ჩაცმულობის თაობაზეც – არცერთ მათგანს არ ეცვა რაიმე ისეთი მკვეთრად განსხვავებული ტანსაცმელი, რისთვისაც დაზარალებულს ამოცნობისას შეიძლება განსაკუთრებული ყურადღება მიექცია. მოცემულ საკითხთან დაკავშირებით საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ამოცნობის ჩატარებისას აბსოლუტურად იდენტური გარეგნობისა და ჩაცმულობის მქონე პირების მოძებნა პრაქტიკულად შეუძლებელია და ამას არც საპროცესო კანონი ითხოვს. ნიშანდობლივია, რომ დაცვის მხარე თავის საჩივარში ვერ უთითებს საპროცესო კანონის რომელი კონკრეტული მოთხოვნები დაირღვა მსჯავრდებულების ამოცნობისას. აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულთა ამოცნობის ოქმების მიმართ დაცვის მხარის მიერ გამოთქმული პრეტენზიები უსაფუძვლოა.
10. დაცვის მხარე თავის საკასაციო საჩივარში მიუთითებს, რომ მნიშვნელოვან შინაგან წინააღმდეგობებს შეიცავს დაზარალებულის ჩვენება არსებითი ხასიათის ფაქტობრივი გარემოებების თაობაზე, რომლებიც უკავშირდება მომხდარი შემთხვევის დროს მაღაზიაში განვითარებულ მოვლენებს, რის გამოც არც ეს მტკიცებულება არ უნდა გაეზიარებინა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისას. ამ შემთხვევაში კასატორი ცდილობს ეს წინააღმდეგობები აღმოაჩინოს დაზარალებულის ჩვენების ისეთ წვრილმან დეტალებში, რომლებსაც რეალურად არავითარი არსებითი მნიშვნელობა არ გააჩნია მსჯავრდებულთა ბრალეულობისა თუ უდანაშაულობის დასადასტურებლად. რაც შეეხება დაზარალებულის ჩვენების მთავარ და ძირითად მომენტებს, რომლებიც მართლაც მნიშვნელოვანია მტკიცების საგანთან მიმართებით, ამ მხრივ აღნიშნული ჩვენება სრულიად ლოგიკური და თანმიმდევრულია. აღსანიშნავია ისიც, რომ დაზარალებულს მოვლენების აღქმა უხდებოდა ექსტრემალურ ვითარებაში, მისი ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის განხორციელებისას. ასეთ პირობებში კი შეუძლებელია მისგან მოითხოვო ყველა წვრილმანი დეტალის ზუსტად დამახსოვრება და გადმოცემა. ამიტომ საკასაციო პალატა განხილული მტკიცებულების შეფასებისას მის მიმართ დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ პოზიციას ვერ მიიჩნევს საფუძვლიანად და ვერ გაიზიარებს.
11. დაცვის მხარე ცდილობს აგრეთვე საეჭვო გახადოს მსჯავრდებულ გ. ს-------–---–ის მარჯვენა ფეხსაცმელზე დაზარალებულ ზ. ზ---------ის სისხლის კვალის აღმოჩენის ფაქტი, ასევე - მის თაობაზე ჩატარებული ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნისა და თვით ექსპერტის მიერ სასამართლოში მიცეული ჩვენების საფუძვლიანობა. გასაჩივრებულ განაჩენში სააპელაციო სასამართლოს საკმაოდ ვრცელი და დასაბუთებული პასუხი აქვს გაცემული ამ საკითხზე. დაცვის მხარის პრეტენზია იმის თაობაზე, რომ დაზარალებულის სისხლის ლაქა ხსენებული მსჯავრდებულის ფეხსაცმელზე მხოლოდ გამომძიებლის მიერ ამ უკანასკნელის ამოღების შემდეგ გაჩნდა, ყოველგვარ საფუძველსაა მოკლებული, რადგან მითითებული ფეხსაცმელი მისი ამოღებისთანავე დაილუქა საპროცესო კანონით დადგენილი წესის შესაბამისად და ასეთ მდგომარეობაში გადაეცა ექსპერტს, რაც უტყუარად დასტურდება საქმეში არსებული კანონიერი და სარწმუნო მტკიცებულებებით. აღნიშნულის გამო, საკასაციო პალატა არც ამ ნაწილში იზიარებს დაცვის მხარის საჩივარში მითითებულ არგუმენტებს, რადგან ისინი ყოველგვარ გონივრულ საფუძველსაა მოკლებული.
12. საკასაციო პალატა ზემოაღნიშნულის შემდეგ აღარ იმსჯელებს დაცვის მხარის საკასაციო საჩივარში გამოთქმულ სხვა მოსაზრებებსა და არგუმენტებზე, რომლებიც არ არის მნიშვნელოვანი მსჯავრდებულთა უდანაშაულობის მტკიცების თვალსაზრისით, რადგან ხელმძღვანელობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ თავის ერთ–ერთ გადაწყვეტილებაში მითითებული დებულებით (იხ. საქმე „ვან დე ჰიურკი ნიდერლანდების წინააღმდეგ“ (Van de Hurk v. Netherlands), 1991 წლის 19 აპრილი, 61 პარ.), რომლის მიხედვით, სასამართლო არ არის ვალდებული, უპასუხოს მხარეს მის მიერ წარდგენილ ყველა საკითხზე, არამედ მნიშვნელოვანია, რომ სასამართლომ დასაბუთებული პასუხი გასცეს საქმესთან დაკავშირებულ მთავარ და ძირითად საკითხებზე.
13. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიდის იმ დასკვნამდე, რომ დაცვის მხარის საკასაციო საჩივარი, რომლითაც ის ითხოვს მსჯავრდებულების – გ------- ს-------–---–ისა და გ------- ო---------ს გამართლებას, არ უნდა დაკმაყოფილდეს.
14. რაც შეეხება სასჯელის ზომას, საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე და 53-ე მუხლებით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებებს და ინდივიდუალურად აფასებს მსჯავრდებულების პიროვნულ მახასიათებლებს.
15. მოცემულ შემთხვევაში პალატა მხედველობაში იღებს დანაშაულის ჩადენის ფორმასა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, კერძოდ, რომ დაზარალებულმა მიიღო ყბის ორმხრივი მოტეხილობა; ამასთან, მსჯავრდებულები დაუფლნენ მაღაზიის კუთვნილ თანხასა და სიგარეტებს.
16. გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ დავით ხიზანაიძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. მსჯავრდებულების გ------- ს-------–---–ისა და გ------- ო---------ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ------ რ-------–---–-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 15 ნოემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება:
4. გ------- ს-------–---–ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა,“ „დ“ ქვეპუნქტებიდან გადაკვალიფიცირდეს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე.
5. გ------- ს-------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ათვლა დაეწყოს მისი ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 18 მარტიდან.
6. გ------- ო---------ს ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა,“ „დ“ ქვეპუნქტებიდან გადაკვალიფიცირდეს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე.
7. გ------- ო--------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.
8. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 5 აგვისტოს განაჩენით გ------- ო---------ს მიმართ, განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, მოცემული განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა - 8 წლით თავისუფლების აღკვეთამ შთანთქას, ზემოაღნიშნული განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ------- ო--------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 8 წლით, რომლის მოხდის ათვლა დაეწყოს მისი ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 18 მარტიდან.
9. გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
10. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ. ალავიძე