განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
# 010332219900026520
საქმე Nსსკ- 08-19 24 ოქტომბერი, 2019 წელი,სსკ-08-19 გ---------ე ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე/მომხსენებელი: პაატა ქათამაძე
მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვა
სხდომის მდივანი - ნ--- თ---–--ე
საჩივრის ავტორი - გ-- გ---------ე
მოწინააღმდეგე მხარე – საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო
მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელი - ხ----- შ----–--ე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2019 წლის 17 ოქტომბრის N1/263 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტი
საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. 2019 წლის 22 ოქტომბერს საქართველოს უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატას საჩივრით მომართა გ-- გ---------ემ (შემდგომში - საჩივრის ავტორი), რომელმაც მოითხოვა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს (შემდგომში-იუსტიციის საბჭო) 2019 წლის 17 ოქტომბრის N1/263 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის გაუქმება და კანდიდატად დარეგისტრირება.
2. საჩივრის ავტორის განმარტებით, მან მონაწილეობა მიიღო საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენ კანდიდატთა შერჩევის პროცედურაში. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2019 წლის 17 ოქტომბრის N1/263 გადაწყვეტილებით, „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის გამო, კერძოდ, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის შესაბამისად, სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ საზღვარგარეთ გაცემული დიპლომის აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის წარუდგენლობის გამო, უარი ეთქვა კანდიდატად დარეგისტრირებაზე.
3. საჩივრის ავტორის მოსაზრებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება უკანონოა, ვინაიდან გადაწყვეტილების მიღებისას უსაფუძვლოდ იქნა გამოყენებული „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონის 50-ე მუხლი, ასევე, იუსტიციის საბჭოს გადაწყვეტილებაში არ მიუთითებიათ გამოყენებული მუხლის ნაწილი და არც განუმარტავთ, თუ რატომ ექვემდებარება ქ. როსტოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ 1989 წელს გაცემული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი აღიარებას. ამ ლოგიკით, ყოფილ საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შედიოდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიც და დამოუკიდებლობამდე აღნიშნული უნივერსიტეტის მიერ გაცემული განათლების დამადასტურებელი ყველა დოკუმენტი უნდა ექვემდებარებოდეს შესაბამისი სტრუქტურის მიერ აღიარებას. „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონის 50-ე მუხლში მითითებულია საზღვარგარეთ მიღებული დოკუმენტი და არა ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე დარეგისტრირებული დიპლომი.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატაში საქმისწარმოება
4.1 საქართველოს უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატამ, 2019 წლის 23 ოქტომბრის განჩინებით, წარმოებაში მიიღო გ-- გ---------ის საჩივარი. ამავე განჩინებით, საჩივრის განხილვა დაინიშნა 2019 წლის 24 ოქტომბერს, 17:00 საათზე.
4.2 საკვალიფიკაციო პალატის სხდომაზე არ გამოცხადდა საჩივრის ავტორი, რომელსაც, კანონმდებლობის შესაბამისად, ეცნობა ზეპირი მოსმენის თარიღი და დრო (საქმის ფურცელი 43,44).
5. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პოზიცია
5.1 მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელმა საჩივარი არ ცნო და განმარტა, რომ უცვლელად უნდა დარჩეს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2019 წლის 17 ოქტომბრის N1/263 გადაწყვეტილება, კრძოდ, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს კასნონის 34-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, პირის კანდიდატად რეგისტრაციის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭო იღებს გადაწყვეტილებას, თუ იგი აკმაყოფილებს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და მას სრულყოფილად აქვს წამოდგენილი დოკუმენტაცია. მოცემული კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტი განსაზღვრავს იმ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, რაც მოეთხოვება კანდიდატს, კერძოდ, ერთ-ერთი მოთხოვნაა იურიდიული განათლების არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის/უმაღლესი განათლების დიპლომის წარმოდგენა. მოცემულ შემთხვევაში, საჩივრის ავტორს უნდა წარედგინა უცხოეთში მიღებული დიპლომის აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი, ვინაიდან, ერთი მხრივ, „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონის 50-ე მუხლი ითვალისწინებს უცხოეთში მიღებულ განათლების აღიარებას, ხოლო, მეორე მხრივ, „განათლების განვითარების ხარისხის შესახებ„ საქართველოს კანონის 26-ე მუხლი განსაზღვრავს აღიარების პროცედურებს, რომელიც ხორციელდება განათლების მინისტრის მიერ მიღებული კანონქვემდებარე აქტით. მოცემულ შემთხვევაში, საჩივრის ავტორი სადავოდ ხდის, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მხრიდან დიპლომის აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის მოთხოვნას, თუ რატომ ექვემდებარება აღიარებას ქ. როსტოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ 1989 წლს გაცემული დიპლომი, როცა საქართველო ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის შემადგენელი ნაწილი იყო და აღნიშნავს, რომ იმავე ლოგიკით ქ. თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ გაცემული დიპლომიც უნდა დაექვემდებაროს აღიარების პროცედურას. მისი აზრით, საბჭოთა კავშირში მიღებული განათლება არ მიიჩნევა საზღვარგარეთ მიღბულ განათლებად, რასაც ვერ გაიზიარებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, ვინაიდან მოცემულობა უნდა შეფასდეს დღევანდელი ვითარებით. საქართველოს პარლამენტმა 2004 წელს მიიღო კანონი „უმაღლესი განათლების შესახებ“, რომლითაც მოგვარდა საზღვარგარეთ მიღებული განათლების აღიარების საკითხი და მას შემდეგ წარმოშობილი ურთიერთობა სწორედ მოცემული კანონით უნდა მოგვარდეს. კანონმდებლობით, უცხოეთში მიღებულ განათლებად მიიჩნევა ისეთი შემთხვევა, როცა პირმა განათლება მიიღო საქართველოს სახელმწიფო ტერიტორიის ფარგლებს გარეთ. შესაბამისად, ქ. როსტოვში მიღებული განათლება მიიჩნევა უცხოეთში მიღებულ განათლებად. ის ფაქტი, რომ პირმა განათლება მიიღო ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდა საქართველო, ვერ იქნება დიპლომის აღიარების საჭიროების საკმარისი საფუძველი, თუნდაც იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ საქართველო არ წარმოადგენს ყოფილი საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრეს. ვერ იქნება გაზიარებული მომჩივნის მოსაზრება, რომ ამ ლოგიკით ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაცემული დიპლომიც საჭიროებს აღიარებს, ვინაიდან ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიღებული განათლება, ითვლება საქართველოს ტერიტორიაზე მიღებულ განათლებად. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საჩივრის ავტორს იმ მოტივით კი არ მოსთხოვა დიპლომის აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა, რომ მან ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე მიიღო უმაღლესი განათლება არამედ იმ საფუძვლით, რომ მან უცხოეთში მიიღო უმაღლესი განათლება. აქედან გამომდინარე საჩივრის ავტორი ვალდებული იყო, წარმოედგინა დიპლომის აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი.
5.2 საბჭოს წარმომადგენლის განმარტებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენელი დაუკავშირდა საჩივრის ავტორს, მოსთხოვა დიპლომის აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა და განუმარტა, რომ დიპლომის აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის წარუდგენლობის შემთხვევაში, შესაძლებელი იყო საბჭოს უარი ეთქვა კანდიდატად დარეგისტრირებაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატამ, გამოცხადებული მხარის მოსაზრების მოსმენის, საქმეში წარმოდგენილი მასალების შესწავლისა და გაანალიზების შედეგად, დაასკვნა, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2019 წლის 17 ოქტომბრის N1/263 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის გაუქმებისა და კანდიდატად დარეგისტრირების შესახებ საჩივრის ავტორის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი დასაბუთებით:
6. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2019 წლის 17 ოქტომბრის N1/263 გადაწყვეტილებით, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის, კერძოდ, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის შესაბამისად, სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ უმაღლესი განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის წარუდგენლობის გამო, საჩივრის ავტორს უარი ეთქვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენ კანდიდატთა შერჩევის პროცედურაში მონაწილე პირად დარეგისტრირებაზე.
7. საჩივრის ავტორი ედავება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებას და აღნიშნავს, რომ მან იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წარუდგინა კანონით გათვალისწინებული დოკუმენტი, კერძოდ, ქ. როსტოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ 1989 წელს გაცემული დიპლომი, რომელიც არ საჭიროებს აღიარებას, ვინაიდან დიპლომის გაცემის დროს საქართველო საბჭოთა კავშირის შემადგენელი ნაწილი იყო და როგორც ქ. როსტოვის სახელმწიფო უნივერიტეტისთვის, ასევე, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის, მოქმედებდა ერთიანი განათლების სისტემა. შესაბამისად, წარდგენილი დიპლომი არასწორად არის მიჩნეული უცხოეთში გაცემულ დიპლომად, ამდენად, უკანონოა საბჭოს უარი კანდიდატად მის რეგისტრაციაზე.
8. მოცემულ შემთხვევაში, საკვალიფიკაციო პალატის კვლევის საგანია „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ კანონის მოთხოვნათა დაცვით უთხრა თუ არა საჩივრის ავტორს უარი საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენ კანდიდატად დარეგისტრირებაზე.
9. ორგანული კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად - „მოსამართლედ შეიძლება დაინიშნოს (აირჩეს) საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 30 წლის ასაკიდან, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხით/უმაღლესი განათლების დიპლომით, სპეციალობით მუშაობის სულ ცოტა 5 წლის გამოცდილება, ფლობს სახელმწიფო ენას, ჩაბარებული აქვს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა, გავლილი აქვს იუსტიციის უმაღლესი სკოლის სრული სასწავლო კურსი და შეყვანილია იუსტიციის მსმენელთა საკვალიფიკაციო სიაში.“
10. ორგანული კანონის 341 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ადგენს პირის მიერ შერჩევის პროცედურაში მონაწილეობისათვის წარსადგენი განაცხადების ფორმას და თანდართული დოკუმენტების ნუსხას. პირის მიერ წარდგენილი განცხადება და დოკუმენტები (მათ შორის, ავტობიოგრაფია) უნდა შეიცავდეს სათანადო ინფორმაციას მის მიერ მოსამართლის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დაკმაყოფილების თაობაზე, აგრეთვე, პირის თანხმობას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მის შესახებ ინფორმაციის (მათ შორის, პირის პერსონალური მონაცემების) ამ კანონის 342-ე მუხლით დადგენილი წესით მოძიებაზე/გადამოწმებაზე და საქართველოს პარლამენტისათვის გადაცემა გასაჯაროვებაზე“.
11. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის ზემოაღნიშნული ნორმების მოთხოვნათა შესაბამისად, 2019 წლის 6 მაისის N1/41 გადაწყვეტილებით, დაამტკიცა კანდიდატის განაცხადის ფორმა, სადაც წარსადგენ დოკუმენტთა ნუსხაში მიუთითა დიპლომის ასლი თანდართულ ნიშნების ფურცელთან ერთად.
12. საქმის მასალების შესწავლით ირკვევა, რომ საჩივრის ავტორმა წარადგინა ქ. როსტოვში გაცემული დიპლომის ასლი, სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე.
13. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებო დაწესებულებაში მიღებული კვალიფიკაციის ან უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის პერიოდში მიღებული განათლების აღიარება ხდება იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება მისი შესაბამისობა საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიჭებულ შესაბამის კვალიფიკაციასთან. შესაბამისობა სწავლის შედეგებისა და მინიჭებული კვალიფიკაციის გათვალისწინებით შეიძლება დადგინდეს სწავლის პერიოდის განსხვავების მიუხედავად.“ ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად - „უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული კვალიფიკაციას ან უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის პერიოდში მიღებულ განათლებას აღიარებს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.“ „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად კი, „უცხოეთში მიღებული განათლების ან კვალიფიკაციის აღიარების მიზნით ცენტრი ადგენს უცხოეთში მიღებული კვალიფიკაციის შესაბამისობას საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან (შესაბამისობის დადგენა). „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესისა და საფასურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის N98/ნ ბრძანების მე-6 მუხლი განსაზღვრავს უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებას. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად - „უცხოეთში მიღებული განათლების აღიარება მოიცავს უცხოეთში მიღებული სრული ზოგადი განათლების ან სწავლის პერიოდში მიღებულ ზოგადი განათლების, აკადემიური კვალიფიკაციის ან სწავლის პერიოდში უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული განათლების აღიარებას.“ ამავე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით „უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების მიზნით ცენტრი ადგენს უცხოეთში მიღებული კვალიფიკაციის შესაბამისობას საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან.“
14. ზემოაღნიშნულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე, უცხოეთში მიღებული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომისათვის იურიდიული ძალის მისანიჭებლად, საჭიროა ამ დოკუმენტის აღიარება საქართველოს კომპეტენტური ორგანოს სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ.
15. საკვალიფიკაციო პალატა არ იზიარებს საჩივრის ავტორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მის მიერ საბჭოთა კავშირში მიღებული განათლება არ მიიჩნევა უცხოეთში მიღებულ განათლებად. პალატა განმარტავს, რომ 1991 წლის 31 მარტის საქართველოს სახელმწიფოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტით, საქართველო აღარ არის საბჭოთა კავშირის შემადგენელი ნაწილი და იგი დამოუკიდებელი სახელმწიფოა. ამასთან, საქართველო არც საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრე არ არის. შესაბამისად, საბჭოთა კავშირის ყოფილ ტერიტორიაზე (გარდა საქართველოსი) გაცემული დიპლომი განიხილება უცხო ქვეყანაში გაცემულ დიპლომად. აქედან გამომდინარე, საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილი ქ. როსტოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის დიპლომი უნდა ჩაითვალოს საზღვარგარეთ გაცემულ დიპლომად და მასზე უნდა გავრცელდეს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის დანაწესი. აქვე პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ, მართალია, „განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის (1997 წლის 27 ივნისისN826) მე-8 მუხლის მე-7 პუნქტი, ყოფილი საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის კავშირის საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემულ საგანმანათლებლო სერტიფიკატს ანიჭებდა საქართველოს სახელმწიფო საგანმანათლებლო სერტიფიკატის იურიდიულ ძალას, მაგრამ ეს კანონი 2010 წლიდან ძალადაკარგულია, კერძოდ, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე მიღებული (2010 წლის 21 ივლისის N3530-რს) კანონით ძალადაკარგულად გამოცხადდა „განათლების შესახებ“ 1997 წლის 27 ივნისის კანონი, შესამამისად, საჩივრის ავტორის მიერ წარდგენილი დიპლომის მიმართ ეს კანონი აღარ გამოიყენება და მასზე უნდა გავრცელდეს 2010 წელს ამოქმედებული „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლი, რომლითაც კანონმდებელმა სხვაგვარად მოაწესრიგა ზემოაღნიშნული საკითხი და დაადგინა უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მიღებული კვალიფიკაციის ან უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის პერიოდში მიღებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის აღიარების აუცილებლობა.
16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაუსაბუთებელია საჩივრის ავტორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ იგი არ იყო ვალდებული, წარედგინა ქ. როსტოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ გაცემული დიპლომის აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი. პალატა მიიჩნევს, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ სწორად იხელმძღვანელა და მართებულად განმარტა „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონის 50-ე მუხლი და კანონშესაბამისად მოსთხოვა საჩივრის ავტორს სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დიპლომის აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი. ამასთან, როგორც საბჭოს წარმომადგენელმა აღნიშნა, სადავო გადაწყვეტილების მიღებამდე, საჩივრის ავტორს განემარტა დიპლომის აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის საჭიროება, თუმცა ეს შესაძლებლობა მხარემ არ გამოიყენა, ამდენად, იუსტიციის საბჭომ მართებულად უთხრა უარი საჩივრის ავტორს კანდიდატად რეგისტრაციაზე, ორგანული კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის წინაპირობის არარსებობის გამო.
17. საკვალიფიკაციო პალატამ მოცემული საქმის განხილვისას იხელმძღვანელა ორგანული კანონის 34 მუხლის პირველი, 341 მუხლის მე-2 პუნქტებითა და 366 მუხლით და მოცემული ნორმების საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენ კანდიდატად დარეგისტრირებაზე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2019 წლის 17 ოქტომბრის N1/263 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის უცვლელად დატოვების თაობაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატამ იხელმძღვანელა „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 366 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8 მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. გ-- გ---------ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2019 წლის 17 ოქტომბრის N1/263 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტი;
3. საკვალიფიკაციო პალატის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: პაატა ქათამაძე
მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი
ბესარიონ ალავიძე